მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კაზრეთში საშიშმა დაავადებებმა იმატა: სიმსივნე, ლეიკემია და ირმის რქის იმედად დარჩენილი მოსახლეობა - 19 ნოემბერი 2017

„დაფშვნილ ირმის რქას თაფლში ვურევთ და ისე ვიღებთ, ყველასგან მიტოვებულებს ამ გზით გადარჩენის იმედი გვასულდგმულებს“

გელა მამულაშვილი          

599455026

ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში ღია კარიერული წესით ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება ადგილობრივების (უპირველესად, ქალებისა და ბავშვების) ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. მოსახლეობა და საქმეში ჩახედული არასამთავრობო სექტორი სხვადასხვა დაავადების (სიმსივნე, ლეიკემია, სისხლძარღვოვანი, სახსრები და ა. შ.) ზრდაზე საუბრობს. ამის გამო (თუ გაიკითხავთ) დაბაში ერთ-ერთი მოთხოვნადია ირმის რქა, რადგან სჯერათ, რომ მძიმე გართულებებს მისი საშუალებით გაუმკლავდებიან. 

ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება მწვავე პრობლემის აღიარებასა და სათანადო ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს იმ ფონზე, როცა თავად კაზრეთელების თქმით, დღეს დაბაში, ლამის, ყოველ მეორე-მესამე ქალს მკერდის სიმსივნური დაავადება აწუხებს. ამ რეალობას ირმის რქის დაფშვნა, თაფლში არევა და მიღება რამდენად უშველის, ცალკე განხილვის საკითხია. ეს ყველაფერი იმ დროს ხდება, როცა ქართულ სახელმწიფოს ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერით  ვალდებულება აქვს აღებული, რომ ქვეყანაში მოქალაქეს ჯანსაღ გარემოში ცხოვრება გარანტირებული უნდა ჰქონდეს.   

დაბა კაზრეთში უმუშევრად დარჩენის შიშით პრობლემებზე ღიად საუბარს ერიდებიან, მაგრამ ჭირს ბოლომდე ვერ მალავენ.

დოდო .:

სიმსივნის (სხვა დაავადებების) გავრცელება აქ წლების განმავლობაში ჩვეულებრივი ამბავი გახდა და საშველი არ ჩანს. შორს წასვლა არცაა საჭირო, ჩემი საშუალო ასაკის და ამ ავადმყოფობით გარდაიცვალა. დასამალი რა არის? _ მეც მაქვს მკერდზე ვერაგი დაავადების ნიშნები (. . კვანძები). ამის გამო ექიმთან, მისივე რეკომენდაციით, პერიოდულ შემოწმებას გავდივარ. შეიძლება, ვიღაცამ არც დაგვიჯეროს, აქაური ქალების უმეტესობას უკვე გვეშინია, რომ, ადრე თუ გვიან, სიმსივნე ჩვენც დაგვემართება. ამას დაბაში არსებული სამწუხარო სტატისტიკაც ხელს უწყობს. ვისაც ეს ეხება, დროზე უნდა მოგვხედოს, რათა ეს დაძაბულ-ნერვული ფონი მაინც მოიხსნას. ხომ იცით, შიშს რამხელა თვალები აქვს?“.

მაყვალა .:

ადგილობრივი მოსახლეობა (განსაკუთრებით, სუსტი სქესი) სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. ადამიანები ღიად საუბარს ერიდებიან, რადგანარ ემ ჯირეგიონში ძირითადი დამსაქმებელია. მოწამლულ ჰაერზე ცხოვრება არავის ახარებს, მაგრამ უსაქმურად დარჩენაც გამოსავალი არ არის. ვიღაცას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ სიმსივნეს ირმის რქა შველის. ამის გამო დაბაში მასზე დიდი მოთხოვნაა. პირადად მე ბათუმიდან ახლობლებმა მატარებლით გამომიგზავნეს. დაფშვნილს თაფლში ვურევთ და ისე ვიღებთ. ყველასგან მიტოვებულებს ამ გზით გადარჩენის იმედი გვასულდგმულებს“.          

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისგანმარტებით, 2005 წლის 11 ნოემბერს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა დასტენტონ იქვითიზ კორპორეიშენსშორის გაფორმებული ხელშეკრულებით, კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევით, კომპანია ნაყიდი საწარმოების მიერ გარემოსთვის წარსულში (გაყიდვამდე) მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდა:

ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება წლების განმავლობაში მოუგვარებელი გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. როგორც მოსახლეობა, ასევე ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები საუბრობენ რაიონში სიმსივნური დაავადებების განსაკუთრებულ ზრდაზე, თუმცა თავისი მოსაზრების ღიად დაფიქსირებას ყველა ერიდება.

გამონაკლისი იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ბოლნისის გამგეობამ რაიონში შპსდავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისსპეციალისტები მოიწვია და 706 ბოლნისელი შეამოწმა. სარძევე ჯირკვლის დაავადების ფიბროზული და ფიბროზულდისკოზური მასტოპათია 253 პაციენტს აღმოაჩნდა. მაშინ ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებდა, რომ მსგავსი სტატისტიკა დემოგრაფიული გენოციდის ტოლფასია. სამწუხაროდ, ეს განცხადებაც მალევე უარყოფილ იქნა, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რაიონის სამკურნალო დაწესებულებებს აუკრძალა მასობივი ინფორმაციის საშუალებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკრებულოსთან შეუთანხმებლად“.

მარიკო წიქორიძე _ ქვემო ქართლის ქსელის კოორდინატორი:

_ გარემოს დაცვის ინსპექციამ კომპანიაარ ემ ჯიგარემოს დაბინძურების გამო არაერთხელ დააჯარიმა. საწარმოში მოძველებულია აფეთქების სისტემა (ტექნიკა), რომელსაც გაფრქვევის  საკმაოდ დიდი რადიუსი აქვს.

არავინ ზომავს, ეს დაბინძურება ჰაერში რამდენად არის გამოხატული. წელიწადნახევრის წინათ დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია აქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სხვადასხვა დაავადების მხრივ კარგი სურათი ნამდვილად არ იყო. გულ-სისხლძარღვოვანთა დაავადებაზე ბოლო ათი წლის დინამიკა საკმაოდ მომატებულია. ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით (ამაზე რამდენიმე სტატია გავაკეთე), მათივე ნაამბობიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ ყოველი მეორე თუ არა მესამე-მეოთხე მკერდმოკვეთილი დადის. ეს ყველაფერი, ძირითადად, სიმსივნური დაავადებების გამომწვევია.

ადგილზე ვერავინ იაქტიურებს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიუჯეტი (90%-ით ივსება) მთლიანადარემჯიზეარის დამოკიდეული. კომპანია ვალდებულია, კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულოს. მით უმეტეს, ახლა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი ძალაში შედის. აუცილებელია, რომ კომპანიამ საკუთარ თავზე აიღოს რეკულტივაციის, გარემოს დაცვის ვალდებულება. სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს, რომ კომპანიებს სხვაგვარად მოსთხოვოს გარემოსა და ადამიანების დაცვა. თუკი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მოსახლეობაა, პირველ რიგში აუცილებელია, რომ მსგავსი კომპანიების მუშაობა ევროპულ სტანდარტებზე გადავიდეს ისევე, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ხდება. იმ სტანდარტით, როგორითაც ახლაარ ემ ჯიმუშაობს (ღია კარიერული წესით) ევროპასა და, მით უმეტეს, ამერიკაში არც ერთი კომპანია არ მოიპოვებს წიაღისეულს“.

ქრონიკა+“ ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი დემურაშვილს ესაუბრება:

_ არსებობს კვლევები, რომლის თანახმადაც, საწარმოო ნარჩენები მდინარეში ჩაედინება და ბინძურდება, მერე ეს სარწყავი არხებიდან საკვებში ხვდება. შესაბამისად, ამ გზით გავრცელებული მძიმე მეტალები სხვადასხვა, მათ შორის, სასუნთქი გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ასევე ონკოლოგიურ დაავადებებს იწვევს. ეს კი, უპირველესად, ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობაზე მოქმედებს.

რაც საყდრისის ტერიტორიაზე ახალი კარიერი შეიქმნა, გარემოს დაცვის სამინისტროს ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ დმანისის რაიონის მიმდებარე სოფლებში (განთიადი, დიდი დმანისი და . . ამ კარიერის გარშემო მდებარე) პირდაპირ ნიადაგია დაბინძურებული და ეს ჰაერის მეშვეობით გადატანით არის გამოწვეული. შესაბამისად, დაბა კაზრეთთან ერთად ეს მაჩვენებელი იქაც ძალიან მაღალია. ამ ტერიტორიაზე მოწეული პროდუქტი ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა სიმძიმის დაავადებას იწვევს.  

_ შედეგად ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად არის გამოხატული?

_ რამდენიმე წლის წინანდელი სტატისტიკა არსებობს და ზოგადი მაჩვენებელი გაზრდილია. რაოდენობასა და სიმწვავეზეა საუბარი. ასევე დაავადებების ასაკიც ქვემოთ დაწეულია. ამაზე მოპასუხეები ამბობენ, რომ, ზოგადად, ფონი შეცვლილია, მოსახლეობის იმუნიტეტი დაწეულია და ავადობის ეს მაჩვენებელიც ამიტომაა და არა წარმოების შედეგადო.

ამიტომ საჭიროა ადგილობრივ მოსახლეობაში სიღრმისეული კვლევების ჩატარება, რომ დაზუსტებით ითქვას, წარმოება კონკრეტულად რას და როგორ იწვევს. ადრე ეს ტარდებოდა, მაგრამ ყველა ფრაგმენტული და დაუსრულებელი იყო. ამას ადგილობრივი ხელისუფლება ვერ იზამს, ცენტრალურ დონეზე უნდა გაკეთდეს და პროცესში თვითონ საწარმოც უნდა ჩაერთოს. საკითხი თავადაც უნდა აინტერესებდეთ, რადგან ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი ჭორია და . .

რაღაც სამუშაო კი ჩაატარეს, ვთქვათ, მდინარეში (კაზრეთულა-მაშავერა) ახლანდელი მდგომარეობა ისეთი აღარაა, როგორიც 10-15 წლის წინათ იყო, მაგრამ ეს არასაკმარისია.

ამიტომ კვლევით საბოლოოდ უნდა გაირკვეს, ჭორია თუ სიმართლე მოსახლეობაში გავრცელებული პოზიცია, რომ საწარმოს საქმიანობა გარკვეულ დაავადებებს იწვევს და ეს მაჩვენებელი ძალიან გაზრდილია. თუ რისკებია, სახელმწიფომ და საწარმომ ერთად უნდა იზრუნოს, რომ ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. სამწუხაროდ, ეს არ კეთდება, ფრაგმენტული შესწავლა საქმეს არ შველის. კვლევა დიდი თანხა დაჯდება, ფართო მასები უნდა შეისწავლონ, სხვანაირად რეალურ სურათს ვერ მივიღებთ.

_ ბოლო სტატისტიკა როდის გამოქვეყნდა?

_ ორი წლის წინათ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მაშინ გავიგეთ, რომ უკვე დმანისის რაიონის სოფლებში მძიმე მეტალებით ნიადაგის დაბინძურება ოცჯერ და ოცდაათჯერ სწორედ ჰაერის გზით მომატებულია. ძალიან გამიკვირდა, მიზეზი ვიკითხე, რადგან დაბინძურებული წყალი იქ არ ხვდება. მერე იქაურებმა თქვეს, რომ დილაობით ქარი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უბერავს და ეს ყველაფერი კარიერიდან ჩვენს სოფლებში მოაქვსო, ასევე სანაყაროებიდან, რომელიც იქვე არის გაკეთებული. იმავე კვლევაში დაავადებებზეც იყო საუბარი.

_ მოსახლეობა თქვენთან ავადობის მაჩვენებელზე რას ამბობს?

_ სწორედ ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაახალგაზრდავდა და უფრო მძიმე ფორმებით მიმდინარეობს. ამას საწარმოს ფუნქციონირებასა და გარემოს დაბინძურებას აბრალებენ, რასაც ეს პროცესი იწვევს. მაგრამ ვიმეორებ: ამის დამადასტურებელი ფართომასშტაბიანი და სრულყოფილი კვლევები არ გაგვაჩნია.

ბოლნისში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, თუ რა იწვევს მომატებულ დაავადებებს, ყველა გეტყვით, რომ ამის მიზეზი მადნეულის ფუნქციონირებაა. იქვე სხვები გეტყვიან, რომ თბილისში, რუსთავში, ტყიბულსა თუ სხვაგან უფრო მძიმე მდგომარეობა არისო. ვერ ადასტურებ, რადგან ხელში კვლევა არ გაქვს, რომელიც თავიდან ბოლომდე დასაბუთებული და ფაქტებზე დაყრდნობილი იქნება.

_ რა უნდა გაკეთდეს, რომ უარყოფითი ზემოქმედება შემცირდეს?

_ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ჯერ ერთი: მდინარეში პერიოდულად ისევ უშვებენ ნარჩენს და ეს საერთოდ უნდა გამოირიცხოს; მერე სახელმწიფომ ნიადაგის გაჯანსაღებაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. ქვემო ქართლი სოფლის მეურნეობის წარმოების ერთ-ერთი უდიდესი რეგიონია. აქ ნაწარმი პროდუქცია მთელ ქვეყანაში ვრცელდება. საზღვარგარეთ გატანაზეა საუბარი და აქ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოება შეიძლება.

ნორმალური ნიადაგი უნდა გქონდეს, რომ მაღალხარისხიანი პროდუქცია აწარმოო. შესაბამისად, სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ნიადაგი სუფთა იყოს.

მერე ხალხის ჯანმრთელობაა დიდი საფიქრალი და ამისთვის კვლევებია ჩასატარებელი. მოსახლეობის დასახმარებლად პროგრამები უნდა ამუშავდეს. ვთქვათ, მდინარეს ჩაკეტავ და გაწმენდ, ჰაერს ხომ წინ ვერ დაუდგები? ამ საკითხზე გვისაუბრია, თვითონაც იციან ამ პრობლემის შესახებ, ამიტომ საქმე უნდა გაკეთდეს.

ახლა საუბარია, რომ ღია კარიერები აღარ იყოს და შახტური წესით მოიპოვონ მადანი, რომ მტვერი და ჰაერის დაბინძურება გამოირიცხოს. რამდენადაც ვიცი, ეს უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ ამაზე უნდა წავიდნენ, სხვანაირად აღარ შეიძლება. მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე რომ არ შეექმნას, ცოტა ნაკლებ მოგებაზე უნდა იმუშაონ, შესაბამისად, ახალი მიდგომები და ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს.

ანუ აქ ერთობლივად სამუშაოა, _ სახელმწიფო, კომპანია და თვითონ მოსახლეობა აქტიურად უნდა ჩაერთოს

_ საკითხის აქტუალობას სახელმწიფო რამდენად იაზრებს?

_ სახელმწიფოს ცოტა უჭირს ამაზე მუშაობა, რადგან ეს რამდენიმე საწარმოთაგან ერთ-ერთია, რომელსაც ბიუჯეტში ძირითადი შემოსავალი შემოაქვს. სამწუხაროდ, მთავრობა ხშირად დარღვევებზე თვალებს ხუჭავდა, ადრეც ასე იყო და დღესაც ასეა. ძალიან გვიჭირს პრობლემაზე მუშაობა, რადგან სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერა არ გაგვაჩნია. დიახ, სიტუაცია თანდათანობით უმჯობესდება (შიგნით საწრმოში, მდინარესთან დაკავშირებით), მაგრამ ეს ძალინ ნელი ტემპით ხდება.     

ქრონიკა+“ კომპანიაარ ემ ჯისდაუკავშირდა:

_ რა პასუხისმგებლობას იღებთ გარემოს დაცვაზე და როგორ აგრძელებთ მუშაობას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ გარემოზე მიყენებული მავნე ზემოქმედება, მათ შორის, დაბა კაზრეთში გავრცელებული დაავადებები (სიმსივნე, გულ-სისხლძარღვოვანი და . .)?

_ 2017 წლის ივლისში კომპანია RMG-მ გარემოსდაცვითი პროგრამის საჯარო პრეზენტაცია გამართა. ამ პროგრამის ფარგლებში სამუშოები უკვე დაწყებულია და მომავალი წლების განმავლობაშიც დაგეგმილია რიგი ღონისძიებების განხორციელება. უფრო კონკრეტულად, მიმდინარეობს მუშაობა შემდეგ პროექტებზე: წყალგამწმენდი ნაგებობების მონტაჟი საწარმოს ტერიტორიაზე, მტვერდამჭერი დანადგარების მონტაჟი სხვადასხვა საწარმოო ნაგებობაზე, ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილებისთვის დამატებითი ღონისძიებების შემუშავება-განხორციელება და სხვ.

აღნიშნულ საკითხებში ჩართული არიან საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც თავის სფეროში მოწინავე და ინოვაციური ტექნოლოგიების გამტარებლები არიან, მაგალითად: Golder Associates, Veolia, CFT, DFT, Autotek და სხვ. 

თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და სხვა სამუშაო პირობებთან დაკავშირებული საკითხები არის RMG-ის, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის შემადგენელი ნაწილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაწერილი ნორმებით რეგულირდება. 

რაც შეეხება უშუალოდ დაბა კაზრეთის მოსახლეობაში გავრცელებულ დაავადებებს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მსგავსი სახის ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება (იხილეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური სტატისტიკა). ჩვენი ინფორმაციით, ამ რეგიონში გავრცელებულ დაავადებათა მაჩვენებლები, არც რაოდენობრივი და არც სხვა ნიშნით, საქართველოს სხვა რეგიონებისგან არ გამოირჩევა.

არ ემ ჯისპასუხიდან გამომდინარე, „ქრონიკა+“-მაქართული ოცნებისსაპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ჟორჟოლიანს მიმართა:

_ ბატონო გია, გვეშველება რამე?

_ აქ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სახელმწიფოს მიერ ქმედითი შრომის ინსპექციის ამოქმედებაა. ამაზე ვმუშაობთ და ჩვენი ფრაქცია მომხრეა, რომ კანონი მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ და გარემოს დაცვაც გავამკაცროთ.

სხვაგვარად არ გამოვა, ვიღაცამ ხომ უნდა შეამოწმოს ეს ყველაფერი. ამ შემოწმების შედეგად, თუ ვინმე არღვევს უსაფრთხოებისა და სხვა კანონებს, შესაბამისად უნდა დაისაჯოს კიდეც. მოგეხსენებათ, ჩვენ შრომის კოდექსი მივიღეთ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელია. აქამდე შრომის ინსპექცია ერთგვარი ანალიტიკური სამსახურივით არსებობდა, ახლა ის უფრო მონიტორინგის სამსახური უნდა იყოს, შესაბამისი უფლებამოსილებით და . .

კარგია, რომ ეს სისტემა ხვალვე ამოქმედდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხდება, რადგან კვალიფიციური ადამიანები გვჭირდება. ჩვენ ამ კალენდრის მაქსიმალურად დაჩქარება გვსურს.

_ მაინც, როდის ამოქმედდება ქმედითი მექანიზმი?

_ კანონი მალე მიიღება, მაგრამ მერე სხვადასხვა რაღაცებია გასაკეთებელი. შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროში დღევანდელი ჯგუფის (რომელიც საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს) უფლებამოსილება შეზღუდულია. ეს უფლებამოსილება მათ გაეზრდება, მაგრამ ვიდრე სპეციალისტები მომზადდება, ჯგუფის მონიტორინგის შედეგებმა ზემოქმედების უფრო მეტი ძალა უნდა შეიძინოს. ანუ ამ კანონშიც აღნიშნული მიმართულებით მეტი სიმკაცრე უნდა იყოს.  

რომ შევაჯამოთ, ერთ მხარეს ადგილობრივები და კვალიფიციური არასამთავრობო სექტორი მადნეულის წარმოების მავნე შედეგებზე, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობების გავრცელების მატებაზე საუბრობს. მეორე მხრივ, კომპანია ბრალდებებს უარყოფს და ამასთან დაკავშირებით ოფიციალური სტატისტიკის არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას. აქ საკითხავია, რა უშლის ხელს ადგილზე ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებას, რომლის აუცილებლობასაც ჩვენთან არასამთავრობოებიც აღნიშნავენ? მით უმეტეს, თუკი ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, ამით, უპირველესად, „არემჯისწარმომადგენლები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი.    

ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლნისში არსებული მდგომარეობა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, რაც ადეკვატურ პასუხს საჭიროებს. ადამიანებს დაბინძურებულ გარემოში სიმსივნისა თუ სხვა მძიმე დაავადების მოლოდინში ცხოვრება არ უნდა უწევდეთ. წარმოუდგენელი ამბავია, რეგიონში მცხოვრები ქალები თუნდაც თაფლში გაზავებული ირმის რქის იმედად იყვნენ დარჩენილები. ქვეყნის უმთავრესი სიმდიდრე ადამიანია და წესით, ამის ახსნაამა ქვეყნის ძლიერთაარ უნდა სჭირდებოდეთ.

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია