მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რამდენად შეუძლია ზრდასრულთა განათლებას შეცვალოს ჩვენი ცხოვრება და საზოგადოების ტრანსფორმაცია მოახდინოს? - 01 დეკემბერი 2017

ქმედითი სისტემა, რომელიც მოქალაქეებს ახლის მოსმენა-გაგების, დანახვისა და კეთების საშუალებას აძლევს

ufleba.ge

„ბიზნესის კეთების“ ბოლო რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ისიც ცნობილი ამბავია, რომ უმაღლესი განათლების საშუალო მაჩვენებლით, ჩვენ ქვეყანას ოდითგან მოწინავე პოზიციები უკავია. მიუხედავად ამისა, კვალიფიციური კადრების პრობლემა თვალშისაცემია. ამ ფონზე, ზრდასრულთა განათლების, მთელი სიცოცხლის განმავლობაში ახალი უნარ-ჩვევების დაუფლების კონცეფცია სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. 

ეს სავსებით გასაგები პროცესია. ჩვენში „ორდიპლომიანი ტაქსისების“ თემა სერიოზულად აღარ განიხილება. როგორც ყველგან, საქართველოშიც კონკურენცია იზრდება და ეს ყველაფერი ადამიანებისგან ახალ რეალობაზე მორგებული განათლების, შედეგზე ორიენტირებული პროფესიების დაუფლებას მოითხოვს. „ცოდნაზე დაფუძნებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარება გვჭირდება“, - დღეს ამ წინადადებამ უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებიდან მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა. 

ქართველები აქაც ცდილობენ ნიჭის გამოჩენას. მაგალითისთვის, გოდერძი მ-მ 90-იანების დასაწყისში, მაშინდელი პუშკინის ინსტიტუტის (ახლანდელი ილიაუნი) რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი, სკოლის პედაგოგი მამის ხათრით დაამთავრა. „მშობლიური“ სპეციალობით ერთი დღეც არ უმუშავია, - სამამულო სკოლა მისგან შორს იყო. სამაგიეროდ, სად აღარ გამოსცადა საკუთარი თავი - დაცვის პოლიციაში, არასამთავრობო ორგანიზაციაში, მცირე ბიზნესში და მისთ.:

„ბოლოს, უკვე ორმოცს მიღეულ ასაკში აღმოვაჩინე, რომ შინაგანი მოწოდებით მხატვარი ვყოფილვარ, თანაც აბსტრაქციონისტი. თავიდან ჩემთვის ისეთ ნახაზებს ვაკეთებდი, რომ უახლოესმა ადამიანებმა „კოსმიური ხელოვანი“ შემარქვეს, ვისი შემოქმედების ჭეშმარიტი დედააზრიც მხოლოდ ავტორს ესმის. ამას ნელ-ნელ მოყვა ნახაზების ფერადოვნება, მეტი იდეებით, ობიექტებით დატვირთვა და, ამასობაში, კოლექცია დამიგროვდა. უკვე რამდენიმე საელჩოში გამოფენა-გაყიდვა მოვაწყვე და ჩემი „კოსმიური“ აბსტრაქციონიზმიც კონკრეტული მიმართულებით დაიქოქა. ბედს არ ვემდური, ამ მორიგი „გარდატეხის“ ასაკში სულიერი მოთხოვნილების შესაბამისი საქმე გამოვნახე და ისეთ აღმაფრენას ვგრძნობ, რომ სიზმარშიც სხვადასხვა ფორმის შენობებს, რელიგიურ ფიგურებს, მტრედებს, ადამიანის თვალებს და ა.შ. ვხატავ“, - გვეუბნება გოდერძი და თან მორიგი სიზმრისა თუ ცხოველი წარმოსახვის ნაყოფს გვათვალიერებინებს. 

66 წლის ელდარ კვინიკაძემ რამდენიმე წლის წინ, თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული უფასო ინგლისური ენის სამთვიანი კურსები გაიარა. შესანიშნავი შედეგი მიიღო, ელემენტარული, სასაუბრო უცხო მეტყველება აითვისა. ვკითხეთ, თუ რაში გამოიყენა ამ ასაკში მსოფლიო ენა:

„ალბათ დამეთანხმებით, სწავლა დიდი სიამოვნებაა, თუ ალღოს აუღებ, გულს დაუდებ და ბოლომდე გაყვები. ისედაც ბევრი საქმე არ მქონდა და ამაზე უკეთესად დროს როგორ დავხარჯავდი? რაც შეეხება პრაქტიკულ გამოყენებას, კურსების გავლის შემდეგ სახლში დიდი სიამოვნებით ჩემს შვილიშვილებს ვამეცადინებ. ახლავე, პატარა ასაკში დამატებით მასწავლებელთან ხომ არ ივლიან, კურსებგავლილი ბაბუა აქვე არ ვარ? უნდა ნახოთ, როგორ უხარიათ ეს ჩვენი „კლასგარეშე“ მეცადინეობა, ჩემ სიამოვნებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ამ ასაკში ჩემი სისხლ-ხორცისთვის, შვილიშვილებისთვის მეტი განათლების მიცემის გარდა, უკეთესს სხვას რას გავაკეთებდი, ჰოდა, მეც ვასწავლი“. 

მანუჩარ დ-ს პატარობიდანვე რთული ცხოვრება ჰქონდა. 14 წლის სკოლის მოსწავლე ჩადენული  დანაშულისთვის დააპატიმრეს და სრული ოთხი წლით არასრულწლოვანთა კოლონიაში, „გამოსასაწორებლად“ (ესეც 90-იანების დასაწყისში ხდება)  გაუშვეს. აქედანვე ცხოვრების გაუკუღმართებას, მერე კიდევ ორი სასამართლო სასჯელი მოყვა. ბოლოს საპყრობილიდან 23 წლის ასაკში გამოვიდა. 

„ე.წ. თავისუფლებაზე გიჟივით  ვიყავი და საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა. უსაქმურად ხეტიალის გამო მუდმივ დეპრესიაშივიყავი, ამის გამო ვსვამდი და უახლოეს ადამიანებს, ოჯახის წევრებს პრობლემებს ვუქმნიდი. ჩემი ასე უსაქმურად დარჩენა ადრე თუ გვიან ისევ ცხრაკლიტულში თავის ამოყოფას ნიშნავდა. ამასობაში გამახსენდა, რომ ციხეში ყველაზე მეტად ხელსაქმე მიტაცებდა, კერძოდ, ხის მასალისგან სხვადსხვა ფორმის, სიდიდის ჯვრებს ვაკეთებდი და მეგობრებს ვჩუქნიდი. გარეთ ამ ხელსაქმით ვერაფერს ვიშოვიდი და ამიტომ,იმ დროისთვის შედარებით ახალი ხილის, მობილური ტელეფონების შეკეთების შესწავლა დავიწყე. ნაცნობ სპეციალისტთან სიარულით, ამ საქმისადმი ცხოველი ინტერესით იმდენს მივაღწიე, რომ ჩემი კლიენტები გამიჩნდა. უკვე მთელ თვისუფალ დროს ტელეფონების შეკეთებას ვახმარ და ეს ისე სწრაფად გადის, რომ გალეშვამდე დალევისთვის აღარ მცალია. ვატყობ, რომ საბოლოოდ გამოსწორების გზას ვადგავარ და ეს ძალიან მახარებს“, - გვიყვება მანუჩარი თავს გადახდენილ ამბებს. 

ასეთი საგულისხმო შემთხვევები შორს წაგვიყვანს, ამიტომ ვისაუბროთ იმ ინსტიტუტებსა და ადამიანებზე, რომლებიც პროგრესული განათლებისა და უნარ-ჩვევების შეძენისთვის მსურველებს კონკრეტულ კურსებს, ქმედით მომსახურებას სთავაზობენ. იმით დავიწყოთ, რომ გერმანული ორგანიზაცია, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (დვვ ინთერნეიშენალი) მსოფლიოს 40 ქვეყანაში თითქმის 60 წელი მოღვაწეობს. საქართველოში დვვ ინთერნეიშენალი ზრდასრულთა განათლების სფეროში პროექტებს უკვე 15 წელია ახორციელებს, რომლებიც განვითარებად ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხისა და დონის ამაღლებასემსახურება.

„არიან ზრდასრული ადამიანები, რომელთაც გარკვეულ სფეროში აქვთ განათლება, თუმცა ვერ ახერხებენ თვითრეალიზაციას, აქვთ სურვილი აიმაღლონ კვალიფიკაცია, ან დაეუფლონ ახალ, შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას. არიან აგრეთვე ადამიანები, რომელთაც გარკვეული მიზეზის გამო ვერ მიიღეს უმაღლესი განათლება, ვერც რაიმე ხელობას ფლობენ, მაგრამ სჭირდებათ სამუშაო. სწორედ ასეთი ადამიანების მხარდასაჭერად მუშაობს რამდენიმე უწყება და მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო დვვ ინთერნეიშენალის ოფისთან ერთად“, - აღნიშნულია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვენებულ ინფორმაციაში, რომელიც ზრდასრულთა განათლების თემაზე მე-5 საერთაშორისო კონფერენციას ეძღვნება. 

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წლის აპრილში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის D დვვ ინთერნეიშენალი საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ორგანიზაცია  დვვ ინთერნეიშენალის Dმიერ შექმნილ ზრდასრულთა და სათემო განათლების ათ ცენტრს საქართველოს შვიდ რეგიონში აერთიანებს, ესენია: აჭარა, სამეგრელო-ზემო- სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და კახეთი. ქსელის წევრი ორგანიზაციებია: კოდის, შაუმიანის, ჯვარის, სენაკის, ლელიანის, ქედის, ოზურგეთის, ახალციხის,ახალქალაქისა და ამბროლაურის სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრები.

„აღნიშნული ორგანიზაციები 2006 წლიდან წარმატებით ახორციელებენ ზრდასრულთა განათლების პროექტებს საქართველოს რეგიონებში და თემის განვითარებას ხელს უწყობენ.  მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და ადგილობრივ თემში მათი ინტეგრაციის საკითხებში“, - აღნიშნულია გაენ.ორგ.გე-ს ინფორმაციაში. 

2014 წლის ნოემბერში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის თბილისის პროექტთა ბიუროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ, ზრდასრულთა განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ა(ა)იპ ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრი დაფუძნდა. დირექტორი დავით ანანიძე თავიდანვე განგვიმარტავს, რომ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში 65 სოფელია, რომლებიც რაიონული ცენტრიდან საკმაოდ დაშორებული არიან. მისივე თქმით, რეალურ პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ასევე განათლება და დასაქმება: 

„ჩვენმა ორგანიზაციამ აღნიშნული კუთხით გრანტი მიიღო, სახელობო და ინდივიდუალური განვითარების ტრენინგ-კურსები გავხსენით. კერძოდ: კულინარიის, მეფუტკრეობის, ხელსაქმისა და სუვენირების, ქსოვის, მინანქრის, ინგლისურის, კომპიუტერების საოფისე და ტექნიკურად გამართვის, მართვის მოწმობის თეორიული კურსი. 

კურსები გათვლილია როგორც მადილოსნებისათვის, ასევე მამაკაცებისათვის. არ დავივიწყეთ ახალგაზრდებიც და ჩამოვაყალიბეთ მათთვის სასურველი კურსები, გაიხსნა სამკითხველო ბიბლიოთეკა. მოვიწვიეთ მშვიდობის კორპუსის მოხალისე, რომლის დახმარებითაც მოვიგეთ გრანტი და გაიხსნა ქედის ველოკლუბი. ორგანიზაცია მრავალპროფილურია და ხელს ვუწყობთ ქედის მუნიციპალიტეტის და არა მხოლოდ ქედის მოსახლეობას“.

ჩვენ კითხვაზე, დონორების დახმარების გარდა, კიდევ რა რეალური დაფინანსების წყაროები შეიძლება ჰქონდეს ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრს, ასევე სად საქმდებიან კურსდამთავრებულები და როგორია ეს მაჩვენებელი, დავით ანანიძე გვპასუხობს: 

„ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრს კურსებზე დაწესებული აქვს გადასახდელი თანხა, 5-დან 20 ლარამდე (კურსის სირთულის მიხედვით), ამიტომ საკუთარი შემოსავალიც გვაქვს. ასევე ორგანიზაცია დამოუკიდებელია და შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა საგრანტო კონკურსში.

ბევრი ადამიანი კომპიუტერების კურსიდან დასაქმდა. ასევე ინგლისურის კურსიდან ზოგიერთი მოქმედი პედაგოგი იყო და თანამდებობა შეინარჩუნა. კულინარიიდან 3 რესტორანში დასაქმდა, მინანქრის კურსიდან მსმენელმა თავად შეიძინა ინვენტარი, ამზადებს ნაწარმს და ყიდის, ანუ რეალურად თვითდასაქმებულია“.

ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიზანს დაბა ჩოხატაურის ადმინისტრაციული ერთეულების, ადგილობრივი თემის წარმომადგენლების სოციალურ - ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. ორგანიზაციის  წარმომადგენელი ნანა ცინცაძე ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ცენტრი ნებისმიერი ასაკის და განათლების მქონე პირს ინდივიდუალური და პროფესიული გადამზადების კურსებს, სოციალური უნარების პროექტებს, ახალგაზრდულ პროგრამებს, სამოქალაქო აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობებს სთავაზობს. მისივე ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან დღემდე ცენტრის მომსახურეობით 1875 ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის 1875 - ადგილობრივია , 1133 - ქალი, 742 - კაცი.

„ზრდასრულთა განათლება მოქალაქეებს შრომის ბაზარზე ორიენტირებული დამატებითი უნარ-ჩვევების შეძენა-ამაღლებაში, პროფესიის დაუფლებაში, დასაქმების ხელშეწყობაში ეხმარება. 2017 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა/თვითდასაქმებულთა რაოდენობა  17 ადამიანს შეადგენს. აქედან რამდენიმე ქალბატონი ჭრა-კერვისა და მოდელირების კურსის დასრულების შემდეგ დავასაქმეთ ჩვენს სამკერვალოში. ასევე ორმა კურსდამთავრებულმა ბანკში მოლარე-ოპერატორის ადგილზე მუშაობა დაიწყო. რამდენიმე ბუღალტერიის კურსის გავლის შემდეგ ბუღალტრად მუშაობას შეუდგა. ამასთან, ცენტრში მიღებული დამატებითი უნარ-ჩვევები დასაქმებულ მსმენელებს არსებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა“, - გვეუბნება ნანა ცინცაძე.

ახალციხის ორგანიზაცია ერთ-ერთი პირველი ზრდასრულთა განათლების ცენტრი იყო, რომელიც საქართველოში 2006 წელს, ასევე DVV Iნტერნატიონალ-ის ხელშეწყობით დაარსდა. 2012 წლამდე,  ახალქალაქის ცენტრთან ერთად სამცხე-ჯავახეთის ზრდასრულთა განათლების ცენტრის სახელით ფუნქციონირებდა. ხელმძღვანელი თამუნა კაპანაძე ამბობს, რომ ცენტრის მთავარ მიზანს ახალციხისა და მის მეზობელ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთათვის შრომით ბაზარზე მოთხოვნადი უნარებისა და ცოდნის მიწოდება და მთელი სიცოცხლის მანძილზე უწყვეტი განათლების კონცეფციის პოპულარიზაცია წარმოადგენს, რითაც ადამიანებს საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ ან საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინონ. 

„საქმიანობა 2016 წლიდან, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ცალკე, როგორც ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა განვაახლეთ. შარშან ნოემბრიდან დღემდე ცენტრი თავის ბენეფიციარებს პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს სთავაზობს. კერძოდ სხვადასხვა კურსებს: ამჟამად მოქმედია უცხო ენების (ინგლისური, რუსული, თურქული) შემსწავლელი, საბუღალტრო და საგადასახადო საქმეს, ჭრა-კერვის, კომპიუტერული პროგრამებისა და სხვა კურსები. გვაქვს მასწავლებელთათვის სასწავლო რესურსების გაუმჯობესების, მეფუტკრეობის კურსები. ჩვენი კურსების თავისებურება ისაა, რომ ის მოკლევადიანია (2-3 თვე) და მორგებულია მსმენელის გრაფიკზე. მეცადინეობები მსმენელისთვის სასურველ დროს იგეგმება, - დილით, შესვენებების დროს ან საღამოს, რადგან ბევრი მათგანი მუშაობს. ცენტრი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასევე სხვადასხვა ტრენინგებსა და ღონისძიებებს სთავაზობს. თითქმის ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ, ჩვენი მომსახურეობით დაახლოებით 1300 მსმენელმა ისარგებლა“. 

ამ სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, თამუნა კაპანაძე გვეუბნება, რომ ზრდასრულთა განათლება ჯერ კიდევ არაა პოპულარული საქართველოში, მაგრამ თანდათანობით ფეხს იკიდებს. მისივე თქმით, საჭიროა მოსახლეობისთვის ხარისხიანი პროდუქტის შეთაბაზება, რომ ნდობა მოიპოვო:

„ამისთვის საჭიროა განათლების ცენტრების ფინანსური მდგრადობა, რათა მოქალაქეებს კვალიფიციური კადრებითა და ტექნიკური აღჭურვილობით სრულყოფილი სერვისი შესთავაზო. ამას ჩვენნნაირი ცენტრები საკუთარი შემოსავლებით, დონორის დახმარების გარეშე ვერ ახერხებენ. მოსახლეობა მსგავსი ტიპის განათლებაში თანხის გადახდის საჭიროებას ჯერ კიდევ ვერ ხედავს ან არ აქვს შესაძლებლობა თანხა გაიღოს. 

გარდა ამისა, შრომის ბაზარი დასაქმების საკმაოდ მწირ  საშუალებას იძლევა.ზრდასრულთა ცენტრებს შეუძლია უფრო მეტი პიროვნული და სახელობო კურსების შესთავაზოს მოსახლეობას მათი განვითარებისთვის და თვითდასაქმებისთვის, მაგრამ ამას ცენტრი ფინანსური მდგრადობის გარეშე ვერ გააკეთებს“. 

მისივე თქმით, ცენტრმა დაფინანსება შეიძლება საკუთარი სერვისებიდან მიიღოს (ფასიანი კურსები და დარბაზის გაქირავების მომსახურეობა, ეს ორივე არსებობს) და სოციალური საწარმოს შექმნის შემთხვევაში საწარმოდან მიღებული შემოსავალი: 

„რაც შეეხება სამუშოზე მოწყობას, ცენტრის განახლების შემდეგ კურსდამთავრებულები ძირითადად თვითდასაქმებულნი არიან. ჭრა-კერვის კურსის ერთი კურსდამთავრებული სამკერვალოს გახსნას აპირებს, სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, საკუთარი უნარების გაუმჯობესებისთვის ესწრებოდნენ კურსებს. ერთ-ერთ ბუღალტერიის კურსდამთავრებულს საკუთარი ბიზნესის სამართავად სჭირდებოდა კურსი. უცხო ენების კურსდამთავრებულები ძირითადად მუშაობენ და ეს უნრები საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის სჭირდებოდათ“. 

ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი სხვადასხვა საგრანტო პროექტის ფარგლებში  საგანამანათლებლო კურსებს და აქტივობებს პიროვნული და პროფესიული განვითარების მიმართულებით ახორციელებს (აქაც ძირითადი დამფინანსებელია DVV ინტერნატიონალ). დირექტორის, ნანა ნერსეზაშვილი ამბობს, რომ ცენტრის საქმიანობაში, სერვისებსა და პროექტებში ჩართულია როგორც ლელიანის თემის, ისე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა თემის მოსახლეობა: 

„პროფესიულ კურსებს ესწრებიან ადამიანები, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლება ან  ახალი პროფესიის დაუფლება სურთ. განსაკუთრებული მოთხოვნაა ჭრა-კერვის, კულინარიის, მეწარმეობის, ბუღალტერიის,  მენეჯმენტისა და მართვა კურსებზე. პიროვნული განვითარების მიმართულებით განსაკუთრებული მოთხოვნა კომპიუტერული უნარ-ჩვევის, ინგლისური ენის კურსებზეა. თემის მოსახლეობა აქტიურად იღებს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციას: განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალებისთვის საინტერესოა ფსიქოლოგთან კონსულტაცია, მოზარდებში გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ ქცევებზე და დამოკიდებულებებზე (მოთხოვნაა ინდივიდუალურ კონსულტაციაზეც). იურიდიული კონსულტაცია აქტუალურია ქონებრივ დავებზე და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციაზე. თემს უყვარს და აქტიურად ერთვება კულტურულ-შემცნებით და  შემოქმედებით ღონისძიებებში, როგორიცაა მრავალფეროვნების, შემოდგომის, მეგობრობის, ზრდასრულთა განათლების და სხვა ტიპის ფესტივალები. ამ სწრაფად ცვალებად გარემოში ცენტრს უწევს მუდმივად პროგრესულ ტალღზე იყოს.  ჩვენი საქმიანობა მორგებულია ზრდასრული მოსახლეობის ინტერესთა და საჭიროებათა დაკმაყოფილებაზე, არაფორმალური განათლების მიმართულებით“.

გამოწვევებს რაც შეეხება, ნანა ნერსეზაშვილის თქმით, მართალია ადამიანებმა კარგად იციან გამოთქმა „სწავლა სიბერემდეო“, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე უწყვეტი განათლების პრინციპს მაინც არ აღიარებდნენ, პრაქტიკაში არც ინერგებოდა და არც ხორციელდებოდა: 

„გლეხი მისდევს სოფლის მეურნეობას, აქვს პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ დღევანდელ გამოწვევებს ვერ უმკლავდება. მას თეორიული ცოდნა არ აქვს არსებულ მავნებლებზე და მათთან ბრძოლაზე; ახალ უხვმოსავლიან ჯიშებზე, რომელსაც მხოლოდ იმიტომ დარგავს, რომ მეზობელმა დარგა. ელემენტარულად, არ იცის სხვლის ტექნიკა, რომ შესაბამისი მოსავალი მიიღოს. 

შეიცვალა სწავლის მეთოდიკა და მიდგომა, მაგრამ დედებმა და ბებიებმა (რომელთაც ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების შვილების აღზრდა უწევთ) არ იციან, როგორ დაეხმარონ მოზარდებს სასწავლო პროცესში (მარტო პედაგოგი ვერ მიაღწევს შედეგს, სადღეისოდ მას კლასში 25-29 მოზარდი ყავს). შედეგი, დაბალი აკადემიური მოსწრება, მოზარდების ძირითადი ნაწილი, რომელიც ვერც კი კითხულობს... 

პრობლემების ჩამონათვალი დაუსრულებელია, რომელთანაც ზრდასრულს უწევს გამკლავება. მას მოტივაცია, ცვლილებაზე ორიენტირებული ადამიანები და  სივრცეები სჭირდება, სადაც თანამედროვე სამყაროში არსებული ცვლილებების მხარდამხარ განვითარებას შეძლებს და ამაში უკვე ისე ადამიანები დაეხმარებიან, ვინც უწყევტი განათლების პრინციპი აღიარა და საკუთარი თავის რეალიზება შეძლო. 

VV ინტერნატიონალ-ისა და სხვა დონორებთან თანამშრომლობით, ადგილზე დიდი შრომის შედეგად ჩვენ შევძელით და ყველაზე მთავარი რაც არის, ადამიანებმა ზრდასრულ ასაკში განათლების მიღების აუცილებლობა აღიარეს, ნელ-ნელა სიარულიც დაიწყეს კურსებზე/აქტივობებზე და დღეს თემი, მუნიციპალტეტი ამ თვალსაზრისით ძალიან აქტიურია. აუცილებელია აღვნიშნოთ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ჯანსაღი დამოკიდებულება ზრდასრულთა განათლების მიმართ. ჩვენს მუნიციპალიტეტში უკვე ბევრი სათემო სივრცეა, არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება, რომელთან თანამშრომლობითაც ჩვენ არ გვიჭირს დასახული მიზნების მიღწევა, როგორც ადგილზე, ისე მუნიციპალიტეტის მასშტაბით“. 

დასაქმების მაჩვენებელთან დაკავშირებით, ნანა ნერსეზაშვილი გვეუბნება, რომ ახალგაზრდების უმეტესობა მათ ძირითადად სოფლიდან ქალაქისკენ წასასვლელად მზადებისას კითხავს, რათა ადგილზევე განვითარდეს და მერე ქალაქში შედარებით ადვილად დასაქმდეს:

„ჩვენ უფრო ტექნიკური უნარების განვითარებაზე ვმუშაობთ. უკვე სამსახურმოძიებულნი კომპიუტერულ უნარებს (რასაც მათგან ითხოვენ) ივითარებენ ან აუცილებელ საკომუნიკაციო ინგლისურს სწავლობენ და ისე საქმდებიან კაფეებში, ბანკებში და ა.შ. პედაგოგებისთვის და დასაქმებული ადამიანებისთვის ისეთი სასწავლო პროგრამა გვაქვს, რაც თანხვედრაშია მათ სასკოლო მოთხოვნებთან და კვალიფიკაციის გაზრდასთანაა კავშირში. გვყავს კურსდამთავრებულები, რომლებიც ჩვენთანვე კურსების პედაგოგებად საქმდებიან. ზოგი კურსდამთავრებული თავად ქმნის ბიზნესს და ისე საქმდება, რომ სხვის დასაქმებასაც უწყობს ხელს. საშუალოდ, დასაქმების მაჩვენებელი კურსის მსმენელებში 4-5 პროცენტია“.  

სენაკის სათემო განათლების ცენტრის მისია - არაფორმალური განათლება, დემოკრატიული პროცესების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების  ჩამოყალიბება, მოსახლეობის ღირსეული დასაქმება და კეთილდღეობა, საზოგადოების მოწყვლადი ფენის სოციალური ინტეგრაციაა. ცენტრის დირექტორი, განათლების სამინისტროს ტრენერი ნონა ქადარია ამბობს, რომ ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს დევნილი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე, მათ შორის, როგორც დაქირავებული ასევე სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის გზით: 

„რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს სიღარიბის დაძლევასა და მცირე მეწარმეობის განვითარებას. პროგრამა 2010 წლიდან დღემდე მიმდინარეობს და სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. საერთო ჯამში, სხვადასხვა პროფესიაში მომზადებულია  350–მდე ბენეფიციარი. ტრენიგები და სხვადასხვა სახის კონსულტაციები 6000-მდე ბენეფიციარმა მიიღო“. 

მისივე შეფასებით, ადგილზე განსაკუთრებით თვალშისაცემია სამოქალაქო განათლების დეფიციტი, ადამიანებს არა აქვთ ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე, ბავშვთა უფლებებზე და ა.შ. 

„რეგიონებში ნაკლებია ინფორმაცია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სიკეთეებზე, ზოგადად, ევროპულ ღირებულებებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე. განსაკუთრებით გულსატკენია დაბალი საარჩევნო აქტივობა. ადამიანებს არ აქვთ ზოგადად იმის განცდა, რომ არჩევნებით რამის გადაწყვეტა არის შესაძლებელი, დაბალია სამოქალაქო მონიტორინგი და ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობის მუშაობაში. მოსახლეობას აუცილებლად სჭირდება მეწარმეობის უნარების განვითარება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა და ინოვაციური აზროვნება. და ბოლოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებს არ აქვთ სათანადო მისწრაფება განათლებისკენ, პროფესიული უნარების განვითარებისკენ და ეს არის უდიდესი პრობლემა“, - გულისტკივილით აღნიშნავს ნონა ქადარია. 

კოდის სათემო განათლების ცენტრი 2010 წლის იანვარში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის „თბილისის პროექტთა ბიუროს“ მიერ განხორციელებული პროექტის (სოციო-ეკენომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლში) ფარგლებში დაარსდა, რომელსაც ევროკომისია აფინანსებდა. პროექტი სოფელ კოდაში ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის ადგილობრივ თემში ინტეგრაციას ემსახურებოდა. დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი ჩართვით, სხვადასხვა სახელობო და პიროვნული განვითარების პროგრამა განხორციელდა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ცენტრი დარეგისტრირდა და როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს ფუნქციონირებას. 

წარმომადგენელი მადონა ოქროპირიძე გვეუბნება, რომ 2010-2017 წლებში ცენტრში ისწავლებოდა და დღესაც 32 სახეობის სახელობო კურსი ისწავლება: მლესავ-მღებავის, სან-ტექნიკის, რბილი ავეჯის დამზადება-რესტავრაციის, ტიხრული მინანქრის, ფეხსაცმლის შეკეთების, თექის, ქსოვის, ქარგვის, ქვილთის ბალიშებისა და საბნების კერვის, აქსესუარებისა და ჩანთების, სტილისტის, კბილის პროტეზირების, ხეზე კვეთის, მობილურების შეკეთების კურსი, მანიკურ-პედიკურის კურსი, კულინარიის კურსი, ხელსაქმისა და თექის სათამაშოების კურსი და სხვა: 

„25-მდე სახეობის პიროვნული განვითარების კურსები  და ტრენინიგები გვაქვს: ინგლისური ენის კურსი, კომპიუტერის საოფისე პროგრამები, კომპიუტერული ბუღალტერია (ორისის პროგრამა), მართვის კურსი, პროექტების წერა, სამოქალაქო განათლება, ფოტოხელოვნების კურსი, საოჯახო მედიცინის კურსი და ა.შ. პროექტის მიზანს  წარმოადგენს დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების შესაძლებლობებისა და პოტენციალის გაზრდა, მათთვის შრომის ბაზარზე ორიენტირებული არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების მიწოდებით; ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის გაზრდა; ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; საზოგადოებაში  მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“.

მადონა ოქროპირიძის თქმით, პროექტის ფარგლებში (2010-2017 წწ.) კოდის სათემო განათლების ცენტრის მომსახურეობით ისარგებლა 16526  ადამიანმა, მათ შორის 11021- დევნილია, 5505 ადგილობრივი, 12030 ქალი, 4496 კაცი დასაქმდა, თვითდასაქმებულია 4000 ადამიანი. 

„ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს მოსახლეობასთან, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ცდილობს საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს დონორ ორგანიზაციებთან. ცენტრის საქმიანობის მიმართ ინტერესი და ჩართულობის სურვილი მოსახლეობის მხრიდან დღითი-დღე იზრდება. ცენტრში მიღებულ ცოდნით  მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამებში და წარმატებასაც აღწევენ. მაგ. ერთ-ერთმა ჩვენმა ბენეფიციარი დაფინანსდა, ჟოლოს მოყვანა დაიწყო და საკმაოდ წარმატებულია.

ცენტრში ჩამოყალიბებულია აქტიური მოქალაქეობის კლუბი, რომელიც თემში არსებულ პრობლემებზე და შემდეგ მათი გადაჭრის გზის მოძიებაზე მუშაობს. მათი უშუალო მონაწილეობით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდა. ცენტრში დაფუძნებულია სოციალური საწარმო ,,არტ კოდა“ , სადაც ცენტრის მიერ გადამზადებული ბენეფიციარები გაერთიანებული არიან. ამზადებენ თექისა და ქვლთის ხელნაკეთ ნივთებს. ქალბატონები ამ შემოსავლით საკუთარ თავს და ოჯახებს ინახავენ. გავხსენით მე-2 საწარმო მამაკაცებისთვის - „უნივერსალური ოსტატი“, მასში გაერთიანებული არიან სანტექნიკოსები, ავეჯის ამწყობნი, მღებავები. ასევე ვიღებთ შეკვეთებს და ვამზადებთ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრებს. მიღებული შემოსავლიდან დასაქმებულებს ხელფასი ეძლევა და ნაწილი სოციალურ მიზნებს ხმარდება. 

ვისურვებდი ზრდასრულთა განათლების ცენტრებს ისეთი აღიარება ქონდეს, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. იქ ჩვენნაირი ორგანიზაციების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან 50-50-ზე ხდება. ჩვენთან არაფორმალური განათლების შესახებ კანონიც არ არის მიღებული. ამის მიუხედავად, აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ. ჩვენ ცენტრში სწავლების დონე მაღალია იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები გვყავს და ასევე კარგი ტექნიკური აღჭურვილობა მოგვეპოვება. ამასთან, მუდმივა ახლის ძიებაში ვართ“, - ამბობს მადონა ოქროპირიძე. 

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, მარიამ რამინაშვილს კითხვა დავუსვით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქვეყანაში ზრდასრულთა განათლების მიმართ:

 „სადღეისოდ ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და განვითარებული სახელმწიფოები დიდ ყურადღებას უთმობენ. დასაქმება, კარიერული წინსვლა, ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება/სიღარიბესთან ბრძოლა, დემოკრატიული ღირებულებების განვითარება, პიროვნების განვითარება  - ეს გახლავთ იმ ინტერესთა არასრული ჩამონათვალი (ამასთან, საკმაო მიზეზი), რის გამოც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ზრდასრულთა განათლების მიმართულების ხელშეწყობა.  

მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა არის შესაძლებლობა ნებისმიერი მოზრდილისა და ზრდასრულისათვის, რადგან გულისხმობს განათლების ყველა დონეს - სამუშაოსთან დაკავშირებულ ტრენინგებსა და საბაზისო უნარების გამომუშავებას, განათლებისა და უნარების ფართო სპექტრს, ეხმარება ინდივიდს მოერგოს გარემოში მიმდინარე ცვლილებებს და უპასუხოს საზოგადოებრივ მოთხოვნებს. ზრდასრულებს უკვე დაგროვილი აქვთ ცოდნის გარკვეული მარაგი და აქვთ გამოცდილება და ელიან, რომ ახალი ცოდნა მათ უკვე დასახული მიზნების მიღწევაში გამოადგება“.

- ამ ფონზე, მოქმედი პროფესიული განათლების სისტემა რამდენად პასუხობს ახალი განათლებისა და უნარების შეძენის მოთხოვნას?

- საქართველოც არაა გამონაკლისი, ზრდასრულთა განათლება, უპირველესად, კარიერული წინსვლის ან ახალი პროფესიის შეძენის წინაპირობა უნდა იყოს, რითაც ადამიანები შეძლებენ მოაგვარონ დასაქმების პრობლემა ან დაიკმაყოფილონ ახალი ინტერესები. პროფესიული სასწავლებლები სწორედ ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ, მაგრამ არსებული მდგომარეობა მიანიშნებს, რომ ამ კუთხით საქართველოში ზრდასრულთა განათლებას ეს მისია ჯეროვნად გაცნობიერებული არ აქვს და მათი არსებობა (პროფესიული განათლება) კვლავ ფიქციად რჩება; რადგან პროფესიულ სასწავლებლებში მიღებული განათლება არარელევანტურია შრომის ბაზართან და ზრდასრული მოქალაქეებისათვის არ წარმოადგენს იმ რგოლს, რომელიც უზრუნველყოფს მის დასაქმებას, კარიერულ წინსვლას, ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და, ზოგადად, სიღარიბესთან ბრძოლას, - ამბობს მარიამ რამინაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ზრდასრულთა განათლების ევროპის ასოციაციას თავისი მანიფესტი აქვს, საიდანაც საგულისხმო ამონარიდებს გთვაზობთ: 

- შეიქმნას „შემსწავლელი ევროპა“, ანუ ისეთი ევროპა, რომელიც მომავალში შეძლებს, საჭირო უნარების, ცოდნისა და კომპეტენციის გამოყენებით, წარმატებით გაართვას თავი გამოწვევებს. ევროპაში მცხოვრებთ ვთავაზობთ, გახდნენ ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების პროცესის მონაწილენი, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უნარი, თანამედროვე გამოწვევებს დაუდგეს წინ. ეს ახლა მდგრად ინვესტიციებს მოითხოვს ზრდასრულთა განათლებაში ყველა დონეზე - ევროპის, ნაციონალურ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე. ეჭვგარეშეა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ინვესტიციები დანახარჯს გაამართლებს: ამაღლდება კონკურენტუნარიანობის, კეთილდღეობისა და ერების ჯანმრთელობის დონე, გაიზრდება ეკონომიკური განვითარების ტემპი და ა.შ. ზრდასრულთა განათლებას შეუძლია, შეცვალოს ცხოვრება და საზოგადოების ტრანსფორმაცია მოახდინოს. განათლების სწავლის ძალა და სიხარული უფლება საზოგადოების ფუნდამენტური უფლება და საერთო სარგებელია. სოლიდური საზოგადოებრივი ინვესტიციებია საჭირო ზრდასრულთა განათლებაში და თვით შემსწავლელებში. ბევრი პოლიტიკოსი, გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირები და მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ, თუ რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს ზრდასრულთა განათლება საზოგადოებრივი, ეკონომიკური და პირადი პრობლემების გადასაჭრელად..., - თუკი ვინმე ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დღევანდელი მძიმე ქართული რეალობისთვის მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი არ არის, ქვა პირველმა ისროლოს. 

კონფუცის ცნობილი სიტყვებია: მე გავიგონე და დამავიწყდა, დავინახე და დამამახსოვრდა, გავაკეთე და გავიგე. დღეს საქართველოში, როგორც არასდროს, ამ კომპონენტების გონივრული სინთეზის ნაკლებობა. ზრდასრულთა განათლება ერთ-ერთი ქმედითი სისტემაა, რომელიც დაინტერესებულ მოქალაქეებს სიახლეების მოსმენა-გაგების, დანახვისა და კეთების საშუალებას აძლევს. ამიტომ ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება ქვეყანას მხოლოდ დადებით შედეგებს მოუტანს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია