მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა შედეგებს მოიტანს პირველი იანვრიდან ავტომობილების ტექდათვალიერების შემოღება? - 04 დეკემბერი 2017

„ტექნიკური ინსპექტირებისგან სწორედ ამ ორ რამეს, ჰაერის დაბინძირებისა და საგზაო შემთხვევების შემცირებას უნდა ველოდოთ“

ufleba.ge

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, - აღნიშნული ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტში უკვე შევიდა. ამასთან, ცვლილებების თანახმად, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართვად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წარმოდგენილი ცვლილება გამოწვეულია ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმიდან, რომელის ფარგლებშიც 2018 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების გავლა სავალდებულო გახდება. 

განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ცვლილება, თავის მხრივ, საჭიროებს უფრო ეფექტური, გაზრდილი ფულადი ჯარიმის დაწესებას, ვინაიდან დღეის მდგომარეობთ, არსებული ჯარიმის ოდენობა - ფიზიკური პირებისთვის 10 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარი, მსგავსი მნიშვნელობის მქონე სამართალდარღვევისთვის ძალიან დაბალია. 

შესაბამისად, ცვლილებები გამოიწვევს გადასახდელის რაოდენობის ზრდას, კერძოდ, ფიზიკური პირისთვის 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარის ოდენობით.

როგორც წინასწარ არის ცნობილი, ავტომობილების ტექდათვალიერება 60 ლარამდე ეღირება.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ ა/ო „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარეს, დავით მესხიშვილს ესაუბრება:

- გამოცხადებულია, რომ პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საყოველთაოდ დაიწყება, მაგრამ ეს ყველასთვის მაინც არ გამოდის, რამდენადაც ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ამისთვის ეტაპები იყოს გასავლელი. პირველ რიგში, მას შეეხება, ვისაც ისედაც ეხება, - ეს არის სატვირთო ავტომობილები, სამტონანახევარზე მეტი მასის მქონე და ვისაც რვაზე მეტი მგზავრი გადაყავს. ხალხს რომ მივახვედროთ, აქ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა საუბარი. მათ ისედაც ევალებათ ამის გავლა, მაგრამ ჩვენი ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ შემოწმებას მხოლოდ 14% გადის.  ანუ კანონი ფურცელზეა და ამ ეტაპზე არ სრულდება. იგეგმება, რომ პირველი იანვრიდან ეს რეალურად შესრულდეს, მეორე საკითხია ეს რამდენად მოხდება. 

შემდგომში უკვე არის გეგმა, რომ ეს სამთავრობო ავტომობილებს და ასევე კომპანიების ბალანსზე არსებულ ავტომობილებს შეეხება. შეიძლება ვთქვათ, რომ მძღოლებს ამისთვის დრო მიეცამათ. შესაბამისად, ექვი-რვა თვე ვადა გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი  ავტომობილები მოვაწესრიგოთ. ეს ცუდი არ არის და მისასალმებელი ნაბიჯია. 

მე პირადად ტექნიკურ ინსპექტირებას ჰაერის დაბინძურებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ნაწილში ვეთანხმები, მაგრამ ეს ყველაფერი შედარებით დაბალი სტანდარტით უნდა დაიწყოს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ მოდით ახლა გერმანული სტანდარტი დავნერგოთო, ბუნებრივია, ამას 90% ვერ გაივლის. მაგრამ თუ იმას ვამბობთ, რომ ეს ეტაპობრივად დაინერგოს, ყოველწლიურად რაღა უფრო გამკაცრდეს და ა.შ. ეს მისაღები პროცესია. 

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თავიდანვე მკაცრ სტანდარტს (გერმანულს, სკანდინავიურს და სხვა, ევროკავშირის ყველაზე მკაცრ სტანდარტს) ვერ ავითვისებთ. ამიტომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. 

აქ მთავარი ის არის, რომ საზოგადოებას მეტი ინფორაცია უნდა მიეწოდოს. უფრო აქტიური და ინტენსიური კამპანია არის განსახორციელებელი. 

- რა შედეგი ექნება ამ ნაბიჯს, მათ შორის თბილისის სატრანსპორტო მეურნეობაში?

- მოდით ჯერ ის ვთქვათ, რომ არ ვიცით, დღეს გზებზე რამდენი ავტომობილია. რეგისტრირებული კი არის მილიონ ორასი ათასი, მაგრამ იმის გამო, რომ რეგისტრაციიდან მოხსნის სისტემა არ არსებობს, არ ვიცით აქედან რეალურად რამდენია. ამიტომ რთულია იმის თქმაც, რამდენი პროცენტი გაივლის და რამდენი ვერა. 

მაგრამ ვიცით, რომ ავტომობილების 90% ათ წელზე უფრო ასაკოვანია, რაც აპრიორულად არ ნიშნავს, რომ ყველა მდგომარეობიდან გამოსულია და ა.შ. საქმე ისეც არ დგას, რომ თუ ძველი ავტომობილი გყავს, შემოწმებას ვერ გაივლი; რადგან, მაგალითად, ძველ საბჭოთა დროს წარმოებულ ავტომობილებს გამონაბოლქვზე ისეთ სტანდარტს ვერ მოთხოვ, რაც მას ქარხნულად არ შეუძლია დააკმაყოფილოს. შესაბამისად, მათ ის სტანდარტი მოეთხოვებათ, რასაც ისინი ქარხნულად უნდა აკმაყოფილებდნენ. 

არ მგონი, რომ შემოწმებას რაღაც დიდი ნაწილი ვერ გაივლის. რამდენადაც ჩემთვის ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია ცნობილია, დასაწყისისთვის ძალიან რბილი მიდგომა იქნება. 

ამის მიზანი კი ორი რამ უნდა იყოს. ერთი, ეს არის ეკოლოგიური მდგომარეობ და ჰაერის დაბინძურება, რომლითაც ჩვენ მსოფლიოში მოწინავე ადგილზე ვართ. ჰაერის დაბინძურების გამო ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში იღუპება და ეს ჩემი სიტყვები არ არის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევა ამაზე მიუთითებს. რაღაც პერიოდის შემდგომ ახლა პირველიდან მესამე ადგილზე ჩამოვედით, მაგრამ მძიმე მდგომარეობა ნარჩუნდება და ეს უნდა გამოსწორდეს. 

მეორე, უნდა შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევები და მასში დაშავებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობა. სამწუხაროდ, ამის რეალური აღრიცხვა არ არსებობს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სულ ოთხი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გასულ წელს ტექნიკურად გაუმართაობის გამო, რაც სინამდვილეს არ ასახავს. რადგან ამ სტატისტიკის მიხედვით კომბინირებული პრობლემის დადგენა არ ხდება. ანუ ვიღაც სიჩქარეს კი აჭარბებდა, მაგრამ საგზაო შემთხვევა შეიძლება არ მომხდარიყო, თუ მას საბურავი გამართული ექნებოდა, ასევე მუხრუჭი და ა.შ. 

ასე რომ, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ამ მხრივ შესაბამისი სტატისტიკა არ გვაქვს (არ გვივარგა) და ვერ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რამდენით შეამცირეს შემთხვევები. ჩემი, როგორც ამ დარგში კარგად ჩახედული სპეციალისტის პოზიციაა, რომ ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევების კატასტროფული რაოდენობა უნდა შემცირდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ სტატისტიკაც არ გვაქვს და არსებული მონაცემები რეალობას არ ასახავს. 

ტექნიკური ინსპექტირებისგან სწორედ ამ ორ რამეს, ჰაერის დაბინძირებისა და საგზაო შემთხვევების შემცირებას უნდა ველოდოთ. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სწორი მენეჯმენტი იქნება, შესაბამისი პროგრამები დაინერგება, ელექტრონული ბაზები შეიქმნება, პერსონალი გადამზადდება, თვითონ ტექცენტები შესაბამისად მომზადებული იქნება, ასეთივე აღჭურვილობა ექნებათ და ა.შ. აი ეს ყველაფერი პროცესს თან უნდა ახლდეს. თუ არ ახლავს, საქმე არ გამოვა. მთლიანობაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შედეგზე გავიდეთ. 

- ამ კონტექსტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენად აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს?

- ეს კიდევ ძალიან დიდი პრობლემაა. იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღესაც გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, - უფრო ფორმალურად, მოდით ასე ვთქვათ. ან როგორ გადიან ამ პროცესს, ჩემთვის გაუგებარია, ეს იგივე ყვითელ მიკროავტობუსებს შეეხება. გულწრფელად გეუბნებით, ვერ ვხვდები ყვითელი ავტობუსებიც როგორ დადიან. ან თუ დადიან საერთოდ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ 14% აკითხავს, ვისაც დღესაც ევალება ამ ტექნიკური შემოწების გავლა. ან როგორ უნდა გაიარონ, - დავუშვათ და გამკაცრდა კანონის აღსრულება. 

ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. მაშინ თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს (ამ ავტობუსების შემთხვევაში ის ფლობს აღნიშნულ პარკს) და მოაწესრიგოს ეს ავტობუსები იმ დონეზე, რომ ტექნიკური ინსპექტირების გავლა შეძლონ. 

ყვითელი მიკროავტობუსების შემთხვევაში კერძო კომპანიაა მფლობელი და მან უნდა იზრუნოს, რომ მოაწესრიგოს სატრანსპორტო საშუალებები, რათა მათაც შემოწმების გაცვლა შეძლონ. არ მინდა, რომ იგივე ამ კერძო კომპანიის შემთხვევაში ეს ტვირთი მძღოლებს დააწვეთ. კერძო კომპანიამ შეიძლება მძღოლებს უთხრას, რომ წადით, მოაწესრიგეთ და როგორც გინდათ შემოწმება ისე გაიარეთო. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში პრობლემები იქნება, რადგან ხარჯი იქნება გასაწევი. ყვითელი ავტობუსების შემთხვევაში კი მერიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ის ფლობს ამ საშუალებებს. 

ვომეორებ, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნები იქნება, რადგან სამწუხაროდ მათი უმეტესი ნაწილი ჩემი ინფორმაციითაც სტანდარტებს ვერ შეესაბამება. 

- ქალაქში გახშირებული საცობების მიზეზებს სად ხედავთ და ამას რა ეშველება?

- ქალაქის მერი სამ წლისთავს აღნიშნავს, ანგარიშს გვაბარებს და ამბობს, რომ სატრანსპორტო სფეროში ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ამის პარალელურად კი, ქალაქი თითქმის პარალიზებულია. როგორც კი ოდნავ წვიმა წამოვა ან ნისლია, მთელი ქალაქი გაჩერებულია. ეს ასევე განსაკუთრებით გაცალმხრივებულ პეკინს ეხება, რომელზეც პოზიცია მქონდა, რომ მოდით ამას კვლევის გარეშე ნუ გააკეთებთ-მეთქი; ნაკადები მინც დავთვალოთ, რომელი ქუჩიდან რამდენი ავტომობილი გამოდის და ა.შ. ეს ამის გარეშე გააკეთეს. 

თვითონ პეკინს კიდევ რა უჭირს, ყველა მიმდებარე ქუჩა უარეს დღეშია. ახლა წარმოიდგინეთ, გაცალმხრივებულ ქუჩაზე რომ მივდივართ, სადღაც ხომ უნდა მოვბრუნდეთ? ეს ხომ ძალიან მარტივია და ამას რამე დიდი პროფესორობა არ სჭირდება. იქ სადაც უნდა მოვბრუნდეთ, ეს ხომ უნდა გავთვალოთ, შეძლებს თუ არა ამ ნაკადების მობრუნებას, როდესაც უკან გზით წამოსვლა გვინდა? 

ასე რომ, ეს ყველაფერი არ გათვალეს. ზოგადად, ნარმანიას პერიოდში რა მინუსები იყო, ჩვენ ძირითადად განცხადებები გვესმოდა, მერე ქალაქის მერი ამბობდა, რომ საცობები არის, იყო და იქნებაო. რეალურად კი, მას არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს (გარდა საუბრებისა), რომ საცობები განმუხტულიყო. მგონია, რომ მას წარმოდგენილიც არ ჰქონდა, ეს როგორ უნდა მოხდეს. 

რატომ იქმნება ეს საცობები? აქ მთავარი მიზეზი მარტო ავტომობილები არ არის (ბუნებრივია, ეს ერთ-ერთი მიზეზია). თუ მოძრაობა სწორად ორგანიზებულია, შეიძლება ამის დალაგება. მაგალითად, ვისაუბროთ იგივე შეჩერებულ პროექტებზე. რიკინგზის გადატანით, მოგეხსენებათ, კეთდებოდა მაგიტრალი და ეს პროექტი ხუთი წელია დაკონსერვებულია. ეს გზა რეალურად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დედაქალაქის გვერდის ავლით ისე აკავშირებდა, რომ მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე შემოსვლა ავტომობილებს აღარ დასჭირდებოდათ. ეს ნაკადები დათვლილია, დაახლოებით  37% შიდა ტრანზიტული გადაადილება ამ გზაზე გადავიდოდა. ამით სანაპიროები განიტვირთებოდა, ბუნებრივია, ეს საცობებსაც უშველიდა.

ასევე შეჩერებულია პროექტი ვეფხი და მოყმესთან, სადაც დამატებითი ხიდი უნდა გაკეთებულიყო. უნივერსიტეტის ქუჩაზე ესტაკადით უნდა მომხდარიყო თამარაშვილიდან შესვლა და ბევრი ასეთი პროექტია, რომელიც ქალაქის მერიამ პირდაპირ დააკონსერვა და არცერთი ეს კონკრეტული პროექტი არ განახორციელა. 

ამას კიდევ რა ერთვის თან. ევროპული გამოცდილებიდან საცობებთან მიმართებაში ასეთი ხედვაა, რომ პირველ რიგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს. სხვათაშორის, ქალაქის ახალმა მერმა განცხადება გააკეთა და როგორც მივხვდი, მას უფრო წარმოდგენილი აქვს ეს საკითხი, ვიდრე წინა მერს. ანუ ავტობუსების, შემდომ უკვე ხაზების (ბასლეინების) მოწყობის გარეშე ჩვენ საცობებთან ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება.

როდესაც მგზავრი თუ ავტომფლობელი დაინახავს, რომ ის ზის 25 წლის ავტომობილში, რომელსაც სულ შენახვა და, მითუმეტეს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება უნდა (ანუ გაცილებით მეტი მოცვლა და ხარჯი დასჭირდება) და გაიხედავს გვერდზე, სადაც ავტობუსი უფრო სწრაფად გადაადგილდება (უფრო კარგი და კომფორტულია), აი იქიდან დაიწყება საცობების განტვირთვა. ეს მოდელი თუ არ შევქმენით, რადიკალურად არ გვეშველება. 

დღეს მეტროც პრესტიჟული ტრანსპორტი არ არის. ჩვენ ევროპაში ვიცით, რომ მეტრო პრესტიჟული ტრანსპორტია. იქ ჩადის პროფესორი, ბიზნესმენი, სპორტსმენი, სტუდენტი და ნებისმიერი მოქალაქე. მაპატით, მაგრამ ჟარგონზე რომ ვთქვათ, იქ მეტროთი მგზავრობა არ „ტეხავს“. მაგრამ ჩვენთან უკანასკნელ ტრანსპორტად ითვლება, - კაი ხო, მეტროთი წავალო, ასეთი დამოკიდებულებაა. არადა, მეტრო ყველაზე კარგი და სწორი ტრანსპორტია. 

მერის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ორი სადგური აღვადგინეთ და გაიხსნაო (გულწრფელად ვამბობ, რომ მეტროსადგური უნივერსიტეტი ძალიან მაგარია), მაგრამ მაგალითად მეტროს ესკალატორები შესაცვლელია, მწყობრიდან გამოსულია, 50-წლიანი ვადა აქვთ გასული. წარმოიდგინთ, ეს ესკალატორები 50-55 წლის წინ დამონტაჟდა, ბევრგან წყალი ჩამოდის და ა.შ. 

მოკლედ, ბევრი შავი სამუშაოა გასაკეთებელი, ვაგონების შემადგენლობა დასამატებელია. იმის თქმა მსურს, რომ თუ ჩვენ რელურად საცობების განტვირთვა გვსურს, ჯერ პირველ რიგში მეტრო საკმარისი უნდა იყოს, სამგზავრო ადგილები, მოწესრიგებული და უფრო პრესტიჟული უნდა იყოს, რითაც მგზავრობა წახალისებული იქნება. ამას თან გამართული ავტობუსები თან უნდა დაერთოს. 

ძალიან კარგი იქნება, თუ ნათქვამი განხორციელდა. რამდენადაც ვიცი, ახალი მერის პირობებში 700 ავტობუსზეა საუბარი. თუ ეს იქნება, ბუნებრივია, ამას მხოლოდ მივესალმები და საწინააღმდეგო  არაფერი მექნება. 

კიდევ ერთი ფაქტორი, როდესაც ავტობუსების ხაზები შეიქმნება, მასში არც მიკროავტობუსები უნდა გადავიდნენ. ეს პრინცილული საკითხია. ამის შემდეგ მაინც ვამბობ, რომ საზოგადოებრივი ტანსპორტი მთავარი ამოსავალი წერტილია. 

ასევე პარკირება უნდა მოწესრიგდეს, ესეც უკავშირდება საცობების საკითხს. 

- სწორედ ამაზე უნდა გკითხოთ, ახალმა მერმა მერამდენეჯერ „სითი პარკს“ თითი დაუქნია, რასაც საპასუხო თავის მართლება მოყვა...

- მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ სითი პარკი მარტო პარკირების პრობლემა აღარ არის, ეს უკვე პოლიტიკური თემაა. ქვეყანაში პოლიტიკოსი აღარ დარჩენილა, რომ კომპანიაზე კომენტარი არ გაეკეთებინოს, ეს სატრანსპორტო პოლემიკას დიდი ხანია გაცდა. ახლა ერთი საკითხია, თვითონ სითი პარკი როგორ იქცევა. ჩემი აზრით, მისი საქციელი გამაღიზიანებელია და როდესაც ეს კომპანია ნამდვილად მართალი იყო, მითქვამს, რომ ის მართალია და არაპოპულარული განცხადებაც გამიკეთებია. 

მაგრამ რატომ იქცევა გამაღიზიანებლად? ეს კომპანია დაინტერესებული არ არის დამატებითი ადგილების შექმნით. აი ასეთი უშნო მოდელია და გეტყვით რატომ? ნახეთ, დღეს ცოტა გაიზარდა და დაახლოებით 34 ათასამდე პარკირების ადგილია. თუ ეს 34 ათასი ადგილი 60 ათასი გახდება, ამით სითი პარკის შემოსავალი არ იმატებს, რადგან ადგილი იქნება თუ არა, ჩვენ მაინც ვიხდით 25-50 ლარს. ანუ ჩვენი გადასახადი ადგილების რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის. პირიქით, რაც უფრო მეტი ადგილი იქნება, სითი პარკს ნაკლები ხალხის დაჯარიმება მოუწევს და მისი ბიუჯეტი ნაკლებად შეივსება. ანუ ეს ძალიან უშნო და უკუღმა მოდელია და თვითონ კოპანია დამატებით პარკირებაზე არასოდეს არ იზრუნებს, რადგან ადგილების მატება მის ინტერესებში არ შედის. ამით მისი შემოსავალი არ იზრდება, იკლებს. ასე რომ, თვითონ მოდელი არის მახინჯი.      

რაც შეეხება მერის განცხადებას, ალბათ, გახსოვოთ წინა მერის შემთხვევაშიც, ნარმანიას პირველი განცხადებები ასეთივე შინარსის იყო და ეს ამბავი ცოტა არ იყოს მეორდება. პირდაპირი თავდასხმა იყო, რომ აი სითი პარკს გავაძევებთ და ა.შ. ქალაქის მაშინდელი მერი იურიდიულად ძალიან მოუმზადებელი იყო, კომპანიას პირდაპირ დაეტაკა, ყველა თანამშრომლობის გზა გადაჭრა და ამით ჩვენ, მძღოლები დავზარალდით. ისინი ამ კონფლიქტით ჩიხში შევიდნენ და რეალურად არაფერი შეიცვალა. სამი წელი სითი პარკმა თავისთვის გააგრძელა ცხოვრება და მერიამ თავისთვის. ანუ იმის თქმა მსურს, რომ ნარმანია კომპანიას უაზროდ, მოუმზადებლად დაეტაკა. 

რაც შეეხება ახალი მერის პოზიციას, არ ვიცი ის რა იურიდიულ საფუზველს ეყრდნობა. მესის, რომ ეს პოლიტიკოსისთვის ჩვეულებრივი, კარგი თემაა, რაც ხალხს გულს უხარებს, მაგრამ რა იურიდიულ ბერკეტებს გამოიყენებს, ჩემთვის ეს რთულად განსაჭვრეტია. სითი პარკი თავის ვალდებულებას ასრულებს (ვიცი მათი პოზიცია) და რატომ? რეალურად, კომპანიას არავითარი ვალდებულება არ აქვთ, იმის გარდა, რომ მოხაზვას აკეთებს. ქუჩის ჩიხებშიც კი უკვე დაჯარიმება ხდება და, სხვათაშორის, იქ დგომა-გაჩერების საგზაო ნიშნებს მერია აყენებს. ამიტომ იქ პირველ რიგში მერიის გამო ვჯარიმდებით და არა სითი პარკის. რადგან ამა თუ იმ ადგილზე ეს საგზაო ნიშანი მერიას მიაქვს. 

მოკლედ, მთელი ეს მოდელი დაჯარიმებაზე არის მორგებული. მაგრამ ქალაქის ახალ მერს ამ შეთხვევისთვის რა იურიდიული საფუძველი აქვს, ამის თქმა გამიჭირდება. სითი პარკი რომ დაადანაშულო, შენ ვალდებულებას არ ასრულებო, ძალიან რთული იქნება, რადგან ვიმეორებ, რეალურად არაფერი აკისრია. ანუ კალაძე სითი პარკს შარს რაში მოსდებს, ეს ჩემთვის ცოტა რთულად წარმოსადგენია. 

ერთადერთი ვარიანტი ეს 25 მილიონი ლარი რჩება, ანუ ხელშეკრულების გაწყვეტა-არ გაწყვეტა, რაზეც ყველა საუბრობს. თუ ქალაქის მერი შეტევისთვის მზად არ რის, შეიძლება იგივე შეცდომა დაუშვას, რაც თავის დროზე ნარმანიამ დაუშვა, როდესაც დაეტაკა და საბოლოოდ ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ მიიღო. პირიქით, ისევ მძღოლების ცხოვრება გართულდა.                      

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია