მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - 07 დეკემბერი 2017

„კოლეგებს უნდა მიუთითონ ამ საზიზღრობასა და სისაძაგლეზე, ეს იგივეა ადამიანს შუბლში ტყვია ესროლო, ამის ტოლფასია აბორტი“

ufleba.ge

„საქართველოში დედათა სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - ამის შესახებ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, უფლებებისა და კეთილდღეობის ეროვნული შეფასების შემაჯამებელი დასკვნაშია აღნიშნული. დასკვნის თანახმად, ამის მიზეზი ანტენატალური და პერინატალური ზრუნის დაბალი ხარისხი, ტრანსპორტირების სუსტი სისტემა, მარეგულირებელი და მონიტორინგის გაუმართავი სისტემა, სამშობიარო სახლებისა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრების პერსონალის ტრენინგების ნაკლებობაა. 

„მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონე რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, განსკუთრებით კი ორსულობასა და ორსულობასთან დაკავშირებულ გართულებებთან დაკავშირებით,ასევე უარყოფითად აისახება ორსულობის შედეგებზე. უმნიშვნელოვანესია მკურნალობის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა. დედათა სიკვდილიანობის ეპიდემიოლოგიური დაკვირვებით, უმეტეს შემთხვევებში დადგინდა, რომ გართულებული მდგომარეობის მშობიარე ქალების ტრანსპორტირება პრობლემური იყო ბოლო წლებში. 

გარდა ამისა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სოფლად მცხოვრები ქალები და ისინი, ვისაც არა აქვთ მიღებული სრულყოფილი საშუალო ზოგადი განათლება, შედარებით ნაკლებად იყენებს ანტენატალურ სერვისებს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია ჯანდაცვის დაწესებულებებისადმი მიმართვის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობითა და დაბალი ეკონომიკური სტატუსით, რაც უბიძგებს მათ თავი აარიდონ ჯანდაცვის მომსახურებასთან დაკავშირებულ პირდაპირ თუ ირიბ ხარჯებს. 

თუმცა, პრობლემის მასშტაბი არაა ცნობილი, რადგანაც არ მოიპოვება ეთნიკური წარმომავლობის, ასაკობრივ, გეოგრაფიული ადგილმდებარეობის თუ სხვა მახასიათებლების ჭრილში დეზაგრეგირებული მონაცემები", - აღნიშნულია კვლევაში. 

რაც შეეხება საკეისრო კვეთების გაზრდილ რაოდენობას, კვლევაში აღნიშნულია, რომ ერთი მხრივ, ქალები ამ მეთოდს მიმართავენ მშობიარობასთან დაკავშირებული ტკივილის ასარიდებლად, მეორე მხრივ, ბუნებრივი მშობიარობის დადებითი მხარეებისა და საკეისრო კვეთასთან დაკავშირებული გართულებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო. 

„გარდა ამისა, ქალების მიერ საკეისრო კვეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ასევე განპირობებული იყოს ექიმების პირადი ინტერესით გამოიმუშაონ მეტი ფული და დაზოგონ დრო", - ნათქვამია კვლევაში. 

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში პროექტის "რეპროდუქციული უფლებები ადამიანის უფლებებია" პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც პარლამენტის, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სახალხო დამცველის აპარატსა და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ოფისებს შორის. მემორანდუმის ფარგლებში 2018 წელს გაგრძელდება ეროვნული კვლევა საქართველოში არსებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების ხელმისაწვდომობის, მათი განხორციელებისა და დაცვის კუთხით არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

ამ თემაზე "ქრონიკა პლუსი" ილიას უნივერსიტეტის დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორს, ავთანდილ სულაბერიძეს ესაუბრება.

- ბატონო ავთო, არსებული რეალობის მიზეზებს თქვენ სად ხედავთ?

- საერთოდ, აბორტები განვითარებადი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. საქართველო ადრე განვითარებულ ქვეყნებს მიეკუთვნებოდა, დღეს თავისი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებით უკვე განვითარებადი ქვეყანაა. თუმცა აქ პოსტკომუნისტური რეალობიდან გამომდინარე, სხვა დეფინიციებსაც იყენებენ. 

აქ მთავარი მოსახლეობის სამედიცინო ცოდნის დონეა, რომელიც ჩვენთან ყოველთვის დაბალი იყო. ამ თვალსაზრისით, აქცენტი გინეკოლოგიური განათლების დონეზეა, რომ აბორტი საერთოდ მავნებელია. მას არათუ ქრისტიანობა და ეკლესია კრძალავს, არამედ მედიცინაც ამის კატეგორიული მოწინააღმდეგეა. აი ჩვენს მოსახლეობამდე ეს ვერაფრით დავიყვანეთ, რომლის პირდაპირი შედეგიცაა სწორედ აბორტების მაღალი მაჩვენებელი. 

აქ ჩვენ შეგვიზლია სტატისტიკა მოვიყვანოთ, მაგრამ საქმეს აბორტების არაზუსტი აღრიცხვა ართულებს. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში საკმაოდ დიდი რაოდენობით არალეგალური აბორტები კეთდება, რომელიც ოფიციალურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია. 

ოფიციალური მაჩვენებლით, ახლა, მაგალითად, ათას ქალზე გაკეთებულია 36, აბსოლუტურ ციფრში ეს 9134 აბორტია. თქვენ გჯერათ, რომ 9134-ზე მეტი აბორტი საქართველოში არ გაკეთდა? ამდენად ეს არაზუსტი აღრიცხვაა, მისი კონტროლი და მონიტორინგი რთულია. 

რაც შეეხება ამ თვალსაზრისით სხვადასხვა წლებს, მაჩვენებლებს ტალღისებური ფორმა აქვს ათას ქალზე გაანგარიშებით. მაგალითად, ეს მაჩვენებელი შემცირებული იყო (ესეც, ალბათ, არაზუსტი აღრიცხვის შედეგია) 2000-დან 2005-წლის ჩათვლით. მაშინ  აქ ძალიან დაბალი მაჩვენებლები, დაახლოებით 5-6 ათასის ფარგლებში იყო. კოეფიციენტი საშუალოდ 14 პრომილეს შეადგენდა, ანუ ათას ქალზე 14 აბორტი კეთდებოდა.

ბოლო წლებში, 2012 წლიდან მოყოლებული ეს მაჩვენებლები ერთბაშად, თითქმის სამჯერ გაიზარდა. 2012-ში ათას ქალზე 43 აბორტი შეადგინა, ხოლო დღეისთვის მართალია შემცირდა, მაგრამ მაინც მაღალი მაჩვენებელია და 36 პრომილეს შეადგენს, ანუ ათას კაცზე გაკეთებულია 36, სულ 9134 აბორტია. ეს ოფიციალური მონაცემიც არაზუსტი აღრიცხვის შედეგია. 

ასევე მინი-აბორტები კეთდება, რომელიც წინა წლებთან შედარებით ასევე განსაკუთრებულად გაიზარდა. მაგალითად, 2012-ში 17,3 მეათედი აბორტი ათას ქალზე და დღეისთვის, უფრო სწორად, 2015 წლის მაჩვენებლით, ეს 10,3 მეათედი აბორტია ათას ქალზე. 

რაც შეეხება ასაკობრივ მაჩვენებლებს, აქაც გარკვეული მინიშნებები გვაქვს. მინდა გითხრათ, რომ 15 წლამდე გაკეთებული აბორტები მაღალია 2013-14 წლებში, მართალია რაოდენობრივად 34 და 20 იყო და 2015-ში ცხრამდე დავიდა, მაგრამ ეს 15 წლამდე ასაკის მოზარდისთვის, გოგონასთვის დამღუპველია. არ არის გამორიცხული, რომ მათში დედათა მოკვდავობა მაღალი იყო. 

ასევე ყველაზე მაღალია გაკეთებული აბორტები 25-29 და 30-35 ასაკის ქალებში. შემდეგ 20-24 და 35-39 წლის ქალები მოდიან. 

თანაბარი მაჩვენებელი აქვთ 15-19 წლის და 40-44 წლის ქალბატონებს, საშუალოდ 12 აბორტი ამ ასაკის ათას ქალზე. რაც შეეხება 45-49 და 50 წელს გადაცილებულს, იქ უმნიშვნელო მაჩვენებელია და 2015 წლისთვის, ოფიციალური მონაცემებით 147, ხოლო 50 წელს გადაცილებულთათვის 13 აბორტი გაკეთდა. რაც, თავისთავად, ამ ასაკში ერთობ სარისკო ნაბიჯია და პროცედურის შედეგად ქალთა მოკვადვობის მაღალ რისკს შეიცავს. 

დღვანდელობაზე ეს შეიძლება ითქვას. როგორც აღვნიშნე, ეს ყველაფერი ჩვენი ქალების დაბალი განათლებით არის გამოწვეული. ვერ ვიტყვი, რომ სამედიცინო, გინეკოლოგიური სამსახური საქართველოში დაბლ დონეზეა, მაგრამ ექიმებმა მეტი უნდა იმუშაონ, განსაკუთრებით გინეკოლოგებმა, კონსულტაციაზე მისული ფეხმძიმე ქალები რამენაირად შეაჩერონ და აბორტის გაკეთებაზე უარი ათქმევინონ. 

უნდა ავუხსნათ, რომ ამას ეკლესიაც კრძალავს, ასევე კონტრაცეპტივების გამოყენებასაც. მაგრამ კონტრაცეპტივების გამოყენება იმას ნიშნავს, რომ აბორტი აღარ გაიკეთოს. ქალი აღარ დაფეხმძიმდება და ამის გამო ისევ კონტრაცეპტივების გამოყენება სჯობს. ამის ბევრი მეთოდია, მათ შორის საეკლესიო, კალენდარული და სხვ.

ამიტომ პრობლემატიკაზე მუშაობა  ფართოდ უნდა გაიშალოს,  ქალებში ბროშურები დარიგდეს და ა.შ. 

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა არაქართულ მოსახლეობაშია, აზერბაიჯანელებსა და სომხებში, რომლებიც ბინაზეც კი მშობიარობენ და არც დაბადება და არც აბორტი არ აღირიცხება. საერთოდ კი, ბინაზე გაკეტებული აბორტი გინეკოლოგების ერთ-ერთი შემოსავალია და ამაზე უარს ნაკლებად ამბობენ. 

ამიტომ მარტო მოსახლეობაში კი არა, თვითონ გინეკოლოგებშიც უნდა ამაღლდეს განათლების დონე, რომ არალეგალური აბორტები არ გააკეთონ. საერთოდ, ამაზე უარი ითქვას. 

ძირითადი მიზეზები ეს არის და მთავარი მაინც განათლების დაბალი დონეა. ვიმეორებ, სამედიცინო პერსონალის, კერძოდ გინეკოლოგების განათლების დაბალ დონეს ვერ ვიტყვი, მაგრამ აბორტების წინააღმდეგ კონტრპროპაგანდას არ ეწევიან. 

- ეს მძიმე დემოგრაფიული სურათი რა შედეგებს იწვევს? 

- გარდა იმისა, რომ ლეტალური, დედის გარდაცვალების რისკია, იწვევს უნაყოფობას. ჩვენთან მეორადი უნაყოფობა დაახლოებით 15 პროცენტია. ანუ დედას ბავშვი ჰყავდა და მეორეზე აბორტი გაიკეტა, ეს უკვე მეორად უნაყოფობას იწვევს. შეიძლება მომავალში შვილი აღარ გაუჩნდეს, ეს რომ მოისურვოს. 

რაც შეეხება დემოგრაფიულ სურათს, ახლა ეს აბორტები გაკეთებული რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად სხვა სურათი გვექნებოდა. დღეს ჯამობრივი კოეფიციენტი 1,23 მეასედ აბორტს შეადგენს. ფაქტობრივად, თუ დღეს შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ორია, ეს შეიძლება უკვე სამი ყოფილიყო. რეალურად, ეს შემთხვევები რომ არ ყოფილიყო, თავისთავად, დაბადებულთა რაოდენობა მეტი იქნებოდა.

საერთო ჯამში, 2015 წელს საქართველოს აბორტის შედეგად 32 428 ბავშვი დააკლდა. ასეთი სიხშირით რომ არ ყოფილიყო, დღეს თუ შობადობა 60 ათასამდეა (55-დან 60 ათასამდე), წარმოიდგინეთ, ამის ნახევარი რომ დავიმატოთ, 80-90 ათასი ბავშვი დაბადებული იქნებოდა. დაბალი შობადობისა და ჩვენი დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე, ეს ძალიან დიდი დანაკარგია. ეს მხოლოდ ოფიციალური აბორტების რაოდენობა გითხარით (32 428 აბორტი), რომელიც საქართველოში გაკეთდა. ეს არის ჩვენი მთელი დემოგრაფიული სურათი.  

მით უმეტეს, დედათა მოკვდავობისა და ჩვილთა მაღალი მოკვდავობის პირობებში, ეს დემოგრაფიულ ვითარებს კიდევ უფრო ართულებს, მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით. სულ რომ აღარაფერი ვთქვათ, დაბერებული მოსახლეობის მოკვდავობის მაღალ მაჩვენებელზე. 

ასე რომ, ეს აბორტები ერთი მხრივ დემოგრაფიული ვითარების გაუარესებას იწვევს შობადობის შემცირების თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, თვითონ პიროვნებაში გარდაცვალების რისკს ამაღლებს. ეს ყველაფერი ხალხს უნდა ვუთხრათ, ვაჩვენოთ და ა.შ.

მახსოვს ადრე, სოციოლოგმა ლაშა კიკალეისვილმა, ჩემმა მეგობარმა, 1989 წელს ამასთან დაკავშირებით პროფესორ ანტონოვის ფირი ჩამოიტანა, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვი როგორ გაურბის აბორტის გასაკეთებელ ინსტრუმენტს. ეს მაღალი ტექნოლოგიით პირდაპირ იყო გადაღებული. უცხოეთში დამზადებული ფირი მაშინ ჩვენ ვაჩვენეთ და რამდენჯერმე გამეორდა კიდეც მაშინდელ ერთადერთ სახელმწიფო, პირველ არხზე. ამან დიდი აჟიოტაჯი გამოიწვია, შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ ოდნავ მაინც შეცირდა აბორტები. 

სწორედ ასეთი ფირები უნდა ვაჩვენოთ მოსახლეობას, თუ როგორ იბრძვის ნაყოფი იმ ინსტრუმენტს, რომლითაც საზიზღარმა გინეკოლოგმა უნდა მოკლას. ამიტომ მე პირადად ამ შემთხვევაში გინეკოლოგების პასუხისმგებლობას ვაყენებ. ძალიან კარგად იციან ამას კოლეგებიდან ვინ და როგორ აკეთებს, ასევე რა ფასშიცაა ეს ყველაფერი. არალეგალურ ქმედებებზეა საუბარი. 

ამიტომ მათ უნდა მიუთითონ თავინთ კოლეგებს ამ საზიზღრობასა და სისაძაგლეზე. ეს იგივეა ადამიანს შუბლში ტყვია ესროლო, ამის ტოლფასია გაკეთებული აბორტი. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, საერთო დემოგრაფიული ვითარების გარდა.

- არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი კიდევ რა არის?

 - გამოსავალი ისევ და ისევ განათლების დონის ამაღლებაა. ეს არამატრო ექიმებსა და გინეკოლოგებში, არამედ თვითონ ახალგაზრდებში, განსაკუთრებით გოგონებში უნდა მოხდეს. მაგალითად, ოჯახის სოციოლოგია და საერთოდ სამედიცინო სოციოლოგია ნაკლებად ისწავლება ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამიტომ სკოლის ასაკიდან უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ ეს აბორტი ცალსახად მავნეა. 

ჩვენ მართლმადიდებლებში კვლევა გავაკეთეთ და იქ აბორტზე საერთოდ აღარ არის ლაპარაკი. ანუ მართლმადიდებელი მორწმუნე დედები ამბობენ, რომ აბორტს მათ რელიგია უკრძალავს და, გარდა ამისა, ეს ჯანმრთელობისთვის ცალსახად საზიანოა. 

ასე რომ, ამ თვალაზრისით ეკლესია უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე სახელმწიფო. აქ აბორტის კონტრპროპაგანდა მაქვს მხედველობაში. გამოსავალი სწორედ ესაა, რომ ეკლესიასთან ერთად სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს განათლების დონე, ეს ხარისხი აწიოს განსაკუთრებით არაქართულ მოსახლეობაში, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდეს.      

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია