მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ამ ფორმით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება“ - 27 აპრილი 2018

დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით, პარლამენტის წინ მორიგი აქცია გაიმართა

ufleba.ge

დიდი ჰესების მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით, პარლამენტის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში სვანეთისა და რაჭის მოსახლეობა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციაზე იმყოფებოდა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. მონაწილეების განცხადებით, ქვეყნისთვის დამღუპველია მდინარეებზე 150 ჰესის მშენებლობა. 

აქციაზე მყოფმა მესტიის მკვიდრმა მანანა საღლიანმა განაცხადა, რომ სვანეთში დაგეგმილი ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო, იგი ორი კვირის წინ მესტიის კულტურის სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, ასევე სამსახურიდან გათავისუფლებულია კიდევ ორი პირი.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გარემოს დამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება დიდი ჰესების აკრძალვის შესახებ, ხოლო მცირე ჰესები უნდა აშენდეს იმ შემთხვევაში, თუ ამაზე ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა იქნება და არ გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას.

„მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მოსახლეობაზე. ჩვენ მათ ვპირდებით, რომ თუ არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნებს, გაცილებით ფართომასშტაბიან პროტესტს მიიღებენ. მოსახლეობასთან ერთად ეკოლოგები, გარემოს დამცველები არ დავუშვებთ, რომ საქართველოში ასობით კაშხალი აშენდეს, დაიტბოროს ასობით ხეობა და მდინარეები მოექცნენ გვირაბებში. ეს ნიშნავს საქართველოს მთიანეთის დაკარგვას, ტურიზმის პოტენციალის დაკარგვას და ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლის ხიფათის ქვეშ დაყენებას“, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. ინფორმაციას „იპნ.ჯი“ ავრცელებს. 

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ ა/ო „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელს, დათო ჭიპაშვილს ესაუბრება. 

- ამ საკითხში მკაფიო პოზიცია გვაქვს. იმ პირობებითა და ხელშეკრულებებით, რაც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებზე არის დადებული, ამის განხორციელება არ შეიძლება. ეს მემორანდუმები და ხელშეკრულებები კაბალურია, ქვეყანას საფრთხეს უქმნის როგორც ფისკალური თვალსაზრისით, ასევე განვითარებას არანაირად არ ემსახურება. 

უპირველესად, იმას ვგულისხმობ, რომ თითოეულ ხელშეკრულებაში ჩადებულია ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის მუხლები. მიუხედავად იმისა, საქართველოს დაჭირდება თუ არა ენერგია ამათუიმ ჰიდროსადგურიდან, მოუწევს და ვალდებულია საკმაოდ მაღალ ფასად შეისყიდოს, - ხშირ შემთხვევაში, მთლიანად რვიდან თორმეტი თვის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგია. რაც უცილობლად გამოიწვევს ელექტროენერგიის ფასების ზრდას.

გარდა ამისა, აღნიშნული ფორმით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან. ამის თაობაზე საუბრობს არამხოლოდ „მწვანე ალტერნატივა“, არამედ ამას მთავარ გამოწვევად თავად ენერგოთანამეგობრობა აღიქვამს. ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი პირდაპირ ფისკალურ რისკებს ხედავს ქვეყნის ბიუჯეტისთვის მსგავსი სახით გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, როგორც ის არის დადებული. 

აქ ჩვენ ერთ და ორ ხელშეკრულებაზე არ ვსაუბრობთ. საუბარია 82 მემორანდუმზე და ხელშეკრულებაზე, 106  ჰიდროელექტროსადგურის აშენებაზე. ამ ფონზე, ქვეყანამ ისიც კი არ იცის, რის გამო იზრდება ენერგიის მომხმარება. რეგიონულ პროცესებს თუ გავითვალიწინებთ, ელექტროენერგიის ფასები მკვეთრად მცირდება. ეს მათ შორის თურქეთში, იქ უფრო იაფია ელექტროენერგია, ვიდრე საქართველოში. 

იმ პირობებში, როცა საქართველოს არანაირი საექსპორტო შესაძლებლობები არ გააჩნია, ასეთი მაღალი ფასებით ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ვალდებულების აღება, თითოეულ ჩვენგანს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. პრაქტიკულად, ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვიქნებით, სადაც გვექნება ძალიან ბევრი ელექტროენერგია და, მიუხედავად ამისა, ფასები არათუ დაიკლებს, პირიქით გაიზრდება. 

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ ქვეყანაში ენერგობაზარი შევქმნათ, სადაც ფასები ამ ბაზარმა უნდა დაარეგულიროს, ისევე როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია. თუმცა ჩვენ გვექნება სიტუაცია, როდესაც აქ ვერანაირი ბაზარი ფასებს ვერ დაარეგულირებს, რადგან დადებულია გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები და, გვჭირდება თუ არა, ინვესტორებისთვის ამ მაღალი ფასის გადახდა მოგვიწევს.

რაც შეეხება სხვა საკითხებს. ხშირად საუბარია, რომ აი, ჰესები თუ არ ავაშენეთ, რა ვქნათ, ეს ეკონომიკას სჭირდება და ა.შ. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ რა სჭირდება ეკონომიკას, ამისთვის აუცილებელია შესწავლა და გაანალიზება ჯერ ქვეყანაში არსებული სიტუაციის.  რატომ იზრდება ენერგომოხმარება, რის ხარჯზე იზრდება ეს ყველაფერი, სად მიდის, - ანუ, საუბარია ხელშეკრულებებზე, რომელიც გაფორმებულია თუნდაც მონოპოლისტ ენერგოკომპანიებთან, - თელასსა და ენერგოპროჯორჯიას ვგულისხმობ. 

ასევე, რატომ ვაწვდით მუდმივად მზარდ და პრაქტიკულად თბილისის ოდენობის ელექტროენერგიას აფხაზეთს. აქ საუბარია ორ მილიარდ კილოვატსაათზე, რომელიც აფხაზეთს უფასოდ მიაქვს. ამას პლუს, რა ზეგავლენას ახდენს იგივე თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში განთავსებული ე.წ. კრიპტოვალუტის საწარმოები ენერგომომხარებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან რეალურად თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში გვაქვს საწარმოები, რომლებიც ელექტროენერგიას მოიხმარენ იმაზე უფრო დაბალ ფასად, ვიდრე თითოეული ჩვენგანი ან ნებისმიერი სხვა ბიზნესი. 

შესაბამისად, ისე გამოდის, რომ თუნდაც კრიპტოვალუტის შემთხვევაში, ჩვენ ვასუბსიდირებთ მის გამომუშავებას. ეს მაშინ, როდესაც ეს კრიპტოვალუტა არანაირად არ მონაწილეობს არც მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირების პროცესში და ქვეყანაში არც არანაირ დოვლათს არ ქმნის. 

ამიტომ, სანამ ჩვენ საკითხს დავსვამთ, გვჭირდება თუ არა ჰიდროელექტროსადგურები, უნდა გავერკვეთ ზოგადად ეკონომიკაში რა გვინდა, რა სტრატეგიული მიმართულებები გვაქვს აღებული და ამ ტიპის ხელშეკრულებებით, აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით მოვახდენთ თუ არა დასახული მიზნების მიღწევას. 

სხვათაშორის, ეს მიზნებიც დასახული არ გვაქვს და დღემდე ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა (რომელიც თითქოსდა ენერგეტიკის სამინისტრომ 2016 წელს მიიღო), უბრალოდ, სურვილების კრებულს წარმოადგენს. მას არც შეიძლება სტრატეგია ეწოდოს, რადგან ელემენტარულად მიზანი არ აქვს.

კიდევ ერთი საკითხი, - ელექტროენერგეტიკის სექტორი არ არის ენერგეტიკა. ის შეადგენს საქართველოს ენერგეტიკის მხოლოდ მცირე ნაწილს. ამიტომ საუბარი, რომ ამ დიდ ჰესებს ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ვაშენებთო, მცადრი განცხადებაა იმ პირების მხრიდან, ვინც ამ სექტორზე პასუხისმგებლები არიან. 

იმას ვგულისხმობ, რომ საქართველოს ენერგეტიკულ კალათაში ელექტროენერგეტიკის წილი 21%-ია, როდესაც საქართველო დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, იგივე გაზის ნავთობისა, თუ ნავთობპროდუქტების სახით. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეშაზე არის საქართველო დამოკიდებული გათბობის თვალსაზრისით.

ამიტომ გაუგებარია საუბარი, რომ ჰესებს თურმე იმიტომ ვაშენებთ, რომ ენერგოდამოუკიდებლობა მოვიპოვოთ. როგორ  ვაპირებთ, მაგალითად, გათბობის, ანუ ბუნებრივი აირის ჩანაცვლებას? ანუ, ელენერგიას გამოვიყენებთ ბუნებრივი აირის ნაცვლად? ანუ, რაზე ვსაუბრობთ, როგორ უნდა გახდეს საქართველო ენერგოდამოუკიდებელი, რამდენი სადგურიც არ უნდა ავაშენოთ?

- როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად წინააღმდეგია ამ ჰესების, ასევე სამოქალაქო სექტორს უამრავი კითხვა აქვს, ამ ფონზე, მთავრობა რა მოტივაციებით სარგებლობს?

- ნამდვილად ისეთი საკითხია, რომელიც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს ბადებს. გასაგებია, რატომ არის ინვესტორი დაინტერესებული,- ასეთი გარანტირებული შესყიდვებით ამ ჰესების აშენებით, ის გარანტირებულად მიიღებს შემოსავლებს. მაგრამ ჩვენ დღემდე ვერ მოვისმინეთ, რა სარგებელს ხედავს ამ შემთხვევაში ჩვენი მთავრობა, - ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ქვეყანაში ენერგეტიკის პოლიტიკის განსაზღვრაზე პასუხისმგებელია. 

არცერთ ჰიდროლექტროსადგურზე გაკეთებული არ არის ქვეყნისთვის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი. ძალიან ჩვეულებრივი ეკონომიკური ინსტრუმენტია ეს ანალიზი, რომელიც ერთი მხრივ ზიანს, ხოლო მეორე მხრივ სარგებელს თვლის. სწორედ ამის შედეგად მიღებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილება, სასარგებლოა თუ არა ესა თუ ის სადგური ქვეყნისთვის. არცერთი მსგავსი ანალიზი არ გაკეთებულა. ქვეყნის მოთხოვნის ანალიზი არ არის გაკეთებული. ანუ, რატომ იზრდება მოთხოვნა, რა საჭიროებები დგას ქვეყნის წინაშე, როგორ აპირებს ამის დაკმაყოფილებას და ა.შ. 

დღემდე საქართველო რეგიონში ერთდაერთ ქვეყნად რჩება, რომელსაც არ გააჩნია ენერგოეფექტურობის შესახებ კანონიც კი, არათუ მიზნები. და ენერგოეფექტურობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს ევროკავშირში, როგორც ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების მთავარ მიმართულებს. ამ დროს, ჩვენ ჯერ კიდევ კანონიც არ გვაქვს. ამ კანონზე ფაქტობრივად ათი წელია ვსაუბრობთ, მაგრამ არ მიგვიღია. როგორც ჩანს, მთავრობას ახლაც არ ამოძრავებს სურვილი, რომ ეს კანონი მიიღოს. არცერთხელ არ მოგვისმენია ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან, ან ენერგეტიკის დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირებისგან, რომ ქვეყნის მთავარი ან ერთ-ერთი პრიორიტეტი მაინც უნდა იყოს ენერგოეფექტურობა, ისინი ამ ტერმინს ფიზიკურად არ იყენებენ. 

ასეთ პირობებში საუბარი, რომ ჩვენი ენერგომოხმარება იზრდება და ამიტომ ვაშენოთ ჰიდროელექტროსადგურები, აბსურდია. ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით. თუ ჩვენ ასე სწრაფად გვეზრდება ენერგომოხმარება, არცერთი ჰიდროლექტროსადგური ერთ და ორ თვეში არ შენდება ხომ? მანამდე რა უნდა ქნას ქვეყანამ, სანამ ასზე მეტი სადგური აშენდება? მანამდე როგორ აპირებენ გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილებას, ესეც საინტერესო კითხვაა. 

კიდევ ტექნიკური საკითხია. ვართ სიტუაციაში, როდესაც პრაქტიკულად არცერთი დაწყებული ჰიდროლექტროსადგურის მშენებლობა ბოლომდე ვერ მიიყვანეს. იმას ვგულისხმობ, რომ პრაქტიკულად არცერთი სადგური თავის არათუ საპროექტო გამომუშავებაზე, არამედ მის ნახევარზეც კი ვერ გადის. ანუ, რასთან გვაქვს საქმე. 

მაგალითად, იგივე 185-მეგავატიან შუახევჰესზე, რომელიც შარშან ივნისში საზეიმოდ გაიხსნა, ზუსტად ორ თვეში გვირაბი ჩამოიშალა და ამ სადგურის ბედი სრულიად ბუნდოვანია, - საერთოდ შეძლებს თუ არა ის ფუნქციონირებას. 109-მეგავატიანი დარიალჰესი, რომელმაც პრაქტიკულად მდინარე თერგის ეკოსისტემა გაანადგურა და ასევე დარიალის ხეობაც, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ ტურისტულ ზონას წარმოადგენდა. დღეისთვის ეს ობიექტი ვერ ახერხებს თავისი საპროექტო გამომუშავების ნახევარზე ასვლასაც კი. 

უკვე აღარ ვსაუბრობ ლარსის, ყაზბეგის ჰიდროელექტროსადგურებზე. აქაც მუშაობა დიდწილად დამოკიდებულია დევდორაკზე, ანუ, როდის ჩამოწვება ღვარცოფი და როდის დაანგრევს კიდევ ჰიდროლექტროსადგურს, როგორც ეს უკვე რამდენჯერმე გააკეთა 2014 წლიდან მოყოლებული. 

ჩვენ ვნახეთ უკვე ორჯერ რა დაემართა ბახვიჰესს, ასევე მესტიაჭალა ღვარცოფმა როგორ დაანგრია. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი ჰიდროელექტროსადგურები რატომღაც  ღვარცოფულ მდინარეებზე არის დაგეგმილი. ეს გაუგებარი ამბავია, რადგან მსოფლიოში არ მოიპოვება არცერთი ჰიდროელექტროსადგურის მაგალითი, რომელიც აშენებული იქნებოდა ასეთ ღვარცოფილ მდინარეზე, ასეთი რამ ხომ შეუძლებელია.

კინტრიშაჰესი გავიხსენოთ, რომელიც ელემენტარულად წვიმამ დაანგრია, აქ არაფერი ისეთი განსაკუთრებული მოვლენა არ ყოფილა. დაასახელონ ერთი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მეტნაკლებად ნორმალურად მუშაობს. 

- ამის გათვალისწინებით, სვანეთში და რაჭაში აღნიშნული მშენებლობები რა საფრთხეებს შეიცავს?

- ზემო რაჭაში, ონის კასკადის მშენებლობა დაგეგმილია სეისმურად ყველაზე აქტიურ ზონაში. საკურორტო ზონის სოფლებზე, მაგალითად უწერაზე, მის თავზე უნდა გადაიაროს გვირაბმა, რომელიც ამ სეისმურ ზონაში უნდა გაიბურღოს. და ეს უნდა გააკეთოს იმ კომპანიამ, რომელმაც ააშენა დარიალჰესი, ლარსიჰესი და ყაზბეგიჰესი ხეობაში. ამ კომპანიის აგებული დღემდე წესიერად ვერ მუშაობს, გაანადგურა და მოსპო ხეობა და ეს არ არის ერთადერთი სადგური ამ კომპანიის აშენებული, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ამის თაობაზე თვითონ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა საკმაოდ უარყოფითი დასკვნა დაწერა და ჩვენი საჩივარი დააკმაყოფილა.

როგორ შეიძლება ამ შემთხვევაში არსებობდეს ნდობა კომპანიის მიმართ, რომელიც იძახის, რომ თურმე არანაირი პრობლემა არ ყოფილა, მთელი რიგი კვლევებისა და სეისმოლოგიური საფრთხეების გარეშე ჰიდროლექტროსადგურის მშენებლობის დაწყება. თურმე პრობლემა არ ყოფილა დეტალური გეოლოგიური კვლევების გარეშე ჰიდროსადგურის მშენებლობა. თურმე ამ ადამიანს სიტყვაზე უნდა ვენდოთ. 

ამ კომპანიის დირექტორი, იორდანიშვილი საჯარო განხილვის მოწყობას ისე აპირებდა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არცკი გააგებინა ასეთი განხილვის თაობაზე. 

იგივეა, რაც ზემო სვანეთში ხდება. ადამიანებს არწმუნებენ, რომ ამ სადგურებს თურმე ზემოქმედება არ ექნება და ტურისტებს მოიზიდავსო. ამ მხრივ, ძალიან სასაცილო განცხადებები კეთდება, რბილად რომ ვთქვათ. მაგალითად, ნესკრას სადგურის ხელშეკრულება სრულიად კონფიდენციალურია. და რაც კი გამოქვეყნებულია, მისი ანალიზიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ინვესტორთან ძალიან კაბალური ხელშეკრულება დადო. ქვეყანას 36 წლის განმავლობაში მოუწევს მინიმუმ 9 ცენტის გადახდა ადგილზე ერთ კილოვატსაათში. 

მიუხედავად ასეთი კაბალური ხელშეკრულებისა, ამ სადგურის გამო დამატებით კიდევ სრულად უნდა გაიჩეხოს ხელუხლებელი, მინიმუმ 400 ჰექტარი ტყის მასივი ფაქტობრივად მყინვარის ძირში. რაზე ვსაუბრობთ, რა საფრთხეებსა და ზიანზე ვსაუბრობთ, სად არის წარმოდგენილი დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი, რომელიც დაასაბუთებდა, რომ ნესკრას სადგურს უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ზიანი.

- ამ მდგომარეობიდან გამოსავალს სად ხედავთ?

- საუბარია მემორანდუმებსა და ხელშეკრულებებზე, რომლებიც გაფორმებულია და ქვეყანას ფისკალურ საფრთხეს უქმნის, - სასწრაფოდ მათი გაწყვეტა უნდა მოხდეს, რადგან ასე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არ შეიძლება. 

ამასთანავე, დაჩქარებული წესით მუშაობა უნდა დაიწყოს ენერგოთანამეგობრობაში გაწევრიანების შედეგად საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. რათა რეალურად შეიქმნას ენერგეტიკული ბაზარი, სადაც ეს ბაზარი დაარეგულირებს ფასებს.

ასევე, აუცილებელია სახელმწიფომ დროულად და სასწრაფო წესით დაიწყოს გაანალიზება, თუ რატომ იზრდება ქვეყანაში ენერგომოხმარება, ეს რომელ დარგებში იზრდება, სად არის ეს მოსალოდნელი, დაიდოს გრძელვადიანი პროგნოზი და შემდგომში, ამ პროგნოზის შესაბამისად მოხდეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის განსაზღვრა. და ამ შემთხვევაში არამარტო ელექტროენერგეტიკის, მთლიანად ენერგეტიკის.

ასევე, განისაზღვროს და ძირითად პრიორიტეტად ჩამოყალიბდეს (ისევე, როგორც ეს ევროკავშირშია) ენერგოეფექტურობა და მთელი რესურსების მიმართვა სწორედ ენერგოეფექტურობისკენ მოხდეს. 

უბრალოდ, ერთ ძალიან მარტივ მაგალითს გეტყვით. დათვლილია, რომ თბილისში მხოლოდ და მხოლოდ გარეგანათების შეცვლით, ანუ არსებული ყვითელი განათების ლედგანათებით შეცვლით, ჩვენ შეგვიძლია დავზოგოთ 350 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერეგია. აღარ ვსაუბრობ სახელმწიფო უწყებებზე, დიდ საწარმოებზე, რომლებიც სრულიად არაენერგოეფექტურია, მოძველებული ტექნოლოგიებით ფუნქციონირებენ და ა.შ. 

ჩვენ რეალურად შეგვიძლია ელენერგიის მოხმარების არათუ დაბალანსება და დასტაბილურება, არამედ შემცირებაც, რაც ეკონომიკის ზრდას ხელს სრულიად არ შეუშლის. ეს რაც შეეხება მოკლევადიან პერიოდს, რაც სასწრაფო წესით არის გასაკეთებელი. 

სხვა მხრივ, ჩვენ ახალი ველოსიპედი არანაირად არ უნდა გამოვიგონოთ. უკვე არსებობს გაკვალული გზა, საითაც საქართველო მიდის ევროკავშირისკენ და უბრალოდ ჩვენ მიმართ წამოყენებული მოთხოვნები უნდა შევასრულოთ. ამ შესრულების პროცესები უნდა დავაჩქაროთ და არა ისე, როგორც ეს სამინისტროს ჰგონია. რადგან გარკვეული ვადები აქვს მიცემული, მაგალითად 2019-20 წლამდე, ჰგონია, რომ ამის გაკეთებას ზუსტად იმ წლებში დაიწყებს და მანამდე რაიმე ნაბიჯების გადადგმა არ მოუწევს. ეს არის გამოსავალი ამ ჩიხური სიტუაციიდან. 

სხვა შემთხვევაში რეალურად იმ მიმართულებით მივდივართ, რომ საქართველო შეიძლება მართლაც ჩაბნელდეს და ეს არც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის, არც არასამთავრობოების პროტესტის დამსახურება არ იქნება. ეს იმ უგუნური პოლიტიკის შედეგად გამოწვეული იქნება, რომელსაც წლების განმავლობაში ჯერ ბატონი კალაძე ახორციელებდა და ახლა ამას უკვე „წარმატებით“ დღევანდელი ეკონომიკის სამინისტრო აგრძელებს.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია