მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლევან ჯუღელი: ვეტერანებს ჩვენ ექიმებთან ურთიერთობა სურთ, რადგან მათი ისტორიაც იციან და მიდგომაც - 02 ივნისი 2018

„საყოველთაო დაზღვევა ყველაფერს არ ფარავს, ამათუიმ დაავადების კვლევას ან მკურნალობას არ აფინანსებს“

ufleba.ge

ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი არც გარედან და არც შიგნიდან ღმერთს არ უქნია. არ მეგონა, თუ თბილისში ძველ მეცხრე საავადმყოფოს კიდევ რამე სამედიცინო დაწესებულება გამახსენებდა. მოკლედ, ახლო წარსულთან შეხვედრა თუ გსურთ, იამანიძის ქუჩის დასაწყისში უნდა მოხვიდეთ.

შიდა განაწესის დარღვევების გამო, პაციენტს ჰოსპიტლის დატოვება მოუწევს“, „მნახველების მიღება (ერთ პაციენტზე მაქსიმუმ ორის) მხოლოდ დღის გარკვეულ საათებში შეიძლება“, „საჭმელი ადგილზე არ მზადდება, ექთანი მაღაზიიდან დაწესებულ დროს მოიტანს, თუ ამისთვის გასული პაციენტი უკან არ მობრუნდა, აღარ მიიღება“, - დაახლოებით ამ ტიპის კორექტული გაფრთხილებები გვხვდება მისაღებში.  

საქართველოს რესპუბლიკავეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორს, პოლკოვნიკ ლევან ჯუღელს ესაუბრა.

- ჰოსპიტალი 1978 წელს არის დაარსებული. საერთო სიტუაციამ მასზეც იმოქმედა. 90-იანების დასაწყისიდან კლინიკები, პრაქტიკულად, აღარც იყო, ბინტი და ბამბა თავად უნდა შეგეტანა. დაფინანსება შეწყდა ან მწირი იყო. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სამედიცინო აპარატურის განახლება ვერ ხერხდებოდა. საქმემ უკან დაიხია, მკურნალობის ხარისხმაც იკლო.

აქ დანიშვნიდან ერთი წელიც არ არის გასული და აღვნიშნავ, რომ პერსონალის კვალიფიკაცია საკმაოდ მაღალია. საკუთარი მხრებზე ეჭირათ ჰოსპიტალი, რომელიც წლების განმავლობაში სამედიცინო ბრენდად ჩამოყალიბდა.

ამასთან, ხედავთ შენობა ავარიულია. საკვლევი დანადგარების 90% მწყობრიდან გამოსულია ან მორალურ-ფიზიკურად მოძველებულია, თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს.

- კიდევ რა პრობლემებს გამოკვეთთ, რაც უპირველესად გადაჭრას მოითხოვს?

- მთავარი ჰოსპიტლის ახალი შენობა და შესაბამისად აღჭურვაა, რომლის გადაწყვეტა უკვე მიმდინარეობს. პროცესი 2017 წლის ნოემბრიდან დაწყებულია. ჰოსპიტალს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახური კურირებს (შპს 100%-იანი სახელმწიფო წილით), მართვაში ეკონომიკის სამინისტროს აქვს გადაცემული. დირექტორს ვეტერანთა სამსახურის უფროსი ნიშნავს და ათავისუფლებს

მათ ძლიერი ნაბიჯები გადადგეს, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი სტრატეგია შემუშავდა. ვეტერანთა სამსახური უამრავ პრობლემაზე მუშაობს, - სოციალურზე, შშმ ვეტერანების ინტეგრაციაზე და .. მაგრამ თანხების 80% ჯანმრთელობის მდგმარეობაზე, ავადმყოფების მკურნალობასა და წამლის შეძენაზე მიემართება.

ამიტომ ახალი ჰოსპიტლის საკითხი მწვავედ დგას. მოკლევადიანი გეგმა უკვე სრულდებათავდაცვის სამინისტრომ კეიდიას (ყოფილი კახოვკის) ქუჩაზე შენობის 1500 კვადრატული მეტრი გადმოგვცა და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ტენდერში ერთ-ერთმა ფირმამ გაიმარჯვა, ღია ინფორმაციაა და ყველას შეუძლია ნახოს. ზედამხედველობას მეც ვუწევ და შესაბამისი სამსახურებიც.

180 დღეა გამოყოფილი და აგვისტოს ბოლოს შენობა დასრულებული იქნება. მერე ეტაპობრივად აღჭურვა და პერსონალის გადაყვანა დაიწყება. ამბულატორიული სექტორიჯერჯერობით, დღის სტაციონარი გვექნება. შეგვეძლება 18 საათის განმავლობაში დავაწვინოთ ავადმყოფი, ჩავუტაროთ პროცედურები, გადასხმები და ..

ყველას საშუალება არ აქვს სახლში ნემსი გაიკეთოს (მით უმეტეს ვენაში), ან რაღაც წამალი გადაისხას, ამას ამბულატორიაში მოვახერხებთ, რაც ვეტერანებისთვის ძალიან სასიკეთო იქნება.

- იმედია, იქ მაინც თანამედროვე აპარატურა გექნებათ...

- რასაკვირველია, აქ წინა პლანზე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეგულაციები, მოთხოვნები გამოდის. ელემენტარულად ვერ გავიხსნებით, თუ თანამედროვე აპარატურით არ აღვიჭურვეთ. ამის გარეშე საქმიანობის უფლებაც არ გვექნება.

- აქ რა დარჩება?

- ჰოსპიტალი მთლიანად გადავა, აქედან გადასატანი არც არაფერია. რაც შემორჩენილია, ისიც დასაწყობებულია. ამისთვის აუდიტის მხრიდან ინვენტარიზაცია ჩატარებულია. შენობის მომავალს რაც შეეხება, როგორც აღვნიშე, ჰოსპიტალი სახელმწიფო საკუთრებაა და ეს ყველაფერი მის განკარგულებაშია.

- არსებული ინფრასტრუქტურითა და აპარატურით პაციენტებს რამდენად სრულფასოვნად ემსახურებით?

- შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საკუთარი ნიშა მოვნახეთ, რომ ვეტერენებს ნორმალურად დავეხმაროთ. ამისთვის, მხოლოდ თერაპიული პროფილი დავტოვეთ. ქვეყანაში საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს, ყველაზე მაღალი ხარისხის აღნიშნული პაკეტი სწორედ ვეტერანებს გააჩნიათ. შეუძლიათ პოლისით ნებისმიერ საავადმყოფოში იმკურნალონ.

მაგრამ საყოველთაო დაზღვევა ყველაფერს არ ფარავს, ამათუიმ დაავადების კვლევას ან მკურნალობას არ აფინანსებს. სწორედ ეს რგოლი ავიღეთ. ვსინჯავთ და თუ აღმოვაჩინეთ ნიშა, რომელსაც საყოველთაო დაღრვევა სხვაგან არ დაუფინანსებს, განცხადებით ვეტერანთა სამსახურს მიმართავენ და საგარანტიო წერილს იღებენ, მერე ჩვენთან მოთავსდებიან და ვმკურნალობთ.

შესაბამისი კალკულაციის წარდგენის შემდგომ დაფინანსებას ვიღებთ. ჰოსპიტალი ამით არსებობს, ნაწილობრივ სახელმწიფო სუბსიდიებიც გვაქვს.

- გმირთა მოედანზე, ვეტერანთა ბოლო საპროტესტო აქციაზე რას გვეტყვით?

- ნებისმიერ პროტესტს მიზეზი აქვს. თავად ვეტრანი ვარ და ეს ექიმებიც მათ 78 წლიდან მოყოლებული მკურნალობენ. პრაქტიკულად ყველას იცნობენ. ჩვენი ექიმები იქ მისულები იყვნენ, დახმარებაც გავუწიეთ. უკაყოფილების ძირითადი მიზეზი მატერიალური პრობლემებია. პროტესტი შეწყვეტილია, მთავრობამ სურვილი გამოთქვა (მათგან ვიცი), რომ საკითხები განიხილება და გადაწყდება. აქცია მოლაპარაკების ჩვეულებრივ პროცესში გადავიდა

- ჰოსპიტლის თანამშრომლების სახელფასო-სოციალური გარანტიები რამდენად უზრუნველყოფილია?

- 2007 წელს ჩვენი სსიპ- სახელმწიფო შპს- გადაკეთდა, რომელზეც ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის. როცა გაგვიჭირდება, ვეტერანთა სამსახური მიმართავს ხელმძღვანელობას, მინისტრთა კაბინეტს, რომ გარკვეული სუბსიდიები გამოგვეყოს. ძირითადი შემოსავალი პაციენტების მკურნალობიდან მიღებული თანხებია, როგორც ეს ყველა შპს- შემთხვევაშია. აქედან ექიმები, ექთნები და სხვებიც შრომის ანაზღაურებას იღებენ.

- არსებობს მოსაზრება, რომ ცალკე ვეტერანთა ჰოსპიტალი არ უნდა არსებობდეს, თქვენი დამოკიდებულება როგორია?

- აქ მთავარია, რომ ჯანმრთელობადაკარგულ ადამიანებს სათანადო ყურადღება მიექცეთ. ვეტერანთა ჰოსპიტლების არსებობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა. შემიძლია აშშ- მაგალითი მოგიყვანოთ, სადაც ვეტერანთა დეპარტამენტს 104-მილიარდიანი დაფინანსება აქვს. პრაქტიკულად, ყველა შტატში 64 მსხვილი ჰოსპიტალი და 200-ზე მეტი პოლიკლინიკაა.

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაზღვევაც არის (ჩვეულებრივ კლინიკებში მკურნალობა შეუძლიათ), მაინც ვეტერანთა ჰოსპიტლები არსებობს, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და მკურნალობას საკუთარ თავზე იღებს.

აქ თავისი სპეციფიკაა, ვეტერანები არ არიან ჩვეულებრივი პაციენტები. კონკრეტული დაავადების გარდა, არის მორალურ-ფსიქოლოგიური მომენტები და .. რის გამოც ჩვენთან მოდიან. იმის მიუხედავად, რომ კარგი პირობები არ გვაქვს, რიგები დგას, სურთ მოვიდნენ და ამ ექიმებთან ურთიერთობა ჰქონდეთ, რომლებმაც მათი ისტორიაც იციან და შესაბამისი მიდგომაც.

ომებიდან მოყოლებული ბევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს. ამ ხალხს სხვანაირი მიდგომა სჭირდება, იმის გარდა, რომ ვთქვათ კუჭის წყლულს ვმკურნალობთ, საუბარია ფსიქორეაბილიტაციაზე და .. ეს გარემო ვეტერანებისთვის ბევრად კომფორტულია.

სახელმწიფო დაზვევისას გარკვეული რიგებია. ოჯახის ექიმთან უნდა მივიდეს, მერე დრო უნდა ვიწრო სპეციალისტთან შესასვლელად. კვლევასაც, მაგალითად, ეკოსკოპიას 3-4-დღიანი ლოდინი შეიძლება დასჭირდეს. სანამ დიაგნოზი გამოვა, მკურნალობა დაინიშნება, ამან შეიძლება რაღაც პერიოდი წაიღოს. განა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასე ხდება. ხანდახან ოპერაციებს თვეების განმავლობაში ელოდებიან.

ჩვენს ჰოსპიტალში ყველაფერი ერთ სივრცეში მოხდება და ვეტერნებს სიარული, ლოდინი აღარ მოუწევთ. ერთ, მაქსიმუმ ორ დღეში ყველა კვლევას ჩაიტარებს, ექიმი გასინჯავს. თუ რიგში ჩადგომა მოუწევთ, ისევ ვეტერანების რიგში ჩადგებიან.

- დაახლოებით რამდენი პაციენტი გყავთ და ზოგადად რა ჩივილებით მოდიან?

- სტაციონარი ოც საწოლზე გვაქვს გახსნილი და ყოველდღიურად ამდენივე პაციენტი გვყავს. ვიღაც გაეწერება, მერე ისევ შეივსება და .. საერთოდ, 70 ათასამდე ბენეფიციარია მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქედან, ალბათ, ნახევარი თბილისშია.

პაციენტები ყველანაირი ჩივილებით მოდიან. ნერვული, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებია (ასაკობრივი მომენტებიცაა), მაგალითად, ჰიპერტონია მოდებულია. მოდიან ენდოკრინული დარღვევებით, განსაკუთრებით მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები. ჩამონათვალი დიდია.

ახლა პაციენტი იყო შემოსული და ვარკვევდით, თუ სად დაგვეწვინა. თავის დროზე, კონტუზია მიიღო და ოცი წლის შემდეგ წამოეწია. მანამდე ვერაფერს გრძნობდა, ახლა ტვინი ცუდ მდგომარეობაში აქვს. ესეც ომის გამოძახილის ერთ-ერთი მაგალითია. ამიტომ კონტინგენტი სხვანაირ მიდგომას, პროფილაქტიკას საჭიროებს. ეს ხალხი მუდმივ კონტროლზე გვეყოლება, რომ გართულებები ნაკლებად იყოს.

დარწმუნებული ვარ, რომ უკვე აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყიში შენობას ჩავიბარებთ. გარკვეული დრო აღჭურვას, ასევე ნებართვების აღებას სჭირდება და, ალბათ, წლის ბოლოსთვის გავიხსნებით.

- დღის ამბულატორია რამდენად საკმარისი იქნება?

- როგორც აღვნიშნე, ამბულატორიას დღის სტაციონარი ექნება. მარტივი მაგალითი უნდა მოგიყვანოთ. სადღაც, 16-17 საათი შეგვიძლია პაციენტი საწოლზე დავაყოვნოთ. ცალკე თავისი პირობებით იქნება, როგორც ჩვეულებრივი, ჰოსპიტალური პალატებია. ვეტერანს 17 საათის განმავლობაში ნემსს (გადასხმას) გავუკეთებთ, მიკროქირურგიულ მანიპულაციას, სხვა აუცილებელ პროცედურებს  ჩავუტარებთ. მერე წავა და მოვა, იგივეს გავუკეთებთ, სანამ არ გამოჯანმრთელდება. მოკლედ, ეს ჰოსპიტალური ელემენტიც დევს დღის სტაციონარის სახით.

ხშირად ხდება (სამწუხაროდ), რომ მცირე, მიკროქირურგიულ ან სხვა ჩარევას გააკეთებენ და პაციენტს ნახვადისს ეუბნებიან. შეიძლება ადამიანი ქუჩაში გავიდეს, წნევამ იმოქმედოს, წაიქცეს ან სხვ. ყოველი მანიპულაციის შემდეგ დაყოვნების პერიოდი აუცილებელია ავადმყოფისთვის, რომ ძალები აღიდგინოს და გასვლა შეძლოს. ამიტომ პროცესზე ზედამხედველობაც გვექნება.

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მუშაობა ამაზეც მიმდინარეობს. ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენლები ფრანგული ვიზიტიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. პროექტის მიხედვით  უკვე დიდ, გამართულ ჰოსპიტალზე, რეაბილიტაციის ცენტრებზე საუბარი, რაც  ცალკე საუბრის თემაა. უკვე პარტნიორებთან დეტალებს ვაზუსტებთ.

მანამდე, კეიდიას 7 ნომერში ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ვეტერანს შეუძლია მივიდეს და პროცესი ადგილზე ნახოს.  

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია