მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„არემჯის მიერ გარემოს დაბინძურების არეალი უკვე 25 კილომეტრზე არის გავრცელებული“ - 24 ივლისი 2018

არემჯი ჯგუფი რუსული კომპანიაა და 1800 კვადრატული კილომეტრი ოკუპირებული აქვს, ვნახეთ რა გააკეთეს დმანისში, ბოლნისში, როგორ გააჩანაგეს გარემო, საყდრისის კომიტეტი  ორი წელია ადგილობრივი მოსახლეობის ეპიდემოლოგიური კვლევის ჩატარებას ითხოვს“

ufleba.ge

საყდრისის კომიტეტისწევრებ საუბრობენ იმ ზიანზე, რომელიც, მათი ინფორმაციით, „არემჯი გოლდისსაქმიანობის შედეგად ადგება ქვემო ქართლის  უნიკალურ ტყის მასივებს და კულტურულ მემკვიდრეობას. ამ თემაზესაყდრისის კომიტეტისწევრს, ნინო ბურჭულაძეს ესაუბრებით.

- 2014 წლის 13 დეკემბრის შემდეგ, რაც არემჯი გოლდმა ხელისუფლების ხელშწყობით მსოფლიოში უნიკალური ოქროს მაღარო, საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ააფეთქა, საყდრისის კომიტეტი ამ კომპანიის საქმიანობით უფრო მეტად დავინტერესდით. კულტურული მემკვიდრეობისთვის ბრძოლის გარდა, ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ გარემოსთან დაკავშირებული დარღვევების მოძიებაში.

ამ მხრივ, მანამდეც სერიოზული  კვლევები არსებობდა, მათ შორის, ფოლცვაგენის ფონდის მიერ ჩატარებული, ასევე რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევა, რომელიც ქართველმა მეცნიერებმა ჩაატარეს; სადაც ღიად აღნიშნავდნენ, რომ არემჯის საქმიანობით გარემოს ხელყოფის, დაბინძურების არაერთი ფაქტი იყო.

2015 წლის ბოლოს, უკვე გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიის ინსპექტირება დაიწყო და 2016 წლის გაზაფხულზე დაამთავრა. ამის შედეგად დაიდო სამინისტროს დასკვნა, რომელიც საკმაოდ მძიმეა. თუ არემჯი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა კვლევებს არ ენდობოდა, ამჯერად უკვე სახელმწიფოს მიერ დაწერილი დასკვნა გვქონდა, რომელიც ფაქტობრივად აღიარებდა, რომ არემჯი გოლდის საქმიანობას გარემოსთვის ძალიან მძიმე შედეგები მოჰქონდა.

ამ დასკვნით აღმოჩნდა, რომ კომპანიას არცერთი ვალდებულება არ ჰქონდა შესრულებული, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე თანამშრომელთა შრომითი უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღინიშნებოდა, რომ ამ მხრივ კომპანიას ფაქტობრივად არაფერი ჰქონდა გაკეთებული. კვლევით აღმოჩნდა, რომ ნიადაგიც საკმაოდ დაბინძურებული იყო, ასევე მდინარეები, წყალი.

ბოლოს, 2017 წლის მაისიდან ამავე წლის ნოემბრამდე, მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივმა პლატფორმამ ჩაატარა სერიოზული კვლევა, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებიც ჩართულები იყვნენ. მაჩვენებლები იმდენად საგანგაშო იყო, რომ ამან ყოველგვარ მოლოდინებს გადააჭარბა.

საუბარი იმაზეა, რომ მდინარე ფოლადაურის ცალკეულ ადგილებში კადმიუმი დაშვების ზომას უკვე ათასჯერ და ათასორასჯერ აღემატება, - უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაა. გარდა ამისა, დასკვნამ გვიჩვენა, რომ ამ დაბინძურების არეალი კომბინატის ახლომდებარე ტერიტორიებს გასცდა და ამჟამად უკვე 25 კილომეტრზე არის გავრცელებული. ანუ, 25 კმ-ის რადიუსით უკვე დაბინძურებულია წყალი, ნიადაგი და ჰაერი. ეს ამ ბოლო კვლევებმა აჩვენა.

კვლევის შედეგები იმდენად საგანგაშოა, რომ წარმოუდგენელია ეს ყველაფარი ასახაული არ იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამიტომ საყდრისის კომიტეტი უკვე ორი წელია ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობის ეპიდემოლოგიური კვლევის ჩატარებას, რათა გამოჩნდეს, არის თუ არა კავშირი კომბინატის საქმიანობასა და ამ რეგიონში მომატებულ მძიმე დაავადებებს შორის. აქ საუბარია ონკოლოგიურ, სასუნთქი გზების და სხვა მძიმე დაავადებებზე.

აქცენტი ამ კონკრეტულ დარღვევებზე კეთდებოდა. მაგრამ მერე გამოიკვეთა, რომ არემჯი გოლდი სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე უკანონო მშენებლობებს ახორციელებდა და ..

- რა გავლენა აქვს აღნიშნული კვლევების შედეგებს კომპანიის საქმიანობაზე, ასევე მთავრობის რეაგირებაზე?

- ჯერ კიდევ შარშან, 2017 წლის თებერვალში არემჯიმ გამოაცხადა, რომ ახალ პროექტს იწყებდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ბნელი ხევის ტერიტორიაზე (ხრამის ხეობა). ეს ბნელი ხევი სავსეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, სადაც ყველაზე ცნობილი ფიტარეთის მონასტერი და ხულუწის ციხეა. სწორედ აქ იწყებს კომპანია ღია კარიერული წესით ოქროს მოპოვებას. თებერვალში სურვილი გამოთქვეს, ხოლო მარტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემდეგ თვეში, მაისში განხილვა დაანონსეს.

სწორედ საყდრისის კომიტეტის აქტიურობის შედეგად, კულტურის სამინისტრომ კომპანიას უარი უთხრა ამ დოკუმენტის განხილვაზე, რადგან მასში კულტურული მემკვიდრეობის კვლევა ასახული არ იყო. ანუ, ამ დოკუმენტში არ ეწერა, შეექმნებოდა თუ არა საფრთხე ფიტარეთის მონასტერს, ხულუწის ციხეს, როგორი იქნებოდა აფეთქების მუხტები და ..

მოკლედ, ჩვენი აქტიურობის პირველი შედეგი ის იყო, რომ ბნელ ხევში, ფაქტობრივად, ერთი წლით შევაჩერეთ არემჯი გოლდის მუშობა. თუმცა კომპანიას განზრახვაზე ხელი არ აუღია. არემჯი იქ გზას, ინფრასტრუქტურას აწყობს.

იცით, რომ ძალიან დიდი მოცულობის უნიკალური ტყე გაჩეხილია. გარემოს დაცვის მინისტრმა ინფორმაცია მოგვაწოდა, რომ იქ უნებართვო ჭრა არ მიდისო. თუმცა, რეალურად, ეს ჭრა ძალიან დიდ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ჩვენი მოთხოვნით, კიდევ ჩადის ადგილზე გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ასევე შეამოწმებს, ხეების უკანონო ჭრას ხომარ აქვს ადგილი

ასევე იცით, რომ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომა იყო მოწვეული, სადაც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა არემჯი გოლდის დანაშაულებრივი საქმიანობა აღიარა. ეს უკვე  ამ დანაშაულის სახელმწიფოს მხრიდან აღიარებას ნიშნავს, რომ დიახაც, მძიმე მდგომარეობაა, - დაბინძურებულია ნიადაგი, წყალი, ჰაერი...

ჩვენთვის ცნობილია, რომ უკვე სოფლის მეურნეობის პროდუქტებშიც მძიმე მეტალები მომატებულია. სხვათაშორის, ამაზე კვლევაც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრმა ჩაატარა.

- კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში პრობლემები კიდევ სად გვაქვს?

- უკვე გითხარით, რომ რომ თვითონ ბნელ ხევში ეს ფიტარეთის მონასტერი და ხულუწის ციხეა. გარდა ამისა, სულ ცოტა ხნის წინ, თავად ადგილობრივმა ტანძიელებმა აღმოაჩინეს  ერთი შეუსწავლელი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ასევე არემჯი გოლდის სალიცენზიო ტერიტორიაზეა. სწორად მის მახლობლად მიმდინარეობს აღნიშნული სამუშოები. ასევე მიმდინარეობს პროცედურები, რომ ამ ძეგლსაც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს.

ანუ, ჩვენ ბნელი ხევის ტერიტორიაზე უკვე სამი ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლის არსებობის შესახებ ვიცით. თუმცა იქ კიდევ ბევრი შეუსწავლელი არქეოლოგიური ობიექტია. სწორედ ამ დღეებში ძეგლთა დაცვის სააგენტოს არქეოლოგებთან შეხვედრა გვაქვს, რათა ბნელი ხევის ძეგლებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მივიღოთ და კიდევ ერთხელ მოვიკითხოთ მათი მდგომარეობა.

- წარმოების გამო სოფელ ტანძიას რა პრობლემები შეიძლება შეექმნს?

- სწორედ სოფელ ტანძიიდან ჩადის გზა ხრამის ხეობაში, რომელიც ბნელი ხევისკენ მიემართება. დიდი სატვირთო-სამუშაო მანქანები სოფლის გზაზე მოძრაობენ. რა თქმა უნდა, იქ მტვრისა და ხმაურის გარდა, მათ ხშირად ესმით აფეთქებების ხმა. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, როგორ ნადგურდება ტყეები. ტანძიელები უარს ამბობენ კომპენსაციაზე, თუ არემჯი გოლდის სხვადასხვა დაპირებებზე, მზად არიან ბოლომდე იდგნენ საკუთარი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად.

- გარემოს დაბინძურების 25 კილომეტრიანი ზონა ახსენეთ, ტანძიაც თუ შედის აღნიშნულ ზონაში?

- დიახ, რა თქმა უნდა შედის აღნიშნულ ზონაში.

- უშუალოდ საყდრისთან დაკავშირებით პროცესი სადამდე მივიდა?

- სამწუხაროდ, ორი წლის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესი ვერ მოვიგეთ. მაგრამ ჩვენი მთავარი გამარჯვება ის იყო, რომ საზოგადოებამ გაიგო საყდრისის მნიშვნელობა, ის თუ რა დავკარგეთ და, ასევე, საყდრისს ბოლნისში მუზეუმი ექნება. ის ფაქტობრივად აშენებულია, ახლა საგამოფენო ექსპოზიციაზე მუშაობა მიმდინარეობს, რათა სადრისი ღირსეულად იყოს წარმოჩენილი, როგორც უძველესი ოქროს მაღარო. რაც მთავარია, მუზეუმში ღიად მითითებული იქნება, რომ იგი მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო იყო.

ეს ფაქტობრივად იმის აღიარებას ნიშნავს, რომ კომპანიამ ხელისუფლების ხელშეწყობით თუ უუნარობით ძეგლი ააფეთქა. რაც საქართველოს ისტორიაში, მშვიდობიან პერიოდში, ალბათ, პირველად განხორციელდა.

- „დმანისის გადარჩენის ფონდისსაქმიანობას როგორ აფასებთ?

- ფონდის ღონისძიებებში სტუმრის სტატუსით ვმონაწილეობთ. როდესაც ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, მარტში, 16,2 ჰა მიწა აუქციონზე გაიტანა, ვიცოდით, რომ არემჯი გოლდი ამ მიწის იჯარით გადაცემას ითხოვდა, რომ ეს მიწა კომპანიის ხელში აღმოჩნდებოდა. ამ მიწაზე მათ .. სანაყაროების გაკეთება უნდოდათ. რაც ავტომატურად დაბინძურების ახალი კერების გაჩენას, მეტ დაავადებულ ადამიანს ნიშნავს.

იქიდან გამომდინარე, რომ არემჯის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი სახელმწიფოს ჯერ არ დაუთვლია, კომპანიის არცერთი ვალდებულება შესრულებული არ არის და ამას სახელმწიფოც აღიარებს, ამიტომ უკვე ამ დამატებით ტერიტორიაზე კომპანიის საქმიანობის გაფართოების წინააღმდეგი ვიყავით.

რადგან ამ პრობლემას საყდრისის კომიტეტი მარტო ვერ დაძლევდა, ამიტომ ყველას განცხადებით მივმართეთ. ესენი იქნებოდნენ პოლიტიკური პარტიები, სხვა აქტიური ჯგუფები, ცალკეული პირები, თუ სახელმწიფო ინსტიტუტები. ყველას მივმართეთ ჩართული ყოფილიყვნენ ამ პროცესში, რათა ეს დანაშაულებრივი საქმიანობა შეგვეჩერებინა.

გამოგვეხმაურნენ პოლიტიკური პარტიები, რასაც მივესალმებით. თვითონ საყდრისის კომიტეტს არანაირი პოლიტიკური გემოვნება არ გააჩნია, მაგრამ ღიად გეტყვით, რომ ეს საქმე მარტო კომიტეტის არ არის და საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა და გარემო. ამიტომ მათ გამოჩენას და აქტივობას, რაც აუქციონის მოგებით და სხვა აქტივობით განახორციელეს, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. მაგრამ ჩვენ აღნიშნული ფონდის წევრები არ ვართ.

- პროტესის შემდეგარემჯი ჯგუფისმოქმედება ადეკვატური რამდენად ხდება?

- სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ. არემჯი ჯგუფი ფლობს 1800 კვადრატული კილომეტრის სალიცენზიო ტერიტორიას. გეტყვით, რომ ახალგორი 1100, ხოლო გალის რაიონი 2000 კვადრატული კილომეტრია. ასევე იცით, რომ არემჯი ჯგუფი რუსული კომპანიაა და ფაქტობრივად 1800 კვადრატული კილომეტრი მას ოკუპირებული აქვს. და ჩენ ვნახეთ, მათ რა გააკეთეს დმანისში, ბოლნისში, როგორ გააჩანაგეს გარემო.

აქედან გამომდინარე, ალბათ, წარმოგიდგენიათ უკვე რა ელოდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, წალკას, სადაც ასევე სალიცენზიო ტერიტორიებს ფლობენ. აქეთ კიდევ რა ელოდება ქვემო ბოლნისს, წითელსოფელს, სადაც მათ სამთო-გეოლოგიური, სადაზვერვო სამუშაოები დაწყებული აქვთ და მომავალში ალბათ კარიერებს იქაც გადახსნიან.

რას ნიშნავს მტრის ცნება? რეალურად, მტერი ეს არის ურდო, რომელიც მოდის და გინადგურებს გარემოს, გინგრევს კულტურულ მემკვიდრეობას და აზიანებს შენს მოსახლეობას. აი ეს სამივე კომპონენტი სახეზე აქვს აღნიშნულ კომპანიას.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საყდრისის აფეთქების შემდეგ, გარემოს გაჩანაგების შემდეგ, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზიანების შემდეეგ არემჯი გოლდი საქართველოს და ქართული საზოგადოების მტერი კომპანიაა. კიდევ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს რუსული კომპანია, მისი მეპატრონე რუსი მილიარდელია.

მათი ქმედება პროტესტის ადეკვატური არ გამხდარა. გარდა იმისა, რომ მხოლოდ დაპირებას იძლევიან, რომ ყველაფერს გამოასწორებენ. კვლავ იგნორირებას უკეთებენ სამოქალაქო საზოგადოებას, თუნდაც პოლიტიკურ პარტიებს. მაგრამ გეტყვით, რომ ბრძოლა არ დამთავრებულა. თუ კომპანიას ეგონა, რომ საყდრისის აფეთქებით ყველაფერი დასრულდებოდა, არა, ბრძოლა სწორედ აღნიშნული აფეთქების შემდეგ დაიწყო და გაგრძელდება კიდეც.

ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით არემჯის. ამ ოთხი წლის განმავლობაში მათი ყველა დანაშაულებრივი განზრახვა გავასაჯაროვეთ და სააშკაროზე გამოვიტანეთ. უახლოეს ხანში ბნელი ხევის აქტიურ დაცვას დავაანონსებთ. როგორც გითხარით, იქ უნიკალური ტყე და ძეგლებია. აქტიურ მონიტორინგს დავიწყებთ და ვეცდებით, რომ ყველა დამანგრეველი ნაბიჯი, რომელსაც არემჯი განახორციელებს, საზოგადოების ყურამდე მივიტანოთ.

- გამოსავალი სად არის, რომ ამ საკითხში ქმედითი შედეგები იყოს მიღწეული?

- ჩვენ რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს. პირველი - სახელმწიფომ კომპანია არემჯის გოლდის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი უნდა დაითვალოს. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს ყველაფერი მილიარდ ლარს აღემატება.

აუცილებლად უნდა მოხდეს მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის კიდევ ერთხელ შემოწმება. ამ სრული სურათის დადების შემდეგ უნდა გადაწყდეს საზოგადოებასთან, სახელმწიფოსთან თუ სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად, - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კომპანიის საქმიანობის მხრიდან ზიანი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

სხვანაირად გამოსავალს ვერ ვხედავთ, სანამ რეალური სურათი არ გვეცოდინება იმაზე, თუ რა ხდება იქ. თუ ეს კონკრეტული მოთხოვნები შესრულებული არ იქნება, მივმართავთ ხელისუფლებას, რომ კომპანიას შეეზღუდოს და არ მიეცეს საშუალება, რომ ახალი პროექტები დაიწყოს იგივე ბნელ ხევში, ქვემო ბოლნისში და ა.შ. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია