მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროფკავშირები: ტყიბულის ქვანახშირის საწარმოში სახეზეა სისტემური პრობლემა შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ორგანიზების თვალსაზრისით - 01 აგვისტო 2018

„მიმდინარე პროცესზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება“

ufleba.ge

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელ საწარმოში სახეზეა სისტემური პრობლემა შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ორგანიზების თვალსაზრისით. ორგანიზაციის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა მეშახტეთა ნაწილის მხრიდან მოდიოდა, ხელმძღვანელ პირთა ცვლილება ან მათი რაიმე სახით გადაჯგუფება არ შეიძლება ჩაითვალოს მომავალში საწარმოო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებად.

„საწარმოში არსებული სისტემური პრობლემა, რომელიც გამოწვეულია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით, აღმასრულებელი მექანიზმების არაეფექტურობით, საწარმო შემთხვევების კვლევისა და აღრიცხვიანობის პრაქტიკის მოშლით, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების არარსებობით, შრომის უსაფრთხოების მიმართ დანერგილი მანკიერი დამოკიდებულებით, დასაქმების ადგილების ალტერნატივის არარსებობით, მეშახტეთა შრომის ანაზღაურების მანკიერი სისტემით, და ა.შ. კვლავ ტოვებს მომავალში საწარმო შემთხვევების მოხდენის საფრთხეს, რაც საქართველოს პროფკავშირების აზრით, დაუშვებელია.

დაუშვებელია ნახშირმოპოვების გაგრძელება იმ შემთხვევაში, თუ შაორის ბასეინზე ადგილი არ ექნება სეისმური და ტექნიკური მდგომარეობის სრულ შესწავლას, არსებული რისკებისა და საფრთხეების სრულ შეფასებას და სიღრმისეულ ცვლილებებს როგორც ნახშირმოპოვების მეთოდოლოგიის და შრომის დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვის, ასევე შრომის ორგანიზების კუთხით.

პროფკავშირების გაერთიანება, მიუხედავად კომპანიის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა - ხელმძღვანელ პირებად დანიშნოს მეშახტეთა გარკვეული ჯგუფის მიერ შეთავაზებული კანდიდატები, რჩება თავის პოზიციაზე და ძალაში ტოვებს ყველა მოთხოვნას, რაც მის მიერ არაერთხელ გაჟღერდა 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ: 

1. მოხდეს 5 აპრილის და 16 ივლისის ჯგუფური უბედური შემთხვევების ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯა; 

2. განხორციელდეს შახტების დროებითი კონსერვაცია იქ არსებული რისკების შეფასების მიზნით და განხორციელდეს ობიექტის სრული მოდერნიზება; 

3. კონსერვაციის გამო წარმოშობილი იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მოხდეს დასაქმებულთა სრული ანაზღაურებით უზრუნველყოფა; 

4. ყოველივე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით გაიმართოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირის, კომპანიის ადმინისტრაციის და მთავრობის წარმომადგენლები, ასევე მეშახტეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი; 

5. მოხდეს მხარეთა მიერ ხელმოწერილი შეთანხმების დოკუმენტის შექმნა ყოველივე ზემოთ თქმულთან დაკავშირებით; 

6. პარალელურად მოხდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შემუშავება ტყიბულსა და მის შემოგარენში დასაქმების სხვა დარგებისა და სფეროების განვითარების მიზნით“, - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროფკავშირები მიიჩნევს, რომ ტყიბულში არსებული მდგომარეობის რეალური გამოსწორება შეუძლებელია მთავრობის მიერ მძლავრი გადაწყვეტილებების მიღების გარეშე, შესაბამისად მიმდინარე პროცესზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები ტყიბულის შახტებში მომხდარი შემთხვევების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. მათივე შეფასებით, მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო შემთხვევებთან, არამედ დასაქმებულებთა წინააღმდეგ ჩადენილ განგრძობად და სისტემურ პრაქტიკასთან, რომლის მიმართაც სახელმწიფოს აბსოლუტური გულგრილობა მას დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს:

 „ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში კიდევ ერთი საწარმოო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 მათგანი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა იმავე უბანზე მოხდა, სადაც მიმდინარე წლის 5 აპრილს 6 მეშახტე დაიღუპა. გასულ 3 თვეში, ეს ტყიბულში მომხდარი მესამე საწარმოო შემთხვევაა, რომელმაც 12 ადამიანის დაღუპვა და 9 ადამიანის მძიმედ დაშავება გამოიწვია. 

მეშახტეების დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევები და მისი განმეორებადობა აჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ერთეულ და საგამონაკლისო საწარმოო შემთხვევებთან, არამედ დასაქმებულებთა წინააღმდეგ ჩადენილ განგრძობად და სისტემურ პრაქტიკასთან, რომლის მიმართაც სახელმწიფოს აბსოლუტური გულგრილობა მას დანაშაულის თანამონაწილედ აქცევს. 

წლების მანძილზე პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, ხელისუფლებამ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი შრომის ზედამხედველობის სისტემის შექმნის მიზნით, ამასთან, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად მშრომელების დაღუპვისა და დაზიანების შემთხვევების აბსოლუტურ უმრაველობაში არ დამდგარა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, არც ერთ შემთხვევაზე ამ დრომდე გამოძიებას არ დაუდგენია შახტის მფლობელებისა და მისი მმართველების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული ვითარება მიუთითებს ხელისუფლების მხრიდან შრომის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის სრულ ჩავარდნაზე. 

„ხელისუფლება წლების მანძილზე აღიარებს შრომის უსაფრთხოების საკითხის პრობლემურობას, თუმცა, არც ერთ ეტაპზე არ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა შრომის უსაფრთხოების ეფექტიანი საზედამხედველო მექანიზმები. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ 5 აპრილს 6 მეშახტის დაღუპვის შემდეგ შრომის მინისტრის და კაბინეტის სხვა წევრი მინისტრების მონაწილეობით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ რომელსაც ტყიბულის შახტების ტექნიკური გამართულობა უნდა შეეფასებინა. კომისიის შექმნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მაღალი ლეგიტიმაციის მიუხედავად, ამ დრომდე კომისიას ფაქტობრივად არ უმუშავია, რაც ცხადად აჩვენებს ხელისუფლების მხრიდან შრომის პოლიტიკის საკითხების არაპრიორიტეტულობას და არსებული მძიმე პრობლემების გადაწვეტის ილუზიის შექმნის მცდელობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად ადამიანების დაღუპვასა და დასახიჩრების საკითხებზე მნიშვნელოვანია ვისაუბროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხზე, რომლის მუშაობა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით ჩადენულ დანაშაულებზე განსაკუთრებულად არაეფექტიანია.“

არასამთავრობოების განცხადებაში ყურადღებას „არაეფექტიანი გამოძიების პრობლემურობაზეც“ ამახვილებენ.

„ტყიბულში მომხდარ არც ერთ შემთხვევაზე ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ გამოძიების შედეგად დამდგარ რეალურ პასუხისმგებლობაზე. არაეფექტიანი გამოძიების პრობლემურობაზე ასევე მიუთითებს სახალხო დამცველი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის განმავლობაში, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ხოლო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა მხოლოდ 3 შემთხვევაში. საქმეთა 72,2% არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა მერყეობს 500-დან 5000 ლარამდე. 

შედეგად, ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად დაღუპვისა და დასახიჩრების შემთხვევებზე გამოძიების ეფექტიანობის და სათანადოობის მიმართულებით. არსებული კრიზისული მოცემულობის გათვალისწინებით, დღის წესრიგში ვტოვებთ მოთხოვნებს, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს გამართული და ეფექტიანი შრომის საზედამხედველო სისტემის ამუშვება, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად და ეფექტიანად წარმართოს გამოძიება მომხდარ შემთხვევაზე და საზოგადოებას პროაქტიულად გააცნოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, არასამთავრობოები მოითხოვენ, რომ საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს უკანასკნელ წლებში ტყიბულში მომხდარი დასახიჩრებისა და დაშავების შემთხვევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული გამოძიებების ეფექტიანობისა და სათანადოობის საკითხს და საქართველოს მთავრობამ ერთ თვეში წარმოადგინოს ტყიბულის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების ხედვა, რომელიც შემუშავებული იქნება დაინტერესებული მხარეების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით და დაუყოვნებლივ დაიწყოს მისი განხორციელება ტყიბულში ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობის გაჩენის მიზნით.

განცხადებას შემდეგი ორგანიზაციები აწერენ ხელს: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“; ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“; „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი“; „ახალგაზრდა სოციალისტები“; „თანასწორობის მოძრაობა“ და „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“.

ამ ფონზე, მომხდართან დაკავშირებით, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ განცხადებას შეგახსენებთ: 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შედეგადაც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლებსა და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს.

მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „საქნახშირში“, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე, ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ბოლო განცხადებაში კი ვკითხულობთ:

„ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს, რომ სანამ საქართველოს მთავრობასთან დაიწყება მოლაპარაკება კომპანია „საქნახშირის“ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სამართლებრივ პროცედურებზე, „საქნახშირის“ საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი შახტებში უზრუნველყოფს  მხოლოდ წყალსაქაჩი და სავენტილაციო დანადგარების მუშაობის უწყვეტობას, რათა მოხდეს შახტებში უსაფრთხოების შესაბამისი დონის შენარჩუნება.

ამავდროულად, გარდამავალ პერიოდში ტყიბულის შახტების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია შახტების კონსერვაციის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო უფლებამოსილების მქონე უწყებების ჩართულობის უზრუნველყოფა“.

კომპანია „ჯი-აი-ჯი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში. მისი ბიზნესპორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები) ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია