მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვინ ააშენა შუახევჰესი და ვინ დგას კომპანიის უკან?! - 02 აგვისტო 2018

ufleba.ge

ვინ ააშენა შუახევჰესი და ვინ დგას კომპანიის უკან? რა უთხრა კახი კალაძემ ზემო აჭარის მოსახლეობას? არის თუ არა ჰესები მომგებიანი ბიზნესი? ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, „მეოთხე“ უფლებადამცველ თამაზ ბაკურაძეს ესაუბრა:

- აჭარაში ჰესების მშენებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ დაგეგმა და გაააქტიურა. მაშინდელი ხელისუფლების ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და  პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი იყვნენ ამ საქმის სათავეში. სწორედ მაშინ დაიწყო შუახევჰესის მშენებლობა მდინარე აჭარისწყალზე. ეს იყო 2011 წელი და ყველა ის პრობლემა რაც დღემდე აჭარის მაღალმთიან სოფლებშია, ამასთან დაკავშირებით არსებობს.

საყოველთაოდ ცნობილია, როცა რაიმე ტიპის მშენებლობა უნდა ჩატარდეს, თუნდაც ნაგავსაყრელი იყოს, აუცილებალდ უნდა მოხდეს გარემოზე თვალსაზრისით მისი შეფასება - რამდენად უსაფრთხო იქნება ესა თუ ის პროექტი დღეს თუ ხვალ. ეს საფრთხეები არსებობს და ყველაზე დიდი დანაშაული ისაა, რომ არ მომხდარა გარემოზე ზემოქმედების დეტალური შესწავლა, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა, საფრთხეების რუკა არ დადებულა -კონკრეტულად, რა საფრთხეების შემცველია სოფლებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები...

- რა საფრთხეებს შეიცავს შუახევჰესი?

- როგორც ექსპერტები ამბობენ, ჰესები მთლიანდ შეცვლიან ზემო აჭარის კლიმატურ პირობებს, რასაკვირველია, არა საუკეთესო, არამედ უარესისკენ, მოიკლებს მოსავალი და მთელ რიგ სოფლებში წყალიც დაშრება. თუკი ჩვენ იქით მივისწრაფით, რომ ცივილიზებული მსოფლიოს ერების გვერდით დავდგეთ, უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს საერთაშორისო კანონმდებლობა, რომლის მიხედვით, სოფლის ტიპი დასახლებაში თუ წყალი დაშრა, და ეს გარემოზე ხელოვნური ზემოქმედების შედეგია, პროექტის შემსრულებელი კომპანია ვალდებულია, არ დაუშვას მსგავსი რამ, რადგან წყალის გარეშე ადამიანთა დასახლება ვერ იარსებებს. რეალობაში კი იმაზე უარეს ფაქტთან გვაქვს საქმე, მარტო წყლის დეფიციტი კი არა, სოფლები სამყაროს მოწყვეტილია, შემოვლითი გზებიც დამეწყრილია და წითელ ზონაშია. არადა, ხომ ვაპროტესტებდით, გზას ვკეტავდით, ვიდეო მასალას ვაქვეყნებდით, ფოტოებს ვბეჭდავდით მედიასაშუალებების მეშვეობით ვავრცელებდით. 

ზემო აჭარაში შუახევჰესის მშენებლობის პერიოდში საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას არაერთხელ ჰქონდა ადგილი. როცა სოფლების შუა ადგილებში გვირაბებია გაყვანილი, ყველამ მშვენივრად იცის, რომ ზემო აჭარა მეწყრულად აქტიურ ზონაშია, რამდენად დასაშვებია ისედაც აქტიურ ზონაში ასაფეთქებელი სამუშაოების წარმოება? ვინ აგებს პასუხს დანგრეულ სახლებზე, დანგრეულ დამატებით შენობა-ნაგებობებზე, განადგურებულ ნათესებსა და მიწებზე; ვინ აგებს პასუხს კლიმატური პირობების გაუარესებაზე?! მაგალითისთვის ავიღოთ სოფელი ჩანჩხალო, სადაც მასშტაბური საპროტესო აქცია გაიმართა იმის გამო, რომ მეწყრულად ყველაზე აქტიური ზონა იყო და მის შუა ნაწილში გვირაბი გაიყვანეს. 

შუახევჰესის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო, 2013 წელს კი, კომპანიის მიერ გაყვანილ გვირაბებში უკვე ბზარები დაფიქსირდა, კომპანიის მესვეურები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ბზარების გაჩენა ხდება ხოლმე, იქ სადაც გვირაბი გადის, მაგრამ როცა მოსახლეობა აპროტესტებდა მძიმე ტვირთების გადამტანი მანქანების მოძრაობას, არავინ იღებდა ყურად. პროექტს შუახევჰესის მშენებლობაზე „აჭარისწყალ ჯორჯია“ ახორციელებს.

- მოკლე ექსკურსი. ვინ არიან ამ კომპანიის მესვეურები?

- ეს გახლავთ საერთაშორისო პროექტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს, მას პრაქტიკულად, „აჭარისწყალ ჯორჯია“ ახორციელებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ასეა ცნობილი, რომლის მთლიანი ღირებულება 500 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს არის სერიოზული ინვესტიცია. 

- კომპანიის უკან ვინ დგას?

- რა თქმა უნდა, სააკაშვილის ხალხი.

- დღესაც?

- აბა, რა. სააკაშვილის დროინდელი ენერგეტიკის მინისტრი თავიდანვე შვედების კომპანიაში მუშაობდა და ახლაც იქაური თანამშრომელია. შემდეგ მოვიდა კალაძე და ელოშვილი, ეს ერთი შეკრული წრეა მთლიანი და მას ვერაფერი დაარღვევს.  

- თამაზ, შუახევჰესის შენება 2011 წელს დაიწყო, ,,ოცნება“, რომელიც წინა ხელისუფლების  მიერ ჰესების მშენებლოებას და მათ მიერ გამოწვეულ ზარალს აპროტესტებდა, თავად აგრძელებს ამ პოლიტიკას, არა? კახი კალაძე ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის მინისტრი იყო, ოდესმე საპროტესტო აქციას თუ დასწრებია?

- 2013 წელს სოფელ ღურტაში საპროტესტო აქცია ტარდებოდა, მეტი წილი სოფლების მაცხოვრებელი ქალბატონები იყვნენ, აქციის გამო იქ აჭარის მთავრობის მეთაური, შსს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი და სპეცდანიშნულების რაზმიც კი იყო ასული. კახი კალაძე და მისი მოადგილე ელოშვილიც, სწორედ ამ უკანასკნელმა თვალით ანიშნა და მოსახლეობის დარბევა დაიწყო, დაზარალდნენ ქალბატონები, მსგავსი რამ აჭარაში არ მომხდარა, იყო პროტესტი, მაგრამ ის რომ ქალები ეცემათ, ასეთი არა.  

- საპროტესტო აქციაზე მისული ქალები ვინ დაარბია?

- აჭარის შსს სამმართველომ, რომელიც ადგილობრივი კადრებისგან შედგება, ალბათ, და რომელთაც იციან, რომ აჭარა განსაკუთრებულად ფაქიზი, სასაზღვრო რეგიონია და აქაურ მოსახლეობას სხვანაირი დამოკიდებულება სჭირდება. აქაური ხალხის წინაპრებს დიდი გზა აქვთ გავლილი ქართული ენის, ქართული მიწის შესანარჩუნებლად. თავიც ბევრჯერ გაუწირავთ და დღეს შენ ვიღაც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მოდიხარ და ბრძანებას გასცემ, უმწეო ქალები სცემონ. იმდენად დაიძაბა ვითარება, რომ იძულებულნი გავხდით მომხრეები შეგვეკრიბა და ადგილზე ავსულიყავით. ხულოსკენ მიმავალ გზაზე სპეცრაზმის თორმეტი მანქანა შეგვხვდა, მე მოვუწოდე, არავითარ შემთხვევაში ძალა არ გამოეყენებინათ, თორემ ყველაფერი შეუქცევად ხასიათს მიიღებდა და უმართავი პროცესების მართვა შეუძლებელი გახდებოდა. იყო იმაზე დიდი საშიშროება, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, შესაძლოა, ჩვენი მტრების პოზიციაზე წყალი დაესხა მსგავს ქმედებას. ასეთ დროს საჯარო მოხელე, სახელმწიფოს სამსახურში მდგარი, რომელიც ხალხმა აგირჩია და დაგსვა მაგ პოსტზე, უნდა ფიქრობდე მასშტაბურად, რომ შენი დაუდევრობით, გაუფრთხილებლობით ქვეყანა არ დააზარალო, მაგრამ ელოშვილს მაგის მონაცემები არ ჰქონდა. რა უნდა დაეშავებინა იმისთანა საკუთარ სოფელში მყოფ ქალებს, რომ მათ წინააღმდეგ პოლიციას ხელი აღემართა. ამ მსაკითხზე მერე კახი კალაძე ითხოვდა, მომეცით მტკიცებულება, რომ ელოშვილმა უბრძანა მომიტინგეების დახოცვაო. შე, დალოცვილო, რა მტკიცებულებას ითხოვ? იმაზე მეტი მტკიცებულება რა გინდა, შენი მოადგილე რომ დგას და უყურებს, როგორ არბევენ ქალებს. ეს ხალხი ამომრჩეველია, უნდა გზას გადაგიკეტავს და უნდა რაღაცას გეტყვის. შენ კი, სახელმწიფო მოხელეს თმენის ვალდებულება გაქვს. 

სიტყვის თქმაზე გამახსენდა და იცით, რა თქვა კომპანიის წარმომადგენელმა სხალთის მოსახლეობასთან შეკრებაზე? ეს წყლები იმიტომ დაშრა, რომ მსოფლიოში გლობალური დათბობის პროცესები მიდისო. ანუ საუკუნეების განმავლობაში წყაროს წყლები სოფლებს ამარაგებდა და ახლა თურმე ამ კომპანიის მიერ არასწორად წარმოებული აფეთქებების შედეგად კი არა, გლობალური დათბობის შედეგად გაქრა. 

- რამდენი სოფელია დაზარალებული?

- ხულოსა და შუახევში 12-15 სოფელია დაზარალებული, მთლიანობაში კი ეკოლოგიურ კატასტროფას ზემო აჭარა როგორ გადაიტანს, კაცმა არ იცის. აჭარის გეოლოგიური სამმართველოს ღვაწლმოსილმა სამთო ინჟინერმა ტარიელ ტუსკიამ როგორც კი გააპროტესტა და თქვა, ჩემთვის რომ ეკითხათ ჰესის მშენებლობას არ დავუშვებდიო, რადგან ზემო აჭარისთვის ასეთი პროექტები ძალიან სახიფათო და დამღუპველიაო, რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. 

- საბოლოოდ, ჰესი აშენდა?

- შუახევჰესი გასულ წელს აშენდა, პომპეზურად ჩატარდა მისი გახსნის ცერემონიალი, მაგრამ ჯერაც არ ამოქმედებულა, რადგან სერიოზული დარღვევები შეინიშნება, გვირაბიც ჩამოიშალა, მაგრამ მალავენ, არ ასაჯაროებენ ინფორმაციას, როგორ გასკდა ერთ-ერთი დამბა და წყალი დაიღვარა. სოფელ მახალაკიძეებში გვირაბში დასაგუბებლად წყალი გაყავდათ, ქვის ლოდი რკინის მავთულით ხეზე მიაბეს. 

- მესმის თქვენი, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...

- ხულოში სოფელ ყინჩაურში, მაღლობზე სამი ოჯახი იყო დასახლებული, განაცხადეს, რომ ეს სამი ოჯახი მეწყრულად საშიშ ზონაშია და უნდა გავასახლოთო. კი, მაგრამ იმ მაღლობის ქვემოთ გაშენებულ სოფელს რა უზამთ-თქო ვკითხე, მეწყერი რომელი მხრიდან აუვლის გვერდს მარჯვნიდან თუ მარცხნიდან-მეთქი? სულ თავში ირტყეს ხელი, ეს რა ვთქვითო, მაგრამ არც იმ კორტოხზე მდგარ ოჯახებს მიხედეს და არც ქვემოთ დასახლებულებს. სახალხოდ განაცხადეს, არავითარი საშიშროება არ არისო. 

- როგორც ჩანს, მოსახლეობასთან პასუხებში კომპანია აქტიურობს არა?

- კომპანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ტანდემშია, ზოგ სოფელში სოციალურ პროექტებს ახორციელებენ: არემონტებენ ბაღებს, სკოლებს, გზა გაჰყავთ, ეს გამგებელს პლუსში, საქმის გაკეთებაში ეთვლებოდა და აწყობდა კიდეც, ამიტომ, ადგილობრივი ხელისუფალი კომპანიის მხარეს იჭერდა, ვიდრე ხალხის, მაგრამ ჩემი აზრით, მას მერე რაც ჰესების პროექტების ცუდი მხარე გამოჩნდება, შედეგებსაც თავად დაინახავენ. კომპანია ხალხის საპროტესტო მუხტის ჩაცხრომაზეც აქტიურად მუშაობს. კარგი საშუალებაა ჭორების გავრცელება, აგორებული საპროტესტო ტალღის ლიდერების დისკრედიტაცია, მაგალითად ის, რომ მე თამაზ ბაკურაძე, ქულებს ვიწერ, როცა ამ თემებზე ხმამაღლა ვსაუბრობ. გარდა ამისა, ეკომიგრანტებს ხუთ, ათ, თხუთმეტ და ოცდახუთი ათასიან სოციალურ პროგრამებს სთავაზობენ, რომ გააჩუმონ. ეს კიდევ შლის და ანაწევრებს ერთობას ხულოსა და შუახევში, აგდებს საპროტესო მუხტს. სოფელ ყინჩაურში ხულოში, კატეგორიულად გააფრთხილეს, არ დათესოთ, არ მოხნათ, მძიმე კონსტრუქციის ნაგებობანი არ ააშენოთო. მაშ, რა ქნას ხალხმა, რითი გამოიკვებოს თავი?! 

- საქართველოში ჰესების ბიზნესი ერთგვარი მოდა გახდა?

- ჩვენი ქვეყანა ჰიდრორესურსებით მდიდარია, მაგრამ აქ მცირე ჰესებზე უნდა იყოს საუბარი და არა გიგანტურებზე. თუმცა, ეს იმდენად ხელსაყრელი ფულის საშოვნელი სფეროა, რომ მასზე უარს არ იტყვიან. 500-მილიონიანი შუახევჰესი ელექტროენერგიას თურქეთში გაყიდის, ახლა ამთავრებს მაღალი ძაბვის ხაზების გაყვანას. მაჭახელას პირის ზონიდან თურქეთში ენერგიის გადასაზიდად სახლების სახურავებზე უნდა გადაატარონ, მაღალი ძაბვის ხაზებს ხომ გამოსხივება აქვს, რაც ათასგვარ დაავადებებს იწვევს. არც იმაზე ფიქრობენ, რა კომპენსაცია უნდა გადაუხადონ იმ ოჯახებს, ვინც იძულებული ხდება სახლ-კარი მიატოვოს. მაგალითად, ბათუმში სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დადგენილებით, ხიხანის ქუჩაზე მიწის ღირებულება 34-დან 60 დოლარამდეა, მაგრამ მოსახლეობას 14 ლარს სთავაზობენ და კიდევ უკვირთ, ხალხი რატომ აპროტესტებსო. მოსახლემ რომ იჩივლოს, და მოხდეს ისე, რომ კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდეს, დავალიანებას 15 წლის მერე გადაიხდის. 

ამიტომაცაა ენერგომაატარებლების ბიზნესი ყველაზე მომგებიანი. მასში ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტებუია ჩართული, რომ ვერ მოვერევით. მოგებას ნახულობს კომპანია, ხალხი ზარალდება, პასუხს არავინ სცემს, იქით იმადლებიან, არ გვეკუთვნის და სოციალურ პროგრამებს ვახორციელებთო. უცხო ინვესტორმა ჩვენ ხარჯზე მილიონები უნდა აკეთოს და თავს გვამადლის. ჰესი 70 წლის მერე გადმოდის საქართველოს საკუთრებაში და ექსპლუატაციის 60 წლის ვადა აქვს. ასე გამოდის, ყველაფერი რღვევას რომ დაიწყებს, გასარემონტებელი რომ იქნება, ჩვენს ბალანსზე მაშინ გადმოვა. ახლა იმასაც მეტყვის ოპონენტი, რომ შუახევს სახელწიფო აღარ აფინანსებს და კომპანია ქონების გადასახადიდან დააფინანსებს, მაგრამ ეს მათთვის ხომ ხურდებია და მეტი არაფერი.  კომპანიას მოსახლეობის წინაშე მთელი პასუხისმგებლობა უნდა აეღო და ეკოლოგიურად დაზარალებული სოფლების და ხალხის ხარჯები გაეწია, ეს ყველაფერი პროკურატურის საქმეა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში მოვლენების ასეთი მიმდინარეობა არ ხდება. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. 

- ,,ოცნების“ პასუხისმგებლობაზე რას იტყვი?

- მე არ ვიცი, რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როცა „ოცნება“ მთელი შემადგენლობით ესწრებოდა შუახევჰესის პრეზენტაციას. „ოცნებელი“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე, რომელიც ორჯერ „ნაციონალების“ წარმომადგენელი იყო რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში. მონაწილეობდა კიდეც ხალხთან მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ ეს ვერაფერს ცვლის. ალბათ, „ოცნებაზე“ უფრო მაღალი პარტიაც არსებობს, რომელიც ამ ყველაფერს წყვეტს, ჩვენ რას გავიგებთ?!

- როგორც ამბობენ, ქობულეთში კინტრიშის პირზეც შენდება ჰესი, არ გამიგია, რომ ხალხის საპროტესტო ხმა ისმოდეს. 

- სამაგიეროდ, ხულოში, სოფელ წაბლანაში დიდი საპროტესტო ტალღა აგორდა, როცა გაიგეს, რომ მდინარე უნდა დაგუბებულიყო და ბევრი ოჯახი სავარგულებს დაკარგავდა, მთავრობა შეაშინა პროტესტმა, აქციის ლიდერები დაიბარეს და შეპირდნენ, რომ მათთვის საცხოვრებელი სახლები აშენდებოდა. მართლაც, წაბლანას მოსახლეობისთვის, კერძოდ 208 ოჯახისთვის ბათუმში საცხოვრებელი ბინები აშენდა. ხალხის ერთიანობა ბევრს ნიშნავს, იქ სადაც ჭორებს არ აყვენ, შედეგიც მიიღეს, ხალხმა კიდევ ბევრი რამ არ იცის. ხალხმა უნდა მიიღოს ის, რაც კანონით ეკუთვნის, უნდა მივაღწიოთ იმასაც, რომ საერთაშორისო კანონმდებლობით მსგავს სიტუაციაში, საერთაშორისო ვალუტაში - დოლარსა და ევროში მიიღონ კომპენსაცია. ასე ითხოვს კანონმდებლობა, მაგრამ ვინ ასრულებს?! 

წყარო: meotkhe.ge  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია