მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჰერები დედასამშობლოს დამოუკიდებლობის ას წლისთავს ულოცავენ - 09 აგვისტო 2018

საინგილოში ქართულ სკოლებს დახურვა ემუქრება

ufleba.ge

ძირძველი ჰერები (ინგილოები) დედასამშობლოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ას წლისთავს ულოცავენ. „ufleba.ge-საღნიშნული მიმართვის ტექსტი მოგვაწოდეს და მას უცვლელად გთავაზობთ:

- მთელი გულით გილოცავთ ძირძველი ჰერები, დედა-სამშობლოვ, ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ას წლისთავს!

ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

როგორც მენშევიკი ვალოდია გოგუაძე ავარდა ამ დღეს მთაწმინდაზე და სიხარულისგან ლამის გაგიჟებულმა ეკლესიის ზარები დააგუგუნა, ასევე ჩვენს გმირ წინაპრებს უხაროდათ საქართველოს დამოუკიდებლობა. შემთხვევითი არ არის, რომ ნოე ჟორდანიას მთავრობა საინგილოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა.

ჰერებს არასოდეს დაგვავიწყდება 1991 წლის 9 აპრილი, საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ ეროვნული დამოუკიდებლობის აქტის საზეიმოდ მიღება. ამ დღეს მთელი საინგილო სულგანაბული ზვიად გამსახურდიას ვუსმენდით, სიხარულიგან  ვტიროდით და ვლოცულობდით ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის გაბრწყინებისთვის.

გასაკვირი არ არის, რომ უახლეს ისტორიაში, დედა-სამშობლოსგან ყველაზე ძლიერი თანადგომა ჩვენმა კუთხემ სწორედ ეროვნული ხელისუფლების ხანმოკლე მმართველობისას მიიღო.

შემდეგ იყო ბედის გამრუდება, თბილისის ძმათამკვლელი ომი, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამხედრო დაპირისპირებები. ჰერები ყოველთვის სამშობლოს სადარაჯოზე იდგნენ. ერთ-ერთი ნათელი სიმბოლო, 2008 წლის აგვისტოს უთანასწორო ომში გმირულად დაღუპული კაპიტანი ერეკლე ყულოშვილია.

საინგილოში ერეკლეს გმირობის ისტორია რომ მოუსმენიათ, უთქვამთ, - ტყუილად ხომ არ დაურქმევიათ მისთვის ჩვენი სახელოვანი მეფის სახელიერეკლედღეს ჰერეთში ბავშვებს ერეკლე ყულოშვილის მაგალითზე ზრდიან და ... - კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი!

დიდი ხნის განმავლობაში სამშობლოსგან მოწყვეტამ ჰერეთი უამრავი მტკივნეული პრობლემის წინაშე დააყენა. რომ არ მოგაწყინოთ, მოკლედ გავამახვილებთ ყურადღებას უმთავრესზე, რომლის გადაწყვეტასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს:

1. ზაქათლისა (ალიაბადი-ისტორიული ელისენი და მოსული) და ბელაქნის (ითითალა) ქართულ სოფლებში, საშუალო სკოლების ქართული სექტორები დახურვის საფრთხის წინაშე დგანან. 12-ათასკაციანი დაბა ალიაბადის 4 საშუალო სკოლიდან ქართული სექტორი მხოლოდ ერთში (ქურას დასახლება) არის შემორჩენილი. წლებია სკოლებს არ მიეწოდება ქართული სახელმძღვანელოები, პედაგოგებს არ უტარდებათ ტრენინგები, თბილისში ინგილოთა მოსამზადებელი კურსები (თსუ-სთან არსებული) გაუქმებულია და ..

აქ უმრავი მიზეზია, რამაც მეტად არასახარბიელო მდგომარეობამდე მიგვიყვანა. თუ ამ სოფლებში ქართული სექტორები გაუქმდება, ეს ზედ საქართველოსთან საზღვარზე მცხოვრები 25 ათასზე მეტი მაჰმადიანი ქართველის სრულ ასიმილაციას გამოიწვევს. თვალსაჩინო მაგალითი მეზობელი სოფლებია, სადაც დღეს ქართულ ენაზე მხოლოდ ღრმად მოხუცებულები საუბრობენ.

2. წლებია ჰერეთში (საზღვარზე), მხარეთა შეუთანხმებლობის გამო ქართული სახელმძღვანელოების ღიად გადატანა ვერ ხერხდება. ვინც ამის გაკეთებას ფარულად მოისურვებს, შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დადგეს.

ასევე, მშობლებს საქართველოს ბანაკებში გამოსაგზავნად, ბავშვების ლაგოდეხში გადმოყვანა და ორგანიზატორებისთვის იქ ჩაბარება უწევთ.

3. ასევე, წლებია ზაქათლისა და ბელაქნის ქართველებს ბავშვებისთვის ქართული სახელების დარქმევა ეკრძალებათ. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ჰერელები ისტორიული ქართული გვარების აღდგენას თბილისშიც კი ვერ ახერხებენ.

4. სამწუხაროდ, საქართველოში ყველანაირი სასწავლო-სამედიცინო შეღავათები გაუქმებულია ჰერეთის ქართველების მიმართ.

5. ბაქოში, საქართველოს საელჩოში არცერთი წარმოშობით ჰერელი არ მუშობს, რომელიც დღენიადაგ კუთხის პრობლემების შესწავლითა და გადაწყვეტით დაკავდებოდა. პრობლემების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.   

ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება დროულად უნდა ჩამოყალიბდეს, რა ტიპის ახალი პოლიტიკა აწარმოონ ჰერეთის, იქ მცხოვრები ქართველების მიმართ. რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, რომ მაქსიმალურად ხელშემწყობი ნაბიჯები გადაიდგას, რათა იქაურებმა თავი მიტოვებულად არ იგრძნონ. ამ დროს ქვემო ქართლის წარმატებებმა მეგობრობის ხიდის როლი უნდა შეასრულოს და არა პირიქით.

ისედაც, საქართველო-აზერბაიჯანის თვალსაჩინო სტრატეგიულ მეგობრობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს და თანამემამულეთა პრობლემები სწორედ აღნიშნული მტკიცე პარტნიორობის კონტექსტში უნდა გადაწყდეს. 

თუკი ვინმე იტყვის, რომ ჰერეთისთვის თანადგომას, მისი პრობლემების გაზიარებას დღევანდელი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მაშინ ქვა პირველმა ისროლოს.

ხე ფესვებიდან იწყება და ერთიანი ქართული ფესვები ჰერეთში რეალური საფრთხის წინაშეა. საფრთხე იოანე ზოსიმეს ენის დავიწყებისა, კუთხის დაკარგვისა, სადაც ყოველი ქვა საქართველოს დიდ წარსულზე ღაღადებს.

ღმერთი იყოს საქართველოს და დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის მფარველი,

კიდევ ერთხელ გილოცავთ!

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია