მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან - 30 ოქტომბერი 2018

ისეთი განცდა მაქვს, რომ ყველა დიდი შესვენების პერიოდში ვიმყოფებით“

ufleba.ge

რას ნიშნავს ჩვენთვის არჩევნები და საერთოდ პიროვნული არჩევანი, რატომ არ იცის მოქალაქემ რა სურს ხელისუფლებისგან, ეს არცოდნა რა კონკრეტულ შედეგებს იწვევს, სად არის გამოსავალი, ამ კითხვებით „ufleba.ge-მ“ „მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტისდამფუძნებელს, ფსიქოლოგ ნონა ხიდეშელს მიმართა.

- ბოლო დროს არჩევნების საკითხს ფსიქოლოგიურ ჭრილში განვიხილავ. რამდენი ხანია თითქოს დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესი გვაქვს და სულ ვიღაცას ვირჩევთ, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი იცვლება. ყველა ხელისუფლებას გარკვეული იმედგაცრუება მოაქვს.

იცით, ამ ყველაფრის რა ჭრილში ყურება დავიწყე? ისეთი განცდა მაქვს, ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან. ქუჩაში რომ ადამიანი გააჩერო და კითხო, რას ელოდება მომავალი კენჭისყრისგან, პასუხად ზოგად ფრაზებს გაიგონებთ.

მაგალითად, ადამიანს კარგი ცხოვრება უნდა, მაგრამ რა არის ეს კარგი ცხოვრება? როგორ წარმოგვიდგენია, ესა თუ ის ხელისუფლება სათვეში უნდა მოვიდეს და ასეთი ცხოვრება შექმნას? როგორი უნდა იყოს პროცესში ჩვენი ჩართულობა? როგორი კომპეტენციის ადამიანები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, მათ მოღვაწეობას კონკრეტულად უნდა ვიცნობდეთ თუ არა? ან როდესაც ცალსახად ნდობას ვუცხადებთ, ამას რის მიხედვით ვაკეთებთ? კარგია, კეთილია, ლამაზი თვალები აქვს, ცნობილი დემაგოგია თუ რის გათვალისწინებით?

ეს შეკითხვები ხშირად მაწუხებს (რაზეც პასუხი არ გვაქვს) და ვფიქრობ, მთელი ეს პროცესი გაუაზრებელი და ჩამოუყალიბებელია. ჩვენ არჩევანს ლოზუნგების დონეზე ვაკეთებთ და ამ პარადიგმას ვერ გავცდით. საარჩევნო პროცესი აშკარად უკეთესის სურვილს გვიტოვებს.

ვთქვათ, ვიღაც რაღაცას გვპირდება, მაგრამ არის კი ეს შესაძლებელი, რასაც ეს კონკრეტული პიროვნება თუ პოლიტიკური ძალა მპირდება? ფიზიკურად თუ არის შესაძლებელი ამის შესრულება? ან საერთოდ რა  უნდა მას?

ახლა, საპრეზიდენტო არჩევნებია და ყველამ კარგად ვიცით, რომ მას უფლებები შეკვეცილი აქვს. პრაქტიკულად, ქვეყანაში სიმბოლური ფიგურაა, მეტი არაფერი. მაინც  ყურადღება მიაქციეთ, ეს პრეზიდენტობის კანდიდატები საოცარ დაპირებებს იძლევიან. მოსახლეობის უმეტესობა კი ასეთ დაპირებებს სრული სერიოზულობით უსმენს, სავარაუდოდ, სჯერა კიდეც ამის.

მგონია, რომ ყველას უფრო რეალობის განცდასთან გვაქვს პრობლემა. ჩვენ პრაგმატული ხედვა არ გვაქვს. ამ ქვეყნის მოქალაქეები ისევ ინფანტილურ ასაკში ვართ. შესაბამისად, მორიგი არჩევნების შემდეგ არაფერიც არ იცვლება. არ ვიცით, რა მოლოდინები გვაქვს და არც არავის პროგრამა გვაინტერესებს. ისიც არ ვიცით, იმ პროგრამაში რა უნდა ეწეროს და მე რა მჭირდება, რომ უკეთ ვიყო, საერთოდ, რა სჭირდება სახელმწიფოს, რომ უკეთესად იფუნქციონეროს.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი ელემენტარულად გაააზრებული არ გვაქვს და შედეგსაც სათანადოს ვიმკით. 

- რატომ არ იცის მოქალაქემ რა სურს ხელისუფლებისგან?

- მთავარი მიზეზი გაუცნობიერებელი ცხოვრებაა. დიდი უმრავლესობისთვის, რომელმაც ასაკობრივად კომუნისტურ პერიოდში გამოიარა, ჯერ კიდევ აპრიორულად მოცემული ჭეშმარიტებაა, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ხელისუფლება უნდა წყვეტდეს. მთელი 70-წლიანი პერიოდი იყო, როდესაც ამას კრემლში პარტია წყვეტდა. დღესაც მსგავსი მოლოდინები აქვთ, რომ ეს ტიპები სადღაც შევლენ, დასხდებიან და საოცრებებს მოახდენენ. ეს ერთი მომენტია.

მეორეა, რომ ზოგადად არ ვიცით, რა გვინდა. ხშირად ჩემთან მოსულ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს ვეკითხები, - რა გინდა, რას ელოდები ცხოვრებისგან? პრინციპში, აქ ძალიან ჩამოუყალიბებლები ვართ.

საერთოდ არც გვესმის, როგორ შენდება და ყალიბდება ქვეყნის პოლიტიკური ან ეკონომიკური ცხოვრება. იცით, პროგრამას რატომ არ ვკითხულობთ? ზოგადად, ეს ჩვენთვის გაუგებარია და არც ამაში გარკვევის დიდი სურვილია. პოლიციის, ბანკების რეფორმა ყვირის და ეს მეტ-ნაკლებად გასაგებია, მაგრამ თუნდაც არჩევნების კონტექსტში კონკრეტულად სად რა უნდა შეიცვალოს, არავინ იცის.

ყველა თვალსაზრისით პროფესიონალების სიმცირე გვაქვს. ყველა სფეროში დეფიციტი გვაქვს აზროვნების, სახელმწიფოებრივი გამოცდილებაც ნაკლებია და ესენი ერთმანეთს ემატება. 

ბიზნესმენი რომ ავიღოთ საქართველოში, თუ გნებავთ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რამდენი პროცენტია ვინც ფული ნამდვილად საკუთარი უნარით იშოვა? სადღეისოდ, შემდგარი ბიზნესნენები არის ხალხი, რომელმაც 90-იან წლებში გარკვეული მაქინაციებით დიდი ფული იშოვა. ანუ, რეალურად ბიზნესსექტორშიც არ ვიცით, რა ხდება. ნული კლასიდან მოყოლებული არაფრის სწავლა არ დაგვიწყია. სავარაუდოდ, ამიტომაა, რომ ქვეყანა ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ.

ალბათ, გვჭირდება წლები, გამოცდილება, ყველა სფეროში უფრო მეტი განათლება. ფინანსებს ფინასისტები უნდა განიხილავდნენ, ეკონომიკურ სფეროს ეკონომისტები, პოლიტიკოსობაც ხომ ის არ არის, რასაც შენ მარტო უნივერსიტეტში ისწავლი. ესეც გარკვეული სახელმწიფოებრივი გამოცდილებიდან მოდის. ჩვენ საერთაშორისო სარბიელზეც სიმბოლური მნიშვნელობის ქვეყანა ვართ და ასეც გვიყურებენ. ამ თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემები გვაქვს.

როგორც აღვნიშნე, ისიც კი არ ვიცით, პირადად რა გვინდა, რას ველოდებით ცხოვრებისგან, არათუ გლობალურად სახელმწიფოსგან. საერთოდ, სახელმწიფოს ეს განცდაც ჩვენთის უცხოა.

- როდესაც ისიც არ ვიცით რა გვინდა, ეს რა შედეგებს იწვევს?

- ხედავთ რა შედეგებიცაა, ეკონომიკურად მუდმივად გაჭირვებული მდგომარეობა გვაქვს. რაღაც პროცენტი ახერხებს ნორმალურ ცხოვრებას. კატასტროფულად დაბალი ხელფასებია ქვეყანაში, მათ შორის კერძო სექტორში. მუდმივად შეუსაბამობაა არსებულ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს შორის.

პოლიტიკურ არენაზე პრაქტიკულად ვერცერთი პრობლემა ვერ მოვაგვარეთ, მათ შორის ტერიტორიებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან დაკავშირებით. დღეს ჩვენი აზრი მსოფლიო პოლიტიკაში არავის აინტერესებს. მუდმივად ილუზიებს ვიქმნით მეგობარ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, მაგრამ შედეგები მიზერულია.

შესაბამისად ისე ვცხოვრობთ, რომ ალბათ ყოველ მესამე ქართველს აქედან წასვლა, გაღწევა უნდა. ყველა დაიღალა და ცდილობს განვითარებულ ქვეყანაში ჩავიდეს, რომ ელემენტარული ადამიანური უფლებები უზრუნველყოფილი ჰქონდეს, - ჯანდაცვა, მოქალაქეობრივი უფლებები ჰქონდეს, რომ თავი ადამიანად იგრძნოს.

აი ეს არის ჩვენი რეალობა, სამწუხაროდ არაფერი არ იცვლება და სიღარიბეში ვრჩებით.  ამ ფონზე, ყველა სფეროში გაყინულები ვართ, სპორტით დაწყებული, ხელოვნება, მეცნიერება და რასაც ვაკეთებთ, ამას ხლაფორთი ჰქვია, მეტი არაფერი.

- გამოსავალი სად არის?

- მიდგომები გლობალურად შესაცვლელი გვაქვს. ეს გამოუვალი მდგომარეობა ჩვენმა სოციო-კულტურულმა, ტრადიციულ-რელიგიურმა აზროვნებამ შვა. თვალდახუჭული მინდობა ღმერთზე, ბელადზე, მასწავლებელზე, მამაო-დედაოზე, ფილოსოფოსზე და .. მშობელი, რომელიც შვილს საშულებას არ აძლვს, რომ დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთოს, იფიქროს, იწვალოს და რამეს ასე მიაღწიოს.

ხანდახან მგონია, რომ ჩვენ ხალხს საერთოდ აღარაფერი უნდა. რაღაც მოდუნებულები ცხოვრობენ, რომ თვიდან თვემდე საჭმელი და რაღაც ელემენტარული ჰქონდეთ.

ასევე, მაფიქრებს ახალგაზრდების ნარკოტიკებისადმი ძალიან გაუაზრებელი ლტოლვა, რადგან ესეც რეალობიდან გაქცევაა და სხვას ვერაფერს დავარქმევთ. ესეც იმას ნიშნავს, რომ შენ უკვე აღარაფრის კეთება აღარ გინდა, უბრალოდ .. კაი ცხოვრების შეგრძნება გსურს.

შრომას უნდა მივეჩვიოთ, ახალგაზრდები ელემენტარულად მოტივირებული უნდა იყვნენ და ეს მოტივაციებიც არ ჩანს. აქ სკოლის პრობლემა დგას, რომელიც ასევე ყველანაირ მოტივაციას კლავს. ისევ ეს ნიშნები და არაფრისმთქმელი შეჯიბრებები, ამ დროს, ნოვაციები ნაკლებადაა წარმოდგენილი. თითქოს გამომგონებლობის, კრეატიულობის უნარი დავკარგეთ.

ვუყურებ ახალგაზრდებს და უკვე დაღლილები არიან, არაფერი აღარ უნდათ. ამ უმაღლეს სასწავლებლებს ამთავრებენ და მერე მათ ცხოვრებაში არაფერი აღარ ხდება. აი ეს რაღაც შენ თავად უნდ შექმნა. ამ დროს, არ არის ფული, მოტივაცია, რომ სპორტში, ხელოვნებაში ჩაიდოს, ახალგაზრდებს მოტივაცია მიეცეთ, რამე ღირებული გააკეთონ. 

ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც დიდი შესვენების პერიოდში ვიმყოფებით. ეს აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს ეხება.

მერე უაზრო დამოკიდებულება და მორჩილებაა რელიგიისადმი, იქნებ რამე შეცვალოს ღმერთმა და მუდმივად სასწაულის მოლოდინში ვიმყოფებით. რელიგიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ თითქოს ყველას საკუთარ დღევანდელობასა და მომავალზე პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს. აზროვნების დეფიციტია, რომ განსაზღვრონ მაინც, ვის რა უნდა. ადამიანი ხშირად იმასაც ვერ ხვდება რა მოწონს. და თუ მოეწონა, მას ან ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს ამით დაკავდეს, ან უბრალოდ მშობელი არ თვლის, რომ ეს აქტუალურია და მომავალში მომგებიანი საქმე იქნება.

მოკლედ, რეალობას აცილებული ხალხი ვართ და გამოსავალზე რა გითხრათ. მე ჩემ ცხოვრებაში გარკვეული გამოსავალი ვიპოვე, - მივხვდი, რომ უპირველესად საკუთარი თავი უნდა შემესწავლა, საკუთარი თავი უნდა მეპოვა თუ აღმომეჩინა და, საეროდ, საკუთარი უნარები უნდა გამერკვია.

ალბათ, ყველა ადამიანმა ეს უნდა გააკეთოს, - კარგად გაარკვიოს რა შესაძლებლობები გააჩნია და უკვე ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე გაბედულად იმოქმედოს.

ასევე, ამ უნარებით უნდა მოხდეს სხვადასხვა პოზიციებზე ადამიანების შერჩევა და არა ამ ყბადაღებული ნეპოტიზმით, რომელიც პრინცპში კლავს ამ ქვეყანას; რადგან სადაც კი შეხება მქონია, ნებისმიერ სფეროში სერიოზული დილეტანტიზმია. როგორ დავიჯერო, რომ ნორმალური პერსონალი არსად გვყავს, უბრალოდ, ყველგან ყველაფერი არეულია.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია