მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სოსო ცინცაძე: დღემდე არცერთ მმართველ პარტიას ასეთი არაპოპულარული კანდიდატი არ ყოლია - 05 ნოემბერი 2018

ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კამპანიის დროს ასე არ გამოჩენილა და არ დაუხარჯავს ამდენი ენერგია, რასაც ამ ქალის გაპრეზიდენტებისთვის ხარჯავს

ufleba.ge

(ინტერვიუ ჩაწერილია საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე, ვაქვეყნებთ საგულისხმო აქცენტების გამო)

რა მთავარი დამახასიათებელი ნიშნები ახასიათებდა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას, რა შთაბეჭდილებას ტოვებდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიები, არის თუ ეს ბოლო კენჭისყრა წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ, ამ ყველაფერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თუ უნდა მოყვეს, - აღნიშნულ საკითხებზე „ufleba.ge“ „დიპლომატიური აკადემიისრექტორს, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრება:

- ბატონო სოსო, საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიიდან რა მთავარ ნიშნებს გამოყოფდით?

- მთავარი სიახლე გრანდიოზული, სუპერტყუილია, რაც სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობაზე, მის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კანდიდატურაზე შეიძლება ითქვას.

ახლა, ადმინისტრაციული რესურსის, გაყალბების რაღაც ფორმების გამოყენება, ფულის დარიგება, მოსყიდვები ადრეც იყო და მეტ-ნაკლებად ყოველთვის გვინახავს. ვთქვათ, შევარდნაძის და შემდგომი მთავრობების დროსაც. მაგრამ ასეთი მამალი ტყუილი არასოდეს გვინახავს, როდესაც მმართველი პარტია თავის კანდიდატზე ამბობს, რომ ის დამოუკიდებელია.

რომელ დამოუკიდებლობაზე შეიძლება ლაპარაკი, თუ მას საბავშვო ბაღის მოწაფესავით რიგრიგობით პარლამენტის წევრები დაატარებენ. როგორც ჩანს, ამისთვის რაღაც გრაფიკია შედგენილი, კონკრეტულ შეხვედრაზე რომელი პარლამენტარები წყვილ-წყვილად უნდა გაყვნენ.

გუშინ სალომეს გვერდით ერთი იყო, გუშინწინ კიდევ სხვა, ორ შეხვედრაზე ერთი და იგივე ხალხი არ უნდა იყოს წარმოდგენილი და .. მადლობა ღმერთს, ქართულ ოცნებას პარლამენტში ასზე მეტი დეპუტატი ჰყავს და ყველა შეხვედრაზე გასაყოლი ხალხი ყოფნის. აქ მთავარი ესაა.

მეორე საკითხია, დღემდე არცერთ მმართველ პარტიას ასეთი არაპოპულარული კანდიდატი არ ყოლია. იყო ზვიად გამსახურდია, პირველი არჩევნების წინ სააკაშვილი, შევარდნაძე თავის დროზე, ასევე ივანიშვილი, ამ თვალსაზრისით ყველას რაღაც პოპულარობა ქონდა, ზოგს მეტი, ზოგს კიდევ ნაკლები. მაგრამ ასე მინუსებში წასული არაპოპულარობა არცერთ პარტიას არ ახასიათებდა.

შემდეგ, ასეთი ძვირადღირებული კანდიდატი არცერთ პოლიტიკურ ძალას არასოდეს ყოლია. მხოლოდ ბილბორდებით რომ ვივარაუდოთ, რამდენი მილიონი დაუჯდება ხელისუფლებას ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, თუ ეს მოხდა. ამიტომ ეს ყველაზე ძვირადღირებული პროცესია.

ალბათ, ივანიშვილის ბიზნესმენურ კარიერაში ეს ყველაზე წამგებიანი ინვესტიცია იქნება, როდესაც გამოცდილი ბიზნესმენი ასე ძვირად ყიდულობს ჩამოწერილ, მეორადი მოხმარების საქონელს. საარჩევნო პროცესის რამდენიმე სიახლე ეს არის, ისე ბევრი რამ ხდება და მე ყველაზე თვალშისაცემზე ვსაუბრობ.

- სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობას ხალხი რამდენად დაიჯერებს?

- აბსოლუტურად არავის სჯერა, მის მიმართ უნდობლობა ტოტალურია. ჯერ კიდევ პარტიული მხარდაჭერის ოფიციალურად გამოცხადებამდე იმედოვნებდა, რომ მმართველი ძალა მხარში დამიდგებაო. მისი უპარტიობა ფორმალობაა, რეალურად სუპერწევრია, ასჯერ მეტად, ვიდრე ქართული ოცნების წევრი ნებისმიერი ჩინოვნიკი. იმიტომ, რომ პარტიის მხრიდამ ასჯერ მეტი მხარდაჭერით სარგებლობს. მეტი რაღა უნდა იყოს? ოცნება მასზე ფულს, თავის ადმინისტრაციულ რესურსს ხარჯავს და ..

ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კამპანიის დროს ასე არ გამოჩენილა და არ დაუხარჯავს ამდენი ენერგია, რასაც ამ ქალის გაპრეზიდენტებისთვის ხარჯავს. აქ რომელ დამოუკიდებლობაზე შეიძლება საუბარი. ეს ზღაპარი უკვე დამთავრებულია და ამ ყველაფერს  პარტიისთვის სერიოზული რეპუტაციული დანაკარგი უკვე მოყვა.

- ოპოზიციის საარჩევნო კამპანია რა შთაბეჭდილებას გიტოვებთ, ძირითად მოთამაშეებს ვგულისხმობ...

-  პოლიტიკური ოპოზიციის ასეთ აქტიურობა, თუ გნებავთ წინასაარჩევნო კამპანიაში შთამბეჭდავი შედეგები ხალხის შეკრების, სავსე დარბაზების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი სწორედ მმართველი პარტიის კანდიდატის არაპოპულარობით არის განპირობებული; რადგან აქ ხალხს კიდევ ერთხელ არჩევანის გაკეთება უწევს ცუდსა და უარესს შორის. ჩვენში ისევ უარეს ცუდს ირჩევენ.

შეიძლება ვაშაძე და ბაქარაძე ხალხში დიდი სიმპატიით არ სარგებლობენ, მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან შედარებით ასეთ მძაფრ ანტიპათიას არ იწვევენ. თუ გნებავთ იმიტომ, რომ ისინი საჯაროდ არ აცხადებენ, ომი საქართველომ დაიწყოო. ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, ქართველი უფლისწულებიდან მოყოლებული,  პრეზიდენტობის, პერემიერობის, თუ გნებავთ პარლამენტის წევრობის კანდიდატებიდან რომელიმე აცხადებდეს, რომ ომი მისმა სამშობლომ დაიწყო. დღემდე ასეთი რამ არ ყოფილა.

საერთოდაც, მსგავსი რამ მსოფლიო ისტორიაშიც იშვიათად მახსენდება. უბრალოდ, როდესაც ომი დამთავრდა, დენაციფიკაციის პროცესში გერმანელებმა აღიარეს, რომ ჰიტლერი დამნაშავე იყო. თუმცა პირველ მსოფლიო ომში გერმანიამ არ აღიარა, რომ მხოლოდ ის იყო დამნაშვე და მარტო მან დაიწყო ეს ყველაფერი.

ამიტომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პოლიტიკოსობაზე პრეტენზიების მქონე ადამიანი მსგავსი განცხადებებით გამოდის. თუმცა ზურაბიშვილი არც პოლიტიკოსია და არც დიპლომატი.

- ვაშაძისა და ბაქრაძის საარჩევნო კონკურენტობა რამდემად გამართლებულია?

- ყველაფერი შედარებითია. მთავრობის კანდიდატი რომ ყოფილიყო იგივე ზურაბ აბაშიძე, თუ გნებავთ სოზარ სუბარი, ნებისმიერი ვინც უნდა ყოფილიყო, არც ვაშაძეს და არც ბაქრაძეს ასეთი წარმატების იმედი არ ექნებოდათ. სწორედ ზურაბიშვილის კანდიდატურამ ისინი რეალურ პრეტენდენტებად აქცია.

ვაშაძისა და ბაქრაძის ცალ-ცალკე გამოსვლა პირველ ტურში მათ მდგომარეობაზე რასაკვირველია უარყოფითად იმოქმედებს, რადგან ხმები გაიყოფა. მაგრამ თუ მეორე ტური იქნება, ისინი გაერთიანებული ძალებით გამოვლენ.

- არის თუ ეს არჩევნები წინგადადგმილი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე?

- ამაზე შედეგებით ვიმსჯელებ. თუ სალომე ზურაბიშვილი გავიდა, ეს უკანგადადგმული ნაბიჯი გამოვა. თუ რომელიმე ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს ყველა ვარიანტში მაინც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება; რადგან ოპოზიციის გამარჯვების პირველი შემთხვევა დაფიქსირდება უკანასკნელ ექვს-შვიდ წელიწადში.

რეალურად კი, ეს ოპოზიციონერი პრეზიდენტი დიდად ვერაფერს შეცვლის. პირდაპირ რომ ვთქვათ, ვერც საგარეო-პოლიტიკურ კურსს, საშინაო პოლიტიკას, ვერც რომელიმე კანონის ლობირებას, ვერც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას მოახერხებს.

დემოკრატიის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციის გამარჯვების ხილული პრეცედენტი გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა გააჩნია.

- თუ ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს, ამას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თუ უნდა მოყვეს?

- ამას გამოვრიცხავ. ამ პროცესში პრეზიდენტს უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ოცნებამ ასეთი შეცდომები კიდევ დააგროვა, თავისივე წიაღიდან წამოვა უკვე აღნიშნული იდეა, რომელთანაც პრეზიდენტის ფიგურას, პიროვნებს არანაირი კავშირი არ ექნება.

იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თუ ეს იდეა ოცნების წიაღიდან წამოვიდა, პირველი ამას სალომე ზურაბიშვილი მხარს დაუჭერს, თუ რა თქმა უნდა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია