მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით მესხიშვილი: ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების „ტეხასმოტრი“ დააბრუნა! - 13 ნოემბერი 2018

რატომ შეუჩერდა ავტომობილების ტექდათვალიერების 10 ცენტრს საქმიანობის ლიცენზია?

ufleba.ge

ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების 10 ცენტრს საქმიანობის ლიცენზია შეუჩერდა. მიზეზი მათ მიერ გაცემული ყალბი ცნობები იყო, რომელთა მიხედვითაც, ავტომობილებმა ტექდათვალიერება უპრობლემოდ გაიარეს. ახლა კი გაირკვა, რომ ამ სატრანსპორტო საშუალებებს ვიზუალური და ტექნიკური დაზიანებებიც ჰქონდათ.

ცენტრის სპეციალისტები შესაძლოა ქრთამსაც იღებდნენ. მსგავსი შემთხვევები თბილისის გარდა, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში გამოვლინდა. ამ ფაქტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ახლა უკვე ექსპერტიზებს ატარებს.

ტექდათვალიერების ცენტრების ასოციაციაში ცენტრებისთვის საქმიანობის შეჩერება, ვიდრე დადგინდება, რა სახის დანაშაულია ჩადენილი, არასწორად მიაჩნიათ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფაქტების სამართლიან გამოძიებას ითხოვს.

თავის მხრივ, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კორუფციასა და მონოპოლიზაციის მცდელობაზე ლაპარაკობენ.

ავტომობილების ტექდათვალიერება უკვე მესამე ეტაპზეა. შემოწმებას მსუბუქი კატეგორიის 3 ათასი კუბური სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავების ავტომობილების გადიან. პირველი იანვრიდან შემოწმება მსუბუქი კატეგორიის ყველა ავტომობილმა უნდა გაიაროს.

ამ თემაზე „ufleba.ge“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს“ დავით მესხიშვილს ესაუბრება: 

- ეკონომიკის სამინისტრომ 80-90-იანი წლების „ტეხასმოტრი“ დააბრუნა! სწორედ  სამინისტროა პასუხისმგებელი იმ კორუფციულ ფაქტებზე, რაც ინსპექტირების ცენტრებში დაფიქსირდა. ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის მთავარი მიზანი გამონაბოლქვისა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება იყო. საბოლოოდ კი ამას ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უნდა გადაერჩინა. 

შეგახსენებთ, რომ ინსპექტირების განხორციელებისა და ჰაერის გაჯანსაღების ვალდებულება აღებული გვქონდა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებითაც და, ამასთან ერთად, შესასრულებელი იყო არაერთი ევროდირექტივა. დღეს უკვე ნათლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი ფურცელზე დარჩა განუხორციელებლად. 

როდესაც ვთქვი, რომ ინსპექტირების პროექტი ჩავარდა, ეს უბრალოდ ხმაურიან განცხადებად მოინათლა. დიახ, დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ჩააგდო სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების უმნიშვნელოვანესი პროექტი. მიზეზი? მენეჯმენტის არარსებობა, არაკომპეტენტურობა და სავარაუდო კორუფცია! თუმცა რაღა სავარაუდო?

კარგია, რომ ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა ის ფაქტები, რაზეც ჩვენ ბოლო ერთი თვეა აქტიურად ვსაუბრობთ.

- ჩავარდნილი ინსპექტირება რა შედეგებს იწვევს?

- როგორც აღვნიშნე, ინსპექტირების მხარდაჭერისას სამი ძირითადი მოტივაცია გვქონდა. პირველი, ჰაერის დაბინძურება შემცირებულიყო, რაც მოგეხსენებათ მნიშვნელოვანი პრობლემაა. მეორე - ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება და მესამეა ვალდებულებები, რომელიც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული გვაქვს. ამავე დროს, არის ევროდირექტივები. 

ანუ, სამი უმნიშვნელოვანესი პოზიციაა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო. მათმა ჩაგდებამ საბოლოოდ რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო. იანვრიდან დაწყებულ პირველივე ეტაპზე (მიკროავტობუსები, ავტობუსები, სატვირთოები) უამრავი ნაკლოვანება აღმოჩნდა. ასევეა მეორე ეტაპზე, როცა ინსპექტირება იურიდიულ პირებზე რეგისტრირებულმა ავტომობილებმა უნდა გაიარონ. ამ დროს, მესამე ეტაპიც უკვე ძალაში შევიდა (3 ათასი კუბური სანტიმეტრის ან მეტი მოცულობის ძრავების მქონეთათვის). 

ვერანაირ დადებით ტენდენციას ვერ ვხედავთ, პრინციპში რაც იყო, იგივე რჩება. თან ისე გამოვიდა, რომ საუკეთესო ნაწერები ფურცელზე დარჩა. სტანდარტები და რეგულაციები, რომელიც სხვათაშორის ევროკავშირის შესაბამისია, მხოლოდ ქაღალდზე გვაქვს და რეალურ ცხოვრებაში კიდევ 90-იანი წლების „ტეხასმოტრი“. 

რამდენიმე მიზეზია, თუ რატომ მივედით აქამდე. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ტრანსპორტის სფერო სხვადასხვა უწყებაში მიმობნეულია. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებელი უწყება ცნობილია, - ეს არის ეკონომიკის სამინისტრო, უწყების შესაბამისი სამსახურები. მაგრამ მისი მენეჯმენტი არათუ სუსტი და ცუდია, საერთოდ არ ჩანს, პროცესის მართვა ეფექტიანად არ მიმდინარეობს. 

რაც შეეხება მონიტორინგს, იდეაში ამისთვის ელექტრონული პროგრამებია შექმნილი, რომ ეს დაკვირვების პროცესი ახორციელოს, მაგრამ შედეგი აქაც არ ჩანს. საბოლოოდ ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ამ დროს, ტექნიკურ ცენტრებს გამოძიება ედავება, რაც გარკვეულწილად საბუთების გაყალბებას შეეხება.

პრინციპში, გამოძიებას ბოლომდე უნდა დაველოდოთ. საინტერესოა, კონკრეტულად რა დარღვევები იქნებ აღმოჩენილი და დეტალებზე ამის შემდეგ ვისაუბრებთ. 

- ტესტირება რომ ვერ გაიარეს, მათ რა ელით?

- ეგეც საინტერესო საკითხია. ვერ გაიარა ერთია, მაგრამ ჩემი ეჭვია, ეს ვერგავლილები გზებზე ისევ გადაადგილდებიან. ისინი კვლავაც შავად ბოლავენ ჩვენ თვალწინ. ქალაქში რომ გამოხვალ, უბრალოდ ფიზიკურად ვერ აცდები მიკროავტობუსს ან ავტობუსს, რომელიც არ ხრჩოლავს. 

ამიტომ აქ ორი საკითხი დგას, ერთი, რომ დიახ, ვერ გაიარეს, მაგრამ როგორც ჩანს ისევ მოძრაობენ ქუჩაში და, მეორე, - საერთოდ არ მიდიან ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად. 

ორივე შემთხვევაში მივდივართ საკმაოდ რთულ პრობლემასთან და ეს უკვე კანონის აღსრულებაა. იმის აღსრულებასთან, რომელიც ეფექტიანი უნდა იყოს. დღეს კანონის აღსრულების ნაწილში გასული საუკუნის მეთოდოლოგიით ვმოქმედებთ. ანუ, პოლიცია, პატრული მისდევს, აჩერებს, ეკითხება ინსპექტირება გავლილი აქვს თუ არა ან ბაზაში ამოწმებს და ა.შ. 

კი ბატონო, მაგრამ დღემდე ეს პოლიციელია საჭირო, რომ დადგინდეს, ვიღაცას შემოწმება გავლილი აქვს თუ არა და დაარღია თუ არა რამე. ეს ერთი საკითხია. და როგორი უნდა იყოს ეს სისტემა? უნდა იყოს პროგრამული. შსს-ს მიერ შეძენილი საშუალებები, თანამედროვე ე.წ. ჭკვიანი კამერები სასწრაფოდ პროგრამაში ჩასართველია. სწორედ მისი მეშვეობით კამერა ამოიცნობს სანომრე ნიშნით ამათუ იმ ავტომობილს გავლილი აქვს თუ არა ტექნიკური ინსპექტირება.

ამ ეტაპზე  ესეც დანერგილი არ არის. ამიტომ ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო და მივიღეთ ის შედეგი, რაც სახეზე გვაქვს. 

- არასამთავრობო სექტორი საგზაო შემთხვევების გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობთ, კონკრეტულად რაზეა საუბარი?

- დიახ, საგზაო სატრანსპოტო შემთხვევების რაოდენობა იზრდება. თითქოსდა გარკვეული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ ავარიათა მაჩვენებელი მატულობს. როგორც წესი, ასეთ დროს ყველას შინაგან საქმეთა სამინისტრო გვახსენდება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შსს მთლად პოლიტიკისა და პრევენციული ღონისძიებების გამტარებელი არ არის. სინამდვილეში, მაინც მომხადრზე რეაგირებას ახდენს. დავუშვათ, სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი რომ დგება, ეს უკვე მომხდარი ამბავია და ამაზე რეაგირებს. 

ამ დროს, პრევენციასა და პოლიტიკაზე ისევ და ისევ ეკონიმიკის სამინისტრო უნდა მუშაობდეს. ჩვენ არ მოგვწონს კანონმდებლობის მოდელით გათვალისწინებული სურათი, როცა ეს ყველაფერი ეკონომიკის სამინისტროს დავალებული აქვს. მაგრამ რეალურად ეკონიმიკის სამინისტროა ამაზე პასუხისმგებელი.

არის საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, უფრო სწორად, რაღაც ყოველწლიური სამთავრობო გეგმა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში დევს. სამწუხაროდ, ეს ფარატინა ფურცელია, სადაც გარკეული ნაბიჯები არის ჩამოწერილი. რამდენად ადეკვატურია ეს ღონისძიებები, კითხვები ჯერ აქ ჩნდება. მაგალითად, ეს ყველაფერი სათანადოდ ხორციელდება თუ არა, ამაზე მონიტორინგს საერთოდ ვინ ახორციელებს? პასუხი ამაზეც არ გვაქვს.

რეალურად, მოშლილი სისტემაა, სადაც უწყებები ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობენ, ვერ კოორდნირებენ. საბოლოოდ ყველაფერი ფურცლებზე რჩება და სახეზეა ის პრობლემური რეალობა, რაშიც ვიმყოფებით. საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა და სამწუხაროდ დაშავებულთა ოდენობაც გაზრდილია. გარდაცვლილების რაოდენობა თითქმის იგივეა, ანუ კატასტროფული მაჩვენებლები რჩება.

- მართვის მოწმობების „თაღლითურად გაცემა“ რაში გამოიხატება, რაზეც თქვენ საუბრობთ? 

- აქ არ იგულისხმება, რომ მომსახურების სააგენტო თაღლითობს, გამოცდის ჩასაბარებლად მისული ადამიანისთვის სისტემა ასეა მოწყობილი. გამოცდის ჩასაბარებლად, მართვის მოწმობის ასაღებად რომ მიხვიდეთ, შეგიძლიათ ეს თაღლითურად აიღოთ. თვითმარქვია ე.წ. ავტოსკოლები გაჩნდა, რომლებიც სინამდვილეში რაღაც ხრიკებისა და კოდირების გზით მოგამზადებენ. ანუ, ტესტი შენთვის უცხო, გაუგებარ ენაზეც რომ შეგხვდეს, გამოცდას ამ შემთხვევაშიც კი ჩააბარებ. ფოტოებზე ამახსოვრებინებენ რაღაც მომენტებს და მსგავსი მაიმუნობებით ფონს გადიან.

საბოლოოდ, მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელსაც არანაირი ცოდნა არ გააჩნია. მან რეალურად არ იცის ავტომობილის მართვა და იღებს ე.წ, „პრავას“, რაც კატასტროფაა. საბუთებს, ანუ მართვის მოწმობას პრაქტიკულად პოტენციურ მკვლელებს ვაძლევთ. როდესაც საჭესთან მყოფმა ადამიანმა მისი მართვა არ იცის, რაც უნდა ხმამაღლა და ხმაურიანად ჟღერდეს, პოტენციური მკვლელია და მეტი არაფერი. სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს. 

იმასაც ვხედავთ, რომ ვითარების გამოსწორება არ მიმდინარეობს. არაერთხელ გვქონდა მომსახურების სააგენტოსთან საუბარი, რომ ტესტები შესაცვლელია. შეცდომებია საგზაო მოძრაობის კანონში, შესაბამისად შეცდომებია საგამოცდო ტესტებში. ამავე დროს, ევროდირექტივის მიხედვითაც ქალაქის რეალურ სივრცეში უნდა გადასულიყო პრაქტიკული გამოცდა, რაც პირველ სექტემბრამდე უნდა შესრულებულიყო, ესეც არ არის გაკეთებული. აქაც დაგვიანებაა, თუ საერთოდ შესრულდა კიდევ. 

მოკლედ, მართვის მოწმობის გაცემის სისტემა ზოგადად ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს აღარ პასუხობს და საბოლოოდ იმას ვიღებთ, რომ მართვის მოწმობ აქვს ადამიანს, რომელმაც საჭის მართვა საერთოდ არ იცის.

- ე.წ. ტაქსების რეფორმის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?

- ჩვენი დამოკიდებულება აღნიშნულის მიმართ სკეპტიკურია. ზოგადად ტაქსების სფერო უნდა მოწესრიგდეს, არსებული მდგომარეობას მისაღები და მისასალმებელი ნამდვილად არ არის. მაგრამ ის, რაც მერიამ დაგეგმა, საქმეს ვერ მოაწესრიგებს. ტაქსის ფერი მისივე  უსაფრთხოებას არ აწესრიგებს. კიდევ ერთხელ, აქაც მთავარი ტაქსის ტექნიკური გამართულობაა, რომ ის ტექნიკურად ფორმაში იყოს. ეს ამ სალიცენზიო პირობებში არ შედის, რადგან ინსპექტირება ისედაც ყველას გვეხება და უნდა გავიაროთ. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ინსპექტირება ჩავარდნილია და ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ. 

ამიტომ ტაქსი შავი იქნება, ყვითელი, თეთრი თუ მწვნე, თუ ის ტექნიკურად გაუმართავია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, სასურველი შედეგი აქაც არ გვექნება. 

მგონია, რომ ტაქსების რეგულაცია საბოლოო ჯამში უფრო საგადასახადო რეგულაციის მსგავსი იქნება, რომელსაც მძღოლებს ეტაპობრივად მოთხოვენ. ანუ, რაღაცებს დაამატებენ და ახალ-ახალ მოთხოვნებს წაუყენებენ. საბოლოოდ, მძღოლს აღარ ექნება იმის საშუალება, რომ ამ პროცესს გაწვდეს, ელემენტარულად, ამდენი ფული იხადოს. 

არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ ტაქსის ასაკიც შეიზღუდოს, ტაქსაობისთვის ორ-სამ წლამდე ავტომობილი იყოს საჭირო. ამას ხომ ჩვეულებრივი მოქალაქეები ვეღარ დაძლევენ, ვისთვისაც რეალურად ეს თვითრჩენის წყაროა. სავარაუდოდ, ამას დაძლევენ ისინი, ვისაც ფული აქვთ. ეს ფული აქვთ კომპანიებს. შეიძლება პროცესი იქით წავიდეს, რომ ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ მონოპილიზებული ბიზნესი, როგორც ეს დღეს ყველა სფეროში ხდება.

ეს ისევ კომპანიებს გაამდიდრებს და ეს ხალხი უმუშევარი დარჩება, როდესაც რეალურად ისედაც უმუშევარია.  

შეგახსენებთ, საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში გაზრდილი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

მათი ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველოში მოხდა 4 196 საგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 პირი. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით (292 შემთხვევით მეტი) დაშავებულობა კი 8%-ით გაიზარდა (443 პირით მეტი დაზიანდა).

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია