მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"არა ვარ კარგად" - 14 დეკემბერი 2018

ლაშა ბუღაძე

მეგობრებო, მოდი, პირდაპირ ვთქვათ - საქართველოში მგონი თავს არავინ გრძნობს კარგად.

არც ის, მათ შორის, ვინც წესით კარგად უნდა იყოს: მაგალითად, რომელიმე გამარჯვებული...

ერთია ქცევა, ღიმილი, ხილული პოზა და სხვაა შინაგანი ხმა: "არა ვარ კარგად".

აბა, დავაკვირდეთ, გრძნობს თუ არა თავს კარგად ახლადარჩეული პრეზიდენტი? აქვს თუ არა ამაღლებულ-მშვიდი განწყობა, როგორც ეს გამარჯვებით ბედნიერს უნდა ახასიათებდეს? თქვენი არ ვიცი და, მე ამას ვერ ვატყობ...

მართალია, საქართველოს ერთადერთ ოლიგარქს ახლა ყველაზე დიდი სახელისუფლებო გავლენა აქვს საქართველოში, მაგრამ, მგონი, არც ამას ეტყობა, რომ თავს ბედნიერად გრძნობდეს ამ გავლენის გამო - იმას კი გაამარჯვებინა, ვისი გამარჯვებაც ხალისიანად თუ უხალისოდ უნდოდა, მაგრამ ფაქტია, რაღაცა მთხლე გამარჯვება კი გამოუვიდა; გამარჯვება, რომლის გამოც გუნება-განწყობა არავის გამოსწორებია... მათ შორის, არც გამმარჯვებელს და არც გამარჯვებულს.

ისე ჩანს, თითქოს დამარცხებულები უფრო ამაყად მიდი-მოდიან, ვიდრე გამარჯვებულები, თუმცა, ცხადია, მხნედ არც დამარცხებულები გამოიყურებიან, რადგან გამარჯვებული თუ დამარცხებული, ყველა ცუდადაა.

ნუთუ შეიძლება ენა მოუტრიალდეს ვინმეს და თქვას, რომ მმართველი პარტიის წევრები კარგად არიან?! შეხედეთ, ზოგიერთს რა დღეში აქვს ნერვები! არა, ზოგს ნერვები არც აქვს (მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარეს), მაგრამ, აბა, ვინ იტყვის, რომ ის ერთმნიშვნელოვნად ადეკვატურად ფუნქციონირებს?!

ან კი როგორ შეიძლება კარგად იყო, როცა ექვსი წელია ერთსა და იმავეს გაიძახი რომელიმე ნერვებდაგლეჯილი პატრიოტივით, რომ შენს გვერდზე, ამავე პარლამენტში სისხლისმსმელები, ნაცისტ-ფაშისტ-პოლ პოტისტები სხედან და პასუხად მხოლოდღა მრავალჯერ გამეორებულ ლანძღვა-გინებას იღებდე?! როგორია ექვსი წელი თანაბრად ილანძღებოდე და თანაბრადვე გლანძღავდნენ - შედეგის და, რაც ყველაზე გამომალაყებელია, დინამიკის გარეშე?!

დეპუტატი პაპუაშვილი ხომ ექვსი წლის წინაც იმავეს ყვიროდა, რასაც გუშინ, გუშინწინ და დღეს გაჰყვიროდა - ზუსტად იმავე სიტყვებით, იმავე გრამატიკული შეცდომებით და იმავე სიწითლით სახეზე?! არანაირი პროგრესი, არანაირი განვითარება, არანაირი უპირატესობის განცდა... რამდენ ტალახსაც ისვრის, ზუსტად იმდენივე ხვდება - არც მეტი, არც ნაკლები. მეტი ან ნაკლები მაინც ხვდებოდეს. მაგრამ დამღლელიც სწორედ ისაა, რომ ვინც გძულს, ისიც იმდენივეა...

რამდენჯერ უნდა დაეჭიდოს მანდატურთუხუცესი დეპუტატ კვიციანს? ხომ ფაქტია, რომ არც ამ დეპუტატისთვის იცვლება რამე და არც, ცხადია, რიგებს შორის ჭიდაობაში დაოსტატებული მანდატურისთვის... რომ არაფერი ვთქვათ ნერვებგანქარვებული, მაგრამ აშკარად გაფუჭებული რობოტივით არასწორად ფუნქციონირებადი პარლამენტის თავმჯდომარის სამყაროსავით ძველ და მოსაწყენ რეჩიტატივზე: "დეპუტატო-მელია... მელია- დეპუტატო..."

ესეც კიდევ ერთი სევდიანი უცნაურობა: ფაქტია, სამი კაცი ჭიდაობს (აქედან ერთი ქალი და ერთიც უკვე ოლიმპიელივით გამობრძმედილი მემანდატურე) და პარლამენტის თავმჯდომარე კი მხოლოდ "დეპუტატ მელიას" ხედავს. შეიძლება, რომ ადამიანი მხოლოდ მელიას ხედავდეს? აქედან ან ერთი არაა ადამიანი ან მეორე - მელია.

და ეს ასეა, სულ ცოტა, ორი და, ზოგადად, ექვსი წელიწადი: აქედან "სისხლისმსმელებო", იქიდან "აღარ მოგბეზრდათ ისევ 9 წელზე ლაპარაკი?" არა, არ მობეზრებიათ და არც მობეზრდებათ, რადგან საქართველოში ამ ეტაპზე აკრძალულია დინამიკა. ჯობია, გაუთავებლად ვიჭიდაოთ ერთმნიშვნელოვნად გაუმარჯვებლად, ვიდრე თუნდაც მცირედი შევცვალოთ - თუნდაც საპარლამენტო სავარძლებიდან წამოძახების დროს.

მაგრამ რეპლიკების მოფიქრებასაც ხომ ტვინის განძრევა სჭირდება, ეს კი, როგორც ჩანს, არცთუ ადვილი საქმეა, ამიტომ ამას ისევ მუშტების ქნევა სჯობს, კიდურებს მაინც გაამოძრავებ, სხვა თუ არაფერი, ვარჯიშში ჩაგეთვლება.

თუმცა ამომრჩეველმა ხომ მაინც იცის, რომ ტვინიც "კუნთია".

წყარო: რადიო თავისუფლება

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია