მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ დააკავეს დავით კირკიტაძე? - 17 დეკემბერი 2018

შსს კირკიტაძის დაკავებაზე ოფიციალურ ინფორმაციასა და ვიდეოკადრებს ავრცელებს

ufleba.ge

პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია დავით კირკიტაძე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, გუშინ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს კახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ინაუგურაციის გამართვამდე გაერთიანებულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა, რა დროსაც მათი მხრიდან ღიად გაკეთდა განცხადებები ინაუგურაციის ჩაშლასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ინაუგურაციაზე მოწვეული იყო 1800 სტუმარი, მათ შორის უცხოეთიდან მაღალი რანგის სტუმრები, პოლიციამ მაქსიმალურად გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები.

ბორცვაძის განცხადებით, პოლიციამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო კონკრეტული მარშრუტით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ისე, რომ აქციის მონაწილეებს მიეცათ ალტერნატიული გზით და საშუალებით, აქციის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა.

აღნიშნულის შესახებ საზოგადოებას რამდენჯერმე, სხვადასხვა ფორმით, მიეწოდა ინფორმაცია. პოლიციის მიერ ეს ინფორმაცია, გადაადგილების კონკრეტულ მარშრუტზე მითითებით, ასევე ადგილზე მიეწოდათ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებულ ალტერნატიულ გზას აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები პირდაპირ მიჰყავდა თელავში იმ ადგილამდე, სადაც აქცია ჰქონდათ დაგეგმილი. პოლიციის შეთავაზებას დემონსტრანტების ლიდერებმა უპასუხეს ღიად გამოხატული აგრესიით, ასევე ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, მათ შორის, თავდასხმებს საქართველოს პარლამენტის წევრებზე, პოლიციელებზე. დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის რამდენიმე ფაქტიც”, – განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ინციდენტების შედეგად, აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებით, მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი პოლიციელი, ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ტექნიკა, რომლის ღირებულება ათიათასობით ლარს აღწევს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სიტუაციის განმუხტვის შემდეგ დაიწყო ინციდენტების დეტალური შესწავლა. გამოძიება დაიწყო დანაშაულის ნიშნების შემცველ არაერთ ფაქტზე, რომლებზეც ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. გამოძიება მათ შორის დაიწყო აქციის ერთ-ერთი მონაწილის შოთა დალაქიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353- პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე. გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო მოქმედება, მიმდინარეობს ვიდეო-მასალის შესწავლა და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა ბორცვაძემ.

„თუ ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას სასამართლოში გავაკეთებ, მას შემდეგ, რაც დააკავებენ ზონდერებს, ვინც შეგვიზღუდეს პროტესტი“, – ამის შესახებ დავით კირკიტაძემ დღეს დაკავებამდე განაცხადა.

როგორც კირკიტაძემ განაცხადა, არ აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას და დაბარების შემთხვევაში მხოლოდ სასამართლოში მისცემს ჩვენებას.

„არ ვაპირებ კრიმინალ გახარიას დავემორჩილო და სადმე მივიდე. თუ ჩვენება მაქვს მისაცემი, ამას სასამართლოში გავაკეთებ, მას შემდეგ, რაც დააკავებენ ზონდერებს, ვინც შეგვიზღუდეს პროტესტი. ვიდეოში აშკარად ჩანს პოლიციამ შეგვიზღუდა გადაადგილების უფლება. ჩვენ გვქონდა სატრანსპორტო საშუალებების გაწევის მცდელობა, რათა გზა გაგვეგრძელებინა. ჩანს, რომ პოლიციელები გვაყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჩანს, ვინ დაიწყო ჩხუბი, პროვოკაცია და ეგ კადრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ტიპის სამართალდამცავებთან გვაქვს საქმე. მოგიწოდებთ, უყუროთ თავიდან ბოლომდე და ჩანს ვინ ჩაგვიხერგა გზა”, – განაცხადა კირკიტაძემ.

„მთავარი პრინციპული მიმართულება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიყვება, არ არის მხოლოდ დესტაბილიზაციის მცდელობა, მათი მთავარი ამოცანაა სახელმწიფო სტრუქტურების დათრგუნვა და დემორალიზება“,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს კონკრეტული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც აღნიშნულ ფუნქციას ასრულებენ.

გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ დავით კირკიტაძე სწორედ ერთ-ერთი ასეთი რგოლის ხელმძღვანელია.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ადამიანები, ვინც ასრულებენ კონკრეტულ ფუნქციას. ვფიქრობ,  დავით კირკიტაძე ამ ფუნქციის შემსრულებელია. ის არის ერთ-ერთი რგოლის ხელმძღვანელი. რა ბრალდებას წაუყენებენ და როგორ დამთავრდება ეს, არ ვიცი. პასუხი იმ ადამიანებსაც უნდა მოეთხოვოთ, ვინც ოთხ პარლამენტარ ქალბატონს თავს დაესხა და შვილების დედებს უკიდურესად ბინძური სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა. ეს ის  ჯგუფი იყო, რომელთა შორის არის კირკიტაძე. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალურ ზონდერ ჯგუფებს დემორალიზაციისა და სახელმწიფო სტრუქტურების დესტაბილიზაციისკენ მიუძღვის წინ.  ჩანს, რომ არანაირი მშვიდობიანი აქცია არ იყო დაგეგმილი. ამ აქციას ერთადერთი სახელი აქვს, ეს არის რევოლუციური სცენარი, რომელსაც სააკაშვილი ქადაგებს”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„დავით კირკიტაძე არ არის ფარცხალაძე, ბიძინა ივანიშვილის უახლოესი წრის წევრი და ბუნებრივია, უნდა დაიჭირონ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ დავით კირკიტაძის დაკავების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

„კირკიტაძე არ ის ზონდერი, რომელიც დაგვახვედრეს გურჯაანთან, რომელმაც თითქმის სასიკვდილოდ სცემა ჩვენი მხარდამჭერები ჩაქუჩებით. დავით კირკიტაძე არ არის ადამიანი, ვინც სხვებთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტს ხერხავს და შესაბამისად, არ აქვს იმუნიტეტი. დავით კირკიტაძე უნდა დააკავონ, როცა კანონიერი პროტესტი ჰქონდა იმაზე, რომ დაგვახვედრეს განუსაზღვრელი რაოდენობით პოლიცია და არ მოგვცეს მშვიდობიანი გამოხატვის უფლება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ნიკა მელიას თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანას კრიმინალი და მაფიოზი ხელისუფლება მართავს.

„ჩვენ გვაქვს გამოცხადებული ომი კრიმინალების მხრიდან და ეს გამოწვევა მიღებულია, მაფიოზებო, კანონისა და კონსტიტუციის ფეხ-ქვეშ გამთელველებო,“ - ამბობს ნიკა მელიამ.

„ჩვენ გუშინ შეზღუდვებს დავემორჩილეთ, დღეს კი მტკნარ სიცრუეს ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავით კირკიტაძე უკანონო პატიმარია.

„მოვითხოვთ, გაათავისუფლოთ კირკიტაძე. ის არის უკანონო პატიმარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ქმედება გუშინ იყო კანონგარეშე. ჩვენ შეზღუდვებს დავემორჩილეთ, დღეს კი მტკნარ სიცრუეს ამბობს შსს. ადმინისტრაციული აქტი უნდა გამოეცათ და ჩვენთვის ეცნობებინათ, თუ გზას კეტავდნენ. იქ დაგვხვდნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები. მათ არ ჰქონდათ არანაირი სამართლებრივი საფუძველი, არ არსებობდა ჩვენი არშეშვების არანაირი კანონიერი გზა. ესაა პროვოკაცია, ისევე, როგორიც ახალქალაქსა და ონში მოგვიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროვოკაციები. როგორც ის ფაქტები გამოიძიეს, ისე დაადგენენ სიმართლეს ახლა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ძალიან სახიფათო გზაზე დგახართ თქვენთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყნისთვისაც“, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძის დაკავებას.

ბოკერიას განცხადებით, კირკიტაძის ციხეში დატოვება იქნება ამ ძალიან რთული ვითარების კიდევ უფრო გართულება და ძალიან სახიფათო გზაზე დააყენებს ქვეყანას.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ თუ ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას საღი აზრი გააჩნია, არ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.

„მაშინ, როცა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი შემთხვევა გვქონდა ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებული, მათ შორის შავრაზმელი ჯგუფების ჩადენილი ძალადობის, მივარდნის აქციებზე, მოწოდების ძალადობისკენ და არავინ დასჯილი არ არის ამისთვის. დღეს ამ ფონზე, გუშინ უკანონო და ანტიკონსიტუციური ბრძანებების შესრულებისას პოლიციელებთან მომხდარი ინციდენტების გამო, ოპოზიციური ფიგურის, დავით კირკიტაძის დაკავება არის ისედაც ღრმა კრიზისში მყოფი ქვეყნის, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეყვანა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და წარმოადგენს დიდ ხიფათს ჩვენი ქვეყნისთვის.

საბოლოოდ ამ უკანონო პოლიტიკას გადაჰყვება ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ამ პროცესში დიდი ხიფათი ექმნება ჩვენი ქვეყნის არამ არტო დემოკრატიის, არამედ ნორმალური განვითარებისა და სტაბილურობის პერსპექტივას,“- აცხადებს გიგა ბოკერია.

მისი თქმით, ახლა განიხილება საკითხი, რამდენად შორს წავა ივანიშვილის რეჟიმი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შელახვაში.

„კირკიტაძის დაკავება ამ ვითარებაში არ ეხება კირკიტაძეს, ეხება ოპოზიციური სპექტრისთვის უტიფარ გზავნილს, რომ ლიცენზია ძალადობაზე, უკანონობასა და ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე,  აქვს მხოლოდ იმ ჯგუფებსმ ვინც დაკავშირებულია ივანიშვილის ჯგუფებთანმ“- აცხადებს ბოკერია.

დავით კირკიტაძის დაკავებას სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია მზად არის, ჩაერთოს პროცესში თუ კი ამის სურვილს თავად ბრალდებული გამოთქვამს.

„ახალ გავიგე მისი დაკავების ფაქტის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩავერთვები ამ პროცესში თუ მას დასჭირდება დახმარება ან ექნება კონკრეტული არგუმენტაციები თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო დევნა მის მიმართ. რა თქმა უნდა, ამ ფაქტებს ჩვენ შევისწავლით,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, სოფელ ველისციხესთან გუშინდელი ინციდენტის დროს დაშავდა 4 მოქალაქე და 10 პოლიციელი.

„მე ვფიქრობ, რომ ამ ფაქტებს სჭირდება გამოძიება და ყველამ უნდა აგოს პასუხი თავისი დანაშაულის მიხედვით. იქნება ეს პოლიციელი თუ იქნება ეს აქციის მონაწილე,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=jV5_ydnLju8

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია