მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მზე სიკვდილის შემდეგ კრისტალის ბურთი გახდება? - 11 იანვარი 2019

ufleba.ge

მას შემდეგ, რაც ჩვენს მზეში სინთეზი შეწყდება და მისი ღუმელებიც გაცივდება, დარჩენილი „ნაცარი“ ცაში ჩამოკიდებული გიგანტური კრისტალის ფორმას მიიღებს და ჩვენს გალაქტიკაში არსებულ უთვალავი ასეთი ობიექტის რიგებს შეუერთდება.

ასტრონომებმა იპოვეს მტკიცებულება, რომელიც მეტყველებს, რომ მასიური თეთრი ჯუჯა ვარსკვლავები მეტალურ კრისტალებად მყარდება. თუ ეს ასეა, ეჭვქვეშ დგება ის მეთოდი, რომლითაც სამყაროს ერთ-ერთ უძველეს ობიექტთა ასაკს ვანგარიშობთ.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) თანამგზავრ „გაიას“ მიერ შეგროვებული მონაცემების გამოყენებით, ბრიტანელმა, კანადელმა და ამერიკელმა მკვლევრებმა კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა შემატეს 50 წლის წინანდელ ჰიპოთეზას, რომელიც აღწერს ვარსკვლავთა ეტაპებს საბოლოოდ სიკვდილამდე და კრისტალად გადაქცევამდე.

უორვიკის უნივერსიტეტის ფიზიკოს პიერ-ემანუელ ტრემბლის განცხადებით, ეს გახლავთ პირველი პირდაპირი მტკიცებულება, როცა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი კრისტალიზდა, ანუ თხევადი მდგომარეობიდან გადავიდა მყარში. მისივე თქმით, ასეთი სცენარი პირველად 50 წლის წინ იწინასწარმეტყველეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მზეზე გაცილებით დიდი ვარსკვლავები სიცოცხლეს აფეთქებით, ანუ სუპერნოვათი ასრულებენ, სამყაროში არსებულ ვარსკვლავთა უმეტესობა გაცილებით ნაკლები მასისაა, როს გამოც ისინი საკმაოდ დიდხანს და წყნარად ცოცხლობენ.

მას შემდეგ, რაც წყალბადი ამოიწურება, ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავები გაციებას და შეკუმშვას იწყებენ. ეს განაპირობებს ენერგიის უეცარ ტალღას, რომელიც მის ატმოსფეროს ურტყამს და სიცხეს ტყორცნის.

ამასობაში მისი ბირთვი შეკუმშვას განაგრძობს და ჰელიუმს გარდაქმნის უფრო მძიმე ელემენტებად, მაგალითად ნახშირბადად და ჟანგბადად.

საბოლოო პროდუქტია თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი — დედამიწის ზომის იმდენად მკვრივი ობიექტი, რომ მისი 1 სმ კუბი პორცია დაახლოებით 10 ტონას აიწონიდა.

,მომაკვდავ ვარსკვლავთა ასეთი გულების საბოლოო ბედია გაყინული შავი ჯუჯა.

გამომდინარე იქიდან, რომ თეთრ ჯუჯებს გაციებისათვის წარმოუდგენლად დიდი დრო სჭირდებათ, სამყაროში ისინი ჯერ ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს, ან შეიძლება სულ რამდენიმე იყოს სადმე. თუნდაც ერთ-ერთი მათგანის პოვნა ფუნდამენტურად შეცვლის ჩვენს წარმოდგენას სამყაროს ასაკთან დაკავშირებით.

თუმცა საინტერესოა, როგორ კარგავს თეთრი ჯუჯა სითბოს? ეს დიდწილად დამოკიდებულია შიდა მექანიზმზე.

თეთრი ჯუჯას სიღრმეში ელექტრონები თავისუფლად მოძრაობენ, დაჰქრიან ერად შეჯგუფებულ ნახშირბადისა და ჟანგბადის ატომბირთვებში და სითბო ნელ-ნელა გადააქვთ უფრო გამტარი ზედაპირისაკენ.

თეორიულად, დაახლოებით 10 მლნ გრადუსზე უკვე აღარ არის საკმარისი ენერგია, რათა დადებითად დამუხტულ ატომბირთვს გადაადგილების საშუალება მიეცეს. ისინი ადგილზე ჩაჭედილი რჩებიან და წარმოქმნიან კრისტალის ვრცელ სტრუქტურას, რომელიც მნიშვნელოვანი ოდენობის ენერგიას გამოყოფს.

ყველაფერის დროის საკითხია. პატარა თეთრ ჯუჯებში კრისტალიზაცია ემთხვევა პროცესს, რომელიც ბირთვს გარე ფენებთან აკავშირებს და სიცხის ენერგიას ადვილად გაცემის საშუალებას აძლევს. მას შემდეგ, რაც ეს კავშირი დამყარდება, ვარსკვლავი საკმაოდ ადვილად ცივდება.

თუმცა, გაცილებით იდუმალია უფრო მასიური ვარსკვლავები. მათში ასეთი პროცესის მოძებნა საკმაოდ რთულია.

მკვლევრებმა შეაგროვეს მონაცემები 15 000 თეთრი ჯუჯას შესახებ, რომლებიც დედამიწიდან 300 სინათლის წლის რადიუსში მდებარეობენ. მათი მასებისა და ასაკების შედარების შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ იქ გარკვეული სიკაშკაშისა და ფერის იმაზე მეტი ვარსკვლავი იყო, ვიდრე სინამდვილეში უნდა ყოფილიყო.

ეს მახასიათებელი კარგად ერგება თეორიულ პროგნოზებს კონკრეტული მასის თეთრი ჯუჯას მიერ საკუთარი სითბოს დაკარგვის შესახებ და გვაფიქრებინებს, რომ კრისტალიზაცია გაცილებით ადრე ხდება ჩვენს მზეზე მეტი მასის მქონე თეთრ ჯუჯებში.

ტრემბლის განცხადებით, ევოლუციის გარკვეულ წერტილში თეთრი ჯუჯა კრისტალიზდება, მაგრამ ეს პროცესი გაცილებით მალე იწყება უფრო მასიურ თეთრ ჯუჯებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გალაქტიკაში მილირადობით თეთრმა ჯუჯამ უკვე დაასრულა ეს პროცესი და ცაში გამოკიდებულ კრისტალურ სფეროებად იქცა.

თუ კრისტალიზაცია მანამდე ხდება, სანამ თეთრი ჯუჯები სიცხის გაცემას დაიწყებენ, მათი გაციების პროცესი დაბრკოლდება და დაბერების პროცესიც 2 მილიარდი წლით შენელდება.

მკვლევრებმა არა მხოლოდ ის დაადგინეს, რომ კრისტალიზაცია მძიმე თეთრ ჯუჯებში საკმაოდ ადრე ხდება, არამედ გაარკვიეს ისიც, რომ სითბოს გამოყოფასთან ერთად, ისინი მოსალოდნელზე მეტ ენერგიას კარგავენ.

ასტრონომთათვის ეს აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია. დაეხმარება გაარკვიონ, როგორ იცვლებიან მზის მსგავსი ვარსკვლავები დროთა განმავლობაში.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია "პირველი არხის" მიერ, warwick.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია