მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"​ქართული პოლიტიკა მიშას და ბიძინას მიღმაც უნდა განვითარდეს" - 05 თებერვალი 2019

ufleba.ge

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში საქართველოს რეიტინგი მხოლოდ ერთი ქულით შემცირდა, რაც არ უნდა იყოს მასშტაბური შეშფოთების ან პირიქით, ტკბობის საგანი, – ამის შესახებ „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა მარკ ბერენტმა განაცხადა. მასთან ინტერვიუს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

„საქართველოს რეიტინგი მხოლოდ ერთი ქულით შემცირდა/გაუარესდა. რაც ნამდვილად ძალიან ცოტაა, და არ უნდა იყოს მასშტაბური შეშფოთების, წუხილის ან პირიქით, კმაყოფილებისა და ტკბობის საგანი, რადგან ეს დროთა განმავლობაში იცვლება ხოლმე“, – აცხადებს მარკ ბერენტი.

მისი თქმით, რეიტინგის შემცირება პირველ ყოვლისა, უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს.

„ბოლო წლების განმავლობაში არჩევნები საქართველოში მართლაც რომ ძალიან კარგი იყო, კარგი შეფასებები კეთდებოდა ეუთო-ს დამკვირვებლების მიერაც, მით უფრო, რეგიონში სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ეს ასე იყო არჩევნების პირველ რაუნდამდეც კი, მაგრამ მეორე რაუნდში ზოგი რამ გაუარესდა. არ ვამბობთ, რომ დამტკიცებულია, მაგრამ არის სანდო ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზოგი ისეთი ნეგატიური რამ, რასაც წლების განმავლობაში ვხედავდით ხოლმე „ცუდ არჩევნებში“ სხვა ქვეყნებში და საქართველოშიც, არც ისე შორეულ წარსულში. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა.

არჩევნები საქართველოში საინტერესოა, რადგან აქ ნამდვილად იყო კონკურენტული შეჯიბრი. არავინ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა. ეს ასე არ ხდება საქართველოს ბევრ მეზობელ ქვეყანაში, ასე რომ, ეს კარგია, ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი დემოკრატიაა. მაგრამ ამ გაურკვევლობის შეგრძნებამ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გაიმარჯვებდა, შესაძლოა გამოიწვია ის, რომ ვიღაცები არ მიჰყვნენ წესებს იმდენად, რამდენადაც უნდა მიჰყოლოდნენ და ეს არის ის, რაზეც უნდა ვიყოთ შეშფოთებულნი, და ქართველი ხალხიც უნდა ღელავდეს ამაზე“, – აცხადებს მარკ ბერენტი.

ბერენტი ამბობს, რომ „ქართული პოლიტიკა მიშას და ბიძინას მიღმაც უნდა განვითარდეს“.

„ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ის კი არაა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი/არაფორმალური მმართველი, დიახ, ის არის და ეს არაა კარგი, რომ ვიღაცას, ვინც არ არის არჩეული ამხელა გავლენა აქვს, მაგრამ ეს ქართული პოლიტიკის სინამდვილეა.

ვფიქრობ, უმთავრესი საკითხი ისაა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ ვერ გადალახა პოლიტიკის ის აღქმა, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენციის, ბიძინასა და მიშას ირგვლივ ტრიალებს. ქვეყანაში მხოლოდ ეს ორი ადამიანი არაა. მხოლოდ ამ ორ ადამიანს არ აქვს იდეები და წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოვლენები. ქართული პოლიტიკა ამ ორი პიროვნების მიღმაც უნდა განვითარდეს. იფიქრონ, რა არის ის, რაც საქართველოს სურს, რომ გააკეთოს და როგორი უნდა იყოს ახლო მომავალში.

მართლა მგონია, რომ საქართველო არის ამ ორი ადამიანის ხაფანგში, ეს ხელს უშლის პოლიტიკის განვითარებას უფრო სტაბილური და ნორმალური გზით, ეს რაციონალური პოლიტიკური პარტიების განვითარებას უშლის ხელს, პარტიების, რომლებსაც ექნებათ ძლიერი იდეები და პლატფორმები, რომლებსაც ხალხი შეხედავს და შეაფასებს, უნდა თუ არა, რომ ამას მხარი დაუჭიროს. არ არის რეალურად იდოლოგიური დისკუსიები, გარდა ფიგურალური შეფასებებისა: პრო-რუსული თუ პრო-დასავლური, რაც ვფიქრობ, ასევე არაა მართებული. რადგან ძირითადად, საქართველო არის პროდასავლური, ევრო-ატლანტიკური სტრატეგიის ერთგული და ეს არ არის ის, რისი შესუსტებაც რეალურად ვინმეს სურს.

დიახ, არის განსხვავებული სტრატეგიები როგორი უნდა იყოს ეს და სხვადასხვა ადამიანებს ამის სხვადასხვაგვარად შემოტრიალება შეუძლიათ, მაგრამ ეს არაა მთავარი საკითხები. მთავარი სხვა რამაა, მაგალითად, როგორი ეკონომიკა უნდა გვქონდეს, ვისთან და როგორი ვაჭრობა ვაწარმოოთ. ეს და ბევრი სხვა კითხვაა, რომელსაც ქართული პოლიტიკური კლასი არ სვამს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა“, – აღნიშნავს მარკ ბერენტი.

ამასთან, მან ისაუბრა საკითხზე, რამდენად არის კრემლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია და პროპაგანდა სერიოზული საფრთხე და გამოწვევა ქართული დემოკრატიისთვის.

„ეს ახლა ნებისმიერი დემოკრატიისთვის გამოწვევაა. დეზინფორმაცია და სოციალური მედიისა და სხვა ტიპის პლატფორმების გამოყენების შესაძლებლობა იმისთვის, რომ მართლაც ხელოვნური გზით შეიცვალოს საზოგადოებაში პოლიტიკური დისკუსია და დისკურსი არის ის, რაც ამ ბოლო დრომდე მსოფლიოში მართლაც არ გვინახავს.

ძველი, ცივი ომის დროსაც კი საკითხები ასე არ წამოჭრილა. ჩვენ არ გვინახავს დასავლური საზოგადოების შესუსტება საბჭოთა პროპაგანდით, ან პირიქით, საბჭოთა საზოგადოების დაზარალება დასავლური პოზიციებით და იდეებით. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ახლა ხდება, და ეს ძალიან რთული, დახვეწილი და ძნელი ამოსაცნობია. დიახ, ვფიქრობ, ეს გამოწვევაა საქართველოსთვის, და რამდენადაც შენი დემოკრატიულ ინსტიტუტები სუსტია, რამდენადაც შენი საზოგადოებისთვის რთულია ამ ტიპის დეზინფორმაციის ამოცნობა, გაგება და ამ პრობლემასთან გამკლავება, ეს მით უფრო დიდი პრობლემაა.

მასთან გამკლავება კი სამოქალაქო საზოგადოების და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური კლასის საქმეა, სამოქალაქო განათლების საკითხია და უფრო ფართო და კომპლექსური საკითხია, ვიდრე მხოლოდ პრო ან ანტირუსული ნარატივი.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სექტორი ძალიან ძლიერია, ძალიან კარგად ინფორმირებული. მისი წარმომადგენლები თავს არ იკავებენ კრიტიკისგან და ძალიან რთულ საკითხებში ჩართვისგან/ჩაბმისგან. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ღირსება, უპირატესობაც კია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასე აფრთხობს პოლიტიკურ ელიტებს. მაგრამ რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო ასეთი პირადი თავდასხმების ნახვა, მით უმეტეს თუ ეს საერთაშორისო არენაზე, მაგალითად კოპენჰაგენში, ან სხვაგან ხდება.

ეს არ არის კარგი და ჯანსაღი, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს ძალადობაა. ესაა ადამიანების მიერ იმ ხალხის კრიტიკა, ვინც იმას ამბობს, რაც ამ ადამიანებს არ მოსწონთ. ერთი მხრივ, ეს დემოკრატიაა, მწვავე დებატები. არ ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოება განადგურების რისკის ქვეშაა. თუმცა ცხადია, ძალაუფლების მქონე ის პირები, რომლებიც ასეთ ექსტრემალურ რაღაცებს ამბობენ, ნამდვილად არ ჩანან კარგად. თუმცა ისევ და ისევ, არ მგონია, ეს საფრთხე იყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და შესაძლოა ეს კვლავაც მათი დამსახურება იყოს“, – აღნიშნა მარკ ბერენტმა.

მისი თქმით, უმთავრესი რეკომენდაციები საქართველოსთვის არის, გააკეთონ ყველაფერი, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან იმუშაონ, როგორც პარტნიორებთან.

„სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გამყოფოს ანგარიშვალდებული საზოგადოების იმ პრინციპებისადმი, რომლის აშენებაც გინდა, მაგრამ ამავე დროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ნებისმიერი შენი რეფორმის განსახორციელებლად. მათთან ძლიერი, კრიტიკული პარტნიორობა უნდა გქონდეს. ვფიქრობ საქართველოს მთავრობას და არა მხოლოდ მას, პოლიტიკურ პარტიებსაც, პოლიტიკურ სისტემას და ელიტასაც სჭირდება, რომ გადაილახოს მიშასა და ბიძინას დუელი. საკითხი, რომ თუ „ოცნების“ მიმართ კრიტიკული ხარ, ე.ი. მიშა გიყვარს და თუ მიშა გიყვარს, რასაც „ოცნება“ აკეთებს, ყველაფერი ცუდია. ვფიქრობ, ეს არ უწყობს ხელს საქართველოს იმაში, რომ განაგრძოს წინსვლა და იპოვოს მისი ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრის გზები“, – აღნიშნა მარკ ბერენტმა.

„ფრიდომ ჰაუსის“ 2019 წლის რეიტინგში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია