მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
შსს სექსუალურ ძალადობაზე სასჯელს ამკაცრებს - 12 თებერვალი 2019

ufleba.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წელს არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალადობაში მხილებულია 116 პირი.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის (მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობის) წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულების არასრულწლოვანი მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ძალადობაში მხილებულ იქნა 116 პირი, რომელთა უმეტესი ნაწილი (86 პირი) მხილებულ იქნა 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირებთან ნებაყოფლობითი სექსუალური ხასიათის კავშირში.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ამ კატეგორიის დანაშაულზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით, ზემოაღნიშნულის გარდა, სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას ითვალისწინებს.

„დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობას უკვე წარედგინა და განხილული იქნება მთავრობის უახლოეს სხდომაზე.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გამოიყო სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამგვარი კატეგორიის დანაშაულებს გამოიძიებს. გამომძიებლები გადამზადებული არიან ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოკითხვის მეთოდოლოგიის საკითხებზე.

„მივმართავთ საზოგადოებას, არასრულწლოვან მსხვერპლებს, მათ მშობლებს და ყველა იმ პირს, რომლთათვისაც ცნობილი გახდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნეს აცილებული მოძალადეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია არასრულწლოვანთა მიმართ როგორც ძალადობრივი, ასევე, ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულის ჩადენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მეტი კოორდინაციისაკენ მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ წევრს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასრულწლოვანთა მიმართ ნებისმიერი სახის დანაშაულის ჩადენა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია