მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მარიამ ჯაში - აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს - 27 თებერვალი 2019

ufleba.ge

აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე, – საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა მარიამ ჯაშმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივი სხდომის შემდეგ განაცხადა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა აზერბაიჯანის ისტორიული ქართული დიასპორის წინაშე არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის მექანიზმები და შესაძლებლობები განიხილეს.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, არის საკითხები, რომელიც თანაბრად პრობლემურია საქართველოში მცხოვრები როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვისაც.

„თითოეული პრობლემა, რომელიც დაისვა, უნდა გადავიყვანოთ ორმხრივი მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის ფორმატში“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების გათანაბრება საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებთან როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე.

„უნდა მოვიფიქროთ ერთიანი მიდგომა, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, შეიძლება აღნიშნულმა კომიტეტებმა იფიქრონ სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებაზე საბჭოს ან კომისიის სახით, რომელიც იმუშავებს საინგილოს თემაზე და ასევე უფლებების გათანაბრების საკითხზე.

„ჩვენ გვაქვს 10 საკითხი, რომელიც გადასაჭრელია. შეგვიძლია ამ მიმართულებით რეგულარულ ფორმატში გადავიყვანოთ მსჯელობა და, შესაბამისად, პროგრესის მონიტორინგის შესაძლებლობაც გვექნება“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა. ერთობლივად განსახილველი საკითხის შემდეგ თითოეულმა კომიტეტმა საკუთარი დღის წესრიგით იმუშავა.

დეპუტატებმა იმსჯელეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ქართული სკოლებისა და ქართული ენის სწავლების, კახის რაიონში ქართული კულტურის სახლის აღდგენისა და ქართული მოსახლეობის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საკითხებზე.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრობლემები, რომელიც არსებობს აზერბაიჯანის ქართველებით დასახლებულ რეგიონში, არის მოგვარებადი.

„ორივე კომიტეტი ვაპირებთ ერთობლივ ვიზიტს ჰერეთში და, სავარაუდოდ, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის,სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ. ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რომ პრობლემების გადაჭრა ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად მოხერხდეს. გაგვაჩნია ძალიან სერიოზული სტრატეგიული თანამშრომლობა და მეგობრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, ასევე, გაგვაჩნია ისტორიულად კარგი ურთიერთობა, რაც გახდება საფუძველი, რომ პრობლემები, რომელიც ქართველი მოსახლეობის წინაშე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებობს, ეტაპობრივად იყოს აღმოფხვრილი, ისევე, როგორც ჩვენ ვცდილობთ, ყველანაირი პრობლემა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები აზერბაიჯანელებისა იყოს გადაწყვეტილი და მოწესრიგებული“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ დარგობრივი სამინისტროების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეებისა და აზერბაიჯანის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ექსპერტები და საკითხით დაინტერესებული პირები.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია