მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ამერიკელი კონგრესმენები - პუტინის პირობებში მსოფლიო უფრო საშიში გახდა - 05 დეკემბერი 2019

ufleba.ge

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა კონგრესმენი ალბიო საირესის [დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი] მიერ წარდგენილი რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთს არ დაუშვებენ  „დიდი შვიდეულში“, ვიდრე იგი პატივს არ სცემს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული საზოგადოებების სტანდარტების ერთგული.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაიკლ მაკკოლმა [რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი], ზემოხსენებული რეზოლუციის დამტკიცების თაობაზე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების დაუშვებლობის თაობაზე, რაც მისი განმარტებით, ეწინააღმდეგება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ჯგუფის ფუნდამენტურ პრინციპებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას მსოფლიოში.

„პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთი შეიჭრა და უკრაინისა და საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოახდინა; მოკლა პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ; გააძლიერა ასადისა [სირიაში]და მადუროს [ვენესუელაში] კორუმპირებული რეჟიმები. პუტინმა ასევე, აშშ-სა და ჩვენი [აშშ-ის] მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერ-ომი და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა; ჩაერია ჩვენს [აშშ-ის] არჩევნებში; წყალქვეშა საომარი შესაძლებლობების მქონე გემებით განახორციელა ჩვენი [აშშ-ის] სანაპიროების ჯაშუშობა. პუტინის ხელმძღვანელობის პირობებში, მსოფლიო უფრო საშიში გახდა, მისი ხალხის თავისუფლება შემცირდა და სიღარიბე გაიზარდა. ჩვენ [აშშ] საჭიროა, წინ აღვუდგეთ ისეთ დიქტატორებს, როგორიც პუტინია. ეს არ არის რესპუბლიკური, თუ დემოკრატიული საკითხი, ეს ამერიკული საკითხია, წინ აღვუდგეთ მტრულ მოწინააღმდეგეს – პუტინს, რუსეთის ფედერაციას“,- აღნიშნა მაკკოლმა პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე ზემოხსენებული რეზოლუციის თაობაზე გამართული დებატების ფარგლებში გამოსვლისას, აშშ-ის კონგრესმენმა კრის სმითმა [რესპუბლიკელი-ნიუ ჯერსის შტატი] განაცხადა, რომ ათწლეულზე მეტია, რუსეთმა მოახდინა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპირება, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს.

„ბატონო სპიკერო, მე ვიყავი თბილისში, პუტინის მიერ სამხრეთ ოსეთში შეჭრიდან ერთი კვირის თავზე, როდესაც მოსალოდნელი იყო, იგი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის მიმართულებით თბილისისკენ დაძრულიყო. მე ჩემი თვალით ვნახე იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, დაღუპულები, დაჭრილი ხალხი. საბჭოთა კავშირის წარსული დღეების განმეორება მოხდა ვლადიმერ პუტინის მიერ. პუტინმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ეს მან გააკეთა დაუსჯელობით, მისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტების უარყოფით. ამ შეჭრებმა და ოკუპაციამ განაპირობა ათასობით ეთნიკური უკრაინელი და ქართველის იძულებით ადგილმონაცვლეობა. შედეგად მივიღეთ ამ ორი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევები. უფრო მეტიც, რუსეთი ერევა აშშ-ისა და ევროპაში ჩვენი მოკავშირეების დემოკრატიულ არჩევნებში, რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა პუტინის სრული უპატივცემულობა იმ ფასეულობებისა და რწმენისადმი, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრი სახელმწიფოები იზიარებენ“ ,- განაცხადა კრის სმითმა.

ამასთან, აშშ-ის კონგრესმენმა ალბიო საირესმა [დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი] აღნიშნა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა მხარს არ უჭერს რუსეთის დიდი შვიდეულის ჯგუფში დაბრუნებას.

„რადგან იგი განაგრძობს ჩვენზე, ჩვენს პარტნიორებსა და მსოფლიოში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას“,- განაცხადა ალბიო საირესმა, რომლის შესახებ ინფორმაციაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

აშშ-ის კონგრესში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც კანონმდებლები რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების წინააღმდეგ გამოდიან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს ფორუმზე მხოლოდ მას შემდეგ მიიწვევენ, რაც ეს ქვეყანა კვლავ პატივისცემით მოეკიდება „მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“.

პოპულარული სტატიები
ერთი დღე „სინათლისა და ბედნიერების ქოხში“
  ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 
სოციალური პასუხისმგებლობა გადაგვარჩენს

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია