მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სამხედროები ბინას შეღავათიანი პირობებით, 50 პროცენტიანი თანამონაწილეობით შეიძენენ - 17 დეკემბერი 2019

ufleba.ge

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს მედიის წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო.

მინისტრის განცხადებით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო  კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება.

სამხედრო ქალაქი მახათას მთაზე აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელდა არსებული საბინაო პოლიტიკის სრული მოდიფიცირება და არსებითად გაუმჯობესდა პროგრამა. ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60 პროცენტის დაფარვა, ახალი პირობებით  50 პროცენტიანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც თვითღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

როგორც მედიასთან შეხვედრაზე აღინიშნა, საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება  200 დოლარი იქნება და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით  ისარგებლონ.

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, პროექტი შეეხება ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები უპრეცედენტო შეთავაზებას დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.

„პროექტი გაგრძელდება და შეუქცევადი გახდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება გრძელვადიანი, განგრძობითი ბინათმშენებლობის პროგრამა, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს.

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია