მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ - 06 იანვარი 2020

ufleba.ge

ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები (100 000 ქულამდე) სამედიცინო ჩვენების საფუძველზე მედიკამენტ „ტამიფლუს“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, მედიკამენტის მისაღებად აუცილებელია რეცეპტის, პირადობის მოწმობისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა) წარდგენა.

ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.

სეზონური ვირუსის გავრცელების უახლეს, გასული კვირის სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს, თუმცა ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება.

როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ქვეყანას რისკ-ჯგუფებში შემავალი მოქალაქეებისთვის ვაქცინის სტრატეგიული მარაგი აქვს. ცენტრის დირექტორი აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ორსულებს, ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებს, რადგან, როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, სეზონური გრიპის ვირუსი ორსულებისთვის განსაკუთრებით საშიშია და ამ შემთხვევაში გართულებების ალბათობა მაღალია. ამირან გამყრელიძის თქმით, შარშანდელთან შედარებით, რისკ ჯგუფებში შემავალ პირთა ვაქცინაციის მაჩვენებელი გაზრდილია, მათ შორის ორსული ქალების იმუნიზაცია გასულ წელთან შედარებით 1,5-ჯერ არის მომატებული.

რაც შეეხება კომერციულ ქსელს, გამყრელიძის ინფორმაციით, საკუთარი ხარჯებით ამ სეზონზე დაახლოებით 35 ათასი ადამიანი აიცრა. თუმცა ვაქცინის იმპორტიორ კომპანიებში – „ჯიპისისა“ და „ავერსში“ აცხადებენ, რომ ამ მომენტისთვის ქსელებში პრეპარატი პრაქტიკულად აღარ არის და ვინაიდან ვაქცინაციის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერზე მოდის, ამ ეტაპზე ვაქცინის დამატებითი პარტიის შემოტანა არ განიხილება. მათი თქმით, ვაქცინები მოთხოვნის შესაბამისად, იმუნიზაციისთვის ყველაზე ხელსაყრელ პერიოდში შემოიტანეს.

ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, იმუნიზაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერი და ნოემბერია, თუმცა ვაქცინის გაკეთება ახლაც რეკომენდებულია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია