მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რამდენ ხანს ცოცხლობენ კორონავირუსები - 13 თებერვალი 2020

ufleba.ge

თუკი ახალი კორონავირუსი (ოფიციალური სახელი COVID-19) რაიმეთი ჰგავს საკუთარი ოჯახის წარმომადგენელ სხვა ვირუსებს, ახალი კვლევის მიხედვით, უსიცოცხლო ობიექტის ზედაპირზე ის სავარაუდოდ ერთ კვირამდე ცოცხლობდეს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, „ამჟამად უცნობია, შესაძლებელია თუ არა ადამიანი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდეს ვირუსის მქონე ზედაპირზე ან ობიექტზე შეხებით, შემდეგ კი ამ ხელის პირზე, ცხვირზე ან თვალებზე მოსმით“.

COVID-19-ის შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი და შესაბამისად, მკვლევრები პასუხების მისაღებად მის მსგავს სხვა კორონავირუსებს – SARS-სა და MERS-ს მიმართავენ.

ამ ოჯახის წარმომადგენელი ვეტერინარული და ადამიანის ვირუსების შესახებ ჩატარებული 22 კვლევის მიმოხილვისას, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის პათოგენებს უსიცოცხლო ობიექტის ზედაპირზე ოთახის ტემპერატურაზე გაძლება და ინფექციურობის შენარჩუნება ცხრა დღის განმავლობაში შეუძლია. შედარებისათვის გეტყვით, რომ წითელას ვირუსი დაბინძურებულ ზედაპირზე სიცოცხლეს მხოლოდ ორი საათი ინარჩუნებს.

ეს გახლავთ კორონავირუსების სიცოცხლის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი. მკვლევართა განცხადებით, ვირუსების ეს ოჯახი საშუალოდ ოთხ-ხუთ დღეს ცოცხლობს სხვადასხვა სახის მასალაზე. მაგალითად, ალუმინზე, ხეზე, ქაღალდზე, პლასტმასზე ან მინაზე.

ზოგიერთი ვეტერინარული ვირუსი, ანუ ისინი, რომლებიც მხოლოდ ცხოველებს აინფიცირებს, ასეთ გარემოში 28 დღესაც კი ძლებს.

მკვლევართა თქმით, ვირუსების სიცოცხლის ხანგრძლივობას კიდევ უფრო ზრდის დაბალი ტემპერატურა და ჰაერის მაღალი ტენიანობა.

ავტორები საავადმყოფოებს ურჩევენ, რომ ზოგადად, კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად საჭიროა, სხვადასხვა ობიექტთა ზედაპირებს საგულდაგულო დეზინფექცია ჩაუტარონ ნატრიუმის ჰიპოქლორიტით, წყალბადის პეროქსიდითა და ეთანოლით დამზადებული ხსნარებით.

კვლევის ფარგლებში მათ დაადგინეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონკრეტული რეკომენდაციები საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა წარსულში, SARS-ისა და MERS-ის წინააღმდეგ.

შედეგების გამოქვეყნებას მკვლევრები მოგვიანებით გეგმავდნენ, მაგრამ ამჟამად შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ავტორებმა ჩათვალეს, რომ გამოქვეყნება სწორედ ახლა სჯობდა. მათი აზრით, ეს შედეგები შეიძლება COVID-19-ზეც გავრცელდეს.

ჰანოვერის ლაიბნიცის უნივერსიტეტის ვირუსოლოგ ეიკე შტაინმანის განცხადებით, ჩატარდა სხვადასხვა სახის კორონავირუსთა ანალიზი, მაგრამ შედეგები ყველა შემთხვევაში ერთნაირი აღმოჩნდა.

თუმცა, არცერთი მათგანი არ ყოფილა COVID-19 და ჯგუფი მიუთითებს, რომ არ აქვთ მონაცემები იმის შესახებ, ბინძურდება თუ არა ხელები ახალი კორონავირუსით მას შემდეგ, რაც ადამიანი ამ ვირუსით მოცულ რომელიღაც საგანს შეეხება.

მიუხედავად იმისა, რომ MERS-ი (ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი) ადამიანიდან ადამიანზე ისე ადვილად არ ვრცელდება, როგორც სხვა კორონავირუსები, SARS-ი (მწვავე რესპირატორული სინდრომი) საკმაოდ ადვილად ვრცელდება, როცა ინფიცირებული ადამიანი დააცემინებს ან დაახველებს. თუკი ამ პროცესის შედეგად რაიმე საგნის ზედაპირზე მოხვედრილ ლორწოვან წვეთებს ადამიანი თუნდაც რამდენიმე დღის შემდეგ შეეხება, ინფიცირება მაინც მოსალოდნელია.

გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ახალი კორონავირუსი (COVID-19), ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გამოსავალია ხელების ხშირად დაბანა და მრავალი ადამიანის მიერ მოხმარებული საგნების დეზინფექცია.

„საავადმყოფოებში ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად, კარის სახელურები, ზარის ღილაკები, საწოლთან დასადგამი მაგიდები, საწოლის ზეწრები და უშუალოდ პაციენტთა სიახლოვეს არსებული სხვა საგნები, რომლებიც ძირითადად ლითონისა და პლასტიკისგან შედგება“, — განმარტავს გერმანიის ქალაქ გრაიფსვალდის უნივერსიტეტის კლინიკის ექიმი გიუნტერ კამპფი.

კვლევა Journal of Hospital Infection-ში გამოქვეყნდა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია