მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აფხაზეთში ომი დაიწყო - 25 თებერვალი 2020

(პირველი ნაწილი)

ufleba.ge

ვეფხიასა და მისი თანამებრძოლების ვერაგულად დახოცვის მეორე დღეს, 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სამთავრობო ჯარებმა რკინიგზის დაცვის მიზნით ენგურის ხიდი გადაკვეთეს და აფხაზეთში შევიდნენ. აფხაზების პირველმა ტყვიამაც არ დააყოვნა და დაიწყო ის საშინელი ომი, რომელიმაც 15 ათასი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა.

ქართულ ჯარებს აფხაზებმა მისვლისთანავე ცეცხლი გაუხსნეს. ამის შემდეგ ჩვენ სოფელ ვანათში 10 სექტემბრამდე ვიდექით, მერე კი თბილისში, დისლოკაციის ადგილზე დაგვაბრუნეს. იმ დროს ყოფილ საარტილერიო სასწავლებლის ტერიტორიაზე ერთ-ერთი შენობა გვეკავა. მანამდე მაშინდელი სახელმწიფოს მეთაური და შემდეგ პრეზიდენტი შევარდნაძე რიხით აცხადებდა, რომ 30 ათასი მებრძოლი მზად ჰყავდა და მტერს კუდით ქვას ასროლინებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო და ჩვენც სასწრაფოდ მოგვიწია აფხაზეთში წასასვლელად მომზადება.

სანამ წავიდოდით, თბილისის ქუჩებში გავისეირნე. ძალიან მიყვარდა რუსთაველის პროსპექტი. რუსთაველის მეტროსადგურთან ჩემი ძველი მეგობარი შემხვდა - გიორგი ქუმსიაშვილი. ის გამსახურდიას პირად მცველად მსახურობდა. საოცრება მოხდა: გიორგიმ შემხედა, არ მომსალმებია, გვერდი ისე ამიარა, მერე მოტრიალდა, შორიახლოს დადგა და თვალიერება დამიწყო. ცოტა ხანს მიყურა, მერე ახლოს მოვიდა და მკითხა: "მაიზერ გელოვანი ხარ?" გავბრაზდი და უკმეხად მივახალე, არა-მეთქი. გიორგი მიტრიალდა და წავიდა. ამის შემყურე გავოცდი და უფრო გაბრაზებული გამოვედევნე. დავეწიე, ხელი მხარზე მოვკიდე და გაოცებულმა ვკითხე, რა გჭირს ბიჭო, ბიჭო, ვერა მცნობ-თქო?! გიორგის ცრემლი წასკდა და გადამეხვია.

თურმე რამდენიმე კვირით ადრე წალენჯიხაში "მხედრიონსა" და გამსახურდიას მომხრე გვარდიელებს შორის შეტაკება მომხდარა. ორივე მხარეს ბევრი ხალხი დაიხოცა. დაღუპულა ვიღაც მაიზერიც და ყველას მე ვეგონე. ტელევიზიითაც ჩემი სახელი და გვარი გამოუცხადებიათ, თან ფოტოც უჩვენებიათ. ცხონებული დედაჩემი ჩხორიიდან ღამე წალენჯიხაში ფეხით გადასულა ჩემს მოსაძებნად. იმ დროს სამეგრელოში ტრანსპორტი არ დადიოდა. ბევრი ვუძებნივარ დედაჩემს საავადმყოფოსა და მორგში, მაგრამ რას მნახავდა, იმ დროს მე სამაჩაბლოში ვიყავი. მაშინ სად იყო მობილური და სასწრაფოდ ტელეგრამა გავგზავნე, რომ ცოცხალი და უვნებელი ვიყავი და ისიც შევატყობინე, რომ სამ დღეში აფხაზეთში მივდიოდი. ეს უკვე მეორედ გავრცელდა ჩემი დაღუპვის ამბავი, მესამედ კი გაგრის დაცემის დროს, მაგრამ ამას ცოტა ქვემოთ გიამბობთ.

ჟურნალისტები ხშირად სცოდავდნენ. მათი უცოდინარობისა და არაკეთილსინდისიერების გამო უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. ცნობის გადამოწმებას არ ცდილობდნენ და ამით დანაშაულს სჩადიოდნენ.

1992 წლის 13 სექტემბერს თბილისში, ჩვენი ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე მოვიყარეთ თავი. იმ დროს ჩვენი ბატალიონი უზნაძის ქუჩაზე, საბჭოთა კავშირის დროინდელი საარტილერიო სასწავლებლის ერთ-ერთ შენობაში იდგა. იმ დღეს როგორც საჭირო იყო, მოვემზადეთ და 14 სექტემბერს დილით საათისთვის აფხაზეთში წასასვლელად მზად ვიყავით. ჩვენი ბატალიონის მეთაური თამაზ მეფარიშვილი გვამხნევებდა ყველას, უნდა ვთქვა, რომ იმ დროს არც ერთ ჩვენგანს გამხნევება არ სჭირდებოდა. ყველანი საომრად ვიყავით შემართულნი. გიო მგელაძემ ვიდეოკამერა მოიტანა და წასვლის წინ სამახსოვრო კადრები გადავიღეთ. გვიხაროდა ყველას, რომ ჩვენს ძმებს, ვინც იქ სისხლის ფასად სამშობლოს იცავდნენ, ჩვენც გვერდით დავუდგებოდით.

აეროპორტამდე ავტობუსებით მიგვიყვანეს, იქ სამთავრობო დელეგაცია მოვიდა ჩვენს გასაცილებლად. დელეგაციას ხელმძღვანელობდა აწ გარდაცვლილი თემურ ფიფია. აეროპორტში საღამომდე გვაყურყუტეს, - თვითმფრინავი ვერაფრით ვერ მოინახა. სამაგიეროდ, დუბაისა და ანტალიაში ყოველ ნახევარ საათში მიფრინავდნენ თვითმფრინავები, რომელთაც ჩვენი თანამემამულეები კურორტებზე მიჰყავდათ. იგრძნობოდა, რომ აფხაზეთის ომი ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტას აინტერესებდა. ის ხალხი და მათი შვილები დღეს მაღალ თანამდებობებზე სხედან და ქართველ ხალხს უმწარებენ ისედაც გამწარებულ ცხოვრებას.

როგორც იქნა, მოფრინდა ჩვენთვის განკუთვნილი თვითმფრინავი და გახარებულნი ავედით ტრაპზე. თემურ ფიფიამ სათითაოდ გადაგვკოცნა ყველა და მშვიდობით დაბრუნება გვისურვა.

თვითმფრინავი აფრინდა და გეზი სოხუმისაკენ აიღო. ჩვენთან ერთად ჩასხდნენ სამხედრო პოლიციელებიც. იქ შემხვდა ჩემი ძველი მეგობარი, ჯემალ გაბულდანი, მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოდან. მე და ჯემალი რუსეთის არმიაშიც ერთი თვითმფრინავით გავფრინდით ამავე აეროპორტიდან, 1984 წლის 16 ნოემბერს. რუსეთის არმიის სხვადასხვა სამხედრო ნაწილში მოვხვდით და ერთიმეორეს ვერ ვხვდებოდით. ახლაც ერთად წავედით ჩვენი ქვეყნის დასაცავად სოხუმამდე და მერე ვეღარ შევხვდით ერთმანეთს - ჯემალი გაგრის დაცემის დროს დაიღუპა.

თბილისიდან სოხუმამდე ერთ საათში ჩავფრინდით. სოხუმში აეროპორტიდან ავტობუსებით შტაბში მიგვიყვანეს. თავიდან ქალაქში ვითომ წესრიგი უნდა დაგვემყარებინა, მაგრამ შტაბმა თავი ვერ მოაბა. შემდეგ ფუნიკულიორზე აგვიყვანეს პოზიციების გასამაგრებლად, მერე იქიდანაც მოგვხსნეს და ისევ აეროპორტში დაგვაბრუნეს. ერთი სიტყვით, ვეღარ დაგვასაქმეს. სოხუმში იმ დროს სიმშვიდე იყო, სროლა ქალაქის სიახლოვეს არ გაგვიგია. ბრძოლის წინა ხაზი გუმისმთაზე გადიოდა. იქ რატომ არ დაგვაყენეს, არ ვიცი. ორი დღე ბაბუშერის აეროპორტში უაზროდ გვაყურყუტეს და მესამე დღეს ცნობა მოვიდა, რომ გაგრაში სიტუაცია დაიძაბა და იქ წასვლის ბრძანება მოგვივიდა. სამი ოცეული ვიყავით. მე სადაზვერვო ათეულს ვმეთაურობდი. ყველა სიხარულით შევხვდით ამ ინფორმაციას, როგორმე ჩავებმებოდით იმ საქმეში, რისთვისაც ჩავედით.

მშვენიერი ამინდი იდგა. ზღვიდან სასიამოვნო ნიავი უბერავდა. გამახსენდა ბავშვობა - სოხუმში ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდი. ზუგდიდიდან სოხუმამდე ერთი საათის სავალი იყო. მაშინ კარგად ვისვენებდი და კარგ დროსაც ვატარებდი. სანამ ქვეყანა აირეოდა, 1988 წლის ზაფხულში, სოხუმში ერთი აფხაზი გოგო გავიცანი- ანჟელა აგრბა. ერთმანეთი მოგვეწონა და ხშირად ვაკითხავდი ხოლმე. მასთან შინაც მივდიოდი, რკინიგზის ვაგზალთან ახლოს, ძიძარიას ქუჩაზე ცხოვრობდა. რა ბედი ეწია და ახლა სად არის, არ ვიცი. რუსეთის არმიაში ერთი სოხუმელი აფხაზი ბიჭი გავიცანი, გარი ჯინჯოლია. ერთიმეორეს მაგრად ვედექით მხარში. რამდენჯერ გვიჩხუბია ორივეს ერთად. მოკრივე იყო და კარგად ჩხუბობდა. ჯარი ჩემზე ადრე დაამთავრა. მისამართი დავკარგე. სოხუმში რამდენჯერაც ჩავდიოდი სულ ვკითხულობდი ხოლმე ნაცნობებში, მაგრამ მის ასავალ-დასავალს ვერ მივაგენი. ნეტავი ცოცხალი იყოს და უფალი ფარავდეს მასაც და ანჟელასაც. აფხაზები და ქართველები ერთმანეთის მტრები არასოდეს ვყოფილვართ. რუსეთის პოლიტიკოსების წაქეზებულმა მოღალატე ხელისუფლებებმა ორი მოძმე ერი ერთმანეთს გადაამტერეს.

1992 წლის 17 სექტემბერს სოხუმიდან გაგრის მიმართულებით სამი შვეულმფრენით გავფრინდით. თითოეულში თითო ოცეული განთავსდა. მე ჩემი ათეულით პირველ ოცეულში ვიყავი და პირველად ჩვენ მოგვიწია წასვლა, მაგრამ კარგა ხანს შევყოვნდით აეროპორტში. თურმე გუდაუთის რუსული ბაზიდან გადაფრენას გვიკრძალავდნენ რუსები, თუ ჩვენ "გავჯიუტდებოდით" და მაინც გავბედავდით წასვლას, ჩამოგდებით გვემუქრებოდნენ. თურმე საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ ჯარს რუსების უფლების გარეშე ერთი ქალაქიდან მეორეში გადაფრენის ნება არ გვქონია. ჩვენ მაინც გავბედეთ და ჰაერში ავიჭერით. რუსებმა ვერ ჩამოგვაგდეს და გაგრის სტადიონზე, რომელიც იმ დროს აეროპორტის ფუნქციას ასრულებდა, დავჯექით.

სტადიონი ხალხით სავსე დაგვხვდა. მიტინგს უძღვებოდა გაგრის მერი ჯონი ლატარია. მან ხალხს განუცხადა, რომ ქალაქი მაგრად იყო დაცული და უნებართვოდ ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა, თან ჩვენი ჩასვლით ხალხი უფრო დააიმედა და აღუთქვა, რომ ქალაქს სიცოცხლის ბოლომდე დავიცავდით. ამ დროს ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. ყველა სტადიონის შესასვლელისკენ გაიქცა. თურმე აფხაზებს ჩვენი მებრძოლებით სავსე "იკარუსი" აეფეთქებინათ და მანქანებით დახოცილები და დაჭრილები მოიყვანეს. დაჭრილი იყო ჩემი ძველი მეგობარი გელა დადეშქელიანიც. მე და გელა თბილისის ავადსახსენებელ ომში გვერდიგვერდ ვიბრძოდით. მას მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა მუხლთან. დაჭრილები და დახოცილები იმ შვეულმფრენებში მოვათავსეთ, რომლებითაც ჩვენ ჩავფრინდით და სოხუმში გამოვუშვით. ამ ამბავმა ხალხში პანიკა დათესა და მიტინგიც მაშინვე დაიშალა. გელას ჭრილობა შეუხვიეს და გაგრაში დარჩა. მისი გამბედაობა და სიმამაცე ყოველთვის სამაგალითო იყო.

ჩვენ ავტობუსებით წავედით შტაბშ, რომელიც სამხედრო კომისარიატის შენობაში იყო განთავსებული. გაგრის შტაბს პოლკოვნიკი მიხეილ მარინაშვილი ხელმძღვანელობდა, მისი მოადგილე პოლკოვნიკი პეტრე გოგუაძე იყო. ბატონი პეტრე ჩემი ყოფილი მეთაური იყო ეროვნულ გვარდიაში და ერთიმეორის ნახვა ძალიან გაგვიხარდა.

პირველ დღეებში შტაბის დაცვა დაგვავალეს, 10-10 კაცი ვმორიგეობდით. დროებით სასტუმრო "ისკარში" მოგვათავსეს. ნელ-ნელა სიტუაციაშ გავერკვიეთ და 5 დღის შემდეგ წინა ხაზზე გაგვიშვეს. წინა ხაზი კოლხიდაში გადიოდა. დაიწყო ჩვენი საომარი მოქმედებების პირველი დღეები. საჭიროების მიხედვით ოცეულებად და ათეულებად გავიშალეთ. ჩვენამდე პოზიციებს გაგრის ბატალიონი, მოხალისეები და გაგრის "მხედრიონი" იცავდნენ. გაგრაში მოქმედებდა სამხედრო კომენდატურა, რომელიც 60 კაცს ითვლიდა. კომენდანტი პოლკოვნიკი ბადრი ფირცხელიანი იყო. დისციპლინით გაგრაშიც ვერ დაიკვეხნიდნენ, - იყო მაროდიორობა, პოზიციების უნებართვოდ დატოვება, გამოქცევა და კიდევ მრავალი სხვა. გაგრაში მედგრად იბრძოდნენ "თეთრი არწივისა" და "შავი ავაზას" ბატალიონები. ისინი მტრის რაზმებს ვაჟკაცურად შეაწყდნენ.

გაგრაში იყო უამრავი სხვადასხვა დაჯგუფებაც, რომლებიც შტაბს არ ემორჩილებოდნენ. გახშირდა პოზიციების მიტოვება და იარაღების გატაცება. ბევრი ვითომ საომრად ჩასული მოხალისე გამორბოდა. ხშირად მიტოვებულ პოზიციებს მტერი ისე იკავებდა, რომ ვერც კი ვიგებდით. ამიტომ იყო ბევრად მეტი მსხვერპლი. ვინც გადარჩნენ, ისინიც სასწაულებრივ გადაურჩნენ სიკვდილს. იმ დროს მართლა ძნელი გასარჩევი იყო, ვინ ვის ემორჩილებოდა და ვინ რას აკეთებდა. ქალაქში ტანკები და საბრძოლო მანქანები უთავბოლოდ დაქროდნენ. ხშირად წინა ხაზზე საბრძოლო ტექნიკა არ გვყავდა და ავტომატებით ვამაგრებდით პოზიციებს. ერთხელ რომელიღაც შენაერთის მებრძოლებმა, ტანკი ზღვაში გასარეცხად ჩაიყვანეს, მერე იქიდან ბუქსირით ძლივსღა ამოიყვანეს. სამწუხაროდ, შტაბი მებრძოლთა თვითნებობას ვერ აკონტროლებდა.

მიუხედავად მთავრობის ათასგვარი დაპირებისა, გაგრიდან ხალხი მაინც გარბოდა. ისინი წინასწარ გრძნობდნენ მოახლოვებულ უბედურებას და თავს გაქცევით შველოდნენ. ხვდებოდნენ, რომ ვერ იყო საქმე ისე, როგორც ელოდებოდნენ. ყოველდღე მიფრინავდნენ სოხუმიდან შვეულმფრენები და ხალხი გადაჰყავდათ. წესის მიხედვით პირველად მოხუცები, ქალები და ბავშვები უნდა გამორიდებოდნენ ფრონტის წინა ხაზს, მაგრამ როგორც კი შვეულმფრენი ჩამოდგებოდა, ძალა და ღონე ვისაც მეტი ჰქონდა, ის მივარდებოდა, მათ შორის რამდენიმე მებრძოლიც იყო წინა ხაზიდან თან იარაღიც თან მიჰქონდათ.

შტაბი იძულებული გახდა, ეს პრობლემა დაუყონებლივ მოეგვარებინა. პოლკოვნიკმა მიხეილ მარინაშვილმა სტადიონზე წესრიგის დამყარება ჩვენ დაგვავალა. შეიარაღებული ხალხი უნდა შეგვეჩერებინა და ვინც შიშის გამო გარბოდა იმათთვის იარაღი ჩამოგვერთმია და ისე გაგვეშვა. ყოველ დღე, ათეულების მიხედვით პოზიციებიდან ვიხსნებოდით და სტადიონზე წესრიგის აღსადგენად ვმორიგეობდით.ბრძანების მიხედვით იარაღიანი ხალხი შვეულმფრენზე არუნდა აგვეშვა და უნდა განგვეიარაღებინა. ბევრი წინააღმდეგობას გვიწევდა. ხშირად ხელჩართულ ბრძოლამდე და სროლამდეც მისულა საქმე. ჩვენთვის სტადიონზე მორიგეობა და ჩვენს ხალხთან შეხლა-შემოხლა უფრო მძიმე იყო, ვიდრე წინა ხაზზე დგომა. რამდენიმე მათგანს ნაქურდალიც აღმოაჩნდა. "ორ მეომარს" ოქროს კბილები და საყურეები ჩანთაში ჰქონდა დამალული.

ერთხელ ერთმა "მეომარმა", როცა იარაღია დატოვება მოვთხოვეთ, "მაკაროვით" სროლა აგვიტეხა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. სწრაფად დავიმორჩილეთ, მამუკა გოგებაშვილმა ფეხის დარტყმით იარაღი დააგდებინა და უცებ შევბოჭეთ. შემდეგ შტაბში გავგზავნეთ. ცხონებული მამუკა ხელჩართული ბრძოლის ოსტატი იყო და მისთვის ასეთი საქმის გაკეთება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ გაიგონებთ დღესაც სუფრასთან ასეთ უაზრო სიტყვებს, - ამ უაზრო ომში დაღუპული ბიჭების ხსოვნა და არდავიწყება ყოფილიყოსო. ამას რომ გავიგონებ, სისხლი თავში ამივარდება ხოლმე და რას ვაკეთებ, მეც არ ვიცი. ათზე მეტი მაგიდა ამიყირავებია, როცა ასეთი შეურაცყოფა მომისმენია. ზოგიერთი ლაჩარი რომელსაც სამშობლოსთვის არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ხან ვაჭრუკანობდა, ხან ქურდობდა და ხან თურქეთში მონად იყო წასული, ომის ავკარგიანობაზე იწყებს ლაპარაკს. ეს ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართობის შედეგია. ხალხის დიდი ნაწილი გალაჩრებულია, თუ ძველად ერთი-ორი ლაჩარი გამოგვერეოდა, ხალხი შავ დღეში აგდებდა. დღეს, სამწუხაროდ, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. ლაჩრები, ქალაჩუნები, ქვეყნის გამყიდველები და მოღალატეები სჭარბობენ მამაც და პატრიოტ ადამიანებს. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ასეთი ნაძირლები ყველანაირად ცდილობენ ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე წამოსკუპებას, რომ სისხლი სწოვონ ღირსეულ ადამიანებს, ვინც თავს არ ზოგავს ქვეყნის გადასარჩენად. აი, ასეთი ხალხია დღეს საქართველოში მომრავლებული.

მაგალითისთვის მოვიყვან ჩემი მეგობრის, სადაზვერვო-სადივერსიო ბატალიონის მეთაურის, პოლკოვნიკ მიხო მორჩილაძის გულიდან ამოხეთქილ სიტყვებს: "მამულის დაცვის სურვილი და შემართება ყველა მამაკაცში თანაბრადაა, ოღონდ ზოგი თავიდანვე ითვისებს ამ გრძნობას, როგორც უპირველეს მოვვალეობას, ცხოვრების მიზანს. სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ასეთები იშვიათად არიან. რადგანაც რუსეთის 200 წლოვანმა ბატონობამ ჩვენი ქვეყანა სასტიკად წაბილწა. ეროვნული ღირებულება შეგვილახა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გაგვანადგურა. სამწუხაროდ, მოგვიმრავლდნენ კაპიტულანტური პატრონაჟის მოცული იდეებით "გულანთებული მოღვაწენი", რომლებიც გვიმტკიცებენ რომ ქვეყანა შეგვილახეს არა ვაჟკაცებმა და რაინდებმა, რომლებიც ომებში პირველი ებმებოდნენ და უმეტესობა ბრძოლის ველზე რჩებოდა. არამედ იმ ლაჩრებმა, რომლებმაც ომს უაზრო თავგანწირვა უწოდეს და განერიდნენ; იმ "ჭკვიანმა" მოღალატეებმა, რომლებმაც საქართველო ვითომც და სისხლის წვიმებს გადაარჩინეს და მცირე ხარკის ფასად ჩააბარეს დამპყრობთ, რომლებიც თურმე მაინც დაგვიპყრობდნენ და მაინც გაგვანადგურებდნენ. ამ ლაჩრული სულის კიკინი რუსეთ-აფხაზეთის ომში სრულად გამობრწინდა ანეკდოტური სიყეყეჩის კულმინაციით: "მე თუ მომკლავენ მერე ვიღას ეყვარება სამშობლო?"

მამუკა გოგებაშვილი ლენტეხელი იყო. მან მერეც არაერთი საგმირო საქმე გააკეთა : დასაზვერად წასული მოულოდნელად მტრის საბრძოლო მანქანას გადააწყდა. იმ დროს კავშირგაბმულობა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო და მამუკასაც თან რაცია არ ქონდა. ამიტომ ვერ მოახერხა თანამებრძოლებთან დაკავშირება და უცებ გადაწყვიტა რომ მტრის საბრძოლო მანქანას მარტო შებმოდა. ნელნელა მიეპარა მტრის მანქანას და ტანკსაწინააღმდეგო ტყუმბარსტყორცნი ესროლა; დაბინდული იყო, წვიმდა და საბრძოლო მანქანა კარგად არ ჩანდა, ამიტომ ჭურვი მიზანს აცდა და შორიახლოს აფეთქდა. სროლა იქიდაც აუტეხეს, მაგრამ ვერც ისინი ამჩნევდნენ მამუკას და ვარაუდით ესროდნენ.

მამუკა გოგებაშვილს კარგი ფიზიკური მომზადება უწყობდა ხელს. არ დაიბნა და მეორე ჭურვი ესროლა. სროლა მოწინააღმდეგემაც გააძლიერა. ჩვენ ვიცოდით მიახლოვებით ადგილი და მამუკას დასახმარებლად გავიქეცით, სანამ მივირბენდით, ძლიერი აფეთქების ხმა მოგვესმა, თან მეორე მხირდან სროლა შეწყდა. ჩვენს მისვლამდე მამუკამ მტრის საბრძოლო მანქანა გაანადგურა, როცა მივედით, იჯდა ხის ძირში და გულიანად იცინოდა. ასეთი ხასიათი ჰქონდა, არასოდეს აღელვდებოდა, ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

იმ დროს კავშირგაბმულობა ან არ, ან ძალიან ცუდად მუშაობდა. ერთმანეთს ვერ ვუკავშირდებოდით. ყოფილა შემთხვევა, ვინ სად იდგა, არ ვიცოდით. რამდენჯერმე ლამის ერთმანეთი დავხოცეთ. ისეც ყოფილა, ჩვენები რომ გვეგონა და მტრის ჯგუფს პირისპირ შევეჩეხეთ. გაგვიმართლა და ჩვენ მოვიგეთ შეტაკება, მაგრამ ეს იყო გამართლება და მოულოდნელობა. რაციას გამართულად რომ ემუშავა, ეს არ დაგვემართებოდა.

ერთ დღეს ჩვენი თანამებრძოლი, მაიორი ანდრო გაჩეჩილაძე სნაიპერმა ხელში დაჭრა. ანდრო ძალიან უშიშარი იყო და ხშირად ზედმეტადაც, იმ დღესაც ღია ადგილზე დაწვა და იქიდან დაიწყო მტრის მიმართულებით სროლა. ვერ ხედავდა მტერს, რადგან ტყეში მათ ტყეში კარგი პოზიცია ჰქონდათ დაკავებული და მაგრად იყვნენ შენიღბულნი. როგორც კი სნაიპერმა შეამჩნია ჩვენი ანდრო, მაშინვე ამოიღო მიზანში და გაარტყა კიდეც. საბედნიეროდ, ჭრილობა მსუბუქი გამოდგა. როგორც გავიგე ანდროს ძახილი, მაიზერ მიშველე, დამჭრესო. მაშინვე წამოვხტი საფარიდან და ანდროსგან ორი სამი ნახტომით აღმოვჩნდი. მოვკიდეთ ხელი ანდროს, მე და ვახტანგ ახვლედიანმა და საფარში ჩავიყვანეთ. ჭრილობა როგორც შეგვეძლო, დავუმუშავეთ, მაგრამ მიუხედავად ჩვენი ოც მეთაურის, გენადი კვერნაძის მრავალჯერ გამოძახებისა, შტაბიდან დაჭრილის წასაყვანად არავინ მოსულა. რამდენჯერაც დავუკავშირდით, იმდენჯერ გვითხრეს მოვდივართო, მაგრამ არავინ მოსულა. ანდრომ ბევრი სისხლი დაკარგა და იძულებული გავხდით მარტო გაგვეშვა შტაბში. ჩვენს პოზიციებს ვერ ვტოვებდით, რომ დაჭრილისათვის მიგვეხედა. გენადი კვერნაძემ ლანძღვა-გინებით აიკლო შტაბი, მაგრამ უშედეგოდ.

პირველ ოქტომბერს ქალაქში მოძრაობა აღდგა. ავტობუსებმა და ტროლეიბუსებმა მოძრაობა დაიწყეს. სკოლებმა სწავლა განაახლეს. მდგომარეობა თითქოს გამოკეთდა და მშვიდობისაკენ გადაიხარა. გაგრაში შეიარაღებული ძალები შეამცირეს. მხოლოდ რამდენიმე ბატალიონი დავრჩით. ყველას ეგონა, რომ ომი დამთავრდა. ამ დროს მოწინააღმდეგე მხარე პოზიციებზე ძველებურად იდგა. მათი არც რიცხვი შემცირებულა და არც მდგომარეობა. ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სოჭის ხელშეკრულება მხოლოდ ჩვენ შეგვეხო. მოწინააღმდეგე პირიქით, უფრო ამაგრებდა პოზიციებს და გუდაუთის მხრიდან კოლხიდის მიმართულებით შეიარაღებული რაზმებისა და ტექნიკის გადმოსვლა აშკარად შეიმჩნეოდა.

პირველ ოქტომბერს, საღამოს, კოლხიდაში დიდი შეტაკება მოხდა. თურმე იმ დროს, როცა ჩვენ ერთ ადგილს ვტკეპნიდით და წინ წაწევის ბრძანებას ველოდებოდით, მტერი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით ძლიერდებოდა. დაზვერვა არ მუშაობდა და მოწინააღმდეგეზე ცნობებს თვითონ მოვიძიებდით ხოლმე. ომის შედეგს და ბედს დაზვერვა და კავშირგაბმულობა წყვეტს ხოლმე, ჩვენთან კი არცერთი არ მუშაობდა. ის ინფორმაცია მაინც უნდა გვქონოდა, რომ იმ დროისათვის უძლიერესი შეჯავშნული ტანკი ტ-72 მტრის ხელში იყო და შეტევისთვის ემზადებოდნენ. სრულიად მოულოდნელი იყო შემოტევაც და ტანკის გამოჩენაც.

1992 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს უახლოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე გათენდა. მტერმა დილის 7 საათიდან დაიწყო გაგრის ასაღებად იერიში. სოფელი კოლხიდა წინა დღეს წაგგვილიჯეს ხელიდან. ჩვენი ბატალიონი რომელსაც გაგრის ბატალიონიდან 25 კაცი შემოუერთდა, კომენდატურა პოლკოვნიკ ბადრი ფირცხელიანის მეთაურობით და რამოდენიმე სხვა ბატალიონებიდან გადარჩენილო ათეულობით მებრძოლი ქალაქის სხვადასხვა ადილებში გავმაგრდით. ქალაქიდან ხალხი რუსეთის საზრვრის მიმართულებით გარბოდა. 3 სექტემბერს სოპჭში დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების იმედად მყოფი ხალხი ისევ მოტყუებული დარჩა. დაიმედებულები ასეთ მოულოდნელ შემოტევას აღარ ელოდნენ. ჭკვიანი ადამიანები იმთავითვე მიხვდნენ, რომ სოჭში დადებული ხელშეკრულება მტრის სასარგებლოდ იყო დადებული, მაგრამ იმ დროს ჭკვიანი ხალხის აზრი ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებდა და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

გაგრაძე ფართომეშტაბიანი შემოტევა ტყიდან, ზღვიდან და პირდაპირ ცენტრალური გზიდანაც შემოგვიცვივდნენ. ამ მოულოდნელმა თავდასხმამ ჩვენი ზოგიერთი შენაერთი ისე არია, რომ გაოგნებულები საბრძოლო მანქანებს დაქოქილსაც ტოვებდნენ და ისე უმისამართოდ გარბოდნენ. რამოდენიმე მანქანა მტრის ხელში წინააღმდეგობის გაწევის გარეშე აღმოჩნდა. ის ტექნიკა შემდეგ მომხდურებმა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს.

ჩვენ სასტუმრო "კბრც"-ში გავმაგრდით. მტრის მთელი ძალები ჩვენს წინააღმდეგ წამოვიდნენ და ალყაში მოგვაქციეს. დილიდან საღამომდე ვიგერიებდით შემოტევას. თანდათან ტყვია-წამალი შემოგველია, შიმშილი და წყურვილი ვისღა აღსოვდა. ალყა ნელ-ნელა ვიწროვდებოდა და შენობამდეც მოაღწიეს. მტრის რიგებში რამდენიმე ქალი იყო. ისინი უფრო მეტად აგრესიულები იყვნენ. გარეტ გვიხმობდნენ და უშვერი სიტყვებით გვლანძღავდნენ. ამასობაში ტანკებიც მოგრუხუნდა და რამდენიმე ჭურმი ჩვენი შენობისკენ გამოისროლა. სასტუმროსაც მოხვდა რამოდენიმე ჭურვი. ჩვენს რიგებში უკვე რამდენიმე მებრძოლი დაიღუპა. პირველი 22 წლის აბელ ქართველიშვილი დაეცა. მისმე სიკვდილმა მთელი ბატალიონი შეგვძრა. აბელი უშიშარი და მამაცი ვაჟკაცი იყო. ჩვენში ყველაზე ახალგაზრდა პირველი დაიღუპა.

მტერმა მძლავრად შემოგვიტია და პირველი სართული აიღო. ქვემოდან გვიყვიროდნენ - გამოდით, დაგვნებდით და სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დახოცვით გვემუქრებოდნენ. ტანკიდან ამ დროს სროლა არ წყდებოდა. მე ჩემს ბიჭებთან ერთად მე-3 სართულზე გავმაგრდი. სასტუმრო ისეთ ადგილას დგეს, რომ უკანა მხარეს ტყე და კლდიანი ადგილია. ფანჯრიდან თავისუფლად შეიძლებოდა გადახტომა და თყისთვის თავის შეფარება. ამ დროს ჩვენს მხარეს კედელი ჩემოინგრა და თანამებრძოლებს სამი კაცი მოვწყდით - ლევან ქართველიშვილი, გია ჩხეიძე და მე.

სხვა ვარიანტი არ გვქონდა, ტყვია-წამალიც გვითავდებოდა და იძულებული გავხდით, რომ ფანჯრიდან გადავმხტარიყავით და ტყისთვის შეგვეფარებინა თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში უაზროდ დაღუპა ან ტყვედ ჩავარდნა არ აგვცდებოდა. ვარჩიეთ რომ ტყეში გადავსულიყავით და ბრძოლა ისე გაგვეგრძელებინა.

მე და ლევანი ადვილად გადავხტით. გია თავიდან ჭოჭმანობდა, მაგრამ იმ ფანჯარას საიდანაც უნდა გადმომხტარიყო, რამოდენიმე ტყვია მოხვდა და იმან გადმოხტომაში "უშველა" ტყე-ტყე ვიარეთ განთიადის მიმართულებით. საავადმყოფოსთან გზაზე ჩამოვედით და მოულოდნელად შტაბის უფროსს, მიხეილ მარინაშვილს შევხვდით, რომელიც მარტო მოდიოდა. მე ვკითხე- ბატონო პოლკოვნიკო, რა ვქნათ- მეთქი? მან გაუჩერებლად მიპასუხა: მორჩა ყველაფერი, ომი წავაგეთ და თავს უშველოთო. ამის შემდეგ პოლკოვნიკი მიხეილ მარინაშვილი არ მინახავს. მხოლოდ ერთხელ ვნახე ტელევიზიით, ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და განაცხადა- გაგრა იმიტომ დაეცა, რომ თბილისიდან მითითებებს უშუალოდ სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე იძლეოდაო. თვითონ კი იძულებული იყო, მთავარსარდლის ბრძანებები უყოყმანოდ შეესრულებინა. ამ გადაცემის შემდეგ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თბილისში ერთ -ერთ საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებეში გარდაიცვალა. ზუსტად ვერავინ გაიგო, საღ-სალამათი კაცი ასე მოულოდნელად როგორ მოკვდა?! ჭორის დონეზე ისიც ითქვა, რომ იმ სატელევიზიო გადაცემასა და ედუარდ შევარდნაძის ხსენებას შეეწირა. ეს ითქვა, მაგრამ მერე ყველაფერი მიჩუმდა და ამ ამბით დიდად არავინ დაინტერესებულა. მან გაგრის დაცემის შესახებ ბევრი იცოდა და ბევრის მცოდნე კაცი იმ დროს ხელისუფლებაში არ აწყობდათ, რადგან ეს მათ ინტერესებში არ ნოდარ ნათაძე და გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი. ედუარდ შევარდნაძეს ხალხი შემოეხვია და დაცემული გაგრის დაბრუნებას სთხოვდა. ედუარდ შევარდნეძე ხალხს შეპირდა, რომ გაგრას ორ დღეში დავიბრუნებდით. მერე ჩაჯდა ვეტმფრენში და სოხუმისკენ გაფრინდა. მისი დანაპირები თუ როგორ შესრულდა, ყველამ ნახა. მომდევნო დღეებში გაგრასა და ლესელიძეში ბევრი არაფერი შეცვლილა. შეშინებული ხალხი რუსეთისკენ გარბოდა. რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტზე დიდი რიგი იდგა. ყველა ცდილობდა, რომ როგორმე ჩვენი ქვეყნიდან გაეხწიათ. იმის მიხვედრას იმ დროს ბევრი ფიქრი არ უნდოდა, რომ საკუთარ სამშობლოში დაბრუნება და სახლ-კარის ნახვა ძალიან დიდ ხანს აღარ მოუწევდათ. მოსახლეობა საყვარელ ადგილებს დიდხანს და ზოგი სამუდამოდაც ემშვიდებებოდა. ლესელიძეში შემხვდნენ ჩემი სოფლელები: ზურიკო ლადო და გულადი ჭკადუები. ისინი გაგრაში ცხოვრობდნენ და იდივე სიტუაციაში აღმოჩდნენ, როგორც სხვები. ისინიც სამუდამოდ ტოვებდნენ დიდი შროით აშენებულ სახლ-კარს. დავემშვიდობე ყველას და საზღვარზე გავაცილე. ამ ხნის მანძილზე, უკვე მესამე დღე იყო და ჩვენი ბატალიონის ბიჭების შესახებ ვეღარაფერი გავიგეთ. იმ დროს როცა გაგრიდან გამოვდიოდით, გენერალი გიორგი ყარყარაშვილი ჩამოფრინდა ვეტმფრენით. მტრის პოზიციები დაბომბეს, მაგრამ მოგვიანებით. იმ ადგილებში სადაც დაბომბეს, უკვე მტერი აღარ იყო და ცარიელი ადგილები გადაწვეს. განთიადში გავიგეთ, რომ გიორგი ყარყარაშვილი გაგრის მისადგომებთან გრძელ ხიდთან იდგა და გაგრაში შესასვლელად ემზადებოდა. ჩვენც მაშინვე იქითკენ გავეშურეთ. გრძელ ხიდთან რამოდენიმე ათეულ მებრძოლს მოეყარა თავი. იქვე იყვნენ გენერალი გიორგი ყარყარაშვილი, დაცემული გაგრის მერი- ჯონი ლატარია და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი. ხიდთან შემხვდა ჩემი ძველი მეგობარი, ახალჩიხის ბატალიონის მეთაური, მაიორი ავთანდილ ჩიქობავა. ცუდ დროს შევხვდით ერთვანეთ ძველი, დიდი ხნის უნახავი მეგობრები, მაგრამ მაინც ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა.

გია ყარყარაშვილმა გადაწყვიტა, გაგრაში შესულიყო. მოვგროვდით 60 კაცი, დაგვიდგა წინ ყარყარაშვილი და წავედით გაგრისკენ. ხიდიდან დაახლოებით 1 კმ-ში დიდი ცეცხლის ქვეშ მოვყევით, - გვესროდნენ ტყიდან, ზღვიდან და პირდაპირ შეტევაზე გადმოდიოდნენ. ამ დროს გამოჩნდა მტრის უძლეველი ტანკიც, რომლის გამოჩენაზეც ისევ უკან დახევა მოგვიწია. დავბრუნდით ხიდთან. იქ იდგა ერთი ჩვენი ტანკი, რომელიც არ ისროდა, ტრაქტორივით დაბობღავდა აქეთ-იქით, ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხიდი ჩვენებმა დანაღმეს და როგორც ტანკი ზედ შედგებოდა, აფეთქდებოდა. ჩვენც დავიკავეთ პოზიციები, რომ ტანკის აფეთქებისა და დიდი სიმაღლიდან ხრამში ჩავარდნის შემდეგ ქვეითები გაგვენადგურებინა. ამით გაგრის დაბრუნების რეალური შანსი მოგვცემოდა, მაგრამ ჩვენი ოცნება დაიმსხვრა - ტანკი უვნებლად, აუფეთქებლად გადმოვიდა ხიდზე. 3 დამნაღვნელიდან 1 მოღალატე ყოფილა და მავთული გადაჭრა. იმ დროს რამდენიმე ჩვენი თანამემამულე გასამრჯელოსათვის იმათ მხარეზე "მუშაობდა".

მომდევნო დღეებში მტერმა განთიადი და ლესელიძე წინააღმდეგობის გაუწევლად დაიკავა. ბოლო შეტაკების დროს დაიღუპა გია ყარყარაშვილის ძმა, გოჩა. მან გმიეულად შესწირა თავი სამშობლოს. ნათელში იყოს მისი და ყველა ღირსეული ვაჟკაცის სული.

იმ არეულობის დროს ზოგი საით წავიდა და ზოგი საით. მე და ლევანს გია მოგვწყდა და ვერ ვიპოვეთ. სხვა გზა არ იყო, რუსეთში უნდა გადავსულიყავით. ლესელიძიდან სალხინოში ავედით. სალხინო ბოლო ქართული სოფელია, იმის იქით, მდინარე ფსოუს გადაკვეთის შემდეგ, რუსეთის მიწა-წყალი გველოდებოდა. დადგა ჩვენთვის უმძიმესი წუთები. დამარცხებულები, დამცირებულები და ჩვენი ხელისუფლების მიერ გაყიდული მეომრები მშობლიურ მიწას ვემშვიდობებოდით და გადავდიოდით მტრის მიწაზე. სოფელ სალხინოში იარაღი მიწაში ჩავმარხეთ., სამოქალაქო ტანსაცმელი გადავიცვით და შებინდებისას რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადავკვეთეთ. ადლერში ტყე-ტყე ფეხით ჩავედით. იქ უამრავ ხალხს მოეყარა თავი. თბილისიდან სპეციალური თვითმფრინავები მოდიოდნენ და დევნილები გადაჰყავდათ. ერთ-ერთ თვითმფრინავს ჩვენც გამოვყევით. ჩვენი ბატალიონის ბიჭები ისევ არ გამოჩნდნენ.

დავეშვით თბილისის აეროპორტში, სადაც უამრავი ხალხი ირეოდა, - ყველა თავისიანის ამბის გაგებას ცდილობდა. ჩვენი ბატალიონის ბიჭები ცოცხლები იყვნენ თუ არა, ისიც არ ვიცოდით. მოგვიანებით რუსეთის ტელეარხებმა გადმოსცეს, რომ ტყვედ ჩაეგდოთ და გუდაუთაში ჰყავდათ.

41 კაცი 47 დღე გუდაუთის საკონცენტრაციო ბანაკში იტანჯებოდა. მერე ტყვეთა გაცვლის კომისია შედგა, რომელსაც ჩვენი მხრიდან გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. დატანჯული, შეურაცყოფილი და დარაცხებული მებრძოლები 47 დღის შემდეგ საკუთარ კერას დაუბრუნდნენ.

გაგრაში მომხდარის შესახებ მეათედიც ვერ აღვწერე, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, რომ თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ბატალიონის ყველა მებრძოლი, თამაზ მეფარიშვილის მეთაურობით, ვფიქრობდით მხოლოდ ერთ რამეზე, - სამშობლოს დაცვაზე. თითოეულმა ჩვენგანმა ეს დაამტკიცა ბრძოლებში.

აეროპორტში რომ დავეშვით, თავში სისხლი მომაწვა. რამდენიმე კვირით ადრე ამ აეროპორტიდან 120 კაცი გავემგზავრეთ. ახლა სამიღა ვბრუნდებოდით. სიმწრის ცრემლი მომადგა, პირველად მაშინ ვინატრე სიკვდილი. ცოცხალი რომ დავბრუნდი. მრცხვენოდა.

აეროპორტში გენერალ-მაიორი გიორგი კვინიკაძე დაგხვდა. მისი შვილი ვახტანგი ჩვენს ბატალიონში ირიცხებოდა და გაგრაში შეტაკებისას ფეხი დაკარგა. ლეიტენანტი ვახტანგ კვინიკაძე უბადლო მეომარი იყო და ბევრი საგმირო საქმე ჩაიდინა.

მას შემდეგ ჩვენი ბატალიონი შეივსო და რამდენიმე საბრძოლო ოპერაციაში მივიღეთ მონაწილეობა, კერძოდ, სოხუმში, ლაბრასა და სამაჩაბლოში. სამწუხაროდ, ჩვენი ბატალიონიდან დღეს ბევრი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ღირსეულად წასული ვაჟკაცები მუდამ გვემახსოვრება. ისინი იცავდნენ სამშობლოს. იმ ბიჭების საომრად წასვლას ვერავინ დააძალებდა, თითოეული თავისი ნებით ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ბევრი შეეწირა უთანასწორო ბრძოლას.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ღირსეული ბიჭების მხარდამხარ ვიბრძოდი. იმედი არ დამიკარგავს, რომ დადგება დრო, როდესაც დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ და ძველი მეომრები ჩვენს მხედრულ მოვალეობას აუცილებლად შევასრულებთ. საქართველოს ისტორია დასაბამიდან დღემდე ომების ისტორიაა. ამ ომებში ჩვენს ქვეყანას უამრავი რამ გადახდენია, დამარცხებები, გამარჯვებები, ღალატი, გმირობები, მაგრამ დღემდე მოაღწია მაშინ, როცა ჩვენზე ძლიერი და დიდი ქვეყნები აღიგავნენ პირისაგან მიწისა.

როგორც ჩვენი ბატალიონი, ისე გაგრის კომენდატურის ხალხიც არ გამოჩენილა. მათი ხელმძღვანელი პოლვოვნიკი ბადრი ფირცხელიანი გაქრა. ერთი კვირის შემდეგ ტელევიზორში აჩვენეს, რომ ალყიდან გამოსულა და ტყე-ტყე სოხუმამდე ჩამოუღწევია. რომ დაეჭირათ გადამთიელებს, დახვრეტდნენ. მათი ტყვედ აყვანის უფლება არ ჰქონდათ. რომ ჩავეგდე ხელში მტერს, დღეს ამ სტრიქონების დაწერას ნამდვილად ვერ მოვახერხებდი და როგორც ზოგიერთი მართლა უაზრო და ლაჩარი ჩვენი მემამულე დღემდე მოიხსენიებს ხოლმე, იმ "უაზრო ომში" დაღუპულების რიცხვში ვიქნებოდი. სამშობლოსათვის თავდადება უაზრობა არასოდეს იყო და არც არასოდეს იქნება

1992 წლის 14 აგვისტო 15:00 საათი. კონფლიკტის ბოლო დღეა. გადაიკეტა გულრიბშის რაიონის დაბა აგუძერას მახლობლად მდებარე თბილისის პროსპექტი, ანუ ცენტრალური გზა.ამ პროსპექტზე ააფეთქეს ჩვენი ერთი ჯავშან მანქანა და "ჟიგულით " შინ მიმავალი უიარაღო მოქალაქე ბადრი გურჩიანი მანქანაში ჩაცხრილეს.

ამ დროს სოხუმში მცხოვრები ლაშა ქართველიშვილი (სახელი და

გვარი წერილის ავტორის თხოვნით შევცვალე) იმ დღეს ოჯახთან ერთად, ფეხმძიმე მეუღლესა და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დრანდაში მიემგზავრებოდა, რადგან სოხუმისაკენ გზა გადაკეტილი იყო, შმაგის მეუღლე დრანდის საავადმყოფოში უნდა მიეყვანა.

აუძერასთან ჩაკეტილ გზას რომ მიუახლოვდნენ, ლაშამ

მანქანა გვერდზე გადააყენა და გზის გახსნას დაელოდა. ამ დროს გზის ორივე მხრიდან, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებიდან და მანდარინების პლანტაციებიდან მოულოდნელად სროლა აუტეხეს. ისროდნენ აფხაზი და რუსი ბოევიკები.

უცებ გზის მარჯვენა მხრიდან ღობეზე გადმოხტა სპორტულ ტანისამოსში ჩაცმული და თავზე არაბულ წარწერებიანი შავლენტებშემოკრული ორი ბოევიკი. ისინი თავს დაესხდნენ ლაშა ქართველიშვილის მანქანის წინ მდგომ უაზის ტიპის მანქანაში მსხდომ სამ ქართველ ჯარისკაცს და ერთი მათგანი ხელში დაჭრეს. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და ჯარისკაცებმა მოულოდნელობის გამო დაბნეულებმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ მოახერხეს და სამივე მათგანს მომხდურებმა ავტომატები აართვეს, შემდეგ ისევ უკან, ღობეზე გადახტდნენ. ვერავინ ვერაფერი ვერ მოასწრო და ისინიც მაშინვე მოხერხებულად მიიმალნენ. ეს ყველაფერი წუთებში მოხდა.

ლაშას თან მამის ნაჩუქარი კოლტის ტიპის ფისტოლეტი ჰქონდა 8 ვაზნით, მაგრამ იმ მომენტში ვერაფერი ვერ მოასწრო. მან კარგად იცოდა ის ადგილები და ერთი უიარაღოდ დარჩენილი ქართველი ჯარისკაცის თანხლებით სხვა მიმართულებიდან მიეპარა ბოევიკების საცეცხლე წერტილს, რომელიც იმ დროს სამი ბოევიკისგან შედგებოდა. შედეგი შესანიშნავი იყო, ორი ბოევიკი განადგურდა და ერთი ტყვედ აიყვანეს. მათი ბუნაგიდან ამოიღეს 6 ავტომატი აქედან 3 ქართველების მიმართ ცოტა ხნის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ხელში ჩაგდებული ნადავლი იყო. გარდა ამისა ბოევიკებს აღმოაჩნდათ 3 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი. ასე მოულოდნელად მიიღო ლაშა ქართველიშვილმა პირველი საომარი ნათლობა.

ამ სიტუაციაში დრომ სწრაფად გაირბინა. შუაღამისას ლაშამ

შემოვლითი გზით მიაღწია დრანდის სამშობიაროს და რამოდენიმე დღეში ბიჭი შეეძინა.

ის ბოევიკები იმ სამხედრო ნაწილიდან იყვნენ, რომელიც კონფლიქტამდე ერთი წლით ადრე შეიქმნა და ბაზა აგუძერაში, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური კვლევითი ინსტიტუტის ტერიტორიაზე ჰქონდათ. მათი ფუნქცია თითქმის ამ ინსტიტუტია დაცვა იყო. სინამდვილეში კი სპეცდანიშნულების გახლდათ და მეთაურად რუსი ჰყავდათ. კონტიგენტი კი აფხაზები, გადამთიელები და დაახლოებით 20% ავღანეთში ნაომარი რუსი კონტრაქტორები იყვნენ.

კონფლიკტის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში ლაშას სამხედრო კომისარიატიდან ოფიციალურად უწყება მოუვიდა, ამავე დროს ერთ-ერთმა სპეცდანაყოფმა, სადაც მისი მეგობარი გიორგი გაბუნია მსახურობდა, არაოფიციალურად დანაყოფის წევრობა შესთავაზა.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს დანაყოფი ავღანეთში ნაომარი ხალხით იყო დაკომფლექტებული და ისეთი სპორცმენები მსახურობდნენ, როგორიცაა ძაუდო, სამბო და აღმოსავლური ტრადიციული ორთაბრძოლები, ლაშას ბევრი არ უფიქრია და გადაწყვიტა, რომ ამ სპეცდანაყ ოფში ჩარიცხულიყო. ამ დანაყოფის ძირითადი სამოქმედო დავალება მოწინააღმდეგის ზურგში ფარულად მოქმედება იყო, მაგალითად, აგიტაცია აფხაზ მოსახლეობასთან, რომ არ გაეზიარებინათ კონფლიქტში სეპარატისტების პოზიცია, რაც რუსი პოლიტიკოსების მიერ იყო ინსპირირებული, გარდა ამისა უნდა გაენადგურებინათ ან დაეჭირათ დაქირავებული ბოევიკები.

მიუხედავად იმისა, რომ სპეცდანაყოფი გასაიდუმლოებული იყო, მაინც თითქმის ყველა ოპერაციის დაწყებამდე მოწინააღმდეგეს ინფორმაცია ჰქონდა, სად როგორ და რა უნდა გაეკეთებინათ. ამის გამო 35 კაციდან 2 თვეში 8 კაცი დაეღუპათ და 11 დაეჭრათ. იძულებულები გახდნენ, დანაკარგის აღსაკვეცად დანაყოფი თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეს დაუქვემდებარეს, რომელიც გამოცდილი და ამ საქმეში კომპეტენტურიიყო. ამით მოაცილეს სპეც-დანაყოფი შტაბს და უამრავ არაკომპეტენტურ ხელმძღვანელს, რათა შევნებულად თუ შეუგნებლად არ გასულიყო დაგეგმილი ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.

1992 წლის 17 ნოემბერს ლაშა აღმოსავლეთის ფრონტზე, ანუ ოჩამჩირის რაიონისა და ტყვარჩელის რაიონის ჩრდილო ნაწილებში თავის ოთხ კაციან ჯგუფთან ერთად გადაისროლეს. ამ ადგილებში მტრის ერთ-ერთი ბაზა იყო განთავსებული. მანძილი ტყიდან ბაზამდე 17 კილომეტრი იყო. შმაგის ჯგუფს დაავალეს "მოენის"აყვანა. თუ მოენე მაშინვე დაამღერებდა იმას, თუ სად იყო განლაგებული პოსტები ბაზის ირგვლივ, მაშინ პოსტები მაყუჩით უნდა გაენადგურებინათ, ცივი იარაღიც შეძლებისდამიხედვით უნდა გამოეყენებინათ და ინფორმაცია უნდა გადაეცათ რაციით, იმისთვის, რომ ჩვენებს 70 კაციანი რაზმი გადაესროლათ ბაზის გასანადგურებლად.

გადმოსროლის ადგილიდან 10 კილომეტრის გავლის შემდეგ ტყეში საგუშაგო აღმოაჩინეს. ეს იყო 5 ადგილიანი კარავი და ორი საცეცხლე წერტილი. საღამოს 18 საათზე ალბათ სიცივის გამო საცეცხლე წერტილებიდან გუშაგები მოეხსნენ და კარავში შევიდნენ. კარავიდან ამოშვერილო თუნუქის ღუმლის მილი, საიდანაც კვამლი ამოდიოდა. ღამის 11 საათზე კარავიდან გალეშილი გუშაგების სიმღერის ხმა ისმოდა. ზოგჯერ სიმღერას წყვეტდნენ და ქართველებს აგინებდნენ.

დილის 4 საათზე შმაგის ჯგუფი კარავს მიუახლოვდა. ღუმლის მილიდან კვამლი აღარ ამოდიოდა, არც ხმა იდასმოდა, ე.ი. სავარაუდოდ ჩაეძინათ. უცებ გადაწყდა, რომ 3 კაცი ამხობს კარავს თავზე მტერს და ლაშა მუშაობს დანით, ანუ კარავს ჭრის რამოდენიმე ადგილზე, მოწინააღმდეგეს გამოათრევს ცალ-ცალკე, თიშავს ბორკავს და უკიდურეს შემთხვევაში უკვე ანადგურებს. ოპერაციის წარმატებით დასრულების შედეგად იყო 3 განადგურებული ბოევიკი და 2 ტყვედ აყვანილი ამოიღეს 8 კაცის იარაღი. შემდეგ გაარკვიეს, რომ 3 კაცი რატომღაც სოფელში უიარაღოდ წასულა არყის მოსატანად.

ლაშასჯგუფი იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას, რომ "ამუშავებენ" ტყვეებს და ქმნიან ლეგენდას, რომ იმ სამმა ბოევიკმა მოკლა სამივე თანამებრძოლი და გაიქცა. ორი ტყვე გაექცათ. ორივე როგორც საბუთებიდან ჩანს ნათესავები არიან. ერთი მამით ქართველია და ერთ-ერთი კი აქვე სამ კილომეტრში ცხოვრობს. იმ სოფელთან რომ მიიყვანეს, სადაც ერთ-ერთი ცხოვრეობს, ერთი ჩვეულებრივი, აფხაზური ენის მცოდნე და ერთი ტყვე მივიდა თავის თავის ახლობელთან შეატყობინა ნათესავს მომხდარის შესახებ. ყველას გვარები ჩამოარაკრაკა, ისიც კი აღიარა, რომ იმ სამი ბოევიკიდან ერთ-ერთს ახლობელი დიდი თანამდებობის პირი ჰყავდა სამხედრო სამსახურში აფხაზების მხარეს და მათ მხარეს დაიჭერს, ამიტომ თითქოსდა ამ ორმა ტყვემ გადაწყვიტა, რომ მოშორებოდნენ აქაურობას სამუდამოდ და სურვილი ჰქონდათ წავიდნენ რუსეთში შემოვლითი გზით. სქემა ოჩამჩირეს ჩრდილოეთი რაიონიდან წებელდა- აზანთა- მერხეული - სოხუმში შუქურასთან დისლოცირებული რუსეთის სადესანტო ბატალიონის ტერიტორიაა და იქიდან რუსეთის მეშვეობით სოჭში უნდა წასულიყვნენ. ასეთი ექსკურსია მათ ერთი თვის წინ ჩატარებული ჰქონდათ. ამის შემდეგ ლაშას

ჯგუფმა წამოიყვანა ტყვეები დანიშნულების ადგილას, საიდანაც ისინი გადმოისროლეს ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ ოპერაციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში აღმოსავლეთის ფრონტის ზურგში ისე აეწყო საქმე, რომ შეიძლებპოდა ტყვარჩელისა და ოჩამჩირის ძირითადი ჩრდილო რეგიონების უდანაკარგოდ დაკავება. ამ და სხვა ტყვეების მეშვეობით ჩვენმა მხარემ მიიღო კოლოსალური საინტერესო ინფორმაცია, რის შედეგადაც დიდად დაზარალდა ვლადიმერ ანცუპოვის ბატალიონი, თვითონ ანცუპოვი სასიკვდილოდ დაიჭრა. შემდეგ ანცუპოვი ტყვარჩელიდან გუდაუთაში ევაკუაციის დროს სხვა დაჭრილებთან ერთად ჩამოგდებული იქნა სოფელ ლათაში და დაიღუპა. ვლადიმერ ანცუპოვი 5 წელი სწავლობდა სადესანტო უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში. ბოლოს გამოცდის ჩაბარების დროს იჩხუბა და დააინვალიდა თავისი სამხედრო მასწავლებელი. მამის წყალობით, რომელსაც იმ დროს ამიერკავკასიაში დიდი სამხედრო თანამდებობა ეკავა, როგორღაც ციხეს გადაურჩა, მაგრამ სამხედრო სასწავლებლიდან მაინც გარიცხეს. შემდეგ დაამთავრა პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. ასწავლიდა საქართველოს ისტორიას აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსულ სექტორზე. გარდა ამისა, იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების დიდი სპეციალისტი, მოკრივე ოსტატის დონეზე და მოჭიდავე. უყვარდა ქართველები და ფიქრობდა მათზე, რომ იყვნენ უტყუარი და მამაცი ხალხი. ქართველებთან ერთად ხშირად დადიოდა სანადიროდ და ბევრი მეგობარიც ჰყავდა. ვერ იტნდა მატყუარებსა და მლიქვნელებს, მათ დანახვაზე ნერვები ეშლებოდა და ხშირად სცემდა ხოლმე ასეთ ნაძირლებს. მკაცრი და პრინციპული ლექტორი იყო. მასთან არ ჭრიდა ქრთამი და ნაცნობობა. 1989-1991 -იან წლებში ქართველი სტუდენტები, რომლების უმეტესობა მამიკო ბიჭები იყვნენ, იმის გამო გადაეკიდნენ, რომ უცოდინრებს ტყუილად არ უწერდა ნიშნებს. ფულმა, ნაცნობობამ და მუქარამ რომ არ გაჭრა და პრინციპული ლექტორი თავიაანთ ჭკუაზე ვერ ათამაშეს მაშინ გაღიზიანებული სტუდენტები ანცუპოვს ღამის 12 საათზე ჩაუსაფრდნენ, ეს მაშინ, როცა ვარჯიშიდან დაღლილი მოდიოდა მუხანათურად თავს დაესხნენ და თავში რკინის კეტი ჩაარტყეს. ანცუპოვი თავდასხმას არ მოელოდა და ამიტომ თავის დაცვაც ვეღარ შეძლო. გათიშეს და სასტიკად სცემეს იმ სტუდენტებმა. მან პასუხი მოსთხოვა მუხანათურად თავდამსხმელ სტუდენტებს, მაგრამ მაშინდელმა სამართალდამცავმა ორგანოს თანამშრომლებმა სტუდენტების მხარე დაიჭირეს და დამნაშავე სტუდენტები არ დასაჯეს. ისინი ქრთამს იღებდნენ მათი მდიდარი მამებისაგან, აცუპოვს ადანაშაულებდნენ და შეძლებისდაგვარად ფულსაც აღლეტდნენ. ამას ყველაფერს დაემთხვა 1989-1992 წლების მოვლენები, სეპარატიზმი, ქაოსი... აფხაზმა სეპარატიზმებმა და რუსმა სამხედროებმა დრო იხელთეს და გადაიბირეს განაწყენებული ანცუპოვი, რომელიც შემდგომ აღმოსავლეთის ფრონტზე ერთ-ერთ ძლიერ სპეცდანიშნულების ბატალიონს მეთაურობდა. ლაშა ქართველიშვილი და ვოვა ანცუპოვი ძმაკაცები იყვნენ, მაგრამ ომმა ისინი წინა ხაზის მოპირდაპირე მხარეს აღმოაჩინა.

მაიზერ გელოვანი

ვეტერანი, აფხაზეთის ომის მონაწილე

სამხედრო ჟურნალისტი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია