მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მაიზერ გელოვანი - ომი რუსთაველის პროსპექტზე - 28 თებერვალი 2020

თბილისის ომამდე რუსთაველის პროსპექტზე რამდენიმე შეტაკება მოხდა. ოპოზიციაში გადასული გვარდიელები და სხვა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები ყოველდღე მოდიოდნენ მთავრობის სახლთან და პროვოკაციებს აწყობდნენ. რუსთაველის პროსპექტზე ბარიკადები ააგეს.

ოპოზიციონერებმა მანქანებით ნაგავი მოიტანეს და "იმელის" შენობასთან დაყარეს. რამდენიმე ოპოზიციური პარტია ცალ-ცალკე აწყობდა ყოველ საღამოს მიტინგს. რუსთაველის მეტრო სადგურთან პირველი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია იდგა ირაკლი წერეთლის ხელმძღვანელობით. სწორედ მათ მოიტანეს მანქანებით ნაგავი. შემდეგ იდგა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია გია ჭანტურიასა და ირინა სარიშვილის ხელმძღვანელობით, პირველ საშუალო სკოლასთან ქრისტიან-დემოკრატიული პარტია თემურ ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით და ბოლოს, მთავრობის სახლის წინ ხელისუფლების მხარდამჭერი მიტინგები იმართებოდა. მიტინგებზე სიტყვით გამომსვლელები ლანძღავდნენ ერთმანეთს, მთავრობის მომხრეები - ოპოზიციას, ხოლო ოპოზიციონერები - ხელისუფლებას და პირადად პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, ირინა სარიშვილი, ლუიზა შაკიაშვილი, ირაკლი წერეთელი, თემურ ჟორჟოლიანი, რუსლან მიქაბერიძე და სხვები, ხელისუფლებიდან კი გურამ პეტრიაშვილი, მანანა ძოძუაშვილი, ბიძინა გიორგობიანი და კიდევ მრავალი სხვ.

4 ოქტომბერს, საღამოს, რუსთაველის პროსპექტი ბარიკადებისა და ოპოზიციონერებისაგან გაიწმინდა. იმ დროს თენგიზ კიტოვანი თავისი მომხრე გვარდიელებით შავნაბადიდან ჩამოვიდა, ტელევიზიასა და ცირკთან გამაგრდა, მთლიანად აკონტროლებდნენ გმირთა მოედანსაც. რუსთაველი კი გაიწმინდა, მაგრამ მოძრაობა არ აღდგა. მარტო ფეხით მოსიარულენი დადიოდნენ.

გულისტკივილით ვიხსენებ იმ მძიმე დღეებსა და წუთებს, როცა ქართველი ქართველს დაუპირისპირდა არაფრის გამო. ახლა რომ მახსენდება მაშინდელი მომენტები და შემდგომი პერიოდი, მიკვირს, როგორ გაუძლო ამ პატარა ქვეყანამ ამდენ უბედურებას?! სამწუხაროდ, უბედურების მომტანი ისევ და ისევ სულგაყიდული ქართველები იყვნენ, რომლებიც როგორც შემდეგ გაირკვა, უცხო ქვეყნებიდან იმართებოდნენ.

მოხდა ისე, რომ თენგიზ კიტოვანი ცირკის მიდამოებიდან აიბარგა და თბილისის ზღვაზე დაბანაკდა. ერთ დღეს ჩატარდა ოპერაცია - ეროვნულმა გვარდიამ და შსს-ს სპეცრაზმმა "ომონმა" თბილისის ზღვა ალყაში მოვაქციეთ და იქ დაბანაკებულ მეამბოხეებს დანებება მოვთხოვეთ. იმ დროს ასეულის მეთაური ვიყავი. თენგიზ კიტოვანს დაახლოებით 150 კაცი ჰყავდა. სიტუაცია იქით მიდიოდა, რომ იარაღი უნდა დაეყარათ და დაგვნებებულიყვნენ, მაგრამ ამ დროს უკან დახევისა და ალყის მოხნის ბრძანება მივიღეთ. როგორც მოგვიანებით შეიქმნა ნათელი, სწორედ ეს გამოდგა დამღუპველი.

დრო გადიოდა და საქმე ერთ ადგილზე იყო გაყინული. არც ერთი მხარე არ თმობდა პოზიციებს, სანამ არ მოახლოვდა ერთ-ერთი შავი დღე საქართველოს ისტორიაში - 22 დეკემბერი.

21 დეკემბერს, საღამოს 5 საათისათვის, რუსთაველზე ნელ-ნელა ოპოზიციამ მოიყარა თავი. ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და ალექნადროვის ბაღში ნიღბიანი შეიარაღებული ხალხიც გამოჩნდა. იგრძნობოდა, რომ სისხლის ღვრა იქნებოდა.

6 საათისთვის ოპოზიციამ გაერთიანებული ძალებით ილიასა და აკაკის ძეგლთან მიტინგი დაიწყო. მიტინგს უძღვებოდა და ყველაზე მეტად აქტიუროდა თენგიზ სიგუა. მის გვერდით ლევან ღვინჯილია იდგა. ისინი ითხოვდნენ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაუყოვნებლივ და უპირობო გადადგომას. მთავრობის სახლთან ხელისუფლების მომხრეების მრავალათასიანი მიტინგი დაიწყო. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლემიკა, ანუ ერთმანეთის ლანძღვა, მიკროფონებისა და დიდი გამახმოვნებლებით მიმდინარეობდა. მომიტინგეებს შორის ავტობუსებითა და სხვა მანქანებით იყო ჩახერგილი. ოპოზიციამ ხრეშითა და ქვიშით დატვირთული სატვირთო მანქანა "კრაზები" მოიყვანა ავტობუსების გათრევა დაიწყო. მათ წინააღმდეგობას არავინ უწევდა. გვარდია და "ომონი" მომიტინგეებს შორის ჩავდექით და ცოცხალი ჯაჭვი გავაკეთეთ, რომ ერთმანეთს არ დარეოდნენ. თუმცა, მანქანების გადათრევის შემდეგ ორივე მხარე ერთმანეთში აირია. ხალხი ერთმანეთს ეხვეოდა და კოცნიდა, ჩხუბი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არ მომხდარა. შეიარაღებული ნიღბოსნებიც მომენტალურად გაქრნენ.

გათენდა 1991 წლის 22 დეკემბრის დილა. თავისუფლების მოედნის მხრიდან ავტომატი აკაკანდა. ამას მოჰყვა ქაშვეთის ეკლესიის ეზოდან ტყვიამფრქვევის ჯერები და ქვემეხმაც იგრიალა. ასე დაიწყო თბილისის ძმათამკვლელი ომი. იმ დროს ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების პოლკში ვმსახურობდი ასმეთაურად. პოლკი ყოფილ ლესელიძის სახელობის სკოლაში იყო განთავსებული და პოლკოვნკი ლონგი ვარცვანია მეთაურობდა. სხვათა შორის, პოლკი სპეცდანიშნულების იყო და მთავრობის დაცვა ევალებოდა. ამ დროს კი ერთადერთი ავტომატი გვქონდა, რომელიც სასწავლო იყო და შემდეგ გადაკეთებული საბრძოლოდ. ავტომატი მეთაურს ჰქოდა. დანარჩენები ვიდექით შიშველი ხელებით. როგორც სროლის ხმა მოგვესმა, ყველანი შიგნით შევცვივდით. მომიტინგე ღამენათევი ხალხიც შემოგვყვა. სროლა უფრო და უფრო გაძლიერდა. რამდენიმე ავტომატი ჩვენი მხრიდანაც აკაკანდა. იარაღი, ძირითადად, ზუგდიდის ბატალიონის მებრძოლებს ჰქონდათ.

პოლკოვნიკი პონგი ვარცვანია მილიციიდან იყო გვარდიაში გადმოსული და სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა. ამას მოწმობს ისიც, რომ ხუთკაციანი დაცვა დაიყენა. მაშინ, როდესაც პოლკის მეთაურს დაცვა არ ჰყავს. არც გვარდიას სარდალი ლოთი ქობალია იყო სამხედრო საქმის მცოდნე. მან პრეზიდენტის ერთგულებისთვის ორად ორი წოდება მიიღო: მაიორი და პოლკოვნიკი. რიგითი კაცი 3-4 თვეში პოლკოვნიკი გახდა. ეს იყო დიდი შეცდომა. იმ დროს ეროვნული ხელისუფლება საბჭოთა არმიიდან ჩამოსულ პროფესიონალ ოფიცრებს არ ენდობოდა და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დილეტანტებს ნიშნავდა. დაზვერვა და კონტრდაზვერვა არ არსებობდა და თუ იყო, ისიც არაფრის მქონე, ისიც არაფრისმაქნისი. ისე შეაგორეს თურმე ეკლესიის ეზოში ქვემეხი, მთავრობას ინფორმაცია არავინ მიაწოდა. ეს იყო უცოდინრების თანამდებობებზე დანიშვნის შედეგი.

არავის სიძულვილი არ მალაპარაკებს. მე ვიხსენებ ფაქტებს და რაც იყო, ის მინდა ზუსტად გადმოვცე. სხვა არაფერი მამოძრავებს.

საბჭოთა არმიიდან ჩამოვიდნენ და ეროვნული გვარდიის რიგებში ჩადგნენ ისეთი პროფესიონალი ოფიცრები, როგორებიც იყვნენ გუჯარ ყურაშვილი, ავთანდილ ცქიტიშვილი, გია უჩავა, ზაურ უჩაძე და სხვები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაინიშნა შესაფერის თანამდებობებზე. გვარიის გვარდიის სარდალი ლოთი ქობალია იყო და მიდი მოადგილე კი - პოლკოვნიკი გუჯარ ყურაშვილი.

ეროვნული მოძრაობით დაწყებული სამხედრო სამსახურით დამთავრებული უამრავი ადამიანი გავიცანი და თითოეული მათგანის თუ არა, უმრავლესობის შესწავლა მაინც შევძელი. სამწუხაროდ, მათ დიდ ნაწილზე კარგის თქმა არ შემიძლია. სანამ ჩემს მხარდამხარ იბრძოდნენ, ძმობასა და მეგობრობას მეფიცებოდნენ, ხოლო როგორც კი წარმატებას მიაღწიეს, მაშინვე შეიცვალნენ, სხვა ხასიათისა და ზნის ადამიანებად გადაიქცნენ. ბევრ მათგანს მე ვასწავლე ავტომატის სროლა, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ოდნავ ჩემზე მაღალ საფეხურებს როგორც მიაღწიეს, მაშინვე ქედმაღლურად ყურება დამიწყეს. მაგრამ მოხდა ისე, რომ ის წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა და მერე ჩვეული ლაქუცი დამიწყეს. ზოგიერთი მათგანი არ გავიკარე, ასეთები მეტის ღირსი არ არიან. ასეთია ჩემი სამართალი და ვისაც უნდა, დამძრახოს, მე ჩემს თავსა და ხასიათს ვერ ვუღალატებ.

დავიბადე პედაგოგის ოჯახში. მამაჩემი 40 წელი სკოლაში მუშაობდა, სკოლის დირექტორი იყო. დედაც მასწავლებელი მყავდა. ჩვენი ოჯახი მორწმუნე იყო და დღესაც ასეა. მართალია, მამა კომპარტიის წევრი იყო, მაგრამ ღვთის სიყვარული ყოველთვის ჰქონდა. ხშირად ასმენდა ზოგიერთი კომპარტიელი რაიონის რაიკომში, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ძალიან მტკიცე და შეუვალი კაცი იყო. მონაწილეობდა 1943 წელს კავკასიონზე ფაშისტი ურდოების წინააღმდეგ ბრძოლებში. სწორედ იქ მიიღეს კომპარტიის რიგებში.

მე და ჩემს და-ძმას მშობლები გვასწავლიდნენ, რომ სამშობლო დაგვეცვა და ღმერთი გვეწამა. ამ რწმენით მოვედი დღემდე და ასე გავაგრძელებ ცხოვრებას ჩემს სამ შვილთან ერთად.

როგორც ვთქვი, ზარბაზანი ისე შეაგორეს ოპოზიციონერმა მეამბოხეებმა ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, რომ ჩვენ ვერაფერი გავიგეთ. როგორც ზემოთ ვთქვი, ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების შემადგენლობას მხოლოდ ერთადერთი, ისიც საბრძოლველად გადაკეთებული სასწავლო ავტომატი ჰქონდა. ამ დროს პოლიტიკური ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდის" წევრების დიდ ნაწილს სრული შეიარაღება ჰქონდა, დაწყებული ავტომატებით დამთავრებული პისტოლეტებით. რატომ, დღემდე ვერ გამიგია. კარგად იყო შეიარაღებული შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი - "ომონი", რომელშიც დაახლოებით 50 კაცი შედიოდა, ძირითადად, სპორტსმენები და ავღანეთის ომგამომვლილები. სხვებთან შედარებით, ეს რაზმი საკმაოდ დიდ ძალას წარმოადგენდა. მათი ნაწილი თბილისის შემდეგ აფხაზეთში დაიღუპა. მებრძოლი და პატრიოტი ბიჭები იყვნენ.

ომის დაწყებიდან გავიდა 3 დღე. ეროვნული გვარდიის ნაწილები, ახალშექმნილი შინაგანი ჯარი, მოხალისეთა ლაშქარი და კიდევ ვინ იცის, ვინ, ბუნკერში ვიყავით, გარედან ოთხივე მხრიდან ცეცხლის ალში გახვეული. პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ჩვენთან იყვნენ. დრო გადიოდა, ზარბაზნის გრიალი კი არ ცხრებოდა. როგორც ჩანს, ზარბაზანთან ვინც იდგნენ, ან უცოდინრები იყვნენ, ან მთვრალები. ქაშვეთის ეკლესიიდან პარლამენტის დაახლოებით 100 მეტრი თუ იქნება და რამდენიმე ჭურვმა შენობას თავზე გადაუფრინა და მთაწმინდის მოსახლეობის სახლებს ხანძარი გაუჩნდა.

თურმე, იმ დროს ჩემი მომავალი მეუღლე, რომელსაც მაშინ არ ვიცნობდი, ლაურა მიღდისელი, სასწავლებლიდან, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტიდან ფეხით მიდიოდა შინ, მშრალი ხიდის მიმართულებით და მთავრობის სახლიდან ნასროლ ტვყიას ბეწვზე გადაურჩა. ეს ამბავი, როცა ჩემი ცოლი გახდა, მერე მიამბო.

მე ეროვნული გვარდიის სპეცდანიშნულების პოლკის მე-2 ბატალიონში პირველი ასეულის მეთაურად ვმსახურობდი. ბატალიონის მეთაური მაიორი ელგუჯა ნიკოლაძე იყო. მას თბილისის საარტილერიო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და სამხედრო საქმე კარგად იცოდა. ბატონი ელგუჯასი დიდი მადლობელი ვარ, მიუხედავად იმ დროს მისი უმწეობისა, ყურადღებას არ გვაკლებდა და გვიფრთხილდებოდა ხელქვეითებს. თბილისის ომის შემდეგ მე და ბატონ ელგუჯა ნიკოლაძეს აფხაზეთის ომშიც ერთად მოგვიწია ყოფნა.

ბუნკერში ბევრი ხალხი ირეოდა. არავინ აკონტროლებდა, ვინ შემოდიოდა და ვინ გადიოდა. 25 დეკემბერს რამდენიმე ოფიცერმა მოვითათბირეთ, რომ ათკაციანი ჯგუფი შეგვექმნა და იმის იმედით, მოწინააღმდეგე მხარეს ვინმესთვის იარაღი წაგვერთმია და შემდეგ გვებრძოლა, გარეთ გასვლა გადავწყვიტეთ. მსურველი ბევრი გამოჩნდა, მაგრამ ჩვენ ისეთი ხალხი შევარჩიეთ, ვისაც ვიცნობდით და მეტად ვენდობოდით. ჯგუფის მეთაურად ჩვენი ბატალიონის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი გენადი კვერნაძე ავირჩიეთ. ჯგუფში ვიყავით მე-2 ასეულის მეთაური უფროსი ლეიტენანტი ვეფხია ბიჩინაშვილი, ახალციხის მე-9 ბატალიონის მეთაურის მოადგილე კაპიტანი სერგო ინასარიძე, მე-3 ასეულის მეთაური ლეიტენანტი ალეკო მუხაძე და სხვები. 26 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, ჩვენი ჯგუფი გარეთ გასასვლელად მზად იყო. იმ დროს ბუნკერში ორი მღვდელი იყო, ერთ-ერთმა დაგვლოცა და გარეთ გამოვედით.

პირველად რაც დავინახე, ტყვიებით დაცხრილული მანქანები და დაცარიელებული რუსთაველი იყო. ზამთრის სუსხი ჩვეულებრივზე უფრო უარესი მეჩვენა, ცოტა თოვლი იდო. ხალხი ქუჩაში არ დადიოდა. ქაშუეთის მხრიდან დროდადრო ზარბაზანი დაგრიალებდა. პარლამენტის შენობის ერთი სვეტი ჰქონდათ აჩემებული და იმას ესროდნენ, მაგრამ ვერ მოანგრიეს. 

ჩიტაძის ქუჩას ფრტხილად ავუყევით. გეგმით, შეიარაღებულ მოწინააღმდეგეს მოულოდნელად თავს უნდა დავსხმოდით და იარაღი წაგვერთმია. რისკი დიდი იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. უიარაღოდ, უაზროდ ბუნკერში ჯდომას ისევ მოქმედება ვარჩიეთ და გადაწყვეტილებაც სწორი იყო. ის ხალხი, ვისაც ვითომ მეტად ენდობოდნენ და იარაღიც დაურიგეს, დღედაღამ ბუნკერში, სასადილოს სკამებზე ისხდნენ და ეძინათ. რამდენჯერ ვთხოვეტ იარაღი მოეცათ და ჩვენ ვიბრძოლებდით, მაგრამ კატეგორიული უარი გვითხრეს.

ჩიტაძის ქუჩის ბოლოს, შსს-ს პოლიკლინიკასთან რომ ავედით, იარაღიანი 4 კაცი შევნიშნეთ. ისინი ქვემოთ, ჩვენკენ მოდიოდნენ. მაშინვე ჩავსაფრდით და დაველოდეთ, როგორც გაგვისწორდნენ, ვეცით და გავკოჭეთ. ასე ვიშოვეთ 4 ავტომატი. საქმე კარგად დავიწყეთ. დაჭერილები ბუნკერში ჩავოყვანეთ და ახლა უფრო შემართულები გავედით გარეთ მოწინააღმდეგეზე სანადიროდ. ისევ პოლიკლინიკასთან ჩავსაფრდით. დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდა, - 7 კაცი ჩაგვივარდა ხელში. სანამ მათ ვჩხრეკდით, ქვემოდან "24"-ის მარკის თეთრი "ვოლგა" მოგვიახლოვდა. პოზიციაზე განვლაგდით და გაჩერება მოვთხოვეთ. მანქანა გაჩერდა თუ არა, უცებ სროლა აგვიტეხეს. გენადი კვერნაძეს მუხლში მოხვდა ტყვია, მაგრამ საბედნიეროდ, რბილში გაუარა. მანქანა უკუსვლით გაქანდა. ვეფხია ბიჩინაშვილმა წინა მხრიდან ჰაერში ასწია. ვეფხია ევროპის ჩემპიონი იყო ძიუდოში. მძღოლი დაიბნა, საჭე ვერ დაიმორჩილა და რომელიღაც სახლის კედელს მიეჯახა. მანქანიდან გადმოვათრიეთ შიგ მჯდარი ოთხი კაცი და ხელებაწეულები კედელთან მივაყენეთ გასაჩხრეკად. ოთხივეს თითო ავტომატი, თითო "მაკაროვი" და სამი ყუმბარა "ფ-1" აღმოაჩნდა. ჩვენი არსენალი თანდათანობით იზრდებოდა. დაჭერილი 11 კაციდან 3 სომეხი აღმოჩნდა, 4 - ოსი, 2 - ქურთი და 2 ქართველი. 11-ივე ჩავიყვანეთ მთავრობის სახლში. ამ მოქმედებებით ჩვენმა ჯგუფმა სახელი უცებ გაითქვა და რამდენიმე კაცი კიდევ შემოგვიერთდა. უკვე გაძლიერებული ჯგუფი გავხდით და მეტის გაკეთების სურვილიც გაგვიჩნდა.

ამ დროს შტაბიდან ბრძანება მოგვივიდა, რომ უნდა გავმაგრებულიყავით ყოფილ ცენტრალური კომიტეტის შენობაში, რომ იქიდან გავცევა ღიად დატოვებული მხარე. მე მე-10 სართული ჩამაბარეს, იქიდან უნდა გამეკონტროლებინა თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია. მოგვიანებით შემოგვიერთდა სახალხო ლაშქარი 50 კაცის შემადგენლობით, რომელსაც ალიკა ტერიშვილი მეთაურობდა. მის დაქვემდებარებაში მყოფი ხალხი უდისციპლინოდ იქცეოდა დ ამიტომ ხშირად მიწევდა მათთან შეხლა-შემოხლა. ჩემსა და მათ შორის ურთიერთობა უკიდურესად იმიტომ დაიძაბა, რომ ერთ დღეს დააკავეს ერთი გოგო, რომელიც თურმე მთაწმინდაზე ცხოვრობდა და შინ მიდიოდა. დაუწყეს გოგოს ღლაბუცი, შეშინება, ეუბნებოდნენ შემოგზავნილი ხარ და უნდა დაგხვრიტოთო. ამ დროს მე მივუსწარი, - მორიგი ოპერაციიდან დავბრუნდი და ამ აყალმაყალს დავადექი თავზე. როგორც დამინახეს, მაშინვე მოეშვნენ გოგოს და ოთახებში შევიდნენ. გოგოს ხათუნა ერქვა და მერე როგორც გავიგე, კოტე მესხის ქუჩაზე ბიძაჩემის, არჩილ გელოვანის მეზობლად, ერთ ეზოში ცხოვრობდა. ხათუნა შენობიდან გამოვიყვანე და სახლამდე მივაცილე, რომ ვინმე თავზე ხელაღებული ვიგინდარა კიდევ არ გადაჰყროდა და რაიმე არ დაეშავებინა.

ამასობაში ახალი წელიც მოგვადგა. თბილისში ისევ გრძელდებოდა ძმათა შორის სისხლის ღვრა. ეს უბედურება ახალმა წელმაც ვერ შეაჩერა. მაშინ და შემდეგაც დავწრმუნდი, რომ ქართველები ერთმანეთს ყველაზე მაგრად ვებრძვით და დაუნდობლად ვხოცავთ. ასეთი მაგრები მტრებთან არ ვყოფილვართ და ასე შემდეგ თვალნათლივ გამოჩნდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში.

დრო გადიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ომი დიდი ხნის დაწყებული იყო. ჩიტაძის ქუჩაზე, მაშინდელი უშიშროების სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს, ერთი გოგო, ხათუნა თუხარელი გავიცანით, რომელიც იქვე ცხოვრობდა. ხანდახან მასთან შევდიოდით ხოლმე და დაღლილები ცოტას ვისვენებდით, ხან ჩაის აგვიდუღებდა ხათუნა, ხან ყავას. მას შემდეგ არსად შემხვედრია, დიდი მადლობელი ვარ ხათუნასი. იმ უბედურების ჟამს დასავით გვედგა მხარში.

რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, იმ დღეს შვეულმფრენმა გადაგვიფრინა და მთავრობის სახლის შუაში ბენზინით სავსე ცეცხლმოკიდებული დიდი კასრი ჩამოაგდო. როგორც კი მიწაზე დაეცა, კასრი აფეთქდა და რამოდენიმე მებრძოლი მძიმედ დაშავდა. რუსთაველის პროსპექტზე სამი ჯავშანტრანსპორტიორიც გამოჩნდა, ხან საიდან შემოგვიტევდა და ხან საიდან. "ომონში" მსახურობდნენ ავღანეთში ნაბრძოლი ბიჭები, რომლებმაც "მუხებით" სამივე ბტრ-1 ააფეთქეს.

მოწინააღმდეგის შტაბი მეცნიერებათა აკადემიაში იყო განთავსებული. რამდენიმეჯერ მივიტანეთ მათზე იერიში, მაგრამ უშედეგოდ. იყვნენ სასტუმრო "თბილისშიც" რომელიც ერთი შეტევის დროს მთლიანად დაიწვა. კედლებიღა იყო დარჩენილი, სასტუმრო საშინელ სანახაობად იქცა. იმ დროს დაიწვა თავისუფლების მოედანზე ბანკის შენობა და მხატვრის სახლი, განადგურდა პირველი საშუალო სკოლა, ბევრი ტყვია მოხვდა ქაშუეთის ეკლესიასაც. ერთი სიტყვით, ირგვლივ ყველაფერი ნადგურდებოდა.

1992 წლის 6 იანვარს დილით 4-5 სააათისთვის შევიტყვეთ, რომ მთავრობა ბრძოლას წყვეტდა და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გავდიოდით. თავიდან ტყუილი გვეგონა და სიმართლის გასაგებად მთავრობის სახლშI ჩავედით, ინფორმაცია სწორი აღმოჩნდა. ხალხი უკვე ავტობუსებში ჯდებოდა და წასასვლელად ემზადებოდა. იმ დროს ჩვენი ჯგუფიდან დარჩენილი ვიყავით მე, გენადი კვერნაძე, ვეფხვია ბიჩინაშვილი, ალეკო მუხაძე და სერგო ინასარიძე. დანარჩენები ზოგი დაიჭრა და ზოგიც გაგვეპარა. ერთ კაცს მანქანა ვთხოვეთ და იმანაც მაშინვე გაგვატანა თავისი "07" მარკის ჟიგული. მისი სახელი და გვარი დღესაც არ ვიცი. ღმერთმა უშველოს, დიდი დახმარება გაგვიწია. ვეფხვია საჭესთან დაჯდა, ალეკო გვერდით მიუჯდა, მე გენადი და სერგო კი უკან დავსხედით. დაახლოებით 6-ს ნახევრისთვის კოლონა დაიძრა და ჩვენც უკან გავყევით. თავისუფლების მოედანი გავიარეთ და მეტეხის ხიდისკენ დავეშვით. დიდამდე რომ ჩავედით, კოლონა გაჩერდა.რომ ვიკითხეთ მიზეზი, გვიპასუხეს ხიდის მეორე მხარეს პიკეტი დგას და გავლას ვეღარ შევძლებთო. ავტობუსებმა შუა ხიდზე დაიწყეს შემობრუნება. ჩვენც შემოვბრუნდით და ამ დროს სამი მხრიდან ცეცხლი გაგვიხსნეს. ჩვენს მანქანას ჯერი უკანა მხრიდან მოხვდა და მერე რამდენიმეჯერ გადაგვატარეს კიდევ. მანქანა შეხტა და ხიდის ბორდიურს შეასკდა. თავი დავწუნე და სვანურად ჭმინდა გიორგის შველა შევთხოვე (ჯგარ, ისგვა ჰამარჰქა - წმინდა გიორგი, მიშველე). თავი რომ წამოვწიე, ვეფხოს თავი საჭეზე ედო. ამ დროს მარცენა მხრიდან თავის ქალაახდილი სერგო ინასარძე დავინახე. მისი ტვინითა და სისხლით სახე მთლიანად შეღებილი მქონდა. მარჯვენა მხრიდან გენადი კვერნაძე ხრიალებდა. მას 7 ტყვია ყბაში მოხვედროდა და სისხლი თქრიალით მოსდიოდა. ალიკა მუხაძე არსად ჩანდა, საით წავიდა, ვერ გავიგე. სამარისებური სიჩუმე იდგა. ავტობუსები და ერთი საბარგო მანქანა "ზილი" იქვე იყვნენ გაჩერებული. ცოტა ხანში ისევ ატყდა გორგასლის ძეგლიდან სროლა. თან გვიყვიროდნენ, დაგვნებდით, ალყაში ხართ, თორემ ყველას ამოგხოცავთო. ისედაც ამოცოხილები ვიყავით. ვინც გადავრჩით უფალმა გადაგვარჩინა.

გადმოსვლას ვერ ვახერხებდი, ისე იყო მანქანის კარები ჩაცხრილული, ვერაფრით ვაღებდი. როგორც იქნა გენადის მხარეს გავღე და გადავედი. გენადიც გადმოვარდა. ჯიბეში ხელხუმბარა ედო და ამოუვარდა. კიდევ კარგი "შბილკა" არ გამოძვრა, თორემ ჰაერში ავფრინდებოდით. ჩვენ უკან ყვითელი იდგა ჩაცხრილული, შიგნიდან დაჭრილი ხალხის გმინვა და კვნესა ისმოდა. მძღოლი მოკლული იყო. კარების გაღებას ვერ ახერხებდნენ, რომ გადარჩენილები გადმოსულიყვნენ. როგორც იქნა, გავუღე და დაგუბებული სისხლის ნაკადი ავტობუსის კიბეებზე ჩამოიღვარა. გვერდით იდგა "ზილიც" რომლის მძღოლიც მკვდარი იყო, აქაც ბევრი იყო ჩახოცილი და დაჭრილი. ამ დროს მეტეხის მხრიდან ჩვენკენ მომავალი ექვსიოდე კაცი შევნიშნე. გენადის ლ"ლიმონკა" ისევ ხელში მქონდა. რგოლი გამოვაძრე და მოძალადეებს ფეხებთან მივუგორე. "ლიმონკამ" იგრიალა და ისინი აქეთ-იქით გაიფანტნენ. არ ვიცი, ვის რა მოუვიდა. ჩვენკენ აღარავინ წამოსულა. ჩვენს მანქანამდე მივედი, გენადი კვერნაძე ასფალტზე იწვა და ხრიალებდა. ავაყენე და ბორდიურამდე მივიყვანე. მოშვებული და ორმაგად დამძიმებული იყო, ძლივს ვერეოდი. მერე ვეფხიასაკენ მივრბუნდი. ვიფიქრე, იქნებ სასიკვდილოდ არ იყოს დაჭრილი - მეთქი. მძღოლის მხრიდან კარს ვეჯაჯგურე მაგრამ ვერ გავაღე. როგორც მეორე მხრიდან შემოვუარე, ისევ სროლა ამიტეხეს. გვერდზე გავხტი და ავტომატი მოვიმარჯვე. ახლა სამი კაცი მოდიოდა სროლა-სროლით. ავტომატის ჯერ მივუშვი და სამივენი წაიქცნენ. ამ დროს მეორე მხრიდან ხუთმა კაცმა გამოყო თავი. ავტომატი ვესროლე, მაგრამ მხოლოდ სამი ტყვია ყოფილა დარენილი და დავრჩი ცარიელი მოწინააღმდეგის პირისპირ. ამ დროს მეგრული ლაპარაკი მომესმა. თურმე ერთ-ერთი ავტობუსი, რომელიც ზუგდიდისა და სამტრედიის ბატალიონების მებრძოლები ისხდნენ, უფრო ადრე გამოუყვანიათ მწყობრიდან მოწინააღმდეგეებს და ფეხით მოდიოდნენ. მათი დანახვა ძალიან გამიხარდა და გადარჩენის იმედიც მომეცა. მოსულებთან ერთად ავტობუსებიდან დაჭრილები და დახოცილები გადმოვიყვანეთ. ვეფხვია ბიჩინაშვილს ჭრილობები შევუხვიეთ, ოთხი ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა. ხდეა ხოლმე ასეთი სასწაულები. ამ დროს საიდანღაც ყვითელი "იკარუსი" მოვიდა და ვისაც შეგვეძლო, ჩავსხედით. სანამ დავიძვრებოდით, პრეზიდენტის კოლონამაც გამოიარა. ცოტა ხნით შეჩერდნენ, მდგომარეობა გაიგეს და გზა გააგრძელეს. სასწრაფო სამედიცინო მანქანებიც მოვიდნენ და მკვდრები და დაჭრილები წაიყვანეს. ჩვენც ავტობუსით ავლაბრისკენ და შემდეგ პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიის გავლით სოგელ ლელიანისკენ წავედით. ამ დროს თავის გადარჩენაზე ვფიქრობდით. ვეფხვიაც ჩვენი ავტობუსით წამოვიყვანეთ. ის მალევე მოვიდა გონზე. სოფელ ლელიანიდან ფეხით გავაგრძელეთ გზა. გზადაგზა ტყეში გაფანტული თანამებრძოლების ნაწილიც შემოგვიერთდა. რაც უფრო ზემოთ მივდიოდით, თოვლი მეტი და მეტი იყო. ბოლოს მუხლებს ზემოთ თოვლში მოგვიქია სიარულმა. უკვე კარგად გათენებული იყო და ჩანდა როგორ ტრიალებდნენ შვეულმფრენები თბილისის თავზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, - ჩვენ გვეძებდნენ ვისაც დაიჭერდნენ, არავის ინდობდნენ. რამ გაამწარა ასე ქართველი ხალხის წინააღმდეგ, დღესაც ვერ გამიგია.

უკვე თითქმის 60 კაცი ვიყავით და ამიტომაც ჩვენი სიარული ადვილად შესამჩნევი იყო. უნდა გავფანტულიყავით სხვადასხვა მხარეს და ასეც გავაკეთეთ. ოთხად გავიყავით. ზოგი საით წავიდა ზოგი საით. მე, ვეფხვია და ერთი გაგრელი გვარდიელი, რომლის სახელი და გვარი არ მახსოვს და მას მერე არსად შემხვედრია, სოფელ გამარჯვებისკენ წავედით. დღისით ვიმალებოდით და ღამე მივდიოდით. ისე ვიყავით დაღლილ-დაქანცული, რომ ძლივს მივლასლასებდით. არც წყალი გვქონდა და არც პურის ნატეხი. გამარჯვებაში ვეფხვიას და მზია ცხოვრობდა და იქით იმიტომ წავედით. ვეფხვია თანდათან ისე მოძლიერდა, რომ სიარულში ორივეს გვჯობნიდა. შიმშილისგან ისე დავსუსტდით, რომ ყოველ ას მეტრში ვჩერდებოდით და ვისვენებდით. ერთ ადგილას დიდ ყანას მივადექით, მუხლებამდე ბალახი იდგა. ვიფიქრე ცოტას შევჭამ და იქნებ შიმშილი ცოტა მაინც გამინელდეს-მეთქი, მოვგილჯე ერტი მუჭა ხმელი ბალახი და შევჭამე, მაგრამ ჩვენს მტერს, რაც მე დამემართა- ორგანიზმმა არ მიიღო და უკან ამოვაღებინე. ეს რომ ვეფხვიამ დაინახა, კარგა ხანს დამცინოდა. თურმე ადამიანს გაჭირვება და შიმშილი რას არ გააკეთებინებს.

მესამე დილით გამთენიისას მივადექით მზიას სახლს. ვეხვიამ კარზე დააკაკუნა. კარი ვეფხვიას მეუღლემ ქეთინომ გაგვიღო. ვეფხვიას დანახვაზე ხმამაღლა ატირდა და გულში ჩაიკრა.

15 იანვრამდე მზია და გიგლა ჭანტურიძეების სახლში ვიმალებოდით. იქ მოგვაკითხეს ვეფხვიას მამამ გოდერძიმ და დედამ - სანთამ. ყველანი გადარჩენას გვილოცავდნენ. სანამ გზაში ვიყავით, ვეფხვიამ და მე ერთმანეთს ძმოვა შევფიცეთ. იმ დღის შემდეგ ვეფხვიას ოჯახის წევრი გავხდი. ვეფხვიას ორი პატარა ბიჭი ჰყავდა, ბექა და ბაქარი, ორივე მამასავით მკვირცხლი და გაბედული.

15 იანვარს დავემშვიდობეთ მზიასა და გიგლას და თბილისისკენ წამოვედით. სამი დღე ვეფხვიას სახლში, გლდანში ვიყავით და მერე ზუგდიდში, ჩემთან წასვლა გადავწყვიტეთ. ვიცოდით, რომ ოპოზიციამ დასავლეთ საქართველოსკენ წაიწია და ნელ-ნელა მიდიოდა სამეგრელოსკენ. ამიტომაც ზუგდიდში წასვლა დიდ რისკთან იყო დაკავშირებულლი, მაგრამ მაინც დავბედეთ და 19 იანვარს თბილისიდან ზუგდიდს გავეშურეთ მე, ვეფხვია, ალეკო მუხაძე და რონალდ მელაძე. ალეკო და რონალდი ბუნკერში ჩვენთან ერთად იყვნენ.

თბილისის ვაგზლიდან ავტობუსით წავედით. უღელტეხილზე თოვლი იდო და ნელა მივდიოდით. ზესტაფონში რომ შევედით, კარგად დაღამებული იყო, გზაზე რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორმა გაგვასწრო. სამტრედიაში რომ შევედით, ჩვენი ავტობუსი გააჩერეს ოპოზიციონერებმა და ხალხი ჩამოსვეს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, რომელი მხრის მებრძოლები იყვნენ, მაგრამ მალევე გავერკვიეთ სიტუაციაში, - ისინი ზვიად გამსახურდიას უდიერად ახსენებდნენ. "მხედრიონის" პიკეტი იყო. ზვიად გამსახურდია მაშინ უკვე ჩეჩნეთში იყო. მან და მისმა ამალამ სომხეთი დატოვეს, რადგან იქ არასაიმედო სიტუაციაში იყვნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მაშინდელი გადატრიალების შედეგად მოსული ხელისუფლება თენგიზ სიგუას ხელმძღვანელობით საქართველოდან იარაღის ძალით განდევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გადმოცემის თაობაზე.

ავტობუსიდან ჩამოგვიყვანეს და გაგვჩხრიკეს, თან ისეთ ხალხს ეძებდნენ, ვინც კანონიერი ხელისუფლების მხარეზე იბრძოდა. საბედნიეროდ, ვერ გვიცნეს და სხვებთან ერთად სამტრედიის ავტოსადგურში შეგვრეკეს. ავტოსადგურში საშინლად ციოდა. იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. სანამ თბილისიდან გამოვიდოდით, ერთი ჩვენი თანამებრძოლი, გვარდიის ოფიცერი, ნიქოზელი ბიჭიკო კანდელაკი შეგვხვდა და თავისი სამტრედიელი ნათესავის მისამართი მოგვცა. სწორედ მასთან მივედით ბიჭიკოს სახელით. ოჯახმა კარგად მიგვიღო. იქვე, ავტოსადგურთან ახლოს ცხოვრობდნენ. იმ ღამეს იქ დავრჩით და მეორე დღეს დილაადრიან გავედით ისევ ავტობუსს გავყევით. ცხენისწყალი რომ გადავიარეთ, იქით უკვე ჩვენების პიკეტი დაგვხვდა. ისინი უფრო ზრდილობიანად მოგვექცნენ, - მალევე გაგვიშვეს. როგორც იქნა, ზუგდიდში ჩავაღწიეთ. თავისუფლების მოედანზე ათასობით კაცს მოეყარა თავი და ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერ მიტინგს მართავდნენ. მიტინგს პროფესორი ნინო ავალიანი ხელმძღვანელობდა. ჩვენც მივედით. მე ტრიბუნაზე ავედი და ხალხს მოვუყევი, რა ხდებოდა თბილისში, როგორ დავმარცხდით ღალატითა და მუხანათობით ოპოზიციასთან ბრძოლაში. მიტინგის შემდეგ ჩემს სოფელში, ჩხორიაში წავედით. ყველას გაუხარდა ჩემი უვნებლად დაბრუნება. თურმე ხმა დადიოდა ჩემი დაღუპვის შესახებ და დედაჩემს მეზობლები არ ეუბნებოდნენ. როცა საღ-სალამათი დამინახეს, ერთ ერთმა მეზობელმა, აწ განსვენებულმა ტარიელ სუბელიანმა მაშინ უთხრა ეს დედაჩემს.

მაიზერ გელოვანი

ვეტერანი, აფხაზეთის ომის მონაწილე

სამხედრო ჟურნალისტი

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
ერთი დღე „სინათლისა და ბედნიერების ქოხში“
  ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 
სოციალური პასუხისმგებლობა გადაგვარჩენს

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია