მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსი - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები - 11 მარტი 2020

ufleba.ge

რატომ აღელვებთ ადამიანებს კორონავირუსი, ჩვეულებრივ გრიპზე მეტად?

სეზონური გრიპით დაავადებული ადამიანს საშუალოდ კიდევ 1,3 ადამიანის დაავადება შეუძლია. რაც შეეხება „კოვიდ-19“-ს, როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ვირუსით ინფიცირებულებს ჩვეულებრივ გრიპთან შედარებით სამჯერ მეტი ადამიანის დაავადება შეუძლიათ, საშუალოდ 2-და 4 ადამიანამდე.

ამ ციფრს უწოდებენ რეპროდუქტიულ ფაქტორს (RO). შესაბამისად, ვირუსი უფრო ფართოდ და სწრაფად ვრცელდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ისედაც გადატვირთული ჯანდაცვის სისტემის პარალიზება.

რატომ უნდა მაღელვებდეს ეს ვირუსი, თუნდაც დავინფიცირდე. ის ხომ საშიში არ არის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია?

„კოვიდ-19“-ს სიკვდილიანობის მაჩვენებელი მართლაც დაბალი აქვს, თუმცა ძირითადად 50 წლამდე ასაკის ადამიანებში. თუმცა, ვირუსი უფრო საშიში ხდება ასაკოვან პაციენტებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ კორონავირუსის სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 3,4 პროცენტი უნდა იყოს.

ტრადიციულ სეზონურ გრიპთან შედარებით, ეს გაცილებით მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია, რომ საშუალო მაჩვენებელი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია. კვლევების მიხედვით, დადგენილია, რომ „კოვიდ-19“ყველაზე მეტად უქმნის საფრთხეს ასაკოვან ადამიანებს და მათ ვისაც აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი ან კიბო და ასევე იმუნოკომპრომისი აქვთ. ამ შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 9-დან 19 პროცენტამდე მერყეობს.

შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ თავად არ ხართ რისკჯგუფში, ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვას საფრთხე არ შეექმნას და უნდა მივიღოთ გარკვეული ზომები, რაც ვირუსის გავრცელებას და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას აგვაცილებს თავიდან. ასეთი რამ უკვე მოხდა იტალიაში.

აქვე, შეგიძლიათ, იხილოთ ტრადიციული გრიპისა და „კოვიდ-19“-ის სიკვდილიანობის მაჩვენებლების შედარება, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

თუ მე მაინც შემხვდება „კოვიდ-19“, მაშინ რატომ ვნერვიულობ, ხომ არ ჯობია, შევეგუო ამ ფაქტს? მე არ მსურს ჩემი ცხოვრების წესის შეცვლა ვირუსი გამო, თან სახიფათოც არ ჩანს.

ნუ მოიქცევით ეგოისტურად და ნუ წაართმევთ სამედიცინო რესურსებს იმ პაციენტებს, ვისაც ეს თქვენზე მეტად სჭირდებათ. ეს უნდა იყოს ჩვენი ეთიკური ჩრდილოეთის ვარსკვლავი, რომელიც მიმართულებას გვაჩვენებს, ამ ვირუსთან ბრძოლის დროს. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ვირუსის ფართო გავრცელების თავიდან აცილება, რათა ჯანდაცვის რესურსები (დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ჟანგბადი) ხელმისაწვდომი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება. თუ ჩვენ შევძლებთ ვირუსის გავრცელების ტემპების შენელებას, მაშინ მეტი დრო გვექნება საპასუხო რეაგირებისა და მომზადებისთვის. ვირუსის ტემპის შენელებით უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. გადატვირთული ჯანდაცვის სისტემის შემთხვევაში, ბევრი პაციენტი სათანადო მკურნალობას ვერ მიიღებს.

სხვა დაავადებები, როგორიცაა „სარსი“, „მერსი“ ან „შიდსი“ ხომ უფრო სახიფათოა. რატომ უნდა მაღელვებდეს მაინცდამაინც „კოვიდ-19“?

ამ შემთხვევაში, მთავარი არა სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი, არამედ ეპიდემიის შედეგია. სხვა ვირუსების რეპროდუქტიული ფაქტორისა და ადამიანების ნაწილის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტის გათვალისწინებით, ამ დაავადებების გავრცელების კონტროლი უფრო იოლია, ვიდრე ახალი კორონავირუსის. „კოვიდ-19“ ახალია და ამიტომ ინფიცირებისგან დაზღვეული არავინაა. ყოველწლიურად ადამიანებს უჩნდებათ იმუნიტეტი გრიპის მიმართ, რადგან უკვე ჰქონდათ ასეთ ვირუსებთან შეხება ან უბრალოდ გაიკეთეს აცრა. „კოვიდ-19“-ის აცრა ჯერ არ არსებობს. სავარაუდოდ, ვაქცინა მხოლოდ 2021 წლის პირველ ნახევარში იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი. ამავე დროს, დაავადების მიმართ თითოეული ჩვენგანი მოწყვლადია და უნდა ველოდოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაინფიცირდება.

რამდენად ადამიანი დაინფიცირდება, ეს მართლაც სერიოზული საკითხია?

დიახ, საქმე სერიოზულადაა, რადგან რეალური ბარიერები ვირუსის შესაჩერებლად არ არსებობს და რადგან რეპროდუქტიული ფაქტორი ასეთი მაღალია, სავარაუდოდ „კოვიდ-19“-ით პლანეტის მოსახლეობის 20-70 პროცენტამდე დაინფიცირდება.

ეს დაახლოებით 1,5 მილიარდი ადამიანია. თუ სიკდვილიანობის საშუალო მაჩვენებელი იქნება ორი პროცენტი, მაშინ გამოდის, რომ მსოფლიოში, „კოვიდ-19“-ს, 30-დან 100 მილიონ ადამიანი შეეწირება. ეს შესაძლოა გადაჭარბებული ციფრები იყოს, რადგან ახალი ტიპის კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზუსტად არავინ იცის, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ის საშუალოდ 3,4 პროცენტს შეადგენს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თუ ვირუსი სწრაფად გავრცელდება, მაშინ ჯანდაცვის სისტემა პარალიზებული იქნება. ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია საგანაგებო ზომების მიღება და რაც შეიძლება მალე.

შეგიძლიათ, იხილოთ ვებგვერდი, სადაც ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობის შესახებ ონლაინ რეჟიმში მიიღებთ ინფორმაციას.

რამდენად სწრაფად გავრცელდება ვირუსი?

ეს ჯერ ზუსტად უცნობია. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში გაორმაგდა. ეს ნიშნავს, რომ სერიოზული ზომების მიღების გარეშე, ინფექცია შეიძლება პლანეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს რამდენიმე თვეშიც კი მოედოს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ მოქმედებს გარემო პირობები ვირუსზე.

ანუ ეს ყველაფერი ზაფხულშიც არ შეწყდება? როგორც გრიპის შემთხვევაში ხდება ხოლმე?

ეს ჯერ უცნობია. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ დაავადება შეიძლება შემსუბუქდეს მაღალი ტემპერატურის დროს. თუმცა, რეპროდუქტიული ფაქტორის გათვალისწინებით, ეს შენელება გრიპის მსგავსად არ მოხდება. ვირუსის შემთხვევები გამოვლინდა იმ ქვეყნებშიც, სადაც ჰაერის საშუალო ტემპერატურა მაღალია. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინფიცირებული ადამიანების ნაწილს ვირუსის სიმპტომები საერთოდ არ აქვთ ან მკვეთრად გამოხატული არ არის და შესაბამისად, ისინი ინფექციას ავრცელებენ. კარგი ამბავი არის ის რომ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ვირუსი სხვადასხვა საგნებზე ხანგრძლივად ვერ დარჩება, მაგრამ როგორ აისახება ეს „კოვიდ-19“-ის გავრცელებაზე, ჯერ უცნობია. შესაბამისად, ვირუსმა შეიძლება გაუძლოს მაღალ ტემპერატურასაც ან უბრალოდ, შენელდეს და ზაფხულის პერიოდის შემდეგ ჩვეულ დინამიკას დაუბრუნდეს.

როდის იქნება ვაქცინა ხელმისაწვდომი? არ შეიძლება ეს უბრალოდ შევაჩეროთ?

ვაქცინა უკვე მზადდება, თუმცა მის გამოცდას და ბაზარზე გამოტანას დრო დასჭირდება. ზოგიერთი სამუშაო ჯგუფი ამტკიცებს, რომ ვაქცინა უკვე არსებობს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჭიროა ვაქცინის ტესტირება, წარმოების დაწყება და ა.შ. მილიარდობით ადამიანისთვის ვაქცინის წარმოება და მიწოდება იოლი არ იქნება. ამას დასჭირდება დრო, ფული და მთავრობების კოორდინირებული მუშაობა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ვაქცინა სავარაუდოდ 2021 წლის პირველ კვარტალში იქნება ფართოდ ხელმისაწვდომი.

როგორ უნდა დავიცვა თავი? ღირს სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება?

საუკეთესო დაცვა არის ხელების საპნით დაბანა. ასევე, უნდა მოვერიდოთ სახესთან, ცხვირთან და თვალებთან შეხებას. დიახ, ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე ხსნარები ასევე ეფექტურია, თუმცა წყალი და საპონი მაინც მთავარია. საპნის მოლეკულები ვირუსში შეღწევას ახერხებენ, ამას ემატება წყალი, რომელიც ვირუსს საპონთან ერთად ხელიდან ადვილად ჩამორეცხავს. სადეზინფექციო ხსნარები ვირუსს კლავს, თუმცა ის ხელზე მაინც რჩება. ასევე, აუცილებელია ადამიანებს შორის დისტანციის დაცვაც და თუ გადაუდებელი საჭიროება არ არის, თავი შეიკავეთ მასობრივ შეკრებებზე მისვლისგან.

ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ დაამტკიცეს, რომ ვირუსის გავრცელების ტემპის შენელება და მისი შეჩერება შესაძლებელია. ჩვენ იმავეს რატომ არ ვაკეთებთ?

ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ დაავადებასთან საბრძოლველად საგანგებო ზომები მიიღეს. ჩინეთში არის ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც შეუძლია დიდი ქალაქები რამდენიმე კვირით დახუროს.

ევროპასა და აშშ-ში მთავრობებს ამის გაკეთება გაუჭირდებათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ სკოლები იხურება, ღონისძიებები გაუქმდა, გადაადგილება შეიზღუდა. 1918 წლის გრიპის ვირუსის სპეციალისტი ნიკოლას ქრისტაკისი ამტკიცებს, რომ რაც უფრო მალე იქნება მიღებული მსგავსი ზომები, მით მეტი ადამიანის გადაურჩება ვირუსს.

როდის დაუბრუნდება ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს?

ეს ჯერ უცნობია. სავარაუდოდ უახლოესი თვეებში გეგმები აირევა. ამასთან, შესაძლოა, მსოფლიოს ერთ ნაწილში ვითარება გამოსწორდეს, რადგან ზაფხულის დადგომასთან ერთად ვირუსის გავრცელება, სავარაუდოდ, შენელდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ვაქცინის ფართოდ გავრცელებას 2021 წლის დასაწყისში ელოდებიან, მაშინ აურზაური ამ დრომდე კვლავ მოსალოდნელია. ამიტომ, ნუ დაელოდებით, რომ სიტუაცია ორ დღეში ან ორ კვირაში გამოსწორდება.

რატომ გაუქმდა ყველა კონფერენცია? ნუთუ დაგეგმილ კონფერენციაზე წასვლა არ ღირს?

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც გადაუდებელი საჭიროების გარდა მგზავრობას უნდა მოვერიდოთ. ამ გზით შესაძლებელია ვირუსის გავრცელების შეჩერება. ზოგიერთი კონფერენციის გამართვაზე უარის თავად ორგანიზატორები ამბობენ, რადგან ამას ღონისძიების მონაწილეები, სპონსორები და სხვა კონტრაქტორები ითხოვენ. ზოგიერთ შემთხვევაში მასობრივი ღონისძიებებს გამართვას მთავრობა კრძალავს. ზოგადად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დიდი შეკრებებზე დასწრებაზე უარის თქმა საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა. მაგრამ თუ მოგზაურობა მაინც გიწევთ, სჯობს მანქანით ან მატარებლით იმგზავროთ.

როგორც ჩანს, პანიკა დაავადებაზე უფრო საშიშია. რატომ უნდა ვიღელვოთ ამდენი? რატომ ეშინია ხალხს?

დიახ, პანიკა, ღელვა და შიში სრულიად უსარგებლოა. ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და უნდა მოვემზადოთ. უნდა გვქონდეს რაციონალური ჩარჩო, რათა საპასუხო ზომებზე დავფიქრდეთ. და რა თქმა უნდა, მთავრობა უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. მოსახლობის რისკის მინიმიზაციისთვის მიზანშეწონილი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია. რაც შეეხება მოქალაქეებს, თქვენს ქვეყენაში ვირუსის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში, ორი-სამი კვირის სამყოფი საკვებისა და მედიკამენტების მომარაგება სასურველია. ამასთან, უნდა შეიკავოთ თავი სასუნთქი ნიღბების და სხვა სამედიცინო საშუალებების შეძენისგან, რომელიც თქვენზე მეტად სხვა უფრო მძიმე პაციენტებს გამოადგებათ.

სტატია მოამზადა "პირველმა არხმა" ვებგვერდ medium.com-ის მიხედვით. მისი ავტორია ონლაინ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მომუშავე ექსპერტი დევიდ ტროი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია