მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მწეველებს COVID-19 უფრო დიდ საფრთხეს უქმნის - 21 აპრილი 2020

ufleba.ge

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, მწეველებსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლებში გართულებების რისკები უფრო მაღალია და ახლა ყველაზე კარგი დროა მოწევისთვის თავის დასანებებლად. ამის შესახებ გულმკერდის ქირურგთა საზოგადოება გვაფრთხილებს.

ჩინეთში ჩატარებული კვლევისას COVID-19-ის 78 ჰოსპიტალიზებული პაციენტი შეისწავლეს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც მწეველის ისტორია ჰქონდათ, 14-ჯერ მაღალი იყო ინტენსიური თერაპიის საჭიროებისა და სიკვდილის რისკი.

გარდა ამისა, COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მსოფლიოში მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს მამაკაცებში მწეველების მაღალი მაჩვენებელი.

„გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი ძირითადად ფილტვებს ესხმის თავს, ნებისმიერი რამ, რაც ფილტვებს აზიანებს, პაციენტს ასუსტებს და მათი ინფიცირების შემთხვევაში სახეზე გვაქვს გაცილებით მწვავე ეფექტები. კარგად არის ცნობილი მოწევის მძიმე შედეგები პნევმონიისა და გრიპის მქონე პაციენტებში. ჩვენი დასკვნით, მოწევა მნიშვნელოვან რისკს ფლობს COVID-19-ის შემთხვევაშიც“, — ამბობს გულმკერდის ქირურგი, დოქტორი მეთიუ სტელიგა.

მისი თქმით, მოწევა ასქელებს ადამიანის სასუნთქ გზებში განფენილ ლორწოს, რაც ართულებს ჩასუნთქული სოკოების, ბაქტერიებისა და ვირუსების მოსპობას.

როგორც სტელიგა განმარტავს, ამის გამო, ფილტვებში იჭედება უფრო მეტი ნაწილაკი და ინფექციური აგენტი, რომელთა მოსუფთავებაც უფრო რთული ხდება.

„მწეველებს რესპირატორული ინფექციებით ინფიცირების გაცილებით დიდი შანსი აქვთ და თუ ასე მოხდა, მათი გამოჯანმრთელება უფრო რთულია. იშვიათად მოწევა და პასიური მწეველობაც კი დაკავშირებულია მწვავე რესპირატორული აშლილობის სინდრომის რისკების ზრდასთან“, — ამბობს სტელიგა.

ქირურგი იქვე დასძენს, რომ ჩვეულებრივ სიგარეტზე არანაკლებ მავნებელია ელექტროსიგარეტიც.

ელექტროსიგარეტს შეუძლია ჩაახშოს იმუნური ფუნქცია და ზოგიერთი კვლევის მიხედვით კი, მისი მოხმარება ხელს უშლის ლორწოს მოსუფთავებას და ასუსტებს ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის უნარს.

„COVID-19-სა და ელექტროსიგარეტის მოხმარებას შორის არსებული კავშირების შესახებ ბევრი მონაცემი არ გაგვაჩნია, მაგრამ დადასტურებულია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა, გვქონდეს რაც შეიძლება სუფთა და ჯანმრთელი ფილტვები“, — წერია გულმკერდის ქირურგთა საზოგადოების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მოამზადა "პირველმა არხმა" healthday.com-ის მიხედვით.

პოპულარული სტატიები
ერთი დღე „სინათლისა და ბედნიერების ქოხში“
  ციხეებში ძალადობრივი წესრიგი საფრთხეს უქმნის პატიმართა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას 
სოციალური პასუხისმგებლობა გადაგვარჩენს

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია