მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გახარია - სწავლისა და არჩევნების თარიღების შეცვლისთვის საფუძველი არ არსებობს - 12 აგვისტო 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სწავლის დაწყების გადადებისთვის წინაპირობა არ არსებობს. მისივე თქმით, ასევე არ არსებობს იმის საფუძველი, რომ არჩევნების თარიღი შეიცვალოს.

„დღეის მდგომარეობით, არანირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ“, – განაცხადა პრემიერმა.

კორონავირუსის ეფექტურად მართვას გავაგრძელებთ, მაგრამ მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის, აქ აუცილებელია მთავრობისა და მოქალაქეების ერთობლივი ქმედებები, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ  ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობისა და მოსახლეობის კოორდინირებული ქმედებები უნდა გაგრძელდეს, ვიდრე ვირუსი გლობალურად არ დამარცხდება.

„ვირუსი არსად გაქრება და, როგორც ჩანს, მსოფლიო უნდა მიეჩვიოს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს. უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიისა და სისწრაფის მართვა, რასაც ჩვენ ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა. ჩვენ ამის ეფექტურად კეთებას გავაგრძელებთ, მაგრამ მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის, აქ აუცილებელია მთავრობისა და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები და ის ნდობა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ.

ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს საქართველო ვირუსის მართვის წარმატებული ისტორიაა. ეს უნდა გავაგრძელოთ, იმის მიუხედავად, რომ ასეთი პატარ-პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება, სანამ ვირუსი გლობალურად არ დამარცხდება. შეუძლებელია, ცალკე აღებულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვირუსი დაამარცხო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილები და ყურადღებიანები, რათა ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ“, –  განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მოსახლეობა შემზღუდავ ღონისძიებებს გაგებით უნდა შეხვდეს, რადგან ეს განპირობებულია ადამიანის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვით.

„როდესაც შემზღუდავ ნაბიჯებს ვდგამთ და იძულებული ვართ, ისეთი შეზღუდვები დავაწესოთ, როგორიც, მაგალითად, ახლა მესტიაში მოგვიწია, ეს განპირობებულია, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ასევე ეკონომიკაზე ზრუნვითაც. ამიტომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს ორი რამ ერთმანეთთან დაკავშირებულია“, – აღნიშნა მან.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია