მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სალომე ზურაბიშვილი - საპარალამენტო არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს - 31 აგვისტო 2020

არჩევნების დანიშვნის შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა და საზოგადოებას მიმართა:

დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარალამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მინდა, მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად.

დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის.

ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას.

ისევე როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შუეძლია მართოს ასეთი მძიმე ეპიდემია და თავისი მაღალი საზადოებრივი შეგნებით დაანახოს, რომ ჩვენ პასუხიმგებლიანი მოქალაქეები ვართ; სწორედ ასევე, უნდა ჩავატაროთ არჩევნები.

ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ.

30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველომ ჩაატარა უკვე მაშინაც დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ეს ტრადიცია უნდა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ და წარვდგეთ მსოფლიოს წინაშე როგორც უკიდურესად დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ეს შეგვიძლია!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ჩვენ ვქმნით კომფორტულ პირობებს, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სპეციალური პროტოკოლია დადგენილი და დამკვირვებლებისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ პისიარტესტირება.

„ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული იქნება ლოჯისტიკური განსხვავებული პირობებიც, მაგალითად, შეიძლება დაორგანიზდეს სპეციალური ფრენებიც კი, რათა დამკვირვებლებს გაუადვილდეთ საქართველოში ჩამოსვლა.

დღევანდელი მდგომარეობით, ვფიქრობთ, საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები, მათ შორის ეუთო-დან, არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება არჩამოსვლის საკითხი, ეს არის „აირაი“ და „ენდიაი“, ეს არის ევროპარლამენტი, სადაც ჯერ კიდევ ადგენენ წესებს არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ უკავშირებს მმართველი გუნდი „ენდიაის“ და „აირაის“ შესაძლო უარს არჩევნებზე ჩამოსვლის საკითხზე იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომელიც სახელისუფლებო გუნდისგან კეთდება, კობახიძე აცხადებს, რომ ეს ასე არ არის.

„ჩვენ „ენდიაის“ და „აირაის“ არასდროს ვაკრიტიკებთ, არის მხოლოდ ერთი პატარა გამონაკლისი, სადაც ჩვენ ვაკრიტიკებთ არა „ენდიაის“ და „აირაის“, არამედ მათ მიერ დაქირავებულ კვლევით ორგანიზაციებს, იმ ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულები.

შესაბამისად, ჩვენი მხრიდან „ენდიაის“ და „აირაის“ კრიტიკას ვერ მოისმენთ. ამჟამინდელი გადაწყვეტილება არის, რომ წესით, „ენდიაიდან“ და „აირაიდან“ არ ჩამოვლენ დამკვირვებლები, ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს მათ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც, მაგალითად უკრაინაში ტარდებოდა მუნიციპალური არჩევნები და იქაც გაუქმდა დაგეგმილი ვიზიტი, ეს არის ჩემი ინფორმაცია. პირადად მე მქონდა „აირაის“ ოფისის ხელმძღვანელთან საუბარი, სადაც მან განმარტა ვიზიტის ამ ეტაპზე გაუქმების საფუძველი, თუმცა გარკვეული იმედი ჯერ კიდევ არსებობს რომ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა კობახიძემ.

მომზადებულია „პირველი არხის“ მიხედვით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია