მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიგა ბოკერია - ბრალდება თითქოს ოპოზიციას არჩევნების გადადება სურს არარეალური და ლოგიკას მოკლებულია - 18 სექტემბერი 2020

„დღის კურიერის“ ეთერში „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ კრიზისის მართვა მას ნათია თურნავამ დაუწუნა და მაგალითად 2008 წლის ომი მოიყვანა, როგორც ბოკერია აღნიშნავს ეს არის ყველაზე შეუსაბამო შეფასება და ამავდროულად ტყუილი, რაც  პოლიტიკოსს არ შეეფერება.

გიგა ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ თურნავას ბრალდება თითქოს ოპოზიციას არჩევნების გადადება სურს არარეალური და ლოგიკას მოკლებულია.

"ნათია თურნავამ კრიზისის მართვა დაგვიწუნა. კრიზისის მართვის მაგალითად 2008 წლის ომი მოიყვანა. ამან გამოიწვია ჩვენი მკაცრი შეფასება. ეს უტიფარი მატყუარაა, როდესაც ადამიანს ომის დროს გაქცევას აბრალებ, ამაზე მძიმე ბრალდება არ არსებობს.

თუ თქვენ ჟურნალისტი ხართ და არ კითხავ ადამიანს რატომ იტყუები, ხოლო ამის ნაცვლად გააშუქებ ერთმა ერთი თქვა, ხოლო მეორემ მეორე. ეს არის პუტინის სტილის, ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა. იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ იმაზე, ხვალ ქვეყანა როგორ გადავარჩინოთ სხვა რამეებზე ვსაუბრობთ.

რაც შეეხება პოლიტიკური გუნდის წევრებს. პოლიტიკური ფიგურა როდესაც იყავი და მსხვილ ბიზნესში გადახვედი ყოველგვარი, პოლიტიკური პროტესტის გარეშე, იმ პერიოდში კი, როდესაც მთავრობაში იყავი და ასეთ სიბინძურეებს ლაპარაკობ, ეს შენს პერსონაზე მეტყველებს. ასე, რომ პროფესიონალიზმი და უწესობა სხვადასხვა რამეა. ის არ წასულა თანმდებობიდან პოლიტიკური პროტესტის ნიშნად, ესეც არის ივანიშვილის სახე.

როდესაც საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციას სურს არჩევნების გადადება, ვერ ვხვდები ამ ბრალდებას. რომ მობრძანდება უტიფარი მატყუარა, პოლიტიკოსი ნათია თურნავა, მას ჰკითხეთ ამ ბრალდების შესახებ.

ჰკითხეთ, როდესაც ოპონენტებს მსგავს რამეს აბრალებს. არ რცხევნია? ამ ყველაფერის ნაცვლად ჩვენ უნდა ვიაროთ სწორი გეზით ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტში დებატების დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მათი ოპონენტების კრიტიკას უპასუხა. მან აღნიშნულ კრიტიკას უსაფუძვლო უწოდა და ოპოზიცია უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

"ეს კარგი შესაძლებლობა იყო ჩემთვის, მესაუბრა ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ ეფექტურ ანტიპანდემიურ პოლიტიკაზე. საკმაოდ მწვავე დებატები გამოვიდა.

"ევროპულმა საქართველომ" რატომღაც ბოლო მომენტში სხდომა მიატოვა. თითქოს მე ისეთი არაფერი მითქვამს, რომ ისინი გაქცეულიყვნენ. მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ მოგვეცა საშუალება მოსახლეობისთვის მიგვემართა. ოპოზიცია არაკომპეტენტურად საუბრობს, ამის თქმა მიმძიმს, რადგან ჩვენ გვირჩევნია იყოს კონსტრუქციული კრიტიკა, რომელიც რაიმე ციფრებს მაინც დაეყრდნობა.

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი წინადადებები და იდეები აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა,"- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ ნდობის მანდატს ვერ მოიპოვებს და ქართველი ხალხი მათ ამ უპასუხისმგებლო დაპირებების შესრულებას არ მოსთხოვს.

„ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველ გუნდს პასუხისმგებლობა აქვს და რასაც ამბობს, იმას ასრულებს.

ჩვენ რა გვაძლევს ზომიერი ოპტიმიზმის საშუალებას – ყოველთვის ვართ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ და რეალური საქმით ვამყარებთ ამას. ეს არის პირველ რიგში, ის რეალობა, რომ ჩვენ სრულად ვმართავთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება დღიდან დღემდე ინფიცირებულთა მაჩვენებელი.

მთავარია, როგორ რეაგირებს სახელმწიფო. ჩვენი რეაქცია არის ადეკვატური, ეფექტური, საქართველოს  ერთ მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში აქვს. ეს არის სწორედ ის რწმენა, რომ ჩვენ ეპიდემია არ შეგვიშლის ხელს, რომ თანდათან გავაჯანსაღოთ ჩვენი ეკონომიკა“, – განაცხადა მინისტრმა.

თურნავას თქმით, ოპოზიციას საკუთარი დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, არეულობა და არჩევნების გადადება სურს.

„ოპოზიციას სურს, რომ ჩვენ დავუშვათ ქაოსი და უკონტროლობა. მათ აწყობთ არეულობა და არჩევნების გადადება. რატომ აწყობთ არჩევნების გადდება? ძალიან სწორად და ზუსტად აფასებენ საკუთარ არც თუ ისე სახარბიელო შანსებს ამ არჩევნებში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

პარლამენტში გამართულ დებატებს ექსპერტები ეხმაურებიან.

ამირან სალუქვაძე, ექსპერტი:

„ეს დაგინებები რა არის, "ჩვენს შორის ვინც გაიქცა ქვეყნიდანო"?

იმდროინდელ ფეხბურთელ ყაველაშვილს რას ეჯიბრება საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილე?

მით უმეტეს „კვირის პალიტრამ“ და სხვა სააგენტოებმა გამოაქვეყნეს იმ პოლიტიკოსთა და ჩინოვნიკთა სია, ვინც ომის დღეებში დატოვა ქვეყანა ან დაბრუნდა დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

გიგა ბოკერიას უფიქსირდება 9 აგვისტოს გასვლა. თავად მაშინ განმარტა 9-ში დავბრუნდიო, საზღვარზე კი ფიქსირდება გასვლა, ამერიკული სისტემაა და შეცდომა გამორიცხულიაო.

ამიტომ, ამას დაგინება კი არა, საბუთებით უნდა განმარტება. იქნებ მივლინებაში იყო? პასპორტის შტამპები და დასრულდება თემა, ან ისე, ან ასე.

დაგინების გარდა დღეს წყევლას მოვისმინეთ, მამაკაცისგან.

გვართობენ“, - წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქის გვერდზე.

გია ნოდია, ექსპერტი:  

საქართველოს შიდა პოლიტიკას თავი რომ გავანებოთ და, უბრალოდ, პანდემიასთან ბრძოლის დღევანდელ სტრატეგიებს შევხედოთ, შვედეთი გამოვიდა მისაბაძი მაგალითი.

დღევანდელი ტენდენციაა: აღარ გვინდა მკაცრი კარანტინები, ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად, მაგრამ ვმართოთ შედარებით მსუბუქი შეზუდვებით (შვედები ამას აკეთებდნენ).

ჩვენი მთავრობაც ამ ახალ საერთაშორისო ტენდენციას მიყვება (ვიმეორებ, დამატებით რა შიდაპოლიტიკური მოტივები აქვს ან არა აქვს, ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს). 

მაგრამ თუ ასეა, მაშინ ლოგიკურად კითხვის ქვეშ დგება მისივე ძველი სტრატეგია. გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები ინფიცირებული გვყავდა, ვიდრე დღეს, მაგრამ ყველაფერი ჩავკეეთ. დღეს ბევრად მეტი ინფიცირებული გვყავს, მაგრამ მთავრობა გვეუბნება, აღარ გვინდა საყოველთაო კარანტინიო.

მეც ვთვლი, რომ აღარ გვინდა, მაგრამ რამდენჯერმე ნაკლები ინფიცირებული რომ გვყავდა, მაშინ რატომ იყო ეს მიდგომა სწორი? მესმის, მთავრობას არ უნდა აღიაროს, რომმეტი მოუვიდა“ (და საჭიროზე მეტად დააზიანა ეკონომიკა), მაგრამ ვინც არ არის მთავრობა, მაინც ამბობს, სწორი იყოო?

პლუს ამას, ცოტა სასაცილოა, როცა საქართველო პრაქტიკულადშვედურ მოდელზეგადადის და მისი ეკონომიკის მინისტრი ამბობს, შვედეთი არ არის კარგი მაგალითიო, ეკონომიკის ვარდნა ჰქონდა დიდიო. შვედეთის ეკონომიკის ვარდნა აპრილიდან ივნისამდე ნამდვილად იყო 8.6%, მაგრამ საშუალოდ ევროკავშირში იყო - 11.6%, ვთქვათ, ესპანეთში - 18.5%. შეიძლება, ძალიან დიდი განსხვავებაც არ არის და მაინც არ გაამართლო შვედეთის მიდგომა - მაგრამ ამას თუ არ ახსენებ, რიცხვებით მანიპულაცია გამოდის“ - წერს გია ნოდია „ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას, დღეს „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით პარლამენტში უსმენდნენ.

მომზადებულია „რუსთავი 2-ისა“ და „პირველი არხის“ მიხედვით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია