მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ტორესა მოსი - ასე ხდება, როცა მთავრობა ხალხზე ზრუნავს - 26 სექტემბერი 2020

მწერალი და მუსიკოსი ტორესა მოსი (ვახო მოსიაშვილი) ფეისბუქის გვერდზე წერს:

- ეს სტატუსი პოლიტიკაზე არ არის, სოციალურ თემაზეა.

რვა წლის წინ ლარის დოლარის კურსთან მიმართება 1.7 იყო, თუ სწორად მახსოვს. 8 წლის თავზე არის 3.25. რვა წლის წინ ერთი შეკვრა 30 გრამიანი მაკბარენის თამბაქო 12 ლარი ღირდა. დღეს 32 ლარი ღირს. ასე ხდება, როცა მთავრობა ხალხზე ზრუნავს.

ჩემი მეგობარი, რომელსაც დოლარში ჰქონდა სესხი, სესხის აღების მომენტში, ხელფასის ნახევარს იხდიდა იპოთეკურ სესხში; უკვე შარშან მთელი ხელფასი აღარ ჰყოფნიდა და იძულებული გახდა სახლი ბანკისთვის გადაეფორმებინა და ახლა ცდილობს გამოისყიდოს.

ჩემმა ერთმა მეზობელმა გუშინ მითხრა, რომ რვა წლის თავზე ყოველთვიურად უკვე ორმაგის გადახდა უწევს და მხოლოდ ისღა ანუგეშებს რომ დაფარვამდე ორი წელი დარჩა.

ადამიანები ჩემ გარშემო, რომლებიც ახერხებდნენ ოჯახების რჩენას, სესხის აღებას, ახალი პატარა ბიზნესის წამოწყებას, დღეს გაკოტრების პირას არიან მისულები.

ეს ყველაფერი ხდება, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავს. ჰოდა, არ მინდა რომ მთავრობა ჩემზე ზრუნავდეს, არ მინდა ამათი სტიმულირება. 16 წლის რაც შევსრულდი, მას შემდეგ სულ რაღაცას ვაკეთებ და 9- თუ საკუთარი თავისთვის, 1- მაინც ყოველთვის უანგაროდ, სხვის დასახმარებლად ან საზოგადოებრივი სიკეთისთვის.

ჰოდა, ყველა მზრუნველი მთავრობის დედა ..., რადგან ერთადერთი რაც მთავრობას ევალება, არის სამართლიანი სასამართლოს, კარგად ორგანიზებული პოლიციის და თავდაცვისუნარიანი ჯარის უზრუნველყოფა.

როცა მთავრობა ამ სამიდან ვერც ერთს ვერ უზრუნველყოფს, სინამდვილეში გძარცვავს და მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზე ზრუნავს, ხოლო პოლიციას, სასამართლოს და ჯარს, მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ შენი სამართლიანი აღშფოთებისგან დაიცვას თავი.

როდესაც შენ აღარ გინდა ასეთ მთავრობას გადასახადები გადაუხადო, ის საგადასახადოს, ფინანსურ პოლიციას და სასამართლო აღმასრულებლებს გიგზავნის.

მე ამის დასრულება მინდა. არ მინდა ჩემი ფუტკარივით მშრომელი მეგობრები, რომლებიც საკუთარი თავის გარდა, პირადი ინიციატივით უამრავ სხვა ადამიანს ეხმარებიან, სამუშაო ადგილებს ქმნიან და არაერთ საზოგადოებრივ სიკეთეს აკეთებენ, უსახლკაროდ რჩებოდნენ, წლობით ნაშენები ბიზნესი კი თვალწინ ენგრეოდეთ.

არ მინდა მთელი ზაფხული, დასვენების ნაცვლად თავდაუზოგავად რომ ვიშრომებ, ამ ნაშრომის მნიშვნელოვანი წილი, მთავრობამ წაიღოს.

არ მინდა ჩემი გამომუშავებული 3200 ლარიდან 1200 მთავრობამ წამართვას, მერე კი ამ ფულით ჩემზე მზრუნველი მთავრობისა თუ პარლამენტის წევრებმა, ათასობით ლარი ხარჯონ მივლინებებში, ძვირად ღირებულ ბანკეტებში, საჯარო სამსახურები გატენონ თავიანთი ცოლებით, ქმრებით, საყვარლებით, მშობლებით, მეგობრებითა და ნათესავებით, არ მინდა ჩემი ფული ტენდერების გავლით მიითვისონ და ისეთი რაღაცები აკეთონ, რომელიც არავის არაფერში სჭირდება და თან ისიც უხარისხოდ. სანაცვლოდ კი არ მინდა ჟურნალისტები იძიებდნენ საქმეს, რადგან პოლიციელები ვერ იძიებენ, არ მინდა საღამოობით პოლიციელები ქუჩაში მაჩერებდნენ და ისე მელაპარაკებოდნენ როგორც კრიმინალური სინდიკატის წევრს.

არ მინდა ყოველ დღე ვფიქრობდე რომ თუ რუსეთი თავს დაგვესხმება, ჩვენი ჯარი ვერ შეძლებს ამ ქვეყნის იმდენ ხანს დაცვას მაინც, რომ საერთაშორისო დახმარების მიღება მოვასწროთ.

არ მინდა მზრუნველი მთავრობა, რადგან მზრუნველი მთავრობა ნიშნავს ჩემს მუდმივ ძარცვას, დამონებას, ჩაგვრას და მუშაობის სურვილის დაქვეითებას. მზრუნველი მთავრობა ნიშნავს წარმატების გზად არა საკუთარი შრომის გამოყენებას, არამედ მთავრობასთან ახლოს ყოფნას, მისთვის კუდის ქიცინს და მის ხელებში ყურებას.

არ მინდა მზრუნველი მთავრობა რადგან მზრუნველი მთავრობა ნიშნავს, უხარისხო განათლებას, უხარისხო ჯანდაცვას, უხარისხო გზას, უხარისხო სახელმწიფო სერვისებს, უსამართლო სასამართლოს, კრიმინალთან შეზრდილ პოლიციას, დაუძლურებულ ჯარს, ქვეყნის ოკუპაციას და საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულ კიდევ უფრო მეტ ადამიანს.

არ მინდა მზრუნველი მთავრობა, რადგან მზრუნველი მთავრობა ნიშნავს სიღატაკეს, მისგან თავის დაღწევის ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე.

და ბოლოს, მინდა ვკითხო ჩემ იმ "მეგობრებს", რომლებიც ხმამაღლა კიოდნენ საქართველოს სინგაპურიზაციაზე, პირზე დუჟმომდგარნი ამტკიცებდნენ, რომ ბენდუქიძემ საქართველო გააღატაკა, მაშინ როცა 1.5-ჯერ გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მას შემდეგ არ გვქონია, ხმალამოღებულები იბრძოდნენ ამ მზრუნველი მთავრობისთვის, ეთანხმებოდნენ ყველა იმ რეგულაციას, რამაც კიდევ უფრო გააღატაკა ამ ქვეყნის მოსახლეობა, სად ხართ?

რატომ აღარ მესმის თქვენი ხმა როდესაც თქვენი მარჩენალი მთავრობა სინგაპურის ნაცვლად საჩხერეს გვთავაზობს? საჩხერე უკეთესია? იქნებ ამ მთავრობასთან ერთად გაინაღდეთ სამსახურები, ნაძარცვის ნამცეცები თქვენც შეგხვდათ და ახლა გეშინიათ ამ ნამცეცების დაკარგვის, რადგან თავისუფალ კონკურენციაში, თუ ბატონმა არ გადმოგიყარათ, თქვენით არაფრის მაქნისები ხართ?

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ყველა ვინც ზრუნვას გპირდებათ, სინამდვილეში თქვენ გაძარცვას და დამონებას აპირებს, ხოლო ყველა ვინც გეუბნებათ, რომ უზრუნველყოფს სამართლიან სასამართლოს, გამართულ და კანონის ჩარჩოში საზოგადოებრივი ზედამხედველობის ქვეშ მოქმედ პოლიციას, უფრო ეფექტურ ჯარს და ნაკლებს წაგართმევთ, რომ ნაკლები ჰქონდეს დასახარჯი, ცდილობს მართლა შეცვალოს თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ“, - აღნიშნავს ტორესა მოსი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია