მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საქართველო მზადაა, ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში - 28 სექტემბერი 2020

 

- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო კონფლიქტი გრძელდება. ამასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთოხების საბჭოს მოწვევას სთხოვენ და ფიქრობენ, რომ ქვეყანამ უნდა შეასრულოს სამშვიდობო როლი ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მიმდინარე დაპირისპირებისას, - ნათქვამია „მთავარი არხის“ ინფორმაციაში.  

„მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლება მზად იყოს მოვლენათა სხვადასხვანაირი განვითარებისთვის. ომის შემთხვევაში, ბევრი ჩვენთვის არასასურველი სცენარი განვითარდება. საჭირო, საქართველოს სტარტეგიული და ეროვნული ინტერესების დაცვა - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში.

ყარაბაღის კონფლიქტს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა საიმინისტრო, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა ნებისმიერი ფორმით ხელი შეუყწოს კონფლიქტის დეესკალაციას.

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის  27 სექტემბერს განახლდა. ორივე ქვეყანამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი:

„აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხედრო შეტაკებები ძალიან გვაშფოთებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში მშვიდობა და ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. არ არსებობს დღეს უფრო დიდი ფასეულობა. ამიტომ დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალყურს  ადამიანურ მსხვერპლს და სიტუაციის ესკალაციას.

ჩემი პოზიცია სრულიად ნათელია, ეს ეფუძნება სახელმწიფო მთლიანობის პრინციპს, ესე იგი, მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის, რა თქმა უნდა ამავე დროს ყველას ვინც გამოდევნილია ამ რეგიონიდან, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავის სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს, მათ აქვთ უფლება მშვიდად  იცხოვრონ  და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.

საქართველო დაინტერესებულია კავკასიის სამ ერს შორის ძმურ-მეგობრულ ურთიერთობებში. ჩვენი მომავალი ისეთი უნდა იყოს, როგორც სამ ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობაა და მხოლოდ გარე ძალები არიან დაინტერესებულები იმაში, რომ გაგვთიშოს და იბატონოს და ჩვენ ამის საშუალება მათ არანაირად არ უნდა მივცეთ! - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

„აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში მთავარ სიტყვას რუსეთი იტყვის. მეტიც, მაღალი ალბათობით, ეს ესკალაცია მათივე წაქეზებულია.

რუსეთს არ მოსწონს, რომ ბოლო პერიოდში სომხეთს გაუჩნდა რუსეთის პროტექტორატიდან გამოსვლის ილუზია და აჩვენებს მოვლენების განვითარების დემო-ვერსიას, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ ისინი მარტო დარჩებიან აზერბაიჯან-თურქეთის პირისპირ.

მათ ახლა შეუძლიათ ერთის მხრივ აზერბაიჯანის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილონ და მეორეს მხრივ, სომხეთი იძულებით დააბრუნონ საკუთარ ორბიტაზე.

ჩვენ შეიძლება ვიხილოთ რუსული, ან რუსულ-თურქული სამშვიდობო ძალები ყარაბაღში.

ეს ჩვენთვის მოვლენების უკიდურესად არასასურველი, მაგრამ საკმაოდ რეალისტური განვითარებაა“, - წერს გია ხუხაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

თორნიკე შარაშენიძე, ექსპერტი:

„ახლა მთავარია კვლავინდებურად შევინარჩუნოთ სრული ნეიტრალიტეტი! არანაირი ტუტუცობა და არანაირი ფეიკნიუსების გავრცელება (მაგალითად, საქართველოს გავლით რომელიღაც მხარისათვის იარაღის მიწოდების შესახებ). ეს ეროვნული უსაფრთხოების თემაა და არა შიდა პოლიტიკური გარჩევების“.

ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:

„რეგიონში შექმნილ ვითარებაში საქართველოს თითოეული მოქალაქის უზენაესი ამოცანა უნდა იყოს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

ამირან სალუქვაძე, ექსპერტი:

„ყარაბაღის შესახებ, დამატებით.

ვინც თვალს ადევნებთ, იცით, რომ ყარაბაღში დღემდე განვითარებული გამწვავებების დროს, მათ შორის 2016 წელს, მკაფიო პროგნოზს ვაკეთებდი, რომ სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში არ გადაიზრდებოდა.

გუშინ დილით დავწერე, შემდეგ ინტერვიუში ვისაუბრე, რომ ეს განწვავება იქნებოდა წინამორბედებზე მძაფრი და ამ გამძაფრების მალე ჩაცხრობის მოლოდინი ნაკლებად მაქვს.

დღე-ღამის განმავლობაში განვითარებული პროცესები მაფიქრებინებს გუშინდელი უარყოფითი პროგნოზის სისწორეს.

ეს არაა ადრინდელივით შეტაკებები ურთიერთშეხების ზოლთან, არამედ სრულფასოვანი სამხედრო მოქმედებებია. ასეთი მასშტაბები 1994 წელს შემდეგ არ ყოფილა.

მხარეები ასახელებენ მოწინააღმდეგის მხრიდან ასობით დანაკარგების შესახებ დაღუპულთა სახით და ასევე ასობით დაჭრილებზე. მეათედიც რომ სიმართლე იყოს, ერთი დღე-ღამისთვის ბევრია. განადგურებული ტექნიკის ვიდეო კადრები ვრცელდება.

საერთაშორისო ძალისხმევა ფაქტიურად ჯერ არ მიგრძვნია, თუ არ ჩავთვლით გარე აქტორების სატელეფონო საუბრებს. მსოფლიოს სძინავს. საქართველოს ოფიციალური განცხადებები დროული და მართებულია.

ასეთი გამწვავებებისას, თუ პირველივე დღეს არ განხორციელდა ეფექტიანი დიპლომატიური ნაბიჯები, შემდეგ ასეთი გამწვავების გაჩერება რთულია, რადგან იქ უკვე ომია და არა უბრალოდ ორმხრივი სროლები შეხების ზოლში.

თუ ბოლო გამწვავებას გავიხსენებთ, პირველი საშიშროება, რაც შეიძლება ვიხილოთ, ესაა ეთნიკური დაპირისპირებები რუსეთში. სხვა ქვეყნებს არ ჩამოვთვლი და ნურც თქვენ განავრცობთ.

ხშირად მეკითხებიან, როგორ აისახება საქართველოზე? გუშინაც ინტერვიუში იყო ასეთი კითხვა.

ყოველთვის მომყავს ასეთი მაგალითი. როცა მეზობლის სახლი იწვის, როგორ აისახება შენს სახლზე (კორპუსში ბინაზე, მეზობელ სადარბაზოზე)? პასუხი ცხადია, ხომ?

როგორც მინიმუმ აისახება ეკონომიკურ აქტივობებზე მთელ რეგიონში, რაც ამ პანდემიის პირობებში საკმაოდ დამაზიანებელი იქნება.

ამავე დროს, არავინ იცის როგორ ჩაერევიან გარე ძალები. თურქეთმა განაცხადა ყოველმხრივი მხარდაჭერის შესახებ. რუსეთი და კუხო (ОДКБ) სომხეთის მოკავშირეები არიან. მიუხედავად ნიკოლ პაშინიანისადმი არსებული უკმაყოფილებისა, რუსეთს მოუწევს პოზიციის დაფიქსირება, და, შესაძლოა, მეტიც (ვითარებიდან გამომდინარე).

ესაა საკმაოდ მოკრძალებული და რბილი შეფასებებია.

კოლეგებს, ასევე ფეისბუკის მომხმარებლებს მთელი სერიოზულობით მოვუწოდებ:

1. მოზომეთ ყოველი სიტყვა, რასაც დაწერთ ამ კონფლიქტის და მეზობელი ქვეყნების შესახებ. ისე, ყოველთვის არაა საჭირო აზრის დაფიქსირება.

2. ნუ განავითარებთ საქართველოსთან დაკავშირებულ სცენარებს ღია სივრცეში.  როგორ ფიქრობთ, ცოდნა არ მყოფნის ასეთი სცენარების დასაწერად, თუ ფანტაზია?

არ ვწერ. თქვენც ნუ დაწერთ. ყველაფერი  არაა საჯაროდ სასაუბრო.

ვისაც სურს მოსაზრებების შეჯერება, შევიკრიბოთ და ვისაუბროთ.

ისღა დამრჩენია, იმედი გამოვთქვა, მოხერხდება მშვიდობის აღდგენა“, - წერს ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ასევე იხილეთ სიუჟეტი: https://www.facebook.com/salukvadzeamirani/videos/3788058287923870

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია