მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ომები ადრე თუ გვიან მთავრდება, სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენს შემდგომი პროცესები - ამირან სალუქვაძე - 21 ოქტომბერი 2020

„ყარაბაღის ომის მიმდინარე შეფასება.

როგორც ადრე მოგახსენეთ, ვცდილობ მაქსიმალურად მოზომილი ვიყო შეფასებებში, რადგან ორთავე ჩვენი მეზობელია.

როგორც ჩანს, რუსეთში რამდენიმე სცენარს განიხილავენ და მათი რეაგირებაც ამ სცენარების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

ალბათ, ერთ-ერთი სცენარია მინსკის ჯგუფის შეთანხმების განხორციელება, ოღონდ ძალისმიერი გზით.

რუსეთი მშვიდად ადევნებს თვალს სანამ  აზერბაიჯანი 5-7 რაიონის დასაბრუნებლად საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს. თუ აზერბაიჯანი შეძლებს ამ რაიონების ბრძოლით დაბრუნებას, ამით შესრულდება მინსკის ჯგუფის გადაწყვეტილებების (ყაზანის ფორმულა, მადრიდის პრინციპები...) ის ეტაპი, რომელიც ყარაბაღის ირგვლივ დაკავებული რაიონების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოღონდ ეს ეტაპი არა მშვიდობიანი მოლაპარაკებებით, არამედ ომის გზით ხორციელდება.

დღეს რუსეთის მისამართით ამ ფრაზას იყენებენ, ადრეც დავწერე: "დარეგულირება ომის მეშვეობით". მე ოდნავ გადავაკეთებ. 2008-ში ოპერაციას "მშვიდობის იძულება" დაარქვეს. სომხეთთან მიმართებაში მსგავსი სტრატეგია აქვთ - "შეთანხმების შესრულების იძულება". რა თქმა უნდა ხმამაღლა ამას არ აღიარებენ.

აბა რა დავარქვა, როცა ლავროვიც, სამთავრობო ტელევიზიებიც მუდმივად საუბრობენ მინსკის შეთანხმების შესრულების, ანუ სომხეთის მიერ ამ სოფლების გათავისუფლების აუცილებლობაზე?

ცეცხლის შეწყვეტის მცდელობებიც საკმაოდ ზედაპირულია. რომ სურდეთ, ხომ იცით როგორ მუქარებსაც გააჟღერებდნენ, თუ ცეცხლს არ შეწყვეტენ?!

აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს სირიაში სხვადასხვა ქვეყნების საბრძოლო გამოცდილებას. ცდილობენ არ შევიდნენ პირისპირ შეტაკებებში. დროში წელავენ. ამით მსხვერპლსაც ამცირებენ და დროსაც ზრდიან. ზრდიან ასევე ფრონტის ხაზს. ძირითადი ძალისხმევა სამხრეთშია, თუმცა ბრძოლები მთელ პერიმეტრზე მიდის.

როგორც სხვადასხვა წყაროებში გამოქვეყნებული გრაფიკული ან ტექსტუალური ცნობებით შეიძლება ვიმსჯელოთ, ცდილობენ ძირითადად საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით გაარღვიონ ცალკეული მონაკვეთები. თუ სომხური ქვედანაყოფები უკან იხევენ, იკავებენ დატოვებულ პოზიციებს. შემდეგ ცდილობენ ფრონტის ხაზის გასწორებას. ხომ გახსოვთ ილოვაისკის ქვაბი?

ტაქტიკა ჯერ ამართლებს. სომხეთს ადამიანური რესურსები, გრძელვადიანი საომარი მოქმედებების შემთხვევაში გაუჭირდება, რადგან საკმაოდ დიდი ფრონტზე უწევს თავდაცვა. აზერბაიჯანის მოსახლეობა 3-ჯერ აღემატება. მსხვერპლი დიდი აქვთ, 800-მდე დაღუპული. უნდა ვიანგარიშოთ 2-3-ჯერ მეტი დაჭრილ-დაშავებული, პლუს გადაღლილობა და, პერიოდულად, საბრძოლო ქვედანაყოფების დასვენების აუცილებლობა. დაღუპულებში ბევრია ახალგაზრდები. შესაბამისად, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ მომზადებული რეზერვი მასშტაბურად არ გამოიყენება.

საინტერესოა სანამ იქნება რუსეთი მაყურებლის როლში. თუ ბრძოლის ველზე ვითარება სხვაგვარად განვითარდება, მოსალოდნელია გარე აქტორების სხვაგვარი აქტივობები. 18 ოქტომბრის მცდელობა ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შესაწყვეტად, ისევე ჩაიშალა, როგორც 10 ოქტომბრის მოსკოვის შეთანხმება. ვერც ინიციატივის ცვლილებას გამორიცხავს ვინმე.

ამჟამად, ორთავე ქვეყნის ლიდერმა მზადყოფნა გამოთქვეს მოსკოვში, ან სხვა ადგილას შესახვედრად. ვნახოთ, მოხერხდება თუ არა, თუ მოხერხდება, რაზე შეთანხმდებიან და როგორ იმუშავებს.

მქონდა დიდი აფეთქების შიში. ალბათობა შედარებით შემცირებულია, თუმცა ჯერ არ მოხსნილა.

გახსოვთ, 27 სექტემბერს დავწერე, რომ ამჟამინდელი დაპირისპირება იქნებოდა გაცილებით მძაფრი, ვიდრე ადრინდელი შემთხვევები. ისიც დავწერე, რომ რა ანალიზიც არ უნდა აკეთო, ყველაფერი ბრძოლის ველზე წყდება და პროგნოზს ვერ გააკეთებ, თუ არ ფლობ ანალიზისთვის საჭირო სრულ ინფორმაციებს.

მაგალითად, დაკომპლექტებასთან ერთად უნდა იცოდე საბრძოლო მომზადების დონე, ინტენსივობა და ბევრი სხვა რამ, რაც რთულად მოსაპოვებელია. საომარი მოქმედებების მსვლელობაზეც კი საკმაოდ მწირი სანდო ინფორმაციაა. ორთავე მხარე აქტიურ საინფორმაციო ომს აწარმოებს. ვერ გაიგებ სადაა სიმართლე და სად სიცრუე.

ერთი დასკვნის გაკეთებაც შეიძლება. აზერბაიჯანის არმია შეიცვალა არა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ, რაც სომხეთისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ამიტომ, სათანადო საწყისი ინფორმაციების უქონლობის გარეშე სრულყოფილი ანალიზი შეუძლებელია. პროგნოზები მით უმეტეს. ეს არაა ამინდის პროგნოზირება.

ომები ადრე თუ გვიან მთავრდება. დამთავრებას ჯერ პირი არ უჩანს, თუმცა სერიოზულ საფიქრალს წარმოადგენს ომის შემდგომი პროცესები“, - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დილიდან საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. მხარეების ინფორმაციით, განსაკუთრებით დაძაბული ვითარებაა ფრონტის ხაზის სამხრეთის მიმართულებით. თუმცა, სიტუაციის სერიოზული ცვლილების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სომხეთი იუწყება, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ცეცხლი გაუხსნა ფრონტის ხაზის სიახლოვეს მდებარე რაიონულ ცენტრ მარდაკერტს. ერევანში ასევე ამტკიცებენ, რომ მათ აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რასაც ბაქოში უარყოფენ.

აზერბაიჯანელი სამხედროები აცხადებენ, რომ კონფლიქტის ზონის სამხრეთის მიმართულებით შეტევის შედეგად, სომხეთის სამხედრო ნაწილები გაანადგურეს. ბაქოში ასევე ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჯებრაილის რაიონის კიდევ ერთი დასახლება დაიკავეს.თუმცა, ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.

აზერბაიჯანის პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ 27 სექტემბრიდან დღემდე სომხეთის არმიის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად 63 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 292 დაშავდა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია