მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მეორე ტური არ იქნება, ჩვენ პირველივე ტურში ვიმარჯვებთ - კახა ოქრიაშვილი - 30 ოქტომბერი 2020

„ეს ბინძური მეთოდიც აღარ არის - კრიმინალი შეუერთდა ხელისუფლებას“

ufleba.ge

„ufleba.ge“ პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო კახა, არჩევებამდე მცირე დრო რჩება. მოდით, შეაფასეთ ფონი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას ახლავს იმ რეგიონში, სადაც თქვენ მაჟორიტარობისთვის იბრძვით - მათ შორის დმანისში, სადაც ბოლო დროს არის სროლები, ფიზიკური დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა, ძალადობა.

- რაც შეეხება ბოლოდროინდელ დაპირისპირებას, სროლას და შეხლა-შემოხლას დმანისში, მინდა გითხრათ, რომ ეს მხარეებს შორის პოლიტიკური დაპირისპირების შედეგი არ არის. ეს ყველაფერი ,,ქართული ოცნების” შტაბში ხდებოდა, იქ მოტრიალე ადამიანებს შორის.

აღნიშნულ პროცესში ჩვენი ჩართულობა არის ნული. რეალურად, იქ ნასვამ ხალხს შორის მოხდა დაპირისპირება და სამი კაცი დაიჭრა.

ასე რომ, სრულიად ვემიჯნებით უსიამო ფაქტს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ.

აქვე გეტყვით, რომ დაპირისპირებაში სწორედ ის ხალხი მონაწილეობდა, ვინც ჩვენი პარტიის წევრი სცემა. მეტიც, შეიარაღებული თავდასხმა მოუწყო. დიახ, სცემეს, ავტომობილი დაუმტვრიეს და დღემდე საქმეზე არავინაა დაკავებული, გამოკითხულიც კი.

ეს ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, იყვნენ მონაწილენი დასახელებულ ინციდენტშიც. ხედავთ, დაუსჯელობის სინდრომი საიდან მოდის? სწორედ ეს არის დაუსჯელობის სინდრომი, მეტი კი არაფერი.

და ამ დროს „სუსი“ და შსს ჩვენ, პოლიტიკოსებს დაგვდევენ...

ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს, ხალხზე ძალადობა უნდა დასრულდეს. სავსებით დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთიანი ძალებით შევძლებთ.

გიმეორებთ, კვლავაც ხდება ჩვენი მხარდამჭერების დაშინება; მათ ატერორებენ, მათზე ძალადობენ, თუმცა არაფერი გამოუვათ - ჩვენ გავიმარჯვებთ!

- ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს?

- ვიგებთ არჩევნებს და ამაზე. სწორედ ამიტომ დარბიან და გვესვრიან. ამას ემსახურება ეს ყველაფერი.

იცით, ეს უკვე ბინძური მეთოდიც აღარ არის - დღეს კრიმინალი შეერთდა ხელისუფლებასთან. მხოლოდ ასე ვიტყოდი არსებულ მძიმე რეალობაზე, როდესაც ჩვენ ღიად გვებრძვიან.

ასე სურთ შეინარჩუნონ ხელისუფლება, მაგრამ გარწმუნებთ არაფერი გამოუვათ.

დიახ, ჩვენ ვართ მათი მთავარი კონკურენტი, ისევე როგორც ჩვენი მთავარი კონკურენტი არის „ქართული ოცნება“ და არავინ სხვა. აი, ამიტომ გვდევნიან და გვესვრიან მაინც და მაინც ჩვენ.

- და ამ ფონზე, როგორ ვიქრობთ, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის?

- არ ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, მეტს ვერაფერს ვიტყვი.

ერთი რამ დანამდვილებით ვიცი -  დმანისში მეორე ტური არ იქნება. ჩვენ პირველივე ტურში ვიმარჯვებთ. აქ ორი აზრი არ არსებობს, ამას აჩვენებს და ადასტურებს ყველა გამოკვლევა.

ვიმეორებ, იმედი მაქვს, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და არ დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას, სროლას და მუშტების ჩვენებას, თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ...

-  რატომ უნდა აირჩიოს დმანისის და დანარჩენი რაიონების მოსახლეობამ კახა ოქრიაშვილი, რას პირდებით ამომრჩეველს, რა არის თქვენი მთავარი დაპირება ?

- რატომ უნდა მომცეს ხალხმა ხმა? მე მათ კეთილდღეობას, მშვიდობას და ქვეყნის წინსვლა-განვითარებას ვპირდები.

იცით, ჩვენ ძალიან დიდი პროგრამა გვაქვს ყველა მიმართულებით - საბავშვო ბაღებიდან დაწყებული, ჯანდაცვით და ეკონომიკის სწრაფი განვითარებით დამთავრებული.

ქვეყანაში ჯანდაცვა, მედიკამენტები უნდა გახდეს ხელმისაწვდომი. ჩვენ ხარისხიანი საყოველთაო დაზღვევა უნდა გავაკეთოთ; საქართველოში ყველა ადამიანი ამგვარად დაზღვეული იქნება.

ჩვენ ხალხს ხარისხიან ჯანდაცვას და მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ვპირდებით. ძალიან გვინდა, რომ მთელ საქართველოს ჰქონდეს სავალდებულო ხარისხიანი დაზღვევა და ჩვენ ამას შევძლებთ.

- „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთა 8-წლიანი მმართველობის დროს, თქვენ როგორ შეაფასებდით მათ მოღვაწეობას?

- ავიღოთ ეკონომიკა, მისი განვითარებაა -  ნული. ქვეყანა უკან-უკან მიდის. დიახ, ეკონომიკა ხუთბალიანი შკალით - ნული, ჯამში კი ერთი. ანუ ესენი ოროსნებიც კი არა, ერთოსნები არიან, წერტილი.

ქეთი ხომერიკი

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია