მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ყარაბაღის 2020 წლის 44-დღიანი ომის შეფასება - ამირან სალუქვაძე - 17 ნოემბერი 2020

- ყარაბაღის 2020 წლის 44-დღიანი ომის შეფასება (ზოგი 6-კვირიან ომად მოიხსენიებს)

რა ხდება დღეს?

ერევანში პოლიტიკური არასტაბილურობაა. ქუჩებში ისევ პროტესტია. პრემიერ პაშინიანს, როგორც ადრე დავწერე, გაუჭირდება ხელისუფლების შენარჩუნება. თუმცა დათმობას არ აპირებს და აგრძელებს დამარცხების მიზეზების ახსნას. მის ყოველ განცხადებას ოპონენტები მწვავედ აღიქვამენ. დაკავებულია 150 პირზე მეტი. მათ შორის პოლიტიკური ლიდერები. საუბრობს ღალატის ფაქტებზე, განსაკუთრებით ქ. შუშას ჩაბარებისას.

რუსეთი დღეს ნაკლებად ფიქრობს ვინ იქნება სომხეთის ხელისუფლებაში. ნებისმიერი ხელისუფლება იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს რუსეთს, რადგან რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტია ყარაბაღის სომხეთის კონტროლის ქვეშ შენარჩუნების გარანტი.

აზერბაიჯანში ზეიმია. პრეზიდენტ ალიევს ყველგან ხვდებიან როგორც ნაციონალურ გმირს. აზერბაიჯანმა დაიბრუნა არა მხოლოდ 7 რაიონი, არამედ ყარაბაღის ნაწილი, მათ შორის ქ. შუშა. რუსეთის სამხედრო კონტინგენტი ბაქოს აღარ მისცემს უფლებას ბოლომდე აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

სამშვიდობო შეთანხმება 5 წლითაა დადებული, ყოველი შემდგომი 5 წლით ავტომატურად გაგრძელებით. შეთანხმების შესაწყვეტად ერთ-ერთმა მხარემ 6 თვით ადრე უნდა განაცხადოს.

რისთვისაა საჭირო 6 თვე, კონტიგენტის გამოსაყვანად? თუ შესაყვანად 2-3 დღე ეყო რუსეთს, გამოყვანას ერთი კვირაც ეყოფა, ან ერთი თვეც. რატომ ჩაიდო 6 თვე? ალბათ, ვინც შეწყვეტას მოითხოვს, რუსეთს 6 თვე სჭირდება შეუქმნას ისეთი პირობები, რათა გადაათქმევინოს.

თავიდანვე მქონდა ის მოსაზრება, რომ რუსეთს აწყობდა კონფლიქტის განახლება, ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტის სახით  რუსეთის ჯარის ჩასაყენებლად.

აზერბაიჯანმა კიდევ ერთ მნიშვნელივან წარმატებას მიაღწია. ნახიჭევანის მიმართულებით, სომხეთის ტერიტორიის გავლით სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა მოხდება, შემდგომში კი ახალი გზების აშენება იგეგმება.

შესაძლოა, ნახიჭევანის მიმართულებით მოძრაობის განბლოკვა და ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რუსეთ-თურქეთის შეთანხმება იყოს ე.წ. სამხრეთის დერეფნის ალტერნატიული მარშრუტის რეალიზების მიზნით.

არაა გამორიცხული, როგორც სამშვიდობო კონტინგენტის ჩაყენება, ასევე ნახიჭევანის მიმართულებით მოძრაობის განბლოკვა, თავიდანვე ერთი სცენარის ნაწილი ყოფილიყო.

თუმცა ასეთი დასკვნის გაკეთება ნაადრევია. დრო გვიჩვენებს.

ამავე დროს, საინტერესოა ის, რომ თუ ნახიჭევანის დერეფანი ამოქმედდება, თურქეთი კასპიის ბასეინზე გასასვლელს მიიღებს.

რაც ცხადად ვიხილეთ, რუსეთმა ახალი სტრატეგია განახორციელა: დარეგულირება ომის მეშვეობით.

ის, რისი გადაწყვეტაც ვერ ხერხდებოდა მინსკის ჯგუფის ფორმატში თითქმის 3 ათეული წლის მანძილზე, გადაწყდა თვენახევრიანი ომის შედეგად. კონფლიქტი საბოლოოდ არ დარეგულირებულა, თუმცა აზერბაიჯანმა დაიბრუნა იმდენი, რამდენზეც არ ჰქონდა პრეტენზია, რომ ერთიანად მიიღებდა.

ნიკოლ პაშინიანი დღეს ერთ სიმართლეს ამბობს. მან პარლამენტს უთხრა, რომ სომხეთი არ იყო მზად ეტაპობრივად დაეთმო რაიონები და დროში გაეწელა პროცესი. ჩვენ გვეგონა, რომ მუდმივად ასე გაგრძელდებოდაო.

ანუ, პაშინიანი აყენებს საკითხს, რომ სომხეთის საზოგადოება მზად არ იყო ომამდე წასულიყო დათმობებზე. სხვათაშორის, 1998 წელს, მაშინდელი პრეზიდენტი ტერ-პეტროსიანი სწორედ დათმობებს შეეწირა და თანამდებობიდან გადადგა. დღეს უფრო უარესი შედეგი მიიღეს.

ანალოგიური რამ ჩვენც გავიარეთ. არ ვიყავით მზად აფხაზეთის სტატუსზე გვესაუბრა.

მსგავსი ხდება იმ ქვეყნებში, რომლებშიც არ არსებობს სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, ინსტიტუტები, რომელთა რეკომენდაციებსაც უნდა ითვალისწინებდნენ პოლიტიკოსები.

ყველა პოლიტიკოსს, ვინც ქვეყნის სადავეებს ხელში ჩაიგდებს, თავი ყველაზე ბრძენი ჰგონია. ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებებს არ გააჩნიათ ქვეყნის ერთად მართვის კულტურა და უნარი. ეს დღემდე გრძელდება და კიდევ ბევრჯერ მოვიტეხთ კისერს.

ისტორიას ახლიდან ვერ დაატრიალებ. ისტორიიდან გაკვეთილები უნდა გამოიტანო, რათა ახალ უბედურებაში არ გახვიო ქვეყანა.

როგორც ამბობენ, სულელი ის კი არაა, ვინც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, არამედ ვინც საკუთარ შეცდომას ორჯერ იმეორებს.

ყველა არ იზიარებს, თუმცა ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ რუსეთმა დასახულ მიზანს მიაღწია.

ბევრი პირიქით მიიჩნევს, თვლიან რომ რუსეთმა გეოპოლიტიკური კრახი განიცადა. თუ ეს ასეა, რატომ აღიქვამენ დასავლელი ექსპერტები და პოლიტიკური ლიდერები დღევანდელ რეალობას რეგიონში ბალანსის ცვლილებად?

ჩემი აზრით, რუსეთი ადრინდელ წლებში განცდილი კრახის გამოსწორებას ცდილობს.

თურქეთის გავლენების ზრდა აზერბაიჯანში არაა სიახლე. სტრატეგია "ერთი ნაცია, ორი სახელმწიფო", ჯერ კიდევ უფროს ალიევს ეკუთვნის. აზერბაიჯან-თურქეთის მჭიდრო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სსრკ-ს და შემდეგ რუსეთის პოლიტიკის და აზერბაიჯანის მიერ 90-ანებში მთიანი ყარაბაღის დაკარგვის შედეგი იყო. საქართველოც ნატოსკენ ლტოლვის ერთ-ერთი მიზეზიც იგივეა?

ამ ათეული წლების განმავლობაში რუსეთის გავლენა აზერბაიჯანზე მინიმუმადე დავიდა. თურქეთი კი 90-ანი წლების მეორე ნახევრიდან აქტიურად ეხმარება აზერბაიჯანს ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით ჯარის მოდერნიზების კუთხით.

თავად ვარ ნამყოფი 2003 წელს თავდაცვის მინისტრის დელეგაციაში და მქონდა საშუალება დამეთვალიერებინა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურა. უკვე მაშინ იგრძნობოდა ამ დახმარების კვალი.

მოკლედ, რუსეთმა ამ ათეული წლების ჩავარდნა გამოასწორა და სამშვიდობო სტატუსით საკუთარი ჯარი მთიან ყარაბაღში, ანუ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე ჩააყენა. თუ როგორი მშვიდობისმყოფელები არიან, დაცდილი გვაქვს.

არც ყარაბაღის სირიის მსგავსი სცენარით განვითარებას იზიარებდა ბევრი. თუმცა რუსეთ-თურქეთმა მონიტორინგის ერთობლივი ცენტრის შექმნას ხელი მოაწერეს. ეს კი სირიის მსგავსი  მოდელია.

ალიევი, ერდოღანი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი კი ერთხმად აცხადებენ, რომ თურქეთი სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს.

რუსული მედიის ინფორმაციით თურქეთმა სამშვიდობო კონტიგენტისთვის საჭირო ძალები უკვე აზერბაიჯანში გადაისროლა.

რუსეთის პირველი პირები ეწინააღმდეგებიან თურქეთის მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციაში, აცხადებენ, რომ თურქეთი არაა სამშვიდობო შეთანხმებაში მოხსენიებული და ყარაბაღში არ იქნებიან.

ეს მეტყველებს, რომ როგორც სხვა ბევრ, ასევე ამ საკითხშიც, მხარეები საპირისპირო პოზიციებზე არიან. მომავალში შესაძლოა ამ უთანხმოებების გაღრმავება.

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ასახულია თურქეთის უზარმაზარი სამხედრო კოლონა, რომელიც აზერბაიჯანისკენ მიემართება. თურქეთის პრეზიდენტი დაჟინებით აცხადებს, რომ თურქეთის სამშვიდობო კონტიგენტი ყარაბაღში იქნება.

რუსეთი ხელს ვერ შეუშლის თურქეთს ყარაბაღში ქ. შუშას და აზერბაიჯანის მიერ სხვა კონთროლირებად ტერიტორიაზე თურქეთის კონტიგენტი განათავსოს.

ეს კი ნიშნავს, რომ თურქულ და რუსულ ქვედანაყოფებს გვერდიგვერდ მოუწევთ საკუთარი ამოცანების გადაჭრა, რის დროსაც ვერავინ გამორიცხავს კონფლიქტურ ინციდენტებს.

2016 წელს აზერბაიჯანში 2 თურქული სამხედრო ბაზა შეიქმნა. თურქეთი კი ნატოს წევრია. შესაბამისად, რუსეთმა თავის საზღვართან უკვე მიიღო ნატოს ჯარები, რასაც სერიოზულ გამოწვევად აღიქვამს.

რუსეთი განსაკუთრებით მწვავედ აღიქვამს თურქეთის აქტივობას დაღესტანთან ახლოს.

მოკლედ, რუსეთმა, აღნიშნულ ვითარებაში, როცა თურქეთის მზარდი გავლენების პირობებში, კარგავდა აზერბაიჯანზე გავლენების ბერკეტებს, აამოქმედა ტრადიციული სცენარი და შესძლო მაქსიმალური დივიდენდების მიღება.

რუსეთთან ახლახანს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, თურქეთს უფლება ექნება დრონების მეშვეობით მოახდინოს ყარაბაღის დარჩენილი ტერიოტორიის კონტროლი. ეს კი, სხვა ფორმით, მაგრამ ერთობლივი ოპერირებაა.

თურქეთ-რუსეთის ურთიერთსაპირისპირო ინტერესების გამო, როგორც ზოგადად, ასევე კავკასიის რეგიონში, არ და ვერ გამორიცხავს, ადრე თუ გვიან, მათ შორის უშუალო თუ პროქსი დაპირისპირებას. ამიტომ ვაფასებ რუსეთის კონტიგენტის შეყვანას, როგორც გრძელვადიანი, ნელი მოქმედების ნაღმს.

სამხედრო მოქმედებების სრულყოფილად გასაანალიზებლად ჯერ საკმაოდ მწირი მონაცემებია. თუმცა ზოგადი შეფასებების გაკეთება უკვე შეიძლება:

- სომხეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებები, კვალიფიკაცია, ომისათვის მომზადება, ომის მართვა, თავად სამხეთმა უნდა შეაფასოს. ვფიქრობ, სერიოზული ნაკლოვანებები გამოჩნდება. დასაბუთებას ვრცელი აღწერა სჭირდება. იგივე პრობლემა გვქონდა ჩვენ 2008-ში;

- ყარაბაღის დაცვის არასწორი სტრატეგია, ალბათ სახეზეა. აზერბაიჯანმა მოუნახა სუსტი მხარე და ზუსტად შეარჩია შეტევის მიმართულებები. წესით ფიზული-ზანგელანის მიმართულების გარღვევა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით რელიეფიდან გამომდინარე. ეტყობა, ეს სისუსტეები ბაქომ მოსინჯა წინა დაპირისპირებების დროს. ამავე დროს, წლების მანძილზე მუდმივი შეტაკებები ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში ერთგვარი სატყუარა აღმოჩნდა. იკვეთება, რომ სწორედ ეს მონაკვეთები უკეთესად იყო გამაგრებული.

- აზერბაიჯანის მიერ დრონების წარმატებით გამოყენებაზე ბევრი საუბრობს. უამრავი ვიდეო მასალაც ვიხილეთ. აღარ გავიმეორებ. სომხეთმა ამ სისტემებს ვერაფერი დაუპირისპირა, მიუხედავად რუსული, დრონების საწინააღმდეგო სპეციალური სისტემების შეძენისა.

- 2018 წლიდან აზერბაიჯანმა კოსმოსში მეორე სადაზვერვო-სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი, აზერსპეის-2 გაუშვა და საშუალება აქვს კოსმოსიდან სადაზვერვო თვალთვალი აწარმოოს. დიდი ალბათობით, აზერბაიჯანი ამ წლების განმავლობაში ყარაბაღის კოსმოსურ დაზვერვასაც ახორციელებდა და დეტალურად ჰქონდა შესწავლილი საომარი მოედებების რაიონი.

- როგორც პაშინიანმა განაცხადა, ასევე ჩანდა ვიდეო მასალებიდან, სომხეთს არ აღმოაჩნდა სათანადო რიცხოვნობის და მომზადების რეზერვი. დაღუპულთა ძალიან დიდი ნაწილი 18-20 წლისაა. ყარაბაღში იმდენად საბრძოლო მასალების და იარაღის პრობლემა არ იდგა, როგორც სპეციალისტების და ადამიანური რესურსების.

აღნიშნული ნაკლოვანებები თუ ცალკეული ნიუანსები რომელიმე მხარის საწყენად ან საქებად არ დამიწერია. ამ ანალიზის ადრესატი ჩვენი ხელისუფლება და მოსახლეობაა, გაკვეთილების გამოსატანად.

* * *

(შენიშვნა: 1. ნაჩქარევადაა დაწერილი, ამიტომ როგორც დასრულებულ მასალას, ისე ნუ შეაფასებთ; 2. რეკომენდაციებს შეგნებულად არ შეიცავს), - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

 

 

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია