მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სიძულვილი კლავს, მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს - 10 დეკემბერი 2020

„ქვეყანას „ინტელექტუალური ელიტა“ კი არა, დაუსრულებელი ურთიერთსიძულვილი მართავს, რასაც კეთილი ნაყოფი არასოდეს ექნება“

ufleba.ge

(სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს“, ბიბლია, იგავნი 10:12)

1991 წელს თბილისში რომ ჩამოვედი, ორთაჭალის ავტოსადგურის წინ უზარმაზარი ბილბორდი მომხვდა თვალში - „საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო, თბილისი კი შიგ ჩასმული ბადახში“. იმხელა სიყვარული მოედინებოდა, ეგრევე გავთბი შემოდგომის ბოლო დღეების სიცივის მიუხედავად. 

მაშინ იანაევის „გეკაჩეპე“ ჩაფლავდა, სსრკ იშლებოდა, ამის გამო უმაღლესებში სწავლა 22 ნოემბერს დაიწყო.

პირველი, რასაც თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში შევეჩეხე, დაუსრულებელი მიტინგომანია იყო. თუკი თავიდან წამყვანიც ჩანდა, მერე მოქალაქეები ორ-ორად იყოფოდნენ და ერთმანეთში იწყებდნენ სასტიკ დაპირისპირებას. კამათი აღმავალ ტემპში მიმდინარეობდა, მალევე ლანძღვა-გინებაზე გადადიოდნენ. 

ფელინის შუშურდებოდა სცენები, იქ რომ იშლებოდა. ყველა გენიოსმა რეგიონული თუ მსოფლიო პოლიტიკის ანა-ბანა ხუთიანზე იცოდა, ოპონენტისთვის „თავზე გადავლას“ ცდილობდა. თბილისის ქუჩებში მოსიარულე მოჩვენება დავით დ., რუდოლფ შტაინერი, ვანგა, გიორგი გურჯიევი, ნიცშე, ნოსტრადამუსი, გრიგოლ რობაქიძე, კაშპიროვსკი, კაფკა, გივი ალაზნისპირელი, გაზეთ „შანსის“ ეროტიკული ფოტოები, ადოლფ შიკლგრუბერის „მაინ კამპფი“, გივი გუმბარიძე, დევიდ კარნეგი, უცხოპლანეტელები, პოლ ბრეგის „შიმშილობის სასწაული“, ვისზე ან რაზე აღარ გაიგონებდით ამ ჯოჯოხეთურ ყაყანში. 

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ერაყელ დიქტატორს, სადამ ჰუსეინს ბებია ქართველი ჰყავდა. ჯორჯ ბუში წარმოშობით ჩვენებური კახელი, ყუშიტაშვილი იყო. ოკეანისგაღმა წასულმა წინაპარმა ჯერ ამერიკულად, ყუშად გადაიკეთა და მერე სულაც ბუში გახდა. ინდური შტატი გუჯარათი, ძირძველი ქართველების (გურჯების) მიერ იყო დაარსებული, სადაც დღესაც მშობლიური იერი და ნაკვთები აქვთ შენარჩუნებული. მსგავს გენეტიკურ წიაღსვლებს ვინც არ გაიზიარებდა, თსუ-ს ეზოდან პანჩურით გაგდებას ვერ აცდებოდა. 

ერთხელაც, მეგობართან „დეზერტირების ბაზრიდან“ მომავალნი საზარლად მოფუთფუთე ეზოში შევედით თუ არა წამყვანის გულგამყინავი შეძახილი გაისმა - „ქართველებო, ადგილზე დაიჩოქეთ“! სხვა რა გზა გვქონდა, იქვე ასფალტზე ჩავიმუხლეთ და როგორც ყველამ მარჯვენა მუშტი ზეაღვმართეთ. 

ვერაფრით გავიგეთ კონკრეტულ დროსა და მომენტში რას ვადიდებდით ან რას ვაპროტესტებდით, მთავარი სისხლში გამჯდარი რიტუალის აღსრულება იყო. ამ უცნაურ პოზაში მეგობარს ეცინებოდა, შევუბღვირე, - შე პოლიტიკურად უმწიფარო, წმინდა წესს ნუ არღვევ, თორემ აქედან სამარცხვინოდ გაგვყრიან-მეთქი. 

რიტუალი ისე დასრულდა, ვერ დავადგინეთ მიტინგის ახლადგამომცხვარ ბელადს რა ეშმაკი ამოძრავებდა. ჩვენც ისე მივეჩვიეთ, საქმე რომ არ გვექნებოდა, მივდიოდით თსუ-ს ეზოში და ეულად დარჩენილებთან ვიწყებდით კამათს მსოფლიო პოლიტიკასა თუ გენეტიკის ავან-ჩავანზე. 

ცოტა ხანში, ეს კამათები კინოსა და მთავრობის სახლის წინ ურთიერთსაპირისპირო დიდ მიტინგებში გადაიზარდა. ერთგან პოპულარული შეფასება „სისხლიანი დიქტატურა“ იყო, მეორეგან „კრემლის აგენტებს“ ახსენებდნენ ყველაზე ხშირად. 

22 დეკემბერს სოფელში მივდიოდით, როცა მეტროს ვაგონები თავისუფლების მოედანზე არ გაჩერდა, ისე დააწვა ავლაბრისკენ. მობუზულმა ბაბუამ მეორეს გადახედა, - ზემოთ ომი დაიწყო, ახლა კი ჩვენი პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს ბოლომდე ჩახოცავსო. ასეც მოხდა, საბჭოეთის ნანგრევებში ბოლომდე მოვყევით შვილი ზურაბივით. 

6 იანვრის შემდეგ დაბრუნებულებს რუსთაველის გამზირი განადგურებული დაგვხვდა. კიდევ კარგი საშინელ ნანგრევებს თოვლი ფარავდა, თორემ მხატვარ კიტოვანის „შედევრი“ კიდევ უფრო  გულსაკლავად გამოიყურებოდა. ქუჩის მშიერი ძაღლებიც კი შეშინებული დაძრწოდნენ იმ გაუკაცრიელებულ არე-მარეში. 

„წმიდათაწმინდა დემოკრატიისთვის ბრძოლის“ ლოზუნგით მოსულმა მთავრობამ „ზვიადისტების“ მშიდობიანი მიტინგების დახვრეტა დაიწყო. ვაგზლის მოედნიდან ფეხით მომავალნი ცირკთან სროლებს ძლივს გადავურჩით. მეორეჯერ ვარაზისხევზე ქვემოთ გადაადგილებისას გმირთა მოედნიდან ჩვენზე მოღერებული „პუშკა“ დავინახეთ და თავქუდმოგლეჯილი უკან გამოვიქეცით. 

ზოგი ახალი მთავრობის „ლავუშკებისგან“ დროზე გაქცევასაც ვერ ახერხებდა და ძმათმკვლელი ბრძოლის გზებზე ეცემოდა. მალე ეს ომი აფხაზეთში გაგრძელდა, ისევ სამწუხარო შედეგებით.

95 წელში კონსტიტუცია მივიღეთ და ეგრევე „მემშვიდობე“ შევარდანაძეც ააფეთქეს; ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს და ბრეტელებიანი მაისურით მიმართა სამწყსოს. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი უკვე მოკლული იყო, ხოლო მეორე დროზე მოსაშორებელი. ამიტომ 98-შიც ორთაჭალაში კლავდნენ, ისევ ვერ შეძლეს. 

შთაბეჭდილება იყო შექმნილი, რომ ქართველებს მხოლოდ უნაპირო ურთიერთსიძულვილი და ერთმანეთის ძალადობრივი მოკვდინება შეგვეძლო, გააჩნია ვინ ვის დაასწრებდა. მთავარი საქმეც ამაში იყო. 

90-იანებში ჩატარებული კენჭისყრებიც ფორმალურ-სარიტუალო ხასიათს ატარებდა. საარჩევნო უბნებად წოდებულ ჭუჭყიან ფარდულებში ათასი „ჩაყრები“, „კარუსელები“ და სხვა მამაძაღლობები ტრიალებდა. სათავეში მყოფ ძალას აუცილებლად უნდა გაემარჯვა, ხოლო ოპოზიცია უცხოთა თვალში დეკორაციის როლს ასრულებდა. 

პირველი გამონაკლისი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა, როცა ენერგიული ოპოზიცია გაყალბებას არ შეურიგდა, ძირმომპალი ხელისუფლება მშვიდობიანი „ვარდების რევოლუციის“ გზით გაისტუმრა. სათავეში მოსულებმა დამკვიდრებულ წესს მაინც არ უღალატეს და „წითელი დირექტორ-ინტელიგენტები“ ჩარეცხილებად გამოაცხადეს. 

კორუმპირებულ ოპონენტებს ხომ იჭერდნენ და მოპარულ ფულს ახდევინებდნენ, ამას საჯაროდ, ტელევიზიების ეთერებით, სიძულვილის დემონსტრირებით აკეთებდნენ. სიტყვით ეროვნულ თანხმობას ქადაგებდნენ, საქმით ისტორია მათით იწყებოდა, ოპოზიცია მტრად იყო გამოცხადებული. 

სისხლში გამჯდარმა ურთიერთგაუტანლობამ 2007 წლისთვის მორიგ პიკს მიაღწია და ხელისუფლება სიტყვის გარდა საქმითაც დაერია ქუჩაში გამოსულებს. მთავრობისთვის ოპოზიციაში ისევ „კრემლის აგენტები და მოღალატეები“ იყვნენ, ხოლო ოპოზიცია მმართველებში მხოლოდ „სადისტებსა და კაცისმკვლელებს“ ხედავდა. სიძულვილის რიტუალი მსხვერპლს მოითხოვდა, დედაქალაქის ქუჩებში მორიგი ცოდვის კალო მოეწყო. 

ცოტა ხანში რუსული პროვოკაცია დაგვეხმარა და შევეცადეთ დამძიმებული შიდა პრობლემები სეპარატისტ-ოკუპანტებზე გადაგვეტანა, არ გამოგვივიდა. სიძულვილით გაკეთებულ კარგ ჩანაფიქრსაც შედეგი არ მოაქვს, დამატებითი მიწები დავკარგეთ. ისევ არნახული გაუტანლობა და ერთმანეთის „ცოცხლად ჭამა“ გვრჩებოდა.

მერე 2012 წლის შემოდგომაზე ცნობილი მიტინგი იყო, როდესაც რუსთაველის გამზირი ისევ ხელისუფლების სიძულვილით გაივსო. არჩევნებში მთავრობა დამარცხდა და ოპოზიციაში გადავიდა. დაიწყო გამარჯვებულ-დამარცხებულთა ურთიერთმიუღებლობის მორიგი რვაწლეული. 

თუ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოხუცებული შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში გამოკეტეს, 2013 წლის შემდეგ ახალგაზრდა სააკაშვილი საერთოდ გააგდეს ქვეყნიდან შორს. ახალი ხელისუფლებისთვის ოპოზიცია ერთი დიდი „ნაცსადისტების სექტაა“, ხოლო ოპოზიციისთვის მთავრობა „რუსული გაზპრომის უნიათო ფილიალია“, რომელსაც ბოლო უნდა მოეღოს. ასე გავიდა რვა „საოცნებო“ წელი უდრეკი ოპოზიციონერების პერმანენტულ დაჭერებსა და გაშვებებში (მათ ხელახლა დაჭერებში), სამაჯურის ტარებებში და ა.შ. 

სიძულვილის რიტუალმა 2019 წლის ზაფხულისთვის ისევ პიკს მიაღწია და რუსთაველზე ოპოზიციონერ-მომიტინგეთა თვალების დათხრით დასრულდა. 

არასახარბიელო მდგომარეობა ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა განმუხტა, როცა დისკრედიტირებულმა ხელისუფლებამ ყველა კანონიერ-უკანონო გზები გამოიყენა უმრავლესობის შესანარჩუნებლად. მოტივი ისევ სიძულვილით ნაკარნახევი შიშია, რომ წაგების აღიარებისა და ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ახლა მას დაერევიან და ივანიშვილიც ჯერ კიდევ მოხუცი არაა, მთაწმინდაზე „სიყვარლის რეზიდენციაში“ რომ უხმოდ გამოკეტონ. 

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც ოპოზიცია სადავო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და რიგგარეშე კენჭისყრას მოითხოვს. ხელისუფლება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს და პირიქით, ოპონენტების „სამართლებრივ დევნას“ ააქტიურებს. 

ამ დროს კორონამოდებული ქვეყანა ღრმა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისშია და ხსნა არსაიდან ჩანს. სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება, ადამიანებს უკეთესი მომავლის იმედს მაინც გაუჩენდა, მაგრამ სად არის. დაპირისპირებულ მხარეებს ერთმანეთთან პირისპირ საუბარიც არ შეუძლიათ, შეურიგებელი პოზიციების დასაფიქსირებლად ცალ-ცალკე ხვდებიან ევროპელ და ამერიკელ მედიატორებს. 

ქვეყანას „ინტელექტუალური ელიტა“ კი არა, დაუსრულებელი ურთიერთსიძულვილი მართავს, რასაც კეთილი ნაყოფი არასოდეს ექნება. ფსიქოლოგებმა, სოციოლოგებმა, სხვა მეცნიერებმა სასწარაფოდ უნდა შეისწავლონ ეს საკითხი და დასკვნებიც დადონ, თორემ საშველი არ ჩანს. ცუდს თუ ცუდი არ დავარქვით, არც კარგი გვეცოდინება რამე. ბოლო დროს, სასულიერო პირებიც სინანულ-პატიებაზე უფრო მეტად „დამსახურებულ სასჯელზე“ ქადაგებენ. 

ბიბლიურმა მოსემ თანატომელები მონობიდან გამოსაყვანად 40 წელი ატარა უდაბნოში. ჩვენ ქართველები უკვე 30 წელია გზააბნეული ცხვრებივით დავდივართ სიძულვილის „უდაბნოში“ და თუ ჭკუით არ ვიქნებით, დარჩენილი 10 წელიც არ გვეყოფა მონობისგან თავის დასახსნელად. მინიმალური, რაც დღესვე დასაწყებია, დამღუპველი ურთიერთსიძულვილისგან განკურნება უნდა დავიწყოთ, სხვაგვარად არაფერი გვეშველება; კახი კავსაძეც ავად გვყავს.  

პ.ს. ახალი დროების „მობიზნესმენო“ ქართველები, თანამედროვე ცივილიზაციისგან სრულიად მოწყვეტილი რომელიღაც ტომის ყოფა-ცხოვრებას უყურებენ. კადრებში „ძაღლი პატრონს ვერ სცნობს“, დიდიან-პატარიანად შიშველ-ტიტველი დარბიან, უცნაურ ხმებს გამოსცემენ, ერთმანეთს ძლიერ ემტერებიან, ხანაც საჯაროდ ესიყვარულებიან.

- ბიჭო, რას შვრებიან ეს შობელძაღლები? 

- ეეჰ ძმაო, მათაც ხომ მოიპოვეს დამოუკიდებლობა...    

პოპულარული სტატიები
ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია - რას ურჩევს გია ხუხაშვილი ოპოზიციას? 
  „გამარჯვება“ არასდროს ყოფილა ასე უბადრუკი, ასე ეული, ასე ყრუ - გრიგოლ გეგელია
მაქვს შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილება ჩემი თავი წარმოვიდგინო მეორე მხარეს - ელენე ხოშტარია

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2021 ყველა უფლება დაცულია