რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, ვიდრე რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, მანამ, ვიდრე მისი მხრიდან არ მოხდება აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
საქართველოს საგარეო უწყებაში გამოეხმაურნენ რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნირმებს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოახდინოს აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია.
„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, ვიდრე რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, მანამ, ვიდრე მისი მხრიდან არ მოხდება აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულება.
ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის ე.წ. საზღვართან დაკავშირებით არის ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, არის უკანონო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეს შეფასებული იქნება როგორც სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერ მორიგ მცდელობად.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოახდინოს აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიეკერმა მარი ნარჩემაშვილმა.
დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის“ ქვეყნებთან რუსეთის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად, მიხაილ პეტრაკოვი დანიშნა, რომელიც ასევე იქნება რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი კასპიის ზღვის მრავალმხრივ მოლაპარაკებებზე.
„დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრის დიპლომატი, მიხაილ პეტრაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან-დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში. მას ასევე დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.
წყარო: პირველი არხი