მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პარტიებს მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები - 15 იანვარი 2021

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი წუხილის გამოთქვამს, რომ ოპოზიციამ საქართველოს ახალ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.

წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა ხარვეზები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს მოუწოდებს, სრულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაცდომების შესახებ ყველა ბრალდება.

ასევე, ასამბლეა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს, ახალ პარლამენტში დაიკავონ ადგილები და მის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ძირი არ გამოუთხარონ.

ანგარიშის თანახმად, გასული წლის მარტში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, საქართველოში პოლიტიკური კლიმატი პოლარიზებული და სადავოა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის“ და შიდა დამკვირვებლების დასკვნების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო და პარტიებს კამპანიის ჩატარება თავისუფლად შეეძლოთ.

ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და კამპანიის დაფინანსების სუსტ რეგულაციებზე, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ დარღვევები საერთო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.

„სამწუხაროდ, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც საუბრობდნენ ფართომასშტაბიან თაღლითობაზე, განაცხადეს, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს და ახალ პარლამენტს. ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების შედეგები მათ ძლიერ პოზიციას მისცემს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაში. პარლამენტი არის პოლიტიკისა და დებატების წარმოების ადგილი, ამიტომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგება საპარლამენტო ბოიკოტებს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებენ, მიიღონ საპარლამენტო მანდატები“, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში ასევე საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სიტუაცია უარესდება რუსეთის მცოცავი ოკუპაციის გამო, რაც სერიოზული შეშფოთების მიზეზია. ანგარიშში ასევ ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას და ოკუპირებულ რეგიონებს შორის კონტაქტი პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ამას მძიმე ჰუმანიტარული შედეგები მოაქვს, რადგან სულ უფრო რთულდება და შეუძლებელი ხდება, ამ ორ რეგიონში მცხოვრებთათვის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა სასკოლო ან (გადაუდებელი) სამედიცინო მიზეზების გამო დანარჩენ საქართველოში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა ჯობია, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან დათმობები სჭირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია პატივს სცემს საერთაშორისო პარტნიორების აზრს, მაგრამ მათ საკუთარი პოზიცია აქვთ.

ცისკარიშვილის განცხადებით, ისინი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ ჯობია ოპოზიცია იყოს პარლამენტში, ვიდრე პარლამენტს გარეთ. ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო პირველივე დღიდან მოყოლებული, ოღონდ იმას, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს, სჭირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გარკვეული დათმობების გაკეთება. ამას ხელისუფლება არ აკეთებს. ისინი ჯიუტად დგანან თავის პოზიციაზე, ვითომ არც კი აღიარებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ როდესაც ყველამ იცის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და მათი მონიტორინგის კომიტეტის ჩათვლით, რომ ამ არჩევნებში გაყალბებულია რამდენიმე ათეული პროცენტი. ამ პირობებში „ქართულ ოცნებას“ ამის აღიარებაც კი არ უნდა და ჯიუტად დგას თავის პოზიციაზე, თან ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე წითელი ხაზები გაავლო. ამ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღების ვერანაირ აზრს ვერ ვხედავთ, რომ არაფერი ვთქვათ ჩვენს ამომრჩეველზე, რომელსაც პირველივე დღიდან მოვუწოდებთ და მათაც მხარი დაგვიჭირეს იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების მეორე ტურში არ უნდა მიგვეღო მონაწილეობა

თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება ან „ქართული ოცნება“ არ აღიარებს არჩევნების გაყალბებას და შემხვედრ ნაბიჯებს არ გადმოდგამს, პარლამენტში შესვლა და მუშაობა გამორიცხულია. როგორ, შენ ამომრჩეველს უთხარი, არჩევნებზე არ წახვიდე, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღო, ყველაფერი გაყალბებულია და შემდეგ რას პასუხობ ამ ხალხს? რომ „ოცნება“ შეგვპირდა, რომ ოდესღაც რაღაც ეფემერულ რეფორმას გაატარებს?! ისიც კი ვიცით, რომ რეფორმის გატარების პროცესში შეეცდება, მაქსიმალურად ჩაიტოვოს ის ხვრელები, რითაც შემდგომ არჩევნებში შეძლებს გაყალბებას.

ასე რომ, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. ჩვენ ვართ კომუნიკაციაში ჩვენს ამომრჩეველთან და ვმოქმედებთ საქართველოს მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია