მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საქმე სასამართლოშია, მათი როგორც მინიმალური ხელფასების, ისე სამუშაო და ჰიგიენის ნორმების პირობები იყო დარღვეული“ - რა ხარვეზები გამოიკვეთა გერმანიაში დასაქმების პროგრამაში - 21 სექტემბერი 2021

 

გერმანიაში, დღეის მდგომარეობით სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა. საქართველოს შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული კიდევ 2 ქვეყანასთან - ისრაელთან და საფრანგეთთან აქვს, თუმცა ჯერჯერობით სამუშაოდ არც ერთგან ჩვენი მოქალაქეები არ გამგზავრებულან. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში განუცხადეს, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდიან.

,,როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრება დაიწყო 2021 წლის აპრილიდან. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა და სულ დასაქმდა - 208 საქართველოს მოქალაქე“, - განუცხადესბიზნესპრესნიუსსსააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, გერმანული მხარის მიერ ყოველდღიურად ხდება ახალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის, საშემოდგომო სამუშაოებზე. შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პერიოდულად ჩააყენებს საზოგადოებას საქმის კურსში არსებული ვითარებისა და სტატისტიკის შესახებ“ -ამბობენ სააგენტოში.

გარდა გერმანიისა, საქართველოს შრომით მიგრაციაზე შეთანხმება გაფორმებული კიდევ 2 ქვეყანასთან აქვს - ისრაელთან და საფრანგეთთან. ისრაელში ძირითადად შინ მოვლის სფეროს მიმართულებით, საფრანგეთში კი, როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენპროფესიათა ჩამონათვალი ვრცელია“. თუმცაბიზნესპრესნიუსისკითხვაზე, კონკრეტულად რა პროფესიებზეა საუბარი, სააგენტოში ვერ დააკონკრეტეს.

ამასთან, ,,ბიზნესპრესნიუსის" კითხვაზე, თუ როდის შეძლებენ გამგზავრებას საქართველოს მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში, სააგენტოში ასე უპასუხეს: „კონკრეტულად როდის და რა ვადით გაემგზავრებიან მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში, ამის თაობაზე საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული ვადები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები აწარმოებენ მოლაპარაკებას განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებთან (ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან) დროებითი ლეგალური დასაქმების თაობაზე. ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან და რა პირობებზე მოხდება შეთანხმება“- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნუსსუწყებაში.

როგორც ცნობილია, გერმანიაში ლეგალურად დასაქმებაზე ასი ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია დასაქმების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე. იყო მოლოდინი, რომ მარტო წელს სეზონურ სამუშაოებზე 5 ათასამდე ადამიანი გაემგზავრებოდა. ოპტიმიზმი ნელ-ნელა იკლებდა, ბოლო დროს მხოლოდ 500 იღბლიანზე საუბრობდნენ.

ჩვენ რამდენიმე რეგისტრაცია გავლილი გამოვკითხეთ, რომელთა თხოვნით ვინაობას არ ვასახელებთ. სერგო . ამბობს, რომ გამოცხადებისთანავე რეგისტრაცია ოპერატიულად გაიარა იმ მიზნით, რომ პოტენციურ წამსვლელთა პირველივე კალათაში მოხვედრილიყო. მისივე თქმით, იობის მოთმინებით ლოდინი დღემდე ამაო აღმოჩნდა.

ერთ-ერთ გასამხედროებულ სტრუქტურაში ვმსახურობ. მივედი, ვიკითხე მეგობრებში და უმეტესობას ჩემსავით გერმანულ დასაქმებაზე რეგისტრაცია გავლილი ჰქონია. ასე დავასკვენით, რომ სამსახურის მინიმუმ ნახევარს უკეთეს საშოვარზე გაღწევა უნდოდა; იმის მიუხედავად, რომ ნაწილი არ აღიარებდა. მალევე ერთ-ერთ თანამშრომელს გაუმართლა და გერმანიის ნაცვლად პოლონეთში აღმოჩნდა, კერძო ტყის მცველად (რეინჯერად). მფლობელმა ქართველების ხუთკაციანი ჯგუფი ჩაიყვანა და კარგადაც უხდის. მოკლედ, ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში“.

ნიკო -მაც რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ ჯერჯერობით არც მას შეხმიანებიან:სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არც მაქვს, რადგან მსუბუქი მუხლით ნასამართლევი ვარ და ვადაც ჯერჯერობით გასული არ მაქვს. იქ რეგისტრაციის ერთ-ერთი პუნქტი იყო ნასამართლობის ცნობის წარდგენა; თან გვაფრთხილებდნენ, ეს ინფორმაცია არ დამალოთ, მერე მაინც გადავამოწმებთო. მეც არ დამიმალავს. არ ვიცი, საბოლოო გადაწყვეტილებაზე რამდენად იმოქმედებს“;

სოსო .- თქმით, რეგისტრაცია გავლილს ორი თვის წინ დაურეკეს, გასამგზავრებლად საბუთების შეგროვება სთხოვეს. ეგონა მალე წავიდოდა, ასე არ მომხდარა:

ჩემი საბუთების გაგზავნის მიუხედავად, პირველ ნაკადში ვერ მოვხვდი. არ ვიცი, მანდაც ჩაწყობითაა თუ რა ხდება. ინფორმაცია ვნახე 95 ათასი რეგისტრირებულიდან აქამდე სულ 200 კაცი წასულა და ასეთი ტემპით გაგრძელდებაო, რას გაიგებ. როგორც ვიცი, პოლონეთშიც  კარგი ანაზღაურებაა, უბრალოდ ნორმალური ვარიანტი უნდა გამოძებნო. ერთია, პოლონეთში დიდი ხნით მომიწევს ყოფნა, სამთვიანი გერმანია მერჩივნა. მაგრამ აქაური კოორდინატორი ისეთი ჰყავთ, სარეზერვო სიაში კი არა, საბუთები რომ არ გაეგზავნა, არ გამიკვირდება. წარმოდგენა არა აქვს, სად არის და რა უნდა აკეთებს. ახლა ისევ დამირეკეს, გერმანიაში მეორედ გაგზავნეს ჩემი საბუთები“.

ამ ლოდინში სოსომ ადგილზე, კახეთშივე მოძებნა სამუშაო და უკმაყოფილოც არ არის:

აქაც შეიძლება მუშაობა თუ მოინდომებ. რაღაც ბრიგადები ყოფილა, დადიან დიდ ნაკვეთებში და მოსავალს იღებენ, რგავენ, საგაზაფხულო, საშემოდგომო სამუშაოებს ეწევიან.  ასეთ ბრიგადაში დღეში 45 ლარს მიხდიან, 7 საათი სამუშაო, ნახევარი საათი დასვენება - არც ვიზა მჭირდება, არც აცრა. სოფელში თვეში 1200 ლარი ძალიან კარგი ანაზღაურებაა. ქიზიყში, ახლო-მახლოში დავდივართ, მაგრამ როცა საჭიროა შორსაც მიდიან - თელავი, საბათლო... ზოგს უჭირს მუშაობა, მე თითქმის არ ვიღლები. ყველა სეზონის სამუშაოს ასრულებენ. თურმე ბოლო წლებში სულ მუშაობენ. ბრიგადირებს აჰყავთ ბრიგადა, ისინი ელაპარაკებიან დამსაქმებელს. ყველაზე საინტერესო ის არის, თითქმის ყველა ბრიგადირი ქალია. მოწესრიგებული სისტემაა, ყოველ დღე სამუშაოს დამთავრებისთანავე იღებ თანხას. სამეგრელოდან ჩამოდიან მუშები რთველში, რადგან თურქეთში გადაგდებამოსულა“. აქ უფრო დაცული ხარ, ოღონდ კერძო პირთან. კომპანიები აქაც თურმე მაიმუნობენ ფულის ამბავში, შარს მოგდებენ და გაკლებენ თანხას“, - გვეუბნება სოსო.

ამ თემაზე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს ესაუბრეთ:

- გერმანიაში გამგზავრებულ ჩვენს მოქალაქეებს არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ და გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. ერთი იყო წინასწარ დანაპირები და მეორე რეალობა, რაშიც აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, ამან პროგრამის პოპულარიზება ვერ მოახდინა. თორემ დასაქმება ისეთი ტიპის ქვეყნებში, როგორიც გერმანიაა (ცივილიზებული სამყაროა), არ შეიძლება უარყოფითად შეფასდეს. ვფიქრობ, უპირველესად სახელმწიფო უწყების ბრალეულობით მოხდა ის, რაც მოხდა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შეიცვლება და ადამიანები ღირსეულად იპოვიან სამუშაო ადგილს, უკანაც დაბრუნდებიან და ამ კუთხით ფორმალურ დასაქმებას პროფკავშირი უარყოფითად ნამდვილად არ აფასებს.

- რომ დავაზუსტოთ, იქ რა პრობლემა გამოიკვეთა?

- როგორც იცით, სარჩელი სასამართლოში გვაქვს შეტანილი გერმანიიდან დაბრუნებულ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ადვოკატირებას ვუწევთ. მათი როგორც მინიმალური ხელფასების, ისე სამუშაო პირობების, ჰიგიენის ნორმების კონტრაქტით განსაზღვრული პირობები იყო დარღვეული.

- გერმანიაში დარჩენილებში თუ გამოსწორდა ასეთი ტიპის პრობლემები?

- ეს ადამიანები სხვადასხვა ლოკაციებზე მუშაობდნენ და სხვადასხვა დამსაქმებლები ჰყავდათ. აქედან გამომდინარე, პრობლემა ყველას არ ჰქონდა. ვისაც ჰქონდა, ნაწილი დაბრუნდა. მეორე ნაწილი ფაქტობრივად იძულებული გახდა ამ უარესი პირობებით გაეგრძელებინა მუშაობა, რათა გასამგზავრებლად აღებული ვალები მაინც დაეფარათ; ამისთვის მუშაობა ცუდ პირობებში გააგრძელეს. ნაწილს ნორმალური სამუშაო გარემო და პირობები ჰქონდა უზრუნველყოფილი.

- ვისზეც სასამართლოში სარჩელი გაქვთ შეტანილი, პერსპექტივა როგორია?

- აუცილებლად მოვიგებთ. თუ ჩვენს სტატისტიკას თვალყურს ადევნებთ, პროფკავშირებს სასამართლო დავების ლამის 98% მოგებული გვაქვს, რაც კი შევიტანეთ. ბუნებრივია, აქაც ყველაფერი შავით თეთრზე იკითხება. ამ ადამიანებს ერთს დაჰპირდნენ და მუშაობა სხვა რეალობაში  მოუწიათ. 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დოკუმენტურად დადასტურებულია თუნდაც ის, რომ გერმანიაში მინიმალური ხელფასი აბსოლუტურად სხვა იყო და ამათ ხელმოწერილ კონტრაქტში ეწერათ  უფრო დაბალი სტანდარტი, რაც გერმანიის კანონმდებლობით იკრძალება. ეგრევე კანონთან კოლიზიაში მოდის და ბუნებრივია გამოსასწორებელია.

რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოში მინიმალური ხელფასი 9 ევრო იყოს და მე რომ თქვენ ხელშეკრულება ხუთ ევროზე გაგიფორმოთ, ხომ მომიგებთ სასამართლო პროცესებს?

- როგორ უნდა გაუმჯობესდეს დასაქმების ეს პროგრამა, რათა მსგავსი ტიპის პრობლემები აღარ შეიქმნას?

- სახელმწიფო უწყებას, დასაქმების სააგენტო რომ ჰქვია, უფრო მეტი ამბიცია, პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი უნდა ჰქონდეს; როცა ქვეყნის ეკონომიკა საშუალებას არ იძლევა ხალხი აქ ნორმალურად და ღირსეულად დასაქმდეს, ამის შესაძლებლობები ხელიდან არ უნდა გაუშვას. თანამშრომლებიც, ბიუჯეტიც საკმარისად აქვთ, რომ თვალი მიედევნებინათ საკუთარი მოქალაქეებისთვის; თუნდაც იმისთვის გაეკეთებინათ, რომ სხვა მსურველი მოქალაქეებისთვის, პირველი რიგის გამგზავრებულთა დასაქმება ანტირეკლამა არ აღმოჩენილიყო.

- ისრაელთან და საფრანგეთთან ხელმოწერილი პროგრამა ჯერაც დაწყებული არ არის...

- ისრაელთან ახალი ხელმოწერილია. საფრანგეთს რაც შეეხება, კარგა ხანია ქვეყანას აქვს შესაძლებლობა (დაახლოებით ათი წელია), რომ 700-მდე მოქალაქე ასეთივე კარგი პირობებით გაგზავნოს. საფრანგეთის მხარე ვალდებულია, რომ ზუსტად ის პირობები დაუკმაყოფილოს, რაც მისივე მოქალაქეს აქვს ქვეყანაში. აი ამ შესაძლებლობების გამოყენება რატომ არ ხდება, სახელმწიფო უწყებებს უნდა ვკითხოთ; რადგან ჩემთვისაც პასუხები ბუნდოვანია და ვერ ვიგებთ, რაღაც ბიუროკრატიაზე საუბრობენ.

რაც შეეხება ისრაელს, ვიცი ძალიან მალე დაიწება პროგრამის განხორციელება. იცით, ბევრი ჩვენი მოქალაქე არალეგალურად იმყოფება. ხოლო არალეგალობა რას ნიშნავს, თქვენს მკითხველს კარგად მოეხსენება. ძალიან ცუდ პირობებში მუშაობა უწევთ. ლეგალური დასაქმება უკვე ნიშნავს იმ სტანდარტებსა და საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას, რაც ისრაელის მოქალაქეს გააჩნია.

და ბოლოს, ადამიანები ქვეყნიდან კარგი ცხოვრების გამო არ გარბიან. ჩვენმა სახელმწიფო უწყებებმა ის მაინც კეთილ უნდა ინებონ, რომ კონტრაქტები სწორად შეადგინონ და მოქალაქეები შუაგულ ევროპაში ისევ მონობისთვის არ გაიმეტონ. იმედია, პირველად გამგზავრებულთა უარყოფითი პრეცედენტები პროგრამის ხარვეზებს გამოასწორებს.  

მერაბ ბერიძე

წყარო: ambebi.ge

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია