მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სააკაშვილი საჭიროებს რეგულარულ კონტროლს, სჭირდება დამატებითი მედიკამენტები, რათა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა - უკრაინელი ექიმი - 27 ოქტომბერი 2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში უკრაინიდან ჩამოსულმა ექიმმა, მაქსიმ პარაბინისმა მოინახულა.

ექიმი აცხადებს, რომ მას არ მისცეს სააკაშვილის გასინჯვის საშუალება.

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი გასინჯვა, რადგან ციხის ადმინისტრაციამ მასთან არ შემიშვა და კომუნიკაცია მინის ბარიერის მიღმა მქონდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 27 დღის გამავლობაში შიმშილობს, არის პაციენტი, რომელსაც სჭირდება სამედიცინო დაკვირვება. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, რადგან მას უარი უთხრეს დახმარებაზე, უარს ამბობს სამედიცინო დახმარებაზე. ის უარს ამბობს ანალიზების ჩაბარებაზე და სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც უმსუბუქებს შიმშილობას.

ამ ეტაპზე, ხელმძღვანელობის მხრიდან არ მიმიღია ინფორმაცია სააკაშვილის დაავადებების ისტორიის შესახებ, ანალიზების მონაცემების შესახებ. რა ინფორმაციასაც ვფლობ, მივიღე კოლეგებისგან, სხვა ექიმებისგან, რომლებიც ინფორმაციას მიხეილთან საუბრის შედეგად ფლობენ. რაც შეეხება დიაგნოზს, ეს სამედიცინო საიდუმლოა და ამის შესახებ საუბარი მხოლოდ მას შეუძლია. რაც შეეხება სამედიცინო მეთვალყურეობას, თუკი ის არ მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ეს ზრდის მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკებს შიმშილობის პერიოდში“, – აცხადებს უკრაინელი ექიმი.

ექიმი ამბობს, რომ სააკაშვილი გრძნობს მხარდაჭერას და რადგანაც ვერ სარგებლობს კანონიერი უფლებებით, მისი ბრძოლის ერთადერთი მეთოდი არის ის, რომ არ მიიღებს სამედიცინო დახმარებას.

უკრაინელი ექიმი ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რომ სააკაშვილი აღმოჩნდეს სამედიცინო კონტროლის მიღმა: „არ ვიცი, ამის უზრუნველყოფა როგორ უნდა მოხდეს, რადგან სხვადასხვა ანალიზები არის ასაღები, ის საჭიროებს რეგულარულ მეთვალყურეობას და კონტროლს. მას სჭირდება დამატებითი მედიკამენტები, რათა შეინარჩუნოს ფიზიკური ჯანმრთელობა.

როდესაც უფლებას მომცემენ, გავსინჯავ. მე დღესაც შემიძლია. თან მაქვს შესაბამისი ხელსაწყოები და მისი გასინჯვა, როგორც ექიმს, გუშინ საღამოსაც შემეძლო“, – განაცხადა მან. ასევე, უპასუხა შეკითხვას, გაუსინჯავს თუ არა სააკაშვილი უკრაინაში. „მისი გასინჯვის საჭიროება არ იდგა, როგორც ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის მხრიდან“, – განაცხადა ექიმმა.

ამასთან, უკრაინელმა ექიმმა აღნიშნა, რომ უპრობლემოდ შემოუშვეს საქართველოში: „როდესაც საქართველოში შემოვდიოდი, ჩემს პასპორტს დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებდნენ, 10-15 წუთის განმავლობაში, ესაუბრებოდნენ ხელმძღვანელობას, თუმცა საქართველოს ტერიტორიაზე უპრობლემოდ შემომიშვეს“.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მე-18 დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა.

დენისოვა აცხადებს, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, თუნდაც ძალით რომ წაიყვანონ.

„მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღითიდღე სუსტდება; მას ოთხი კრიზისი ჰქონდა, მათგან ორი ჰიპერტონიული და ორი სისხლთან დაკავშირებული. სასიცოცხლოდ აუცილებელი მაჩვენებლები ამ კრიზისების დროს დაეცა. კოლონიის ეზოში მორიგეობს რეანომობილი და ექიმების ბრიგადა. რეანიმაციულ ბრიგადას შეუძლია სისხლის გადასხმის გაკეთება, როდესაც ეს საჭირო გახდება, ან გააკეთონ გულის მასაჟი. თუ დადგება სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოების აღდგენის აუცილებლობა და ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი 27-ე დღეა, შიმშილობს, ასეთი რამ შესაძლებელია მოხდეს, რეანიმაციული ბრიგადა ამის გაკეთებას ვერ შეძლებს; საავადმყოფომდე მის მიყვანასაც სავარაუდოდ ვერ შეძლებენ, თუ სააკაშვილი კვლავ აქ დარჩება. ის ამბობს, რომ არ გადავა ნომერ 18-ე კოლონიაში მდებარე ციხის საავადმყოფოში. მიიჩნევს, რომ ამ საავადმყოფოში უსაფრთხოება დაცული არ არის და მის სიცოცხლეს შეიძლება, საფრთხე შეექმნას, რადგან ის პატიმრები, რომლებიც სასჯელს ამ ციხეში იხდიან, მისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

ჩემმა ქართველმა კოლეგამ, ომბუდსმენმა დაათვალიერა მეთვრამეტე კოლონიის საავადმყოფო და დაადასტურა, რომ იქ არ არის ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა აუცილებელი დახმარების გასაწევად ისეთ კრიზისულ მდგომაროებაში მყოფი ადამიანისთვის და ასეთი კრიზისი შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს შიმშილობის გამო. ამიტომ ის უარს აცხადებს ამ ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, თუნდაც ძალით რომ წაიყვანონ“, – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

დენისოვას თქმით, უკრაინიდან ჩამოსული ექიმი მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს.

„მას დღეში ორჯერ უკეთებენ ანალიზებს. დღესაც გაუკეთეს და ახლა ის ხვდება ექიმს. ანალიზების პასუხი ჯერ ჩვენთვის უცნობია. მაგრამ ჩამოვიდა უკრაინელი ექიმი და მე იმედი მაქვს, რომ დღეს ან ხვალ დილით ის ასევე მოინახულებს მიხეილ სააკაშვილს და გვექნება შედეგები, როდესაც მას გასინჯავს.

სააკაშვილი ამბობს, რომ მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა; ამბობს, რომ ის პუტინის პატიმარია და აცხადებს, რომ მას ყველაზე მეტად არ სურს, რაიმე ავნოს უკრაინას და დაუშვას სისხლისღვრა საქართველოში. ამიტომ, ის გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს არ მოხდეს“, – ამბობს დენისოვა.

უკრაინის სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან მიმართებით დარღვეულია სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლება.

„რაც შეეხება პროცესუალური უფლებების დარღვევას, ჩვენ განვიხილეთ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები. თქვენთვის ცნობილია, რომ არსებობს ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც განაჩენი ძალაშია შესული და რომლის გამოც ის ამ კოლონიაში; კიდევ ორი საქმეა, რომელზეც სასამართლო განხილვა არ დასრულებულა და ის ითხოვს, რომ ამ საქმეებზე საჯარო სასამართლო განხილვა გაიმართოს. ამას ითხოვენ ადვოკატებიც, თუმცა ადვოკატების თქმით, სასმართლო მათი მოთხოვნის იგნორირებას ახდენს და არ ხდება გადაწყვეტილებების მიღება, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მიიყვანონ სასამართლოში, სადაც ის თავს დაიცავს. შესაბამისად, დარღვეულია სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლება. ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის მეექვსე კონვენცია. რაც შეეხება, გონივრული ვადების უფლების დარღვევას, ის ასევე დარღვეულია, რადგან რვა წელი არ არის გონივრული ვადა, რომელშიც მისი სისხლის სამართლის საქმე განიხილება.

იმის გათვალისწინებით, რაც თქვა ჩემმა ქართველმა კოლეგა ომბუდსმენმა და რაც თავად სააკაშვილმაც თქვა, რომ მას არ სურს და ყველაფერს აკეთებს, რომ არ გადავიდეს იმ საავადმყოფოში, რომელიც არ არის მოწყობილი ისეთი პაციენტებისთვის დახმარების გასაწევად, როგორიც დღეს არის სააკაშვილი; იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს სპეციალური შეთანმხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა „ვივამედის“ შორის, მივმართავ, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილი სწორედ ამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანონ.

ჩვენ ვიცით რომ დაახლოებით 600 მსჯავრდებულ მოქალაქეს ამ ცენტრში ასეთი სამედიცინო დახმარება გაეწია.

რაც შეეხება, იძულებით კვებას, სააკაშვილი ამის წინააღმდეგია. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს პროტოკოლი, რომლითაც არსებობს შესაძლებლობა, რომ უშუალოდ ციხის ექიმი, რომელიც ხედავს მსჯავრებულის უკიდურეს მდგომარეობას, აგროვებს ექსპერტთა და ექიმების ჯგუფს და ისინი იღებენ კოლეგიალურ გადაწყვეტილებას იძულებითი კვების შესახებ, მაგრამ ჩვენ ვეყრდნობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ იძულებითი კვება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის მესამე მუხლის დარღვევას. მიხეილ სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ ის იძულებითი კვების წინააღმდეგია და ამას დაჟინებით ითხოვს“, – განაცხადა დენისოვამ.

ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ უკრაინაში ჩასვლის შემდეგ, მიღებულ ინფორმაციას მიაწვდის ევროპის ქვეყნების ელჩებს, ევროპარლამენტს. ამასთან, მისივე თქმით, საქმეზე საუბარი ექნება უკრაინის პრეზიდენტთანაც.

„მე, როგორც უკრაინის რადას მიერ ადამიანი უფლებების დაცვის უფლებამოსილი პირი, ჩამოვედი უკრაინის მოქალაქესთან. შემიძლია, მოვახდინო კონსტატაცია, რომ სახეზეა ადამიანის უფლებების დარღვევა, კერძოდ სამედიცინო მომსახურების, პროცესუალური უფლებების, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევა, რადგან ის მღვდლები შემოჰყავთ, რომელიც უნდათ და არა ისინი, რომელთან შეხვედრასაც ისურვებდა სააკაშვილი. უკრაინაში ჩასვლის შემდეგ ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით ევროპის ქვეყნების ელჩებს. მე დავწერ დასკვნას და გადავუგზავნი ევროპარლამენტს. ახლა მე შევხვდები საქართველოს ომბუდსმენს და ვფიქრობთ, საერთო პოზიციის ფორმირებას მოვახდენთ. უკრაინაში მოვითხოვ პრეზიდენტთან შეხვედრას, რათა მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც მივიღე, მათ შორის პირადად სააკაშვილისგან.

ჯერ არ მაქვს ასეთი შეხვედრა დაგეგმილი. თქვენ გესმით, რომ ჩემი თანამდებობა ხელისუფლების ყველა შტოსგან თანაბრად დაშორებული თანამდებობაა. მე ჩამოვედი, მოვახდინე კონსტატაცია და საქართველოს იუსტიციის მინისტრს მივწერ იმას, თუ რა უფლებების დარღვევები დავინახე და დავაფიქსირე.

მე დამისვეს შეკითხვა, როგორ ვაპირებ სააკაშვილის უფლებების დაცვას. განვიხილე სააკაშვილთან, თუ როგორ გავაკეთებ ამას. არ მიმაჩნია საჭიროდ ახლა ამაზე საუბარი. დღეს არის ორი განაჩენი, რომელიც ძალაში შესულია და ის არის ამ განაჩენის გამო ამ ციხეში. ანუ არის იურიდიული გადაწყვეტილებები. ამიტომ ეს გადაწყვეტილებები უნდა გააუქმოს იმან, ვინც ისინი გამოიტანა. არსებობს სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც, თუმცა ეს ჩემს მანდატს სცდება.

თქვენ მკითხეთ უკრაინელ ადვოკატზე, რომელიც არ შემოუშვეს საქართველოში; უნდა ვთქვა, რომ გუშინ 40 წუთი მკითხავდნენ, თუ რატომ ჩამოვედი საქართველოში. დამკითხეს, დამაკავეს და ზოგიერთი ზარისა და მუქარის მერე შემომიშვეს. ასე რომ, ყველაფერი მარტივად არ არის“, – განაცხადა დენისოვამ.

ამასთან, უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილი ვერ უყურებს უკრაინულ არხებს.

„პირველი, როდესაც ის მოათავსეს რუსთავში, კამერაში რაღაც ნარები მისცეს, დასაფენი არ ჰქონდა, მატრასი და დაწოლის დროს ტკიოდა სხეული. ეს მან თქვა. რაც შეეხება ზარებს, მას აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები. მას არ აქვს საშუალება, ეკონტაქტოს გარესამყაროს, გარდა იმისა, რომ აქვს ტელევიზორი, მაგრამ სამწუხაროდ, არ აქვს უკრაინული არხები. ამის მოთხოვნით ჩვენ მივმართავთ შესაბამის სამსახურს, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა და სურს, დაკავშირებული იყოს იმ ქვეყანასთან, რომლის მოქალაქეც არის. რაც შეეხება სატელეფონო ზარების აკრძალვას, მას აქვს პროცესუალური სტატუსი. ის არის გამოძიების ქვეშ და საქართველოს კანონმდებლობით, არის ამ ზარების შეზღუდვის შესაძლებლობა. რაც შეეხება წერილებს, მე ვესაუბრე ადვოკატებს და მათ მითხრეს, როდესაც ისინი ხვდებიან სააკაშვილს, შუშა არ ადის ჭერამდე და ამიტომ ისინი მას გადასცემს წერილებს. დღეს ამის შესაძლებლობა აღარ იყო, ანუ შუშა არის ჭერამდე. სააკაშილი ხუმრობს, რომ ის აკვარიუმში მოათავსეს“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია