მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„გავჩერდით არადემოკრატიულ კომპოტში, ნირვანაში, სადაც ელიტა ბედნიერია, მდიდრდება ღარიბების ხარჯზე და ღარიბები ხმას არ იღებენ“ - 30 დეკემბერი 2021

სამეგრელოში დემოკრატიამ გაიმარჯვა, რადგან ხალხს იქ მოტივაცია ჰქონდა, ცხვირიდან ააცილეს ანაკლიის პორტი“

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კვლავაც მხარი დაუჭირეს და ქვეყნისევროპულ მომავალზესაუბრებით არ დაიღალნენ. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი სრულფასოვან ინტეგრაციაზე, გაწევრიანების პერსპექტივაზე (ნატოსგან განსხვავებით) ჯერჯერობით არაფერს ამბობს. ამას ემატება ჩვენი ქვეყნის შიდა დემოკრატიის პრობლემები, რაზეც დასავლეთში სულ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ისმის.

ამ თემაზე ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო პაატა, რა მთავარი გზავნილები წამოიღო ქართულმა მხარემ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან?

- ზოგადი ტექსტია, ბელორუსისთვის და აზერბაიჯანისთვისაც კი მისაღები უნდა იყოს. ექვს სახელმწიფოზეა გაწერილი, ამიტომ განსაკუთრებულ შედეგებს ნუ ვეძებთ. ჩაიწერა ევროპული და არა ევროკავშირის პერსპექტივა. კვლავაც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამას შეჩვეული ვართ.

რეზოლუციით ნუ შემოვიფარგლებით. იყო ორი საკითხი, რომელიც საქართველოს ირიბად ეხება. ევროკავშირმა მკაფიოდ მხარი დაუჭირა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ, აქ ბუნებრივია საქართველოც იგულისხმება. ასევე, სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგი წამოიწყო. რამდენად გამოუვა, სხვა საკითხია. ესეც ჩვენთან ირიბ ბმაშია, რადგან სამხრეთ კავკასიურ რეალობას ასახავს.

ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის  მიმართულებით მუშაობა გააქტიურა, რაც კარგია; რადგან იყო განცდა, რომ ამ ფორმატში გაწევრიანებულ სახელმწიფოებს რუსეთს უთმობს. ექვსი სახელმწიფოდან სამიტს ბელორუსი არ ესწრებოდა, პროცესებში ჩართული არ არის. მინსკის ადგილი თავისუფალი იყო, მაგრამ არა გაუქმებული. ევროპარლამენტის ბოლო არჩევნების შემდეგ ამ დონის სამიტი არ გამართულა, ამიტომ აუცილებლობას წარმოადგენდა.

- ბოლო დროს ხშირად ისმოდა დასავლეთის, ევროპის მხრიდან საქართველოსადმიხელის ჩაქნევაზე“, საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია?

- ევროკავშირმა ხელი რომ ჩაიქნიოს, ჩვენს ხელისუფლებას შეეძლება თამამად თქვას, - ევროპამ უარი გვითხრა და სხვა არაფერი დაგვიტოვა გარდა ევრაზიული ურთიერთობებისა, ანუ რუსეთთან დაბრუნებისაო. ამიტომ ევროკავშირი ამას არ გააკეთებს, რამდენადაც უკმაყოფილო უნდა იყოს საქართველოში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესებით. ისინი ყველაფერს ხედავენ და მუდმივად მოგვიწოდებენ მართლმსაჯულების რეფორმაზე, წესიერი არჩევნების ჩატარებაზე, როგორ ვეპყრობით პატიმრებს, ამ შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს და .. ძალიან კრიტიკულები არიან არა იმიტომ, რომ ჩვენგან დისტანცირება მოახდინონ, არამედ საქართველომ არ მოახდინოს დისტანცირება ევროკავშირისგან. იმის მომენტია, თუ ვინ ეტყვის მეორე მხარეს უარს. დღევანდელი ოცნების ხელისუფლება, რომელიც არც პრორუსულია და არც პროევროპული (არანაირი პრო არ არის), მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ცდილობენ ეს ძალაუფლება ევროკავშირთან კარგი ურთიერთობებით შეინარჩუნონ; თუ არადა, რუსეთთან ურთიერთობებითაც ამაზე უარს არ იტყვიან. დაახლოებით ასე სპეკულირებს და მანიპულირებს ქართული ოცნება ამ ორ მხარს შორის. სინამდვილეში ოცნება სათავისო კაცია, მეტი არაფერი. არაფერი ადარდებთ გარდა იმისა, რომ ძალაუფლებაში, ელიტურ კორუფციაში ბედნიერად იყვნენ, რადგან ამ გზით ყველა არჩევნებში იმარჯვებენ.

ამიტომ ევროკავშირი არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს მკაცრ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, თუ აქ მასობრივად არ დაიწყო ადამიანის უფლებების დარღვევები; როგორც ეს სიტყვაზე ბელორუსში ხდება; თუ არ ეყოლება ბევრი პოლიტპატიმარი. დღეს მხოლოდ ერთ ადამიანზეა ლაპარაკი, სააკაშვილზე, არის თუ არა ასეთი ტიპის პატიმარი. ამ ფონზე, სანქციების ნიადაგი არ არსებობს.

მაგრამ ევროკავშირი მუშაობს არა ქართული ოცნებისთვის, არამედ საქართველოსთვის. თუ ასეა, მუშაობს მთელი კავკასიისთვის. საკმარისია ევროკავშირი საქართველოდან გავიდეს, ამით მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე კონტროლს დაკარგავს.

- აღნიშნეთ, რომ დასავლეთშიევროპულ პერსპექტივაზე“, ხოლო ჩვენევროკავშირის წევრობაზევსაუბრობთ, ჩვენი ინტეგრაციის სიმართლე სად დევს, მაინც რა ეტაპზე ვიმყოფებით?

- სიმართლე ჩვენ მხარესაა, ჩვენს დემოკრატიაშია, ვართ თუ არა დემოკრატიულები. ანუ, არ გვიკარგავენ ევროპულ პერსპექტივას არც ჩვენ, არც ბელორუსს და არც არავის. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული იმ პირობებში, როცა კარი ღიაა. მაგრამ ამ კარში უნდა შემოეტიო, ისე ვერ შემოხვალ. თუ შენი დემოკრატიულობით ძალიანმსუქანიხარ, კეთილი უნდა ინებო ცოტადიეტაზე დაჯდე“, დათმო, უარი თქვა არადემოკრატიულ ტონალობაზე. ევროკავშირი გეუბნება, რომ შენ გაქვს პერსპექტივა. ნატომ უფრო პრინციპულად გვითხრა, ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა გაქვთო. ეს გვითხრეს ჩვენ და უკრაინელებს ჯერ კიდევ 2008 წელს. ევროკავშირი უფრო ბუნდოვანია, ასეთ თამამ განაცხადს არ აკეთებს. ისე გველაპარაკება, დაახლოებით პატარა ბავშვს რომ ვეუბნებით - აუცილებლად გიყიდი მანქანას, ოღონდ როცა გაიზრდები და ჩააბარებ სიტყვაზე უნივერსიტეტში. ანუ შენ რაღაც აუცილებლად უნდა გააკეთო, რომ მიიღო ის, რაც გეკუთვნის; რაღაც სიმწიფეს უნდა მიაღწიო. ევროკავშირი ჩვენთან პატიოსნად მუშაობს და გვეუბნება, რომ ხელი უნდა გაანძრიოთ; ასეთი ფორმით ვერ მიგიღებთ, როცა გადაგდება-გადმოგდებების ერთ ამბავში ხართ; როცა ხალხს პროპორციულ სისტემას პირდებით და მერე აგდებთ; ხელს აწერთ შეთანხმებას, მერე იქიდან გამოდიხართ და სხვა პარტიას აბრალებთ, რომელსაც ხელი საერთოდ არ მოუწერია და არც იყო ვალდებული ხელშეკრულების შესრულებაზე; როცა ამბობ, რომ ბარიერს ჩამოწევ და სულ ცოტა ხანში ვაჭრობას იწყებ, ამას გააკეთებ თუ არა. უამრავი საკითხია, სადაც ქვეყანა აჩვენებს, რომ დემოკრატიისკენ არ მიდის, საპირისპიროდ რაც მსგავსი გააჩნია, იქიდანაც უკან მოემართება.

კი აღიარეს არჩევნების შედეგები, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ ბევრ რეგიონში იმდენად გაყალბდა, სხვანაირი შედეგები დადგა. იციან, ოღონდ მშვიდობა და სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია. თანაც ხედავენ, რომ რომ ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების საუკეთესო ვარიანტი სულაც არ არის. დიდი გაყალბება არა, მაგრამ ორ-სამპროცენტიანი სიყალბე საკმარისი იყო, რომ რეგიონები მოეგოთ, საერთო სურათი შეეცვალათ. მაგალითად, ქუთაისი ოცნებამ წააგო, მაგრამ გამარჯვებად გააფორმეს. ბათუმშიც ასე იყო. იციან რა ეს ყველაფერი (თან დამკვირვებლები უყურებდნენ ამ სცენებს), თვალის დახუჭვა არ ნიშნავს, რომ აპატიეს. ანგარიშებში წერენ ამ რეალობაზე. ერთმანეთთან საუბრებშიც აღნიშნავენ, რომ დღეს საქართველო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე პირობითად შარშან იყო. ტენდენცია ისეთია, რომ მთიდან, დემოკრატიიდან დაღმა ვეშვებით და არ პირიქით.      

- როდესაც სახელისუფლებო პარტიაპროსათავისოპოლიტიკაზეა გადართული, ეს გზას ქვეყანას რას მოუტანს?

- არც არაფერს. რატომღაც გვგონია, რომ სადღაც მივდივართ და რაღაც გვაფერხებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია მოვედით, ავტოკრატიულ მმართველობაში. ასე ცხოვრობს დედამიწაზე მცხოვრები მოსახლეობის 80%. სადაც ჩვენ გვინდა წავიდეთ, დემოკრატიაში, მანდ დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 20% ცხოვრობს. ეს არის ევროკავშირის ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია ახალი ზელანდია, იაპონია, კიდევ ერთი-ორი ქვეყანა, სიტყვაზე არგენტინა, ჩილე - მორჩა. ჩინეთი, მთელი აზია, აფრიკა, ლათინური ამერიკის უდიდესი ნაწილი არადემოკრატიაში ცხოვრობს. ანტიდემოკრატიაა კუბა, ჩრდილოეთ კორეა, დანარჩენი ხალხები უბრალოდ ამ დემოკრატიის გარეშე ცხოვრობენ.

ამიტომ არასწორად გვგონია, რომ სადღაც მივდივართ, არსადაც არ მივეშურებით. მეტროში ბოლო სადგურს რომ მიადგება მატარებელი, ყველა რომ ჩავა და შენ ზიხარ; გგონია კიდევ წავა და გეუბნებიან, რომ აღარ წავა, ჩამოდი მატარებლიდანო. აი აქ ვართ ჩვენ. გავჩერდით არადემოკრატიულ კომპოტში, არადემოკრატიულ ნირვანაში, სადაც ელიტა ბედნიერია, მდიდრდება ღარიბების ხარჯზე და ღარიბები ხმას არ იღებენ. არჩევნების წინ დაურიგებენ 50-50 ლარს და ეს ხალხი მორჩილად ხმას აძლევს. ასე ხდება აფრიკაში, აზიაში, სადაც ვითომ ტარდება არჩევნები. ამას პოლიტოლოგიაში ჰიბრიდული რეჟიმი ჰქვია, როცა ფასადი დემოკრატიულია, ხოლო შიგთავსი ავტორიტარულია. ჩვენ აქ უკვე მოვედით და თავს კარგად ვგრძნობთ. მოსახლეობა ქუჩაში გარეთ არ გამოდის, ის არჩევანს ვერ ხედავს.

არადა, საინტერესო რამ მოხდა ახლა ადგილობრივ არჩევნებზე, რასაც არავინ ყურადღება არ მიაქცია, სამეგრელოში დემოკრატიამ გაიმარჯვა! რადგან ხალხს იქ მოტივაცია ჰქონდა. ცხვირიდან ააცილეს ანაკლიის პორტი. აგერ ბათუმი, აჭარა აყვავებულია და სამეგრელოში  ძველი გზები იმავე ასფალტით გადააგეს. იქ გახარიას ფაქტორიც გამოჩნდა და ხალხის ნაწილმა მიიღო. ძალიან არ მომწონს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლამ სამეგრელოს ამომრჩეველი გამოაფხიზლა, მაგრამ მოტივაცია ნამდვილად სახეზე იყო. რატომ არ ჰქონდათ ასეთივე მოტივაცია კახელებს, იმერლებს, ქართლელებს?

აშკარად ჩანს, რომ ძალიან იოლია ქართული ოცნების დამარცხება, თუ ოპოზიცია ამომრჩეველს მოტივაციას აძლევს. აქ ამომრჩეველი არაფერ შუაშია, მან არ იცის, ვის და რას მისცეს ხმა. მეგრელებმა ეს დაინახეს. რაღაცაში ვეთანხმები, რაღაცაში არა, მაგრამ ყოჩაღ სამეგრელოს! მიუხედავად იმისა, რომ მოტივაციაში  არ ვეთანხმები, გაუმარჯოთ, რომ დაინახეს, გაიჩინეს მოტივაცია და საკრებულოებში ყველგან ხმები გაყვეს. ბრწყინვალე მაგალითია, რომ ასეთი საშიში მონსტრი და უბედურება არ არის ქართული ოცნება, მისი დამარცხება შეიძლება, თუ ოპოზიცია რაღაცას მაინც წარმოადგენს.

- ევროპასთან ურთიერთობაში სააკაშვილის ფაქტორიც აღნიშნეთ, მასთან მიმართებაში გამოსავალი რა არის?

- არ არ ჩანს, რადგან სასამართლო პოლიტიზებულია. ერთადერთი გამოსავალია ასეთმა სასამართლომ დაასრულოს პოლიტიზებული პროცესი სააკაშვილის მიმართ და უცხო ქვეყნის მოქალაქე აღნიშნულ ქვეყანას გადასცეს. მაგრამ ის ქვეყანა ხმას არ იღებს, არ ითხოვს. ოფიციალურად მსგავსი არაფერი არსებობს. გარდა მისი მეორე ცოლისა, რომელიც უკრაინელია, არავინ ითხოვს სააკაშვილს. დაახლოებით ერთი თვის წინ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში პირველად ხუთსაათიანი ბრიფინგი ჰქონდა ჟურნალისტებთან. ყველაფერზე ალაპარაკეს, გამოწოვეს საცოდავი ზელენსკი, არავინ კითხვა არ დაუსვა სააკაშვილზე და არც პრეზიდენტს გახსენებია 5 საათის განმავლობაში. ეს რაღაცაზე მეტყველებს, არავის აინტერესებს სააკაშვილი უკრაინაშიც კი. ამიტომ მეშინია ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძლება ჩვენ შეგვრჩეს. ქართული ოცნება მას არ შეიწყალებს, ქუჩაში არ გამოუშვებს, რაც სააკაშვილის გამარჯვება იქნება; წელში გაიმართებიან ნაციონალური მოძრაობის მომხრეები.

მართლა მიკვირს, დღემდე მედია რატომ არ ფერთხავს და არ აწუხებს უკრაინის ელჩს საქართველოში. საერთოდ რას აკეთებს, თავის მოქალაქეზე ზრუნავს თუ არა? ანუ უკრაინამ აბსოლუტურად დაკარგა ინტერესი სააკაშვილის მიმართ. მაშინ 5-6 წელი თუ არა, 3 წელი მაინც იჯდება ქართულ ციხეში, მერე უდოებით და მსგავსი ნაბიჯებით დარჩენილი ვადა შეიძლება გამოაკლდეს.

ამიტომ ერთადერთი ნორმალური გამოსავალია უკრაინამ წაიყვანოს თავისი ურჩი, აბეზარი პოლიტიკოსი. მაგრამ მერე შეექმნებათ პრობლემები, ეს იციან და არავის უნდა აუტკივარზე თავის ატკივება.

- პრეზიდენტ ზურაბიშვილის ბოლო გზავნილები რამდენად მისაღებია?

- მისაღებია, მაგრამ არ იმუშავებს. იოანე ოქროპირს აქვს ცნობილი ფრაზა, რომ მხოლოდ კეთილი სურვილებით გზას ჯოჯოხეთში, ანუ არაფრისკენ მიჰყავხარ. ლამაზი სიტყვები და სადღეგრძელოა, რადგან სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების ნაწილია, არა წამყვანი და ლიდერი. იქ სხვა ლიდერები არიან - კობახიძე, მდინარაძე, ღარიბაშვილი, რომლებიც საკითხთან დაკავშირებით ძალიან რადიკალურები და აგრესიულები არიან. მათ ამ მიმართულებით არანაირი მხარდაჭერა არ გამოხატეს.

ამიტომ მიმაჩნია ეს ლამაზი ფორმაა, რათა გაიწელოს დრო და ჩაიფლას პოლიტიკური სპექტრი, ელიტა მსგავს მოლოდინებში. ასევე მენიშნა პრეზიდენტის სიტყვები (რაც თავისთავად ცუდი ვარიანტი არაა), რაც ამ შემთხვევაში შემაშფოთებელია. მან თქვა, რაში გვჭირდება გარედან შუამავლები, სიტუაცია თავად უნდა მოვაგვაროთო. და თვითონ რის მომგვარებელია, ამდენ ხანს რა გააკეთა? ანუ აშკარად სურს, ევროპული ინსტიტუტებიდან ჩახსნა მოხდეს და ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა შიგნით დაიწყოს ხარშვა. თავისთავად ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როცა ევროპელები ასე გადავაგდეთ, გვიტევენ და ამის გაჟღერებაც არ გვინდა, ნიშნავს, რომ ჩვენ დისტანცირებას ვახდენთ. მე ასე წავიკითხე პრეზიდენტის განცხადება. თვითონ ერის ლიდერი და წამყვანი ფიგურა რომ იყოს, სწორედ ნათქვამი იქნებოდა; მაგრამ როცა თავად ჩრდილშია და პროცესებს არ მართავს, ეს განცხადება უფრო ქართული ოცნებიდან დავალებულად მეჩვენება.

ამიტომ ლამაზი სიტყვებია, ნორმალურ სახელმწიფოში ეფექტურიც იქნებოდა, მაგრამ მგონია აქედან არაფერი გამოვა. დრო გაიწელება და ადრე თუ გვიან იგივე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას დააბრალებს, რომ არ თანამშრომლობდნენ; ოპოზიცია დააბრალებს, რომ მან დრო გაწელა და პროცესი ჩააგდო. ასეთი შედეგი სადღაც ორ-სამ თვეში მოსალოდნელია.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია