მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ დაჭრა კოვიდ კლინიკაში პაციენტმა ექთანი? - 03 თებერვალი 2022

პირველი და მნიშვნელოვანი კანონის გამკაცრებაა, დაგროვილი აგრესიული ფონი რაღაცნაირად უნდა შევაჩეროთ“

ერთ-ერთ რეგიონულ კოვიდკლინიკაში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და ბასრი ნივთით ლოყისა და ყელის არეში ჭრილობები მიაყენა. აღნიშნული ინფორმაციაექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციისთავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ გაავრცელა. ლოლუას თქმით, ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთისთვის დამაკმაყოფილებელია, ხოლო დამნაშავე გადაყვანილია მე-18 დაწესებულებაში.

ჩვენ ამ თემაზეექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციისთავმჯდომარე სალომე ლოლუას ვესაუბრეთ.

- ქალბატონო სალომე, იქნებ დაწვრილებით გვითხრათ, რა მოხდა კოვიდ კლინიკაში?

- ასოციაცია მედპერსონალის  მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის სტატისტიკაზე (ფაქტებზე) მუშაობს. ჩვენთვის რამდენიმეს შესახებ ცნობილი გახდა, რაც საგანგაშოდ მივიჩნიეთ; მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ქვეყანა კოვიდ პანდემიას ებრძვის.

შემთხვევა 21 დეკემბერს ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში, დილის ხუთ საათზე მოხდა. ექთანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში შემოვლას აკეთებს, რა დროსაც პაციენტი წუხს; მიდის მასთან, ყურადღებას აქცევს, ჟანგბადის ნიღაბს აწოდებს და შემდეგ სატურაციის აპარატს ეძებს, რომ დაუმაგროს, ნახოს ჟანგბადის კონცენტრაცია სისხლში. როდესაც სატურაციის აპარატის ასაღებად დაიხარა, პაციენტის მხრიდან რამდენიმე ჭრილობის მცდელობა ხდება. ასოციაციამ ამასთან დაკავშირებით ვიდეომასალა გამოაქვეყნა, იგი მეხუთედსაც არ შეიცავს, რაც რეალურად ხორციელდება. საბოლოოდ პაციენტმა ორი ჭრილობა მიაყენა, ერთი ყელის, მეორე ლოყის არეში. ამ დროს ვიდეოში ჩანს, ექთანი მიდის ჰოლისკენ, ინტენსიური თერაპიის პალატიდან გადის და ხმაურზე იღვიძებენ სხვა კოვიდინფიცირებული პაციენტები; ასევე ინტენსიური განყოფილების მორიგე ექიმები შემოდიან. პაციენტი უკვე ზოგადად აგრესიულ მოძრაობებს წყვეტს.

რადგან კოვიდკლინიკაა და მორიგე ქირურგი არ ჰყავდათ, ექთანი სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა. სახეზე მიყენებულ ჭრილობას 7 ნაკერი დასჭირდა. ასევე, დაუზიანებია სანერწყვე ჯირკვალი, რომელიც გაურთულდა, რეაბილიტაციის ხანგრძლივი პერიოდი მოითხოვა. სადღეისოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი კვირაა უკვე სამუშაოზეც გავიდა.

- პაციენტის მხრიდან ასეთი აგრესია რამ გამოიწვია?

- ვიკითხეთ ჩვენს წყაროსთან, იყო თუ არა რაიმე პირადი დაპირისპირება, კლინიკაში შესვლამდე იცნობდნენ  თუ არა ერთმანეთს - გვიდასტურებენ, რომ არა. პაციენტი 26 ნოემბრიდან კოვიდ კლინიკაში, ინტენსიურ თერაპიამდე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. ინტენსიურში ბოლო ორი კვირის განმავლობაში დააწვინეს, რადგან სტაბილურად გამოჯანმრთელებისკენ მიდიოდა. ამ ორ კვირაში ექთანს არაერთხელ მოუწია მორიგეობა, საერთოდ ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობენ. მათ შორის არავითარი პირადი დაპირისპირება, რაიმე უკმაყოფილება არ ყოფილა. ვიდეოში ძალიან კარგად ჩანს ექთნის კეთილგანწყობა. ასევე ისიც, რომ პაციენტი ამ ჭრილობების მისაყენებლად ემზადება.

- კიდევ რა შემთხვევებზე შეგიძლიათ გვითხრათ?

- ბევრია სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, ცემით დამუქრება... ჩვენ ბოლო ექვსი თვის მონაცემები გამოვიტანეთ, როდესაც მედპერსონალზე ძალადობის 40 ფაქტი დაგროვდა. სიტყვიერი შეურაცხყოფაზე უმეტეს შემთხვევაში არავითარი რეაგირება არ ხდება.

გაირკვა შემდეგი - მედპერსონალი კლინიკის შიგნითაც თავს დაუცველად გრძნობს. ასე განსაკუთრებით რეგიონულ კლინიკებშია. აღმოჩნდა, რომ თბილისის კლინიკებში ადგილობრივი დაცვის სამსახურები უფრო მობილიზებული არიან, დაკისრებულ მოვალეობას შედარებით კარგად ასრულებენ.

მეორე საკითხია, რომ ქვეყანაში კლინიკების უმეტესობა პრივატიზებულია. კერძო ბიზნესმენი ჰყავს მეპატრონედ, რომელიც კლინიკას მართავს. ძალიან ხშირად ადმინისტრაციის მხრიდან მედპერსონალისადმი მოთხოვნაა, რომ როდესაც მათ მიმართ ძალადობის ფაქტები მოხდება, თმენის ვალდებულება გამოიჩინონ. როცა სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან, ცემით მუქარასთან გვაქვს საქმე, კლინიკის მეპატრონეები მოუწოდებენ იყვნენ მშვიდად და დაითმინონ ეს მდგომარეობა. ამიტომ ხშირად შეურაცხყოფის ფაქტებზე პატრულის არ იძახებენ, 112-ში არ რეკავენ; რის გამოც, ხშირად ეს ფაქტები აღურიცხავია. როდესაც უკვე დაჭრაა, უმეტეს შემთხვევაში პატრულს იძახებენ.

ასეთი იყო იანვრის ფაქტი, როდესაც რეგიონულ არა კოვიდკლინიკაში ექიმი სცემეს. მან პაციენტის პატრონს მხოლოდ ინფორმაცია გამოუტანა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ოცდაათწლიანი სტაჟის მქონე ექიმს (მადლიერი პაციენტებით) სახეზე მრავლობითი დაზიანება მიაყენეს.

ასევე, ორგანიზაცია ვიცავდით ექიმს, რომელიც მორიგეობისას პაციენტმა სცემა. ფაქტი კლინიკაში შესვლიდან სულ რაღაც 12 წუთში მოხდა. მიმღებ განყოფილებაში პაციენტის კვლევა იწყება, პასუხებს დრო სჭირდება. ამის შემდეგ ექიმი წყვეტს, რა მიმართულებით განაგრძოს მკურნალობა. პაციენტმა შესვლისთანავე ნარკოტიკული საშუალების გაკეთება მოითხოვა, ექიმმა გაუკეთა, რადგან თავი სტკიოდა. მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და სცემა. ფაქტი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკურ საავადმყოფოში მოხდა. ვიცავდით ექიმს და საბოლოოდ ასე გამოვიდა - დამნაშავეს გირაოს სახით მხოლოდ გარკვეული თანხა გადაახდევინეს. ეს გადაწყვეტილებაც შემდგომში გააპროტესტა. ანუ, დასჯის მექანიზმი მსგავსი კანონებით რეგულირდება.

მიმღებ განყოფილებაში მორიგე ექიმი პასუხისმგებელია არამარტო იმ ერთ პაციენტზე (რომელიც მას ფიზიკურად გაუსწორდა), მის გარდა განყოფილებაში 7-8 პაციენტი იწვა. შესაბამისად უფლებები ორი მიმართულებით ირღვევა. ერთი მედპერსონალის უფლებაა, როცა უშუალოდ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და, მეორე - რა გააკეთოს დანარჩენმა რვა პაციენტმა, რომელიც იმ დროს განყოფილებაში წევს? ფაქტობრივად, მეთვალყურეობის გარეშე დარჩნენ. ამიტომ გვსურს მედპერსონალზე შეურაცხყოფის, ძალადობის ფაქტები სრულად იყოს გამოკვლეული და დასჯის მექანიზმებიც გართულდეს.              

- 30-წლიანი სტაჟის მქონე ექიმის ცემას თუ მოყვა რეაგირება?

- პატრული გამოიძახეს და როგორც წყარო მიდასტურებს, გარკვეული ფულადი ჯარიმა გადაახდევინეს. ეს წყაროს ინფორმაციაა და ასი პროცენტით ვერ დავადასტურებ.

- აღნიშნეთ, რომ მათ შორის კოვიდ კლინიკებშითმენის ვალდებულებითმოქმედებენ და შეურაცხყოფის ფაქტებს არ ახმაურებენ, რამდენად სწორი მოთხოვნაა ადმინისტრაციის მხრიდან?

- რასაკვირველია, სწორი მიდგომა არ არის. როცა საქმე დანაშაულებს ეხება, შესაბამისი ორგანოები უნდა გამოიძახონ და დამნაშავე დაისაჯოს. მაგრამ კლინიკა მათთვის უპირველესად ბიზნესია და .. ზედმეტი ხმაური მის გარშემო არ სურთ. ამიტომ მედპერსონალს მაქსიმალურად თმენის ვალდებულებისკენ მოუწოდებენ. მათ ბიზნეს ინტერესში არ შედის, რომ ასეთი ფაქტებზე ყურადღება მიქცეული იყოს.

- კიდევ რა პრობლემები იკვეთება კლინიკებში ექიმებთან და ექთნებთან მიმართებაში?

- პანდემიის დასაწყისში უფრო რთულად გვქონდა საქმე. ერთი რომ ბევრი კლინიკა ამისთვის მზად არ იყო. მათ შორის კოვიდ კლინიკებზე პერსონალის მხრიდან სხვადასხვა სახის განცხადებები იყო შემოსული. ელემენტარულად, აღჭურვილობა არ ჰქონდათ, ზოგს თავად უწევდა თავდაცვითი საშუალებების შეძენა; იგივე პირბადე იქნებოდა, ხელთათმანები თუ სხვა. ამ მიმართულებით მდგომარეობა საკმაოდ გაუმჯობესდა.

ასევე, როცა სამინისტრო აცხადებდა, რომ კოვიდპანდემიისას ექიმისა და ექთნის ხელფასი მაღალი იყო, რეალურად კლინიკებში ჩარიცხული ფული ხშირად მედპერსონალთან არ მიდიოდა. ბოლო პერიოდში ამ ყველაფრის გაკონტროლება მოხდა და რეალურად უკვე გამოყოფილი თანხები ხელფასის სახით სამედიცინო პერსონალთან მიემართება. სხვადასხვა კოვიდ კლინიკის დაჯარიმება მოხდა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით. მოკლედ, გაუმჯობესება სახეზეა მედპერსონალის ხელფასებთან, ასევე აღჭურვილობასთან დაკავშირებით.

აქვე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე კლინიკის ხელმძღვანელი დამიკავშირდა - ექთნების სერიოზული გადინებაა ქვეყნიდან. სხვადასხვა კლინიკის ხელმძღვანელებთან ვმართავთ შეხვედრებს თემაზე, თუ რა უნდა ვუშველოთ ამ პრობლემას; ქვეყანაში ექთნების სერიოზული კრიზისია, რაც დაბალმა ანაზღაურებამ გამოიწვია. ბოლო დროს კოვიდ კლინიკებში ვითარება გაუმჯობესდა, ხოლო ჩვეულებრივებში 300-350 ლარზე მუშაობა უწევთ. ჩვენთან ისედაც ექიმების ექთნებთან შეფარდება ოთხი ერთზეა, როდესაც პირიქით უნდა იყოს. ისედაც დეფიციტია და პლუს დარჩენილების საზღვარგარეთ გადინებაც მიმდინარეობს.

- სხვა რა რეკომენდაციები გაქვთ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

- თუ მედპერსონალის უფლებების დაცვის მიმართულებით ვსაუბრობთ, პირველი და მნიშვნელოვანი კანონის გამკაცრებაა. დაგროვილი აგრესიული ფონი რაღაცნაირად უნდა შევაჩეროთ. ამისთვის საკანონმდებლო ინიციატივას ვამზადებთ, რომ პიროვნება, ვინც სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს მედპერსონალს (რომელიც პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს), სათანადოს დასჯილი იყოს.

რეკომენდაციებს რაც შეეხება, კერძო კლინიკებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ ადგილობრივი დაცვის სამსახურები, რათა მედპერსონალმა თავი დაცულად იგრძნოს. მაგრამ კანონის დონეზე ცვლილება თუ არ მოხდა, შიშველი ხელებით ამ ყველაფრის დარეგულირება ძალიან რთულია.

სულ ბოლოს ექიმის მანქანისთვის ფანჯრების ჩამსხვრევის ფაქტი გვქონდა, ასეთი ძალადობის ბევრი გამოვლინებაა. აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის მაგალითი შემიძლია გითხრათ, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით იქაც მედპერსონალზე თავდასხმებმა მოიმატა. შესაბამისად, ბოლო ორი წელია კანონი შეიმუშავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთაა, ვინც მედპერსონალს თავს დაესხმება. სიტყვიერ შეურაცხყოფაზე სხვადასხვა ფულადი ჯარიმებია.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია