მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა საფრთხე ემუქრება ჩეჩენ უფლებადამცველ იანგულბაევს საქართველოში? - 11 თებერვალი 2022

გადაიყვანეთ ეს ადამიანი მესამე ქვეყანაში (საზღვრამდე მაინც მიიყვანეთ), რაც საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა“

ჩეჩნეთის ხელისუფლების ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ უფლებადამცველ აბუბაქარ იანგულბაევის დედას, ჩეჩნეთში ძალადობრივად ჩაყვანილ ზარემა მუსაევას და მის ოჯახსჩეჩნეთში ან ციხეში ელოდება ადგილი, ან მიწაში“. კადიროვი ამტკიცებს, რომ მუსაევა თითქოს თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს დალამის თვალი ამოთხარა“. ამ ქმედებით, ჩეჩნეთის ლიდერის აზრით, უფლებადამცველის დედამ პატიმრობის რეალური ვადა დაიმსახურა.

რადიოთავისუფლებისცნობით, 20 იანვარს ჩეჩნეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში მდებარე იანგულბაევების ბინაში შეიჭრნენ. მათ თან ჰქონდათ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა ზარემა და საიდ იანგულბაევების, ჩეჩნეთის სასამართლოში მოწმეების სტატუსით დაკითხვაზე მიყვანის უფლებას. ვინაიდან მოსამართლის სტატუსის გამო საიდ იანგულბაევი ხელშეუხებლობის სტატუსით სარგებლობს, ჩეჩენმა სამართალდამცველებმა დაკითხვაზე მხოლოდ ზარემა მუსაევა წაიყვანეს. ამასთან, სოციალური მედიის ცნობით, პოლიციელებმა ცოლ-ქმრის გარდა სცემეს ყველას, ვინც ბინაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ტელეგრამის არხით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც მესაევა ჩეჩნეთის უფლებადამცველთან საუბარში ამტკიცებს, რომ პოლიციას არ გამოუყენებია მის წინააღმდეგ ძალა და მას დიაბეტის წამალიც კი უყიდეს.

ზამირა მუსაევას ვაჟი, იურისტი აბუბაქარ იანგულბაევი, რუსეთში უცხოეთის აგენტად მიჩნეულ ორგანიზაციაწამების საწინააღმდეგო კომიტეტშიმუშაობს; იგი ნიჟნი ნოვგოროდში მომხდარს მიიჩნევს გატაცებად და აღნიშნავს, რომ მისი დედა ჩეჩნეთში წაიყვანეს, როგორც მოწმე კრედიტების თაღლითობის საქმეზე, რომლის შესახებ არც მან, არც მისმა მეუღლემ და არც შვილმა არაფერი იცოდნენ.

აბუბაქარ იანგულბაევი ამჟამად საქართველოში იმყოფება. ამ თემაზეკავკასიელ ხალხთა კონფედერაციისთავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილს ვესაუბრეთ.

- უფლებადამცველ აბუბაქარ იანგულბაევს პირადად არ ვიცნობ, მსმენია მის შესახებ. საქმე იმაშია, რომ კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია ინიციატივებს აღარ იჩენს დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც არ მოგვმართავენ. თუ ორგანიზაციას თხოვნით მიმართავს რომელიმე კავკასიელი ან რეგიონში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, ვიწყებთ საქმიანობის შესწავლას და გვერდში ვუდგებით. ადრე თვითონ ვეძებდით, ვისაც თანადგომა სჭირდებოდა. სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანისგან სერიოზულ უმადურობას წავაწყდით. სიმართლე გითხრათ, იურიდიული პრობლემებიც შეგვექმნა, როდესაც დახმარების შემდეგ ერთ-ერთმა პიროვნებამ ევროპულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩვენთვის თხოვნით არ მოუმართავს.

იანგულბაევმაც  კარგად იცის, რომ არსებობს კავკასიურ დიასპორათა ევროპული წარმომადგენლობა, სადაც წამყვანი ძალა ჩეჩნები არიან. ასევე იცის, რომ არის კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის გამგეობა, სადაც ყველა კავკასიური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია - ცამეტი კაცისგან შედგება. ასე რომ, თუ მხარდაჭერა სჭირდებოდა, მოგვმართავდა. რადგან დღემდე ეს არ გააკეთა...

- მაინც რა ინფორმაციას ფლობთ, აბუბაქარ იანგულბაევი რა პრობლემების წინაშე დგას?

- კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდის. სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული აღმოჩენების მქონე უფლებადამცველი არ არის. ოპოზიციურად მოაზროვნეა, შეიძლება ითქვას, რომ სწორად და სამართლიანად ხედავს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებს, რითაც კადიროვი და მისი მომხრეები ძალიან გააღიზიანა. მაშინვე დევნა დაუწყეს. პირველი შემთხვევა კი არ არის, უბრალოდ გახმაურდა; ძალიან ბევრი მსგავსი მოვლენაა, საერთოდ არ ხმაურდება. ჩეჩნეთიდან მასობრივად მიდიან ადამიანები, რომლებსაც თავისუფალი აზროვნების უნარი და ხედვები აქვთ, რომლებსაც წასასვლელი აქვთ. ჩეჩნეთის შიდა პროცესები, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ადამიანის უფლებები, შუა საუკუნეობრივი ფეოდალური მართვის სტილი და .. ის თემებია, რომელსაც უფლებადამცველი შეეხო. მანამდე ორი ბლოგერი იყო მსგავსი აქტივობით ცნობილი, მალევე წავიდნენ და უცხოეთში ცხოვრობენ; გაერიდნენ ჯერ კადიროვის და მერე პუტინის მმართველობასაც. კადიროვის ძალაუფლება პუტინის ქვეშაა და ბლოგერები კი არა, სერიოზული პოლიტიკოსებიც ვერას გახდნენ ამ ორ უკონტროლო ძალასთან.

ასე რომ, ჩეჩენ უფლებადამცველს სერიოზული პრობლემები აქვს და დიდი ბარიერების გადალახვა მოუწევს. აქ მარტო დაკავებაზე არა, უფრო ცუდ და შუასაუკუნეობრივ მოპყრობაზეა ლაპარაკი - მასზე, ოჯახის წევრებზე და ნათესავებზეც.

- დედის გატაცებაზე რას გვეტყვით?

- ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ჩვენ ისეთი წარმოდგენა გვაქვს, რაღაც განსაკუთრებული ხდება და სპეცოპერაციები ტარდება. ჩვეულებრივადაა - რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე მოძრაობენ კადიროვის ხელქვეშ მოქმედი ჯგუფები, რომლებიც ძალიან თავისუფლად და უპრობლემოდ გადაადგილდებიან. შედიან ყველა დაწესებულებაში, ოფისებში როგორც მოესურვებათ, რა ფორმითაც უნდათ, გამოჰყავთ ადამიანები, სვამენ მანქანებში და კაცმა არ იცის, სად მიჰყავთ. ამ ხალხის .. საქმიანობაში პოლიცია არ ერევა. როგორც ჩანს, პოლიციამ გადაადგილების მარშრუტი და მიზანიც იციან და არ ეკარებიან.  ხომ არ გგონიათ, ვიღაცები ღამ-ღამობით ჩუმად დადიან და ადამიანებს ისე იპარავენ, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და სამართალდამცავები საქმის კურსში არ არიან? ეს ხალხი ოფიციალური საბუთებით მოძრაობს.

იყო ასეთი შემთხვევა (შეიძლება თქვენც ნანახი გქონდეთ), ბიზნესმენ მილიარდერს მოსკოვის ცენტრში, ოფისში მიაკითხეს და ცემა-ცემით ჩამოიყვანეს, ჩასვეს მანქანაში. .. პეპეესი (დაცვის სამსახური) უყურებდა, პოლიცია, ოფისის შიდა უსაფრთხოების სამსახურიც, გამვლელ-გამომვლელებიც. ალბათ გასაგებად ვამბობ, როგორ ხდება ეს ყველაფერი.

ასე რომ, საიდან და როგორ წაიყვანეს ეს ქალბატონი, მეორეხარისხოვანია. მთავარია მექანიზმი - მიდიან, იპარავენ, ართმევენ, სჯიან და არავინ ამის გამო პასუხს არ სთხოვს, ხელსაც არ უშლის.

- ამის გათვალისწინებით, ჩეჩენი უფლებადამცველი დღევანდელ საქართველოში რამდენად უსაფრთხოდაა?

- მას არ მიუმართავს დევნილობაში ჩეჩნეთის კანონიერი ხელისუფლებისთვისაც, ჯოხარ დუდაევის მთავრობის წარმომადგენლებს ვგულისხმობ. არც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გამიგია მის შესახებ რაიმე სერიოზული და მკვახე განცხადებები. ზოგადად კადიროვის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებები კეთდება და ამის საპირისპიროდ 1937-39 წლების სცენარები მეორდება დღევანდელ ჩეჩნეთში; როდესაც ხალხი გამოდიოდა და ამა თუ იმ ადამიანის დასჯას ითხოვდა. ხვდებით, რაზეა საუბარი? გროზნოში მიტინგი ჩაატარა ადგილობრივმა მოსახლეობამ, დაგმო ამ უფლებადამცველის საქმიანობა და აქტივობა დედის გადასარჩენად. სამწუხაროდ, ასეთ ანატომიასთან შეხება გვიწევს დღევანდელ ჩრდილო კავკასიურ რეალობაში.

ამიტომ აბუბაქარი ყველანაირი საფრთხის წინაშეა, რაც კი ადამიანს, მის მდევნელ მხარეს კადიროვს ხელეწიფება. 

- და რამდენად ხელეწიფება ეს ყველაფერი კადიროვს დღევანდელ საქართველოში?

- ჭორებისთვის აყოლა არ მინდა. თუ მომხდარ ფაქტებს გავითვალისწინებთ, საქართველოში ადამიანებს ჰქონდათ იმის შესახებ პრეტენზიები, რომ გარედან შემოსული ადამიანები ან უთვალთვალებდნენ, ან პირდაპირ დასდევდნენ. ისეთი ფაქტებიც ვიცით, როდესაც გარედან შემოსულმა ადამიანებმა საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური ლიკვიდაცია მოახდინეს. როგორც მინიმუმი, სამი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ. როგორც მესმის, ჩვენი ინტერვიუ ამ თემის დაწვრილებით განხილვას არ გულისხმობს.

ვიმედოვნებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ ამ კაცის უფლებები არამარტო ფიზიკურად საქართველოში დაცული იყოს. შეეძლოს ადვოკატის აყვანა და სამართლებრივად თავდაცვა იმ დევნისგან, რასაც მისი გვარი, ოჯახი და ტეიპი ჩეჩნეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განიცდის.

- ამ საქმეში რა ტიპის თანამშრომლობას შეიძლება ჰქონდეს ადგილი ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებს შორის?

- ალბათ საერთაშორისო სამართლის დონეზე ხდება ეს ყველაფერი. აღნიშნული ნორმებით საქართველო ვალდებულია ითანამშრომლოს ანტიტერორისტული გამოვლინებების წინააღმდეგ რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ყველა სხვა ქვეყანასთან, რომელთანაც რაიმე ტიპის ურთიერთობა აქვს და საიდანაც შეიძლება საფრთხეები მომდინარეობდეს. ეს თანამშრომლობის ერთი აღიარებული გზაა. სპეცსამსახურები კონკრეტულ საკითხებში რა დონეზე თანამშრომლობენ, ამას ჩვენ არავინ გვეტყვის. თუ ვინმე იტყვის, რომ მან იცის რა კავშირი აქვს ქვეყნის სპეცსამსახურებს სხვა ქვეყნის კოლეგებთან, ნაკლებად სარწმუნო იქნება. სპეცსამსახურებში ერთი რას აკეთებს მეორემ არ იცის და პირიქით.

- მთლიანობაში, რა მდგომარეობაში იმყოფებიან დღეს ჩეჩნეთიდან გამოქცეული უფლებადამცველები თუ სხვა აქტივისტები?

- მარტო გადმოსულები კი არა, დღეს ჩეჩნეთში მცხოვრებნიც მძიმე დღეში არიან. ყველა ამბობს, რომ რეალურად ოქროს გალიაში ცხოვრობენ. გროზნოში შუა საუკუნეობრივი ფეოდალური მმართველობა სახეზეა. ხალხი ყველაფერზე ისჯება, ნებისმიერი მიზეზით შეიძლება მოედავონ, გალანძღონ და სასტიკად დასაჯონ. ხმამაღლა უნდა გაჰყვიროდე კადიროვის ქება-დიდებას.

თვითონ ის ფაქტი, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელობა კინაღამ თავს დაესხა ინგუშეთის რესპუბლიკას, ამბიციების ხარისხზე მეტყველებს. ასე რომ, მარტო ჩეჩნეთიდან წასულ-წამოსული და აქ გადმოსული ხალხის ბედი კი არა, ადგილზე მცხოვრებთა ბედიც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. რა თქმა უნდა, მმართველი წრის, კლანის გარდა. ჩვენ კლანს, ისინი ტეიპს უწოდებენ.

არავინ იცის, ვის რა ხარისხის საფრთხე ემუქრება. სახლიდან რომ თავისი ნებით არავინ გარბის, ხომ დამეთანხმებით. რაღაცის გამო იძულებულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩეჩნეთში ხალხი ეკონომიკურად კარგად ცხოვრობს, ძალიან ცდება. როგორც მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფები ბიუჯეტს ხრავენ, დანარჩენი ყველას უჭირს. როდესაც ამ გაჭირვებიდან გამომდინარე პრეტენზიებს გამოთქვამ (თუნდაც ეს წმინდა ეკონომიკური ხასიათის იყოს), მაშინვე პოლიტიკურად არასასურველ, არასახარბიელო ადამიანად სახელდები და დევნა-შევიწროება იწყება. მაგრამ ისეთი ფაქტებიც არის, საერთოდ რომ ქრებიან ადამიანები. მერე ვერც ცოცხალს და მკვდარს ვერ პოულობენ. ასე ხდება არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში, მთელი ფედერაციის ტერიტორიაზე ასეა.

და ბოლოს, უფლებადამცველ აბუბაქარ იანგულბაევთან დაკავშირებით ქართული სპეცსამსახურებისადმი ჩემი კეთილი რჩევა იქნება - დღეს ჩვენ გარშემო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, გადაიყვანეთ ეს ადამიანი მესამე ქვეყანაში (საზღვრამდე მაინც მიიყვანეთ), რაც საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.

წყარო: "გზა"

პ.ს. ბოლო ინფორმაციით, ჩეჩენმა უფლებადამცველმა საქართველო დატოვა

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია