მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა ეშველება კოვიდპანდემიას ციხეში, როცა ადგილები სამოქალაქო კლინიკებშიც აღარ არის? - 14 თებერვალი 2022

თუ ამნისტია არ გამოიცემა, სავალალო შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით - საუბარია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასა და მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებაზე“

ახალი კორონავირუსმა ქართული ციხეებიც არ დაინდო.  საპატიმრო დაწესებულებებში პანდემიის უკვე მერამდენე ტალღას ებრძვიან. ამ ფონზე, უფლებადამცველები ქმედითი ამნისტიის გამოცხადების აუცილებლობაზე საუბრობენ, რაზეც ხელისუფლება ფეხს ითრევს. არადა, დრო არ ითმენს, საპატიმრო დაწესებულებები გადატვირთულია და ხშირად სახელმწიფოს რესურსიც არ აქვს, რომ ინფიცირებულ პატიმრებს ადგილზე რეალურად უმკურნალოს.

ამ თემაზე ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს ვესაუბრეთ.

- ციხეში კოვიდის გავრცელების კუთხით რა მდგომარეობაა?

- უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე როგორც ციხის ადმინისტრაცია, ასევე სხვადასხვა სამსახურები პატიმრებს ჰპირდებოდნენ, რომ აუცილებლად იქნებოდა ამნისტია; რის მეშვეობითაც ძალიან ბევრი ადამიანი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას მოახერხებდა. ამის შედეგად, ხელისუფლებამ ციხეში არჩევნები სრული უმრავლესობით, 93%-ით მოიგო. სამწუხაროდ, ეს ადამიანები კვლავ მოტყუებული აღმოჩნდნენ - თავად ოჯახის წევრები, ბრალდებულები და მსჯავრდებულები.

უფლებადამცველებს, პირადად მე არაერთი განცხადება მაქვს გაკეთებული, რომ ციხის განმუხტვა უბრალოდ აუცილებელია. დღეს ციხეები პირთამდეა გადავსებული. ამ პირობებში უკვე მერამდენე კოვიდპანდემიის ტალღის აზვირთება გარდაუვალი იყო. მოვედით რეალობასთან, როდესაც სხვადასხვა დაწესებულებაში პატიმრებს კოვიდი აქვთ, ცუდ მდგომარეობაში არიან. თვითონ პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ 57 პატიმარს აქვს ვირუსი. შესაბამისად, თუ 57- ამბობენ, მინიმუმ კიდევ ამდენი ინფიცირებული უნდა დავამატოთ.

პლუს დაემატა მდგომარეობა, როდესაც იქ დასაქმებული პერსონალი, .. ბადრაგის სამსახური თავადაც კოვიდით ინფიცირებულია და ფიზიკურად არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებთან იმუშაონ. ასევე მაგალითისთვის, იმდენი ექიმიც არ ჰყავთ, რადგან კოვიდინფიცირებულები არიან. ეს კიდევ ცალკე განსახილველია.

ასევე დიდი პრობლემაა, რომ (როგორც მოგეხსენებათ) სამოქალაქო კლინიკები კოვიდინფიცირებულებით გადავსებულია. შესაბამისად, არ არსებობს ადგილები, სადაც შეიძლება ამ ადამიანებს ნორმალურად ვუმკურნალოთ. ესეც მნიშვნელოვანი გარემოებაა, რის საფუძველზეც აუცილებელია სახელმწიფომ იმუშაოს. მაგრამ სახელმწიფოს ამ მიმართულებით არანაირი ბერკეტი აღარ შერჩა გარდა ერთისა - უნდა ჩაერიოს საკანონმდებლო ორგანო და დროულად ამნისტია გამოცხადდეს. თუ ის არ გამოიცემა, ჩათვალეთ, რომ სავალალო შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით. საუბარია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასა და მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებაზე.

- წინასაარჩევნოდ ამნისტიაზე დაპირება მაინც რა დონეზე იყო გაცემული?

- ეს ყველაფერი საჯაროდ ხდებოდა. გამოდიოდნენ პოლიტიკოსები და ღიად აცხადებდნენ, რომ აუცილებლად იქნებოდა ამნისტია. სამწუხაროდ, ეს საზოგადოება მოტყუებული აღმოჩნდა, რომელიც ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ენდო.

- რატომ თქვეს უარი დაპირებულ ამნისტიაზე?

- აქ ბევრი ფაქტობრივი გარემოებაა. ალბათ ის, რომ გარეთ სიტუაციას ვერ აკონტროლებენ, კრიმინალი გაიზარდა - ტელევიზორს რომ ჩართავ, სულ ამაზეა საუბარი. პიარ სამსახურები ხომ ჰყავთ, ალბათ ურჩიეს, რომ ეს ნაბიჯი სასურველი არ იქნებოდა. ჩემი სუბიექტური აზრია, კონკრეტული მონაცემები არ მაქვს. ფაქტი ერთია, ეს საზოგადოება გადააგდეს, რაც მიუღებელი დამოკიდებულებაა.

ხაზს ვუსვამ, რომ პატიმრებმა და ოჯახის წევრებმა ამ ხელისუფლებას ხმა მისცეს, მაგრამ მერამდენედ გვერდზე გაწეული აღმოჩნდნენ.

- სადღეისოდ ციხის გადატვირთულობა რა დონეზე არის გამოხატული?

- ძალიან გადავსებულია და გეტყვით სტატისტიკაზე - დღეს ციხეში დაახლოებით ათი ათასი პატიმარია, 30 ათასი პრობაციონერი გვყავს. ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი მაჩვენებელია. წარმოიდგინეთ, ევროპაში თურქეთის შემდეგ მეორე ქვეყანა ვართ ამგვარი მაჩვენებლებით, პატიმრების რაოდენობით. აქ რუსეთს არ ვეხებით. ეს საგანგაშო ვითარებაა. ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში ამდენი პატიმარი ძალიან ბევრია, წარმოუდგენელია.

- ციხეში კოვიდის გავრცელების პროცესი რამდენად მძიმედ მიმდინარეობს?

- პატიმრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, არ თქვან, რომ გაციებული არ არიან, კოვიდი აქვთ, არ აღიარონ, რომ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის წინაშე დგანან. თორემ ის შეღავათები, რაც პატიმრებს აქვთ, უხსნიან ხოლმე. თუმცა ჩვენი შესაბამისი წყაროებით დასტურდება, რომ არიანურჩიპატიმრებიც, რომლებიც რეალობაზე თვალს არ ხუჭავენ და ღიად საუბრობენ.

აქვე ჩამოგითვლით ციხეებს, სადაც დღეს კოვიდი გავრცელებულია - ეს არის ქსნის, გლდანის ციხეები, რუსთავის მეჩვიდმეტე და მეექვსე საპატიმრო დაწესებულებები, .. კრიტი.

- ალბათ ციხეში გავრცელებული კოვიდის ბოლო შტამიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს...

- ამ საკითხში კარგად ვერ ვერკვევი, სრულყოფილი პასუხი რომ გაგცეთ. ამაზე უფრო პროფესიონალმა ექიმებმა უნდა ისაუბრონ. ჩემი პოზიციაა, რომ ციხეში მყოფი ეს ადამიანები ცუდად არიან და მიხედვა სჭირდებათ. რომ გითხრათ, ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობსო და მერე ვიღაც რომ მოკვდეს, სწორი დამოკიდებულება არ იქნება.

- სამოქალაქო კლინიკებშიც რომ თავისუფალი ადგილების ნაკლებობაა, ინფიცირებული პატიმრებისთვის გამოსავალი რაშია?

- გამოსავალი ისევ და ისევ ამნისტიის გადაწყვეტილებაშია, სხვა გზა არ არსებობს. ციხეებში კონტროლი უკვე ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ციხის ადმინისტრაციასაც კი ფიზიკურად ამდენი კადრი არ ჰყავს.

- მიმართეთ ამნისტიის გამოცხადების მოთხოვნით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს?

- რასაკვირველია, უკვე რამდენი ხანია მივმართეთ და ამ საქმეში ბოლომდე ჩართული ვართ. ახლაც იტყუებიან, როცა გამოდიან და ამბობენ ამნისტია იქნებაო. რომ ჩახედოთ უმრავლესობის დეპუტატმა სარჯველაძემ რა კანონპროექტი წარადგინა, სიცილით გადაბჟირდებით. მის მიხედვით მსჯავრდადებულებს მხოლოდ 14 დღეს ახებენ. ანუ ეს ამნისტია მხოლოდ 14 დღის შეღავათით იქნება გამოხატული.

ახლა თქვენ განსაზღვრეთ, როცა ადამიანს წლების სასჯელი აქვს, 14 დღეზე უღირთ თუ არა მსგავსი ამნისტია. და საერთოდ, არის თუ არა ეს რეალური შეღავათის გაწევა.

- მაშინ როგორი უნდა იყოს ეს რეალური ამნისტია?

- მიმაჩნია, რომ ერთი მეოთხედის შეღავათი ყველას უნდა შეეხოს.

- დღევანდელ პირობებში, რამდენად მოსალოდნელია ხელისუფლება ასეთ ნაბიჯზე წავიდეს?

- ამით ჩვენ არანაირ ველოსიპედს არ გამოვიგონებთ. ასე გააკეთა ცივილიზებულმა სამყარომ და არამარტო მათ. ასე მოიქცა ირანი, რუსეთი, თურქეთი, ჩვენ უახლოეს სამეზობლოში სომხებმა და აზერბაიჯანელებმაც კი ასეთი ნაბიჯები გადაგეს. ამიტომ ასეთ ჰუმანურ გადაწყვეტილებაში უცხო არაფერია.

- და ბოლოს, კრიმინალის შესაძლო ზრდა ახსენეთ, რაზეც ასეთ დროს ხელისუფლება წუხს ხოლმე, ასეთი სცენარი რამდენად მოსალოდნელია?

- ქვეყანას შესაბამისი ორგანოები რისთვის ჰყავს? არის პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, პროკურატურა, რომელიც ზრუნავს, რომ ჩვენ, საზოგადოება მშვიდად ვიყოთ. ეს ხომ თავიდან ბოლომდე მათი უფლებამოსილებაა და უნდა დაალაგონ ეს პრობლემები. იმის გამო, რომ კრიმინალი გაიზრდება (შესაძლოა) და შენ მეორე პრობლემას არ აგვარებს, ეს არაა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი.

სახელმწიფოს ვალდებულებაა, იზრუნოს ყველა მოქალაქეზე. ისე უნდა დაიცვას, რომ არც კრიმინალი გაიზარდოს და პატიმრებზეც იზრუნოს. თანაც აქ თავისუფლებაღკვეთილი ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფაზეა საუბარი.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია