მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„თუ კაცობრიობას გლობალურად რამე ემუქრება, ერთ-ერთი კლიმატის ცვლილებაა - არ იმოქმედებ და ცივილიზებული სახელმწიფოების რიგიდან ამოვარდნილი ხარ“ - 08 მარტი 2022

ჩამრთველიდან კვების წყაროს გამორთვისას იზოგება ნახევარი ტონა CO2 ემისია ყოველ წელს, ენერგოეფექტიან განათებაზე გადასვლით გლობალურად შესაძლებელია 500 მლნ ტონა CO2ის გაფრქვევის შემცირება - იმოქმედე  კლიმატისთვის!

გელა მამულაშვილი

კლიმატის ცვლილება ჩვენი უსიამოვნო რეალობაა და მას ვერსად გავექცევით. ყველგან გახშირებული ხანძრები, ხანგრძლივი და რეკორდულად ცხელი ზაფხულები, დამშრალი წყალსაცავები, ტბები და მდინარეები, ტყის მასის შემცირება და გაუდაბნოების ზრდა - მოვლენების არასრული ჩამონათვალია, დედამიწის ბინადრებს მეტი სიფხიზლისკენ რომ მოგვიწოდებს. პლანეტარული მასშტაბის განგაშის ზარები ხმამაღლა ჩართულია სიცოცხლის გადასარჩენად.

გლობალური რისკების ანგარიში (მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შექმნილი), კლიმატის ცვლილებას ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რისკად ასახელებს, ტერორიზმის შემდეგ. ამჟამინდელი ცვლილება განსაკუთრებულია, სხვებისგან განსხვავებით  გამოწვეულია ადამიანის ინტენსიური საწარმოო საქმიანობით, განსაკუთრებით, წიაღისეული საწვავის ინტენსიური მოხმარებით (ტრანსპორტი, საწარმოები და ..), ენერგიის არაეფექტიანი გამოყენებით და სხვა, რის შედეგად ატმოსფეროში სათბურის გაზები გაიფრქვევა; გროვდება ატმოსფეროში და აფერხებს დედამიწიდან სითბოს გადინებას, იწვევს სათბურის ეფექტს და, შესაბამისად, გლობალურ დათბობას განაპირობებს.

კლიმატის ცვლილებამ მსოფლიო მნიშვნელოვანი ეკონომიკური და გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დააყენა. გარემოსდაცვითი თვალსაზრისით: ექსტრემალური მოვლენების გააქტიურება, მტკნარი წყლის რესურსების კარგვა, გვალვების გაძლიერება, რაც გავლენას ახდენს ეკონომიკურ რისკებზე; მაგ: ზემოაღნიშნულ პროცესებს სურსათის დეფიციტისა და სხვა პრობლემებამდე მივყავართ; ექმნებათ სხვა სექტორებსაც, მაგ; ენერგეტიკის სექტორს - ელექტროენერგიის გენერაციას კლიმატის ცვლილება პრობლემებს უქმნის, ტემპერატურის მატების გამო მასიურად იზრდება მოთხოვნა გაგრილების ტექნოლოგიებზე, რაც დამატებითი დაწოლაა ენერგეტიკის სექტორზე.

ფიზიკურ დონეზე გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება გამოვლინდება უპირველესად საშუალო წლიური ტემპერატურის ზრდით, რაც იწვევს ისეთ პროცესებს, როგორებიცაა: არქტიკის ყინულის და მყინვარების დნობა მთებში, მსოფლიო ზღვის დონის აწევა და .. კიდევ უფრო საგრძნობია ექსტრემალური ტემპერატურების ცვლილება. ეს ნიშნავს ყოველწლიურად უფრო მეტ ძალიან ცხელ და ძალიან ცივ დღეებს სხვადასხვა რეგიონში, რაც თავისთავად მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის ადაპტაციის თვალსაზრისით როგორც ცოცხალი ორგანიზმებისათვის (ადამიანის ჩათვლით), ისე ბუნებრივი გარემოსათვის.

ჩვენი რესპონდენტი, გიორგი ბირთველიშვილი გვახსენებს, რომ 2010-2020 წლებში მასიურად გახმა ფიჭვნარის დიდი ნაწილი თბილისში, ხანძრებმა იმატა. მისივე დაკვირვებით, ბოლო დროს რეკორდულად დაიკლო ლისის ტბამ ისე, რომ უნალექო ამინდების პირობებში მისი გადარჩენის აუცილებლობა დგება, - ზამთარში გუდაურშიც კი აღარ მოდის დიდი თოვლი:

თბილისში მწვანე სივრცე იმდენად შემცირდა, ბეტონის გროვად ქცეულია. ყოველდღე ლისსა და კუს ტბაზე ადამიანთა იმ რაოდენობას ვაწყდებით, საცობი იქმნება არამხოლოდ მანქანების, ადამიანებისაც კი. 2015 წლის პარიზის შეთანხმების წევრ სახელმწიფოს ვალდებულება გვაქვს შევამციროთ გარემოს დაბინძურება და გამონაბოლქვი, ვასრულებთ ჩვენს წილს და ვზრუნავთ მოქალაქეებზე? ორი-სამი უქარო დღე თბილისში უდრის დიდ სმოგს, რაც ფილტვებისა და სისხლძარღვების დაავადებების უმთავრესი წყაროა. იგივე შეიძლება ითქვას კანცეროგენებზე. „დოიჩე ველეწერს, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს გარემოს დაბინძურების გამო ადამიანთა გარდაცვალების კუთხით. კითხვა მარტივია: რატომ არ შუქდება ინტენსიურად ეს მოვლენები?“

ნუკრი გორგაძე გვეუბნება, რომ კლიმატის ცვლილება გუშინ და დღეს არ დაწყებულა, - დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია, სადაც მუდმივად ცვლილებები მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქმე ისაა, რამდენად ჩქარა მიმდინარეობს ეს პროცესი:

ახლა გლობალური დათბობაა და ამის დამაჩქარებელი გარემოზე ადამიანის ზემოქმედებაა. გამოსავალი სწორი, მდგრადი პოლიტიკის და მაღალტექნოლოგიური ეკონომიკის დანერგვაა, რომელსაც ტვინი და მონდომება სჭირდება (რაც ჩვენნაირი მენტალობისა და პოლიტიკის მქონე ქვეყნებისთვის გამოწვევაა). ამიტომ გარემოზე ზემოქმედება ორმაგდება. არადა, ჩვენნაირ ქვეყანაში თითზე ჩამოსათვლელი ქარხანაა და პროდუქცია მინიმალური იქმნება - საფრთხეს კი უქმნის იმაზე მეტს, ვიდრე მაღალგანვითარებული ქვეყანა შექმნის“.

მერაბ დიასამიძე ამბობს, რომ საქართველოშიმეტწილად 1500 დოლარად ნაყიდი ჯართი მანქანებიდან, 10-დან ცხრას კატალიზატორი გამოღებული აქვს“. მისივე თქმით, აქედან ნახევარს მოჰპარეს, დანარჩენი თანხის გამო აცლის: „ნუთუ პრობლემის მოგვარება ასე რთულია? ტექნიკური ინსპექტირება ხომ ცალკე უაზრო ფულის მახეა. ამ ფონზე, მაინც მიკვირს ბოლო ოც წელიწადში ასე რადიკალურად როგორ შეიცვალა ყველაფერი. ჩემ ბავშვობაში სოფელში ისეთი თოვლი მოდიოდა, ბავშვები შიგნით ვიმალებოდით. ახლა ოდნავ თუ წამოფიფქავს და ეგაა“.

ნუგზარ მენაბდე ამ საქმეში მთავარ პასუხისმგებლობას უხარისხო ტრანსპორტს არ აკისრებს. მისი თქმით, ქვეყანაში ბევრი სხვა პრობლემაა - დღემდე არ ხდება ნაგვის დახარისხება, სწორად უტილიზაცია: „ლილოს ნაგავსაყრელიდან ფრინველი/მღრღნელი/ქვეწარმავალი რომ თბილისს მოაშურებს... ყველაფერს ძირს ყრიან, იმის გახრწნისას... დიდ შეუგნებლობას ვიჩენთ! ამის მიუხედავად, პირველი ლოკდაუნის დროს ლურჯი ცა იყო თბილისის თავზე, ახლა ისევ დაბინძურებულია. მანქანები და კატალიზატორებიც გასაგებია, მაგრამ საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერი არის რუსთავში (ეს სადაც ზომავენ და ვიცით, შეიძლება ზესტაფონში უარესი იყოს). ალბათ საწარმოო ფილტრებს საბჭოეთის დაშლიდან აღარ იყენებენ მეტალურგიული, აზოტი და რაცაა მანდ კიდევ“.

იგორ ყაზაროვსაც არ ესმის, როცაგაივლიან-გამოივლიან და ისევ ავტომობილებს მიადგებიან“. მისივე თქმით, თვითმფრინავები, მესაქონლეობა, ტყეების ჩეხა, კრიპტომაინინგი (რამდენ ენერგიას მოიხმარს გლობალურად და რა ზიანს აყენებს ეკოსისტემას, ვინმეს თუ აინტერესებს დაძებნოს კარგად), კატასტროფულ ქმედებებს რატომ ვერ თუ არ ამჩნევენ ფსევდო გულშემატკივრები:

კლიმატის ცვლილება ყველასთვის დასანახი პროცესია. დიდწილად ალბათ ადამიანის ბრალია, თუმცა, დედამიწის ისტორიიდან ვიცით ვრცელი პერიოდები, მის გარეშე რომ ხდებოდა დათბობა და გამყინვარებაც. დათბობის მოვლენებს ასე თუ ისე აშუქებს დასავლური პრესა. ჩვენები მისგან გამოწვეულ კატასტროფებს ყურადღებას აქცევენ. შორს არ არის დრო, რომ დიდი წყალსაცავები სამკვდრო-სასიცოცხლო როლს შეასრულებენ სიცოცხლის სასარგებლოდ, როგორც სასმელი, ასევე სარწყავი წყლის სახით“.

მიშა მამასახლისის დაკვირვებითაც, ლისის ტბაზე წყალმა კატასტროფულად დაიკლო, სანაპირო ზოლი შესამჩნევად გაიზარდა, - სადაც ნავები პირდაპირ წყალში ჩადიოდა, ახლა მინიმუმ სამი-ოთხი მეტრი კიდევ ხმელეთია. ამასთან, ფოტოებს გვიგზავნის და დასძენს, რომ ლისის შემოგარენში ფიჭვები ხმება:

ეს ფოტოები სექტემბერში გადავიღე. არადა, 2013-ში ნავები პირდაპირ საყუდლიდან შევიყვანე წყალში იმხელა იყო. ლისის თავზე არსებული კიდევ ერთი ტბიდან ახლა ნასახიც აღარ არის. 2 წელია ნალექის რაოდენობას ვზომავ, შარშან და შარშანწინ ნორმის ნახევარი იყო, ჩვეულებრივი გვალვაა. ჩემს ბავშვობაში მოდიოდა დიდი თოვლი (70-იანებში), ციგაც კი მქონდა. სტუდენტობის დროსაც მოდიოდა. ახლა ბაკურიანი რომ არა, ჩემ შვილებს თოვლი რა არის არ ეცოდინებოდათ. ბოლო დროს წესიერად იქაც აღარ მოდის“.

მისივე თქმით, თბილისს აკლია სიმწვანე, რაც ყველგან (მათ შორის, შემოგარენშიც) თვალშისაცემია, - ტყე ირგვლივ არაა და გახრიოკება მიმდინარეობს; მარტო ჟანგბადის ემისია ხომ არაა, ფესვიაკაჩავებსდა ინარჩუნებს სინესტეს, მზის სხივებს (ანუ სიმხურვალეს ), ზოგადად ტყის მასივი ანეიტრალებს სითბოს და ნიადაგიც მდიდრდება:

ნაგავი რომ იხრწნება, ის გაზი სად მიდის? კიდევ სამშენებლო მტვერი კორონავირუსზე უარესია. კორონას გადაიტან და ის რომ ჩაჯდება სასუნთქ ორგანოში, კიბოს და ათას უბედურებას იწვევს. საცხოვრებლად უვარგისი გახდება დაბლობები, მაღალმთიანი პლატოები უფრო მიმზიდველი. თბილისი ისედაც ნაკლებად ნიავდება. ბრიტანელი მეცნიერების ახალი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე ჰაერის დაბინძურების გრძელვადიან გავლენას ადასტურებს. კვლევის მიხედვით, ბავშვობაში დაბინძურებული ჰაერით სუნთქვას ადამიანის კოგნიტიურ უნარებზე მავნე გავლენის მოხდენა 60 წლის შემდეგაც შეუძლია“.

CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი) ექსპერტის, ნინო თევზაძის თქმით, საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება (გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ) ნათლად აჩვენებს, როგორ არის ბოლო პერიოდში ტემპერატურა გაზრდილი. მისივე განმარტებით, კონკრეტულად, 0, 47 გრადუსით მომატებულია ქვეყნის ტერიტორიაზე საშუალოდ ტემპერატურა - ასევე, შეცვლილია ტენიანობა - აღმოსავლეთ საქართველოში 5-დან 15%-მდე შემცირებულია, დასავლეთში პირიქით გაზრდილია:

კლიმატის ცვლილების გავლენაზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ზღვის დონის მატება, სანაპირო ზონის ეროზია, ასევე მყინვარების ფართობებისა და რაოდენობის შემცირება. მაგ; ბოლო 50 წლის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში მყინვარების ფართობი 27%-ით შემცირებულია. აღსანიშნავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დეგრადაცია, შედეგად მოსავლიანობის შემცირება. კლიმატის ცვლილება იწვევს ტყის ხანძრების გახშირებას. ვახსენეთ ნიადაგების დეგრადაცია, რაც მემცენარეობის მიმართულებით აჩენს პრობლემებს, ასევეა მეცხოველეობაში. ტემპერატურის მატება, განსაკუთრებით სითბური ტალღები მესაქონლეობაზე სერიოზულად მოქმედებს, აუარესებს პირუტყვის ჯანმრთელობას. შექმნილი სიტუაცია ახალი დაავადებების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის, მცირდება წველადობა და ..“

მისივე თქმით, ადამიანებში გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების დაავადებები მატულობს: „შრომისუნარიანობა იკლებს და მეტი ძალისხმევა, ინფრასტრუქტურული პირობები არის საჭირო - თუნდაც გაგრილების პირობების შექმნა, ასეთ პირობებში დასაქმებულმა ადამიანებმა საქმიანობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში შეძლონ“.

ნინო თევზაძე ამბობს, რომ ჩვენი რელიეფიდან გამომდინარე, არანაკლებ საყურადღებოა სტიქიური ბუნებრივი პროცესების გახშირება - ღვარცოფები, წყალდიდობები. მისივე თქმით, ამ კუთხით ძალიან მოწყვლადი რეგიონები გვაქვს - იგივე რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა, გურია: „რასაც ეკომიგრანტების პრობლემა მოსდევს. კლიმატის ცვლილება ამ პროცესებს მკაფიოს ხდის და ამძაფრებს“.

წყალზე ხელმისაწვდომობაზე საუბრისას ექსპერტი განმარტავს, რომ აქ ორი მომენტი გასათვალისწინებელია: ტემპერატურის მატებისას ნალექები არათანაბრად განაწილებულია, რის გამოც წყალზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ხდება - სხვადასხვა სექტორში, სოფლის მეურნეობა იქნება, საწარმოო მიზნებით გამოყენება თუ სხვა, მოთხოვნა იზრდება. მეორე მხრივ, მისივე თქმით, მყინვარები დნება, წყლის მეტი აორთქლებაა და შესაბამისად, დეფიციტი იქმნება:

წყლის რესურსების დაზოგვას, ეფექტიან გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. რჩევებს არ ჩამოვთვლი, რომ კბილის გამოხეხვისას წყალი დავკეტოთ და შხაპის მიღებისას უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ; სოფლის მეურნეობაში ეფექტიანი გამოყენება და წყლის დამზოგველი ტექნოლოგიების დანერგვა უმნიშვნელოვანესია. იგივე წვეთოვანი მორწყვის დანერგვა, რაც არამარტო დაზოგვის საშუალებას გვძლევს, არამედ წყლისმიერი ეროზიისგანაც იცავს ნაკვეთს - რესურსი მიზნობრივად გამოიყენება. ამ დროს სასუქების გამოყენებაც უფრო მიზნობრივად არის შესაძლებელი, და შედეგად, შეგვიძლია ნიადაგის ზეჭარბი დაბინძურება ავიცილოთ თავიდან“.

ნინო თევზაძე გვეუბნება, რომ მდინარეების დაბინძურება კლიმატის ცვლილებასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მდგომარეობას წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობის ფონზე ამძაფრებს. მისივე თქმით, ეს მდინარეებთან ახლოს ნარჩენების არალეგალურად დაყრით გამოწვეულია: „დამატებითი ფაქტორია, რაც წყალზე ხელმისაწვდომობას უფრო ამძაფრებს. ნარჩენების ეფექტიანად მართვა მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ - მდინარეები იქნება, ნიადაგი თუ სხვა ეკოსისტემა. მეორე მხრივ, ნარჩენების ეფექტიანი მართვა (გადამუშავების კომპონენტით) გვაძლევს საშუალებას როგორც მეორადი რესურსი გამოვიყენოთ. აქ ეკონომიკური ფაქტორები შემოდის, გადამუშავების შედეგად ეკონომიკაში ჩავაბრუნოთ“.

CENN-ის ექსპერტი ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობაზე ამბობს, რომ  პროგნოზი არცთუ სახარბიელოა - 2041-70 წლებში 1971-2000-წლებთან შედარებით 1,6-3 გრადუსის ფარგლებში ტემპერატურის ზრდა არის მოსალოდნელი, რაც საკმაოდ დიდი ცვლილებაა. მისივე თქმით, ნალექების კუთხითაც ცვლილებებს ველით:

იგივე პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ 9%-ით შემცირდება. ყველაზე დიდი კლება ფასანაურში არის ნავარაუდევი, ყველაზე მცირე (5.3%) საგარეჯოში. ინფორმაცია ყურადსაღებია, რათა წინასწარ შემუშავდეს საადაპტაციო მექანიზმები ყველაზე მოწყვლად სექტორებში; ეს იქნება ზღვის, მთის ეკოსისტემები, ჯანმრთელობა, სოფლის მეურნეობა, რომელიც კლიმატის ცვლილების პროცესის კონტრიბუტორიცაა და, მეორე მხრივ, მისი ზეგავლენის ქვეშ ექცევა. ასევე, ვიმუშაოთ იმ სექტორებში, სადაც ემისიების შემცირების პოტენციალია“.

მისივე განმარტებით, შემუშავებულია ეროვნულად განსაზღვრული წვლილის ..  NDC დოკუმენტი, სადაც მითითებულია სექტორები, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ ემისიების გამოყოფაში: „შემცირების პოტენციალია ტექნოლოგიების დანერგვით, რომელიც ნაკლები ემისიების გაფრქვევას უწყობს ხელს. იგივე სატრანსპორტო სექტორი 24%-ის კონტრიბუტორია. ასევე ენერგიის გენერაცია და გადაცემა, განახლებად რესურსებზე გადასვლა და ენერგიის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია; მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, რომელსაც ემისიებში 19% აქვს, განსაკუთრებით აღსანიშნავი მესაქონლეობაა. ნარჩენების მართვას ემისიებში 8% აქვს, შემცირების პოტენციალია. შენობების ენერგოეფექტიანობის კუთხითაც სხვადასხვა აქტივობის დანერგვა გვჭირდება“.

ბიომრავალფეროვნების შემცირება, სახეობების კარგვა რამდენად გამოხატულია? ნინო თევზაძე გვეუბნება, რომ ტყის ეკოსისტემა კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადია (მავნებლების ეფექტი გაზრდილი) - გახშირებულია ხანძრები, სხვადასხვა ტიპის დაავადება. ამ ფონზე, მისივე თქმით, ბუნებრივი გარემო, სადაც ბიომრავალფეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ საფრთხის ქვეშაა: „ადგილი აქვს სახეობების მიგრაციას დაბლობიდან მაღალმთიანეთში. იგივე სითბური ტალღები, წყლის რესურსების დეფიციტი ზემოქმედებს და გადაწყობა-ადაპტაცია სჭირდებათ. აუცილებელია ემისიების შემცირება, რათა სახეობების გაქრობა მინიმუმამდე დავიყვანოთ“. 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე აქცენტისას ექსპერტი ამბობს, რომ სამრეწველო ქალაქებში კლიმატის ცვლილებას ჰაერის დაბინძურება ემატება. მისივე თქმით, რიგ შემთხვევაში, ცვლილების გამომწვევი ემიტორები დაბინძურებასაც უწყობს ხელს:

საჭიროა განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის ახალ ტექნოლოგიებზე და არამოტორიზებულ საშუალებებზე გადასვლა, იქნება ეს ველოსიპედები, თუ გადაადგილების სხვა საშუალებები. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მოსახლეობის პასუხისმგებლობაც აქტიურად შემოდის; სადაც კი შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური გამოყენება, ფეხით გადაადგილება, ან .. დამგზავრების პრაქტიკის დანერგვა“. 

ნინო თევზაძის განმარტებით, ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტში გამოყოფილია სექტორები, სადაც ემისიების შემცირება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, სტრატეგიასა (2030 წლამდე) და სამოქმედო გეგმაში (2023 წლამდე) გვაქვს ენერგიის გენერაცია და გადაცემა, სატრანსპორტო სექტორი, შენობები, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, ტყის რესურსების მართვა - ამის მიხედვით რა უნდა გაკეთდეს და, მეორე მხრივ, ქვეყანა საადაპტაციო გეგმაზე მუშობას დაიწყებს:

იმედია, ეს უახლოეს მომავალში მოხდება. გეგმა გვექნება იმისთვის, რომ მოწყვლად სექტორებში ადაპტაციის ეფექტიანი მექანიზმები დავნერგოთ; სადაც საზოგადოების ჩართულობას დიდი დატვირთა აქვს. არის ინდივიდუალურ დონეზე გასაკეთებელი აქტივობები, - განსაკუთრებით, როცა ენერგიის და რესურსების რაციონალურ მოხმარებას და დაზოგვას შეეხება“.

საზოგადოების, მოქალაქეების მიმართ კონკრეტული რჩევები როგორი იქნებოდა? ექსპერტი ამბობს, რომ უპირველესად, ენერგია რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ - როცა არ გვჭირდება ესა თუ ის მოწყობილობა გამოვრთოთ ქსელიდან, ლედნათურები გამოვიყენოთ. მისივე თქმით, ტექნიკის შეძენისას ყურადღება მივაქციოთ მოწყობილობის ენერგოეფექტიანობას:

მაქსიმალურად გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან ფეხით ვიაროთ, რაც ჯანმრთელობისთვისაც კარგია. ასევე, არამოტორიზებული ტრანსპორტი გამოვიყენოთ აქტიურად; ან რამდენიმე თანამშრომლის მიერ დამგზავრების პრაქტიკა. ნარჩენების მართაში შეგვიძლია მრავალჯერადი გამოყენების ნივთების პოპულარიზაცია ვურჩიოთ. ისეთი პროდუქცია შევიძინოთ, რომელიც სეზონური და ჩვენთან ნაწარმოებია; რადგან პროდუქტის ტრანსპორტირებისას დამატებითი ემისიების გამოყოფა ხდება. პროდუქტისა თუ ნივთის მაქსიმალური დროითი პერიოდში გამოყენება, რათა (რაც შეიძლება ნაკლებად) დიდი დროის შემდეგ მოხვდეს ნაგავსაყრელზე, თუ შეუძლებელია მისი გადამუშავება. ასევე, მნიშვნელოვანია ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკის დანერგვა. თუ თქვენს ქალაქში ან დასახლებაში გადამუშავების (ან წინასწარი დამუშავების) საწარმოა,  დავუკავშირდეთ და მივუტანოთ სხვადასხვა სახის ნარჩენი - ქაღალდი, პლასტმასა თუ სხვა. იგივე წყლის რესურსების დაზოგვა ერთი შეხედვით მარტივად შეიძლება ჩანდეს, შედეგი თვალსაჩინოა. რესურსების დაზოგვასა და ემისიების შემცირებაში ინდივიდუალურ დონეზე წვლილი შევიტანოთ“.

კლიმატის ცვლილების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება როგორია? ნონი თევზაძე  გვეუბნება, რომ კონკრეტული მიმართულებით (ევროკავშირის მხარდაჭერით) მუშაობენ კახეთში, გურიაში, რაჭასა და იმერეთში, - განსაკუთრებით ახალგაზრდები მგრძნობიარე არიან საკითხის მიმართ, შესაძლებლობის ფარგლებში ჩართვას ცდილობენ. მისივე თქმით, დიდი გზაა გასავლელი, მეტი ინფორმაცია და ცოდნა სჭირდებათ, როგორ არის ეს ჩართულობა შესაძლებელი:

მნიშვნელოვანია ჩართულობის მექანიზმების არსებობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში. შემუშავებული გვაქვს პლატფორმები ეროვნულ და რეგიონულ დონეზე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდროდ ვმუშაობთ, რათა ადგილზე არსებული პრობლემები განხილული და გათვალისწინებული იყოს საკანონმდებლო სივრცეში, როცა სხვადასხვა ტიპის დოკუმენტის შემუშავება ხდება; რათა ადგილობრივი მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების პროცესში ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს“.

ექსპერტი ამბობს, რომ ეროვნულ დონეზე წვლილის დოკუმენტში ქვეყნის ვალდებულება განსაზღვრულია - რამდენი პროცენტით უნდა შემცირდეს ჩვენი ემისიები. ასევე, მისივე თმით, საქართველოს კლიმატის ცვლილების (2030) სტრატეგიასა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმაში ასახულია, როგორ უნდა მოხდეს აღებული  ვალდებულების მიღწევა:

ამისკენ აქტიურად უნდა ვიაროთ და დოკუმენტში გაწერილი აღვასრულოთ. გვაქვს უპირობო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის ემისიები 35%-ით შემცირდეს (1990 წელთან შედარებით). ასევე, გვაქვს პირობით ვალდებულება - თუ მსოფლიო გლობალური საშუალო ტემპერატურის 2%-იან სცენარს გაჰყვება, მაშინ 50%-ით, ხოლო 1.5oC-მდე ტემპერატურის შეზღუდვის სცენარის შემთხვევაში, საჭირო იქნება ემისიების 57%-ით შემცირება. ახლა საჭიროა ქვეყნის მიერ მეტი თვითმონიტორინგი, თუ რამდენად მივდივართ აქეთკენ; მითითებულ სექტორებში რამდენად ხდება სტრატეგიაში გაწერილი ახალი ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვა.

ბიზნესთან მიმართებაში საყურადღებოა, რომ მოთხოვნების დონეზე მისთვის ჩაიდოს ეს ვალდებულებები. ბუნებრივია, შესაბამისი მონიტორინგისა და კონტროლის პირობებში ბიზნესიც ამ მოთხოვნებს გაჰყვება. გამოხატულ ნებას ვხედავთ, რადგან შესრულებაზე საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს აღებული, საჭიროა მეტი აქტიურობა და მონიტორინგი; თვითმონიტორინგი სახელმწიფოსა და არასამთავრობოების მხრიდანაც. ასევე, ტექნიკური დახმარება იმისთვის, რომ რეალურად განხორციელდეს, რაც დოკუმენტებში გაწერილია“.      

მწვანეთა პარტიისთავმჯდომარე (მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან) გიორგი გაჩეჩილაძე ადასტურებს საქართველოს ვალდებულებას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ღონისძიებები გაატაროს. მისი თქმით, მთავარი გამომწვევი ორგანული საწვავის (ქვანახშირი, ნავთობი და ..) მოხმარება და წვაა, - ჩვენთან კი ატმოსფეროს დაბინძურებაში (ბენზინის წვით) წამყვანი როლი ავტოტრანსპორტს აკისრია:

შესამცირებლად რა გაკეთდა? უპირველესად, ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების შემოყვანა საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლდა; სერიოზული ნაწილი სწორედ ჰიბრიდულმა ტექნიკამ ჩაანაცვლა. ხედავთ თბილისის ქუჩებში ძალიან ბევრი ჰიბრიდული მანქანა დადის, რაც ბენზინის გამოყენებას ანახევრებს. შემოვიღეთ ტექნიკური დათვალიერება, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა. სრულყოფილად ძალაში შესული არ არის (ავტოტრანსპორტის მფლობელებს პრობლემები რომ არ შეჰქმნოდათ), დაბინძურების შემცირებაში როლი ითამაშა.

ამას გარდა, ჯერ კიდევ 1999 წელს პარლამენტმა ჩემი ინიციატივით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიიღო ჩანაწერი, რომ ქვეყანაში ტყვიის შემცველი (ეთილირებული) ბენზინი უნდა აკრძალულიყო. სამწუხაროდ, ძალაში შესვლას დიდი დრო დასჭირდა, რადგან ბენზინის იმპორტიორები დაინტერესებული იყვნენ (ეთილირებული საგრძნობლად იაფი ღირს). მხოლოდ 2014 წელს მთავრობამ როგორც იქნა გადაწყვეტილება მიიღო; მონიტორინგის ქსელმა ატმოსფეროში ტყვიის შემცველობის კლება დააფიქსირა, ახლა ფაქტობრივად ნორმაშია. ბენზინის ხარისხზე მოთხოვნები გაიზარდა. ევროპულ სტანდარტზე გადავედით, წვისას უფრო ნაკლები სათბური გაზები გამოიყოფა. კიდევ ბევრია გასაკეთებელი - ევროპა ისე წინწასულია, საერთოდ ელექტროტრანსპორტზე გადასვლას ფიქრობენ. ამისთვის სამრეწველო ობიექტების გადაიარაღება მიმდინარეობს და . .“ 

მისივე თქმით, აქ ენერგეტიკის განვითარების საკითხი მნიშვნელოვანია: „ჩვენი გაზზე მომუშავე  თბოსადგურები ნაკლებად პრობლემურია, კლიმატის ცვლილებაში გარკვეულ როლს მაინც თამაშობს. თბოსადგურების მშენებლობა ენერგეტიკის განვითარებას ხელს უწყობს, მაგრამ ჰიდროენერგეტიკა უნდა განვავითარეთ (რის რესურსიც გაგვაჩნია), რადგან მწვანე ენერგეტიკად მიიჩნევა; ისევე, როგორც ქარის, მზის ენერგიის წარმოება. ოღონდ, რასაკვირველია, ეკოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად უნდა გაკეთდეს“. 

გაჩეჩილაძე დამატებით ნაბიჯებთან დაკავშირებით გვეუბნება, რომ მიღებულია ევროკავშირთან ჰარმონიზებული კანონმდებლობა - გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონი. მისივე შეფასებით, ძალიან მკაცრია, ნებისმიერმა ობიექტმა (მსხვილმა თუ საშუალო ზომის) წინასწარი ეკოლოგიური ექსპერტიზა უნდა გაიაროს, - ვერ გაივლის, ვერ აშენდება:

საფუძველი მზად არის, რომ კლიმატის ცვლილებასთან აქტიური ბრძოლა დავიწყოთ. ბიზნესის როლს რაც შეეხება, სახელმწიფომ ხელი თუ არ შეუწყო, ჰუმანიტარული მიზნებისთვის თვითშეზღუდვებს არ დაიწყებს. ისეთი ეკონომიკა უნდა განვითარდეს, კლიმატზე ნაკლები უარყოფითი გავლენა რომ ექნება - ნაკლები გამონაბოლქვი, სათბური გაზების გამოტყორცნის ობიექტები და .. სტიმულისთვის შეღავათები მიეცეთ ან გათავისუფლდნენ გარკვეული გადასახადებისგან. ბიზნესი თავისთავად არამარტო ჩვენთან, არსად არაფერს აკეთებს, ყველგან მოგებაზე ორიენტირებულია. მარეგულირებელი სახელმწიფო უნდა იყოს“.

მწვანეთა პარტიისლიდერი ადაპტაციის აუცილებლობაზე საუბრობს და დასძენს, რომ კლიმატის გლობალური ცვლილება ჩვენც დიდ პრობლემებს გვიქმნის. ადასტურებს, რომ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურამ აიწია, - განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია აღმოსავლეთ საქართველოში გვექმნება, რადგან გვალვების ინტენსივობა (ნალექები მცირდება) ორჯერ გაიზარდა:

საბრძოლველად საჭიროა წყალი, სასოფლო სავარგულებზე მოსავალი მივიღოთ. რეგულაცია, წყალსაცავების მშენებლობა სჭირდება, რომ ზაფხულისთვის შეინახო. სოფლის მეურნეობის ადაპტაციასთან დაკავშირებით კომპლექსური შეფასება და წინასწარი ღონისძიებების გატარება უცილებელია. შავი ზღვის სანაპირო ზოლთან სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაღალბალიანი ღელვები გახშირდა, სისტემატური ხასიათი მიიღო. იმის გარდა, რომ სანაპირო ზოლს ანგრევს და პრობლემებს უქმნის, აჭარა-გურიის ტურისტულ ეკონომიკაზე შეიძლება იმოქმედოს. ასევე, მაღალი სიჩქარის ქარების ინტენსივობა გააქტიურებულია. საქართველოში ქარბორბალა დიდი იშვიათობა იყო, ახლა ძალიან გახშირებულია. კლიმატის ცვლილების ინდიკატორი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მყინვარების ინტენსიური შემცირებაა. ზაფხულში მდინარეების წყლიანობას შეამცირებს, რომლებიც მყინვარების დნობით იკვებებიან. ადაპტაციის პროგრამები მუშავდება, დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მარტო გაეროში რამდენიმე მილიარდიანი მწვანე საერთაშორისო ფონდია შექმნილი, რის საშუალებითაც საქმის კეთება შესაძლებელია“.

ამ გზაზე მთავრობის გამოხატულ ნებას რაც შეეხება, გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ეს ნებაზე დამოკიდებული არ არის, ვალდებულებაა. მისივე თქმით, ვინც არ უნდა იყო ხელისუფლებაში, გინდა თუ არა, ეს უნდა გააკეთო, - არ იმოქმედებ და ცივილიზებული სახელმწიფოების რიგიდან ამოვარდნილი ხარ: „ეს უბედურება ყველგანაა მოდებული. თუ კაცობრიობას გლობალურად რამე ემუქრება, ერთ-ერთი კლიმატის ცვლილებაა. წარმოიდგინეთ, აფრიკაში, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში უმძიმესი სოციალური პრობლემებია, კლიმატური ცვლილებების (გვალვები, უწყლობა) გამო სოფლის მეურნეობაშიც ვერაფერს აკეთებენ, ეს ხალხი გადარჩენისთვის ხომ მიგრაციას იწყებს? სად წავა ეს ასეულობით მილიონობით ადამიანი? მოაწყდება იმ ქვეყნებს, სადაც გამოსაკვებად მაინც გარკვეული პირობები არსებობს. ამიტომ გლობალური პრობლემის ყველას ეშინია და ვალდებულია პროცესში მონაწილეობა მიიღოს“.               

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლაზგოში კლიმატის ცვლილების 26- სამიტზე ხაზი გაუსვა საქართველოს ტყეების დაცვის აუცილებლობას და ემისიების შთანთქმის უნარის გაძლიერების (ხელშეწყობის) მნიშვნელობას. „აღსანიშნავია, რომ გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26- სამიტის ფარგლებში (COP26), საქართველო მიუერთდა აშშ-ის ინიციატივას მეთანის ემისიების შეზღუდვასთან დაკავშირებით; ასევე, ინიციატივასინოვაციები სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების დასაძლევად”, - ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ქართულ მხარეს ამ მიმართულებით აქვს ძალიან მკაფიოდ, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული დოკუმენტი: „დოკუმენტის საერთაშორისო შეფასებისას ხაზი გაესვა, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია მაღალი სტანდარტით მომზადებული, მთავრობის მიერ დამტკიცებული კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრი ამბობს, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაბინძურება დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ყოველდღიურობაზე, როგორც ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე და სოფლის მეურნეობაზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე:

კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, ეკონომიკაში უფრო გონივრული ტექნოლოგია უნდა გამოვიყენოთ. საქართველოც იზიარებს ამ პასუხისმგებლობას, რომლის მიხედვით 2030 წლისთვის, უპირობოდ უნდა შევამციროთ სათბურ აირების ემისია. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით, დონორებთან ერთად ბევრი სამუშაო გვექნება. 7 დარგის მიხედვით, განსაზღვრულია თანამედროვე გონივრული ტექნოლოგიების დანერგვა, რათა ეკონომიკური განვითარება იყოს მდგრადი, კლიმატის ცვლილებაზე ზემოქმედება იყოს მინიმალური. სატყეო სექტორის განვითარებით, ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით ჩვენ უნდა მოვახერხოთ კლიმატის ცვლილების შერბილება, რაც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, - თქვა მინისტრმა.

და ბოლოს, ჩამრთველიდან კვების წყაროს გამორთვისას (როდესაც არ მოვიხმართ მოწყობილობას) იზოგება ნახევარი ტონა CO2 ემისია ყოველ წელს; ხოლო ენერგოეფექტიან განათებაზე გადასვლით გლობალურად შესაძლებელია 500 მლნ ტონა CO2ის გაფრქვევის შემცირება. დიდი შედეგი მოაქვს ასევე არამოტორიზებული ტრანსპორტის გამოყენებას. რაღას ველოდებით, დავიწყოთ ბატონებო, რადგან დრო აღარ ითმენს!

პ.ს. სტატია ეძღვნება მეგობარი უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის, „ურდოელი“ ოკუპანტების წინააღმდეგ - დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია