მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზელენსკი ახალი სამხედრო კავშირის (U24) ინიციატივით გამოდის - 28 მარტი 2022

გამოსავალი ისაა, რასაც ახლა მსოფლიო აკეთებს - ცდილობს რუსეთში ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიოს, დრო სჭირდება“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას ახალი სამხედრო კავშირის, U24-ის შექმნის წინადადებით მიმართა. ის უნდობლობას უცხადებს მოქმედ ინსტიტუტებს. „მე მივმართე ამერიკის შეერთებულ შტატებს და პასუხისმგებლობის მქონე ყველა სახელმწიფოს, ახალი გაერთიანების - U24-ის შექმნის საკითხზე, რომელიც გასცემს გარანტიას, რომ ყოველი აგრესორი მიიღებს კოორდინირებულ, სწრაფ და ეფექტიან პასუხს დაუყოვნებლივ და არა ერთი კვირის, თვის ან წლის შემდეგ. ის პირველ 24 საათში დაიწყებს შეტევას.

ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია ვენდოთ მოქმედ ინსტიტუტებს. ჩვენ არ შეგვიძლია იმის იმედად ვიყოთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში ბიუროკრატები ასე სწრაფად შეიცვლებიან. ამიტომ, ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გარანტიები, შევქმნათ ახალი ინსტიტუტები, შევქმნათ ახალი მექანიზმები; ავიყვანოთ ისინი, რომლებიც გაბედულად გააკეთებენ იმას, რასაც სამართლიანობა მოითხოვს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

ამ თემაზე კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრეთ.

- ზელენსკის ინიციატივა უპერსპექტივოა, არცერთი სერიოზული სახელმწიფოს მეთაური არ გამოეხმაურა. მსოფლიომ ამისთვის გაერო შექმნა, რომელიც დღეს ძალიან სუსტად მუშაობს. ამიტომ მეეჭვება უკრაინის ლიდერის წინადადებას აჰყვნენ წამყვანი სახელმწიფოები, იმის მიუხედავად, რომ ღია აგრესიით აღშფოთებული არიან - რადგან რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ბირთვული სახელმწიფოა. შეგვიძლია უამრავი მაგალითი მოვიყვანოთ, იმავე ერაყთან, იუგოსლავიასთან დაკავშირებით, სადაც მსოფლიომ აგრესორის გაჩერება მოახერხა. მაგრამ მათ ბირთვული იარაღი არ ჰქონიათ, შესაბამისად, მათთვის კისრის მოგრეხა ადვილი იყო. ვერ ვხედავ რამდენიმე სახელმწიფოს პოტენციურ ღონისძიებას, რომელიც რუსულ აგრესიას გააჩერებს.

ზელენსკის კარგად მესმის, გამოსავალს ეძებს, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის.

- მაშინ სად არის გამოსავალი, იგივე საჰაერო სივრცის გადაკეტვაზე არაერთი თხოვნა-მოწოდება გაისმა კიევის მხრიდან...

- გამოსავალი ისაა, რასაც ახლა მსოფლიო აკეთებს - ცდილობს რუსეთში ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვიოს. დასავლეთი ამას ასრულებს კიდეც, რასაც დრო სჭირდება. სამწუხაროდ, უკრაინის ფრონტის ხაზზე ხალხი იღუპება, საშინელება ხდება. ისაა, რის წინააღმდეგაც თავის დროზე გაერო შეიქმნა და დაკისრებულ ფუნქციას ვერ ასრულებს.

საომარი მოქმედებები დასრულდება თუ არა, მხარეები დაზავდებიან და რაღაც შეთანხმებას ხელს მოაწერენ (რომელიც არ შესრულდება რუსეთის მხრიდან), ეს ყველაფერი ცეცხლის შეწყვეტის კომპონენტში მაინც იმუშავებს. მერე მოლაპარაკებები დაიწყება. ამის შემდეგ იქნებ მსოფლიომ გადახედოს საერთაშორისო სამართლის მიმართულებით თავის პოლიტიკას, რამდენად მყარი და მდგრადია. ამ ხელმოწერის შემდეგ საჭირო იქნება მკაცრი სანქციების გაგრძელება, ვიდრე პუტინი ხელისუფლებაში იქნება. პირობაც კი შეიძლება დააყენონ, რომ არ შეიძლება პუტინის ეს აგრესია ნაპატიები იყოს და მასთან კონტაქტების დამყარება შეუძლებელი იქნება. რუსულმა ელიტამ (ხალხი ამას არ გააკეთებს) შიდა პოლიტიკური პროცესებით პუტინი გვერდზე უნდა გაწიოს. ან არჩევნებით 2024 წელს, რაც რუსულ ეკონომიკას კიდევ უფრო დააქცევს და გააჩანაგებს, ან არჩევნებამდე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. რადგან პუტინიარჩეულიპრეზიდენტია, თუ საჭირო გახდება ვადამდელი კენჭისყრა უნდა ჩაატარონ. ხელისუფლების შეცვლის სხვა ფორმა არ არსებობს.

პუტინს არავინ გაასამართლებს, არც ჰააგა და არც რუსული სასამართლო. ერთადერთი საშუალება მისი პენსიაზე გაშვებაა, მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს? ან თვითონ უნდა გადადგეს, თქვას - დავიღალე, ჩემს ხალხს როგორც შემეძლო ვემსახურე, მეტი აღარ შემიძლია და ახლა მივდივარო. რაც თავის დროზე ელცინმა გააკეთა, ასე მოხდა მისი გადაყენება. მერე ვადამდელი არჩევნები დაინიშნა და პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში. პუტინმაც ამ ტიპის რაღაც შეიძლება გააკეთოს და თვითონვე წავიდეს. თუ ასე არ წავა, მეეჭვება შიგნით სამხედრო გადატრიალებით მისი იზოლირება მოახდინონ. ამ გზით გასამართლებაშიც ეჭვი მეპარება.

მესამე ვარიანტია 2024 წლამდე დალოდება, სადაც პუტინი უბრალოდ კენჭს აღარ იყრის. ასედამსახურებულადწავა თანამდებობიდან პენსიაზე; მის მაგივრად რომელიმე სხვაკაგებეშნიკსაირჩევენ, რომელიც აღიარებს, რომ შეცდომები იყო დაშვებული; არჩევნების შემდეგ ციხიდან ნავალნის გამოუშვებს, უკრაინასთან მოლაპარაკებებს განაგრძობს, სადაც დონეცკისა და ლუგანსკის მხარეებს დაუთმობს (მაგრამ ყირიმზე ვერ შეთანხმდებიან) და ამის შემდეგ შეიძლება უკვე რუსეთს სანქციები მოეხნას; როგორც კი პუტინი წავა ხელისუფლებიდან. მანამდე ეჭვი მეპარება და დიდი უსამართლობა იქნება, პუტინის ხელისუფლების პირობებში თუ მსოფლიო სანქციებს შეასუსტებს.

ამ წუთში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ერთადერთი გამოსავალი უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლაა; გამაოგნებელი, ფანტასტიკური ბრძოლა, რომელიც პუტინს აიძულებს ხელი მოაწეროს ზელენსკისთან დაზავებას და ცეცხლის შეწყვეტას. მერე ხდება ის, რაზეც ვისაუბრეთ.

- დღევანდელი საომარი ვითარება უკრაინაში ამ სცენარისკენ მიუთითებს?

- დიახ, პუტინი გაოგნებულია, ისევე როგორცქართული ოცნება“, რადგან არ ეგონათ უკრაინელები ამ დონის წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ეგონათ რუსები გაიმარჯვებდნენ, ამიტომ წინასწარვე ჩაბარდნენ რუსეთს, ჩვენდა სამწუხაროდ და საუბედუროდ. ბუნებრივია, პუტინის გეგმები აირია, ჯარს წინ ვერ სწევს. ის კი არა, ლუგანსკიც კი ვერგაათავისუფლაჯარებით, იქ და დონეცკში გამაოგნებელი წინააღმდეგობა დახვდა. ანუ ეს ხდება იმ ტერიტორიებზე, რომლებიცდამოუკიდებლად აღიარა“. ეს ნიშნავს, რომ დღეს ცეცხლი რომ შეწყდეს, რუსეთს ხელში ვერ შერჩება ვერც დონეცკის და ვერც ლუგანსკის ოლქი მთლიანად. მხოლოდ მათ ნაწილზეა საუბარი. ანუ რაში ჩახოცა ამდენი ბიჭი გაუგებარია, რაღაც ნაწილი არაფორმალურად ისედაც აღებული ჰქონდა. ყირიმი,  ლუგანსკისა და დონეცკის ნაწილი სეპარატისტების მიერ ისედაც უკანონოდ მიტაცებული იყო (რომელსაც არავინ აღიარებდა). ნებისმიერი რუსი პუტინს კითხვას დაუსვამს, -  რაში ჩახოცე ჩვენი ბიჭები? ამიტომ პუტინს რაღაც ბონუსების აღება სჭირდება. მაგალითად, ჩაკეტოს აზოვის ზღვა, ხერსონი აიღოს და .. ამით რუს ხალხს გული მოულბოს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რადგან ყირიმის ეიფორია და კონსენსუსი ვეღარ შედგება.

ამ ფონზე, უკრაინა მკაფიოდ აჩვენებს რუსეთს, რომ მზად არის ცეცხლის შეწყვეტაზე - სადაც ვდგავართ, იქ დავდგეთო; მეორე - ნატოში არ მივდივართ, ეს უკვე წარსულია და ნეიტრალურ სტატუსს ვიღებთო, წერტილი; მაგრამ არანაირი ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დათმობა არ იქნება; შენ პუტინო, ამას ხელი უნდა მოაწერო, ცეცხლი შევწყვიტოთ და მერე სხვა საკითხებზე ვილაპარაკოთო. მგონია, რომ საქართველოს გზით წავლენ. ჩვენ ხომ არ ვცნობთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და ჟენევაში აგერ 14 წელია მოლაპარაკება მიდის. როგორ მიდის სხვა საკითხია. დაახლოებით ამ ტიპის რაღაც მოხდება - უკრაინა არ ცნობს რუსეთს არანაირ მიღწევებს უკრაინის ტერიტორიაზე, ამას მოლაპარაკების რეჟიმში გადაიტანენ და ამით ცეცხლის პერიოდი დასრულდება.

მერე როგორც ვთქვით, პუტინი უნდა წავიდეს, რათა ეკონომიკური სანქციები შემსუბუქდეს. და აი აქ ჩვენ სად ვართ? ჩვენ აქ ყოველდღე უნდა ვლაპარაკობდეთ, რომ არ შეიძლება რუსეთს შეუმსუბუქდეს სანქციები, ვიდრე მის მიერვე ხელმოწერილ პირობას არ შეასრულებს. 2008 წლის 2 აგვისტოს შეთანხმებით, რუსეთმა ჯარი უნდა გაიყვანოს 7 აგვისტოს მონაცემების მიხედვით. ყველაზე სამარცხვინო და გამაოგნებელი ისაა, რომ ჩვენ ამაზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ. ამაზე ყოველთვის ვლაპარაკობდით და ახლა აღარაფერს ვამბობთ.

ამ ფონზე, სამარცხვინო იქნება თუ უკრაინის გამო დასავლეთი რუსეთთან წარმატებას მიაღწევს და სანქციების შემსუბუქებას ისე დაიწყებს, რომ საქართველო საერთოდ არც  გაახსენდება; რადგან ჩვენ თვითონ არ ვახსენებთ საკუთარ თავს. ან რატომ უნდა გაიხსენონ, როცა ჩვენ ამისთვის არაფერს ვაკეთებთ? ამ მხრივ პრაქტიკულად ბელორუსის რიგში ჩავეწერეთ. ბელორუსი კიდევ ჯანდაბას, უფრო სომხეთის რიგში ვართ, როცა ხალხი ქუჩაში გამოდის და რაღაცას აპროტესტებს, მაგრამ ერევანი ჩუმადაა. დაახლოებით ყაზახეთის რიგში ჩავეწერეთ, უფრო ამ კატეგორიის სახელმწიფოდ ვიქეცით. ყაზახეთს და სომხეთს რუსეთი ეხმარება მაინც, ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და ხმას მაინც არ ვიღებთ. პუტინიზმისგან ღიად დაზარალებული ორი სახელმწიფო ვართ - უკრაინა და საქართველო, ამ დროს სხვა სახელმწიფოების ზურგს უკან ვიმალებით, თითქოს სხვები ვართ. არა ბატონო, ჩვენც უკრაინა ვართ და როცა ამას არ ვაჟღერებთ, ეს რასაკვირველია რუსული პოლიტიკის ნაწილია.

- საქართველოს მთავრობამ ეს ვითარებას როგორ უნდა გამოასწოროს?

- ნებისმიერ დროს შეიძლება ეს გამოასწოროს. არ შეიძლება უკრაინას თუნდაც ორი სახანძრო მანქანა გავუგზავნოთ? ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა და მისთ. ამ ტიპის ჰუმანიტარულ დახმარებაში მაინც გამოვადგეთ ჩვენს თავს.

დღეიდან დაიწყონ ხმამაღლა საუბარი, რომ რუსეთი თავისივე პირობას, ხელმოწერილ დოკუმენტს არ ასრულებს. მოლდოვასთან ხელი არ მოუწერია დოკუმენტზე, ჩვენთან ჯარის გაყვანაზე ხელმოწერა აქვს დაფიქსირებული. ასევე იაპონიასთან ხელი არ მოუწერია, ჩვენგან განსხვავებით. აქ პირობა აქვს დადებული, რომელსაც არ ასრულებს. ამიტომ ლეგიტიმურ- სამართლებრივად, მორალურად, პოლიტიკურად მართლები ვართ იმისთვის, რომ ეს პარლამენტის ყბადაღებულ და უდღეურ რეზოლუციაში მაინც დაგვეფიქსირებინა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და აქედან ჯარები უნდა გაიყვანოს. ესეც კი არ გააკეთეს. ახლა მაინც გავაკეთოთ! ქვეყნის პრემიერი,  სპიკერი ამით უნდა იწყებდეს საუბარს, მარტო ტყემალზე და სიმინდზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ.

მსოფლიოს 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ყურები უნდა გამოვუჭედოთ, რომ რუსეთი ხელმოწერილ დოკუმენტს დღემდე არ ასრულებს. ეს იმისთვის, რომ სანქციების ჩამოწერისას ჩვენი თემაც დღის წესრიგში მყარად იდგეს. ამიტომ მძიმე სანქციებს ვერ მოუხსნიან თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოდან ჯარები არ გაჰყავს, .. აღიარება უკან წაღებული არ აქვს. რუსეთის წინაშე ეს ორი პირობა უნდა გვქონდეს დაყენებული, ბევრი არაა საჭირო - ჯარების გაყვანა და აღიარების უკან წაღება.

აი ასეთივე მომენტი დაუდგება უკრაინას. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ჯარები დარჩება მის ტერიტორიაზე და მუდმივად მის გაყვანაზე იქნება საუბარი და, მეორე - დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება იქნება დარჩენილი. ჩვენც ამ დღის წესრიგში უნდა ჩავეწეროთ. ამ დროს არ ვეწერებით, ხმას არ ვიღებთ, თითქოს აქ არაფერი მომხდარა. ეს გამაოგნებელი ვითარება საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს. ხაზს ვუსვამ, ეს არანაირ ომს არ გამოიწვევს, რადგან ამას ვამბობდით ყოველთვის. უცნაურია პირდაპირ, როცა ამ ომით გვაშინებენ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს. ობივატელ ქართველს, წამოწოლილ ლუარსაბ თათქარიძეს (დედის გინების მეტი რომ არაფერი არ იცის) არარსებული ომით ვაშინებთ. ამას, რეგვენო რუსეთო, ყოველთვის გეუბნებოდით, - ასე უნდა ვუპასუხოთ. მაგრამ ჩვენ აქამდე რასაც ვაკეთებდით, იმასაც აღარ ვაკეთებთ.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია