მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უკრაინის ომის ფონზე რამდენად დაცულია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება? - 31 მარტი 2022

„საზოგადოება თუ არ გააქტიურდა და არ მოითხოვა, ისე მოხვდება შენს კორპუსს რაკეტა და ხალხი ისე ამოწყდება, კაციშვილი წარბს არ შეიხრის, არც რამე პასუხისმგებლობას აიღებს“

მეგობარ უკრაინაში საერთაშორისო დამნაშავე პუტინის „ურდოს“ შეჭრის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოებაც დიდი რისკების წინაშე აღმოჩნდა. კიევის ფრონტზე „ბლიც-კრიგისას“ წატეხილი ცხვირის ფონზე, მტერს ნებისმიერ მომენტში შედარებით სუსტ მეზობელთან „მცირე გამარჯვების“ სურვილი შეიძლება გაუჩნდეს, რასაც ჩვენი მხრიდან მუდმივი მზადყოფნა სჭირდება. სად ვართ ამ დროს და რას ვაკეთებთ, ამ თემაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, თადარიგის პოლკოვნიკ აკია ბარბაქაძეს ვესაუბრეთ.

- 2014 წლის თავდაცვის ეროვნული კონცეფციიდან გამომდინარე, რუსეთის აგრესიის ძირითადი შემაკავებელი ფაქტორი თავდაცვის ძალებია; მისი აღჭურვილობა, სიძლიერე, დაკომპლექტება, მაღალი ბრძოლისუნარიანობა და ა.შ. კიდევ აქტიური რეზერვი, ტერიტორიული თავდაცვის ძალებია. მიღებული გვაქვს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა მარტო შეიარაღებული ძალების მიერ დასაცავი არ არის, მთელმა ერმა უნდა დავიცვათ - რასაც დღეს უკრაინაში ვუყურებთ. იქ შეიარაღებული ძალები სამხედრო ოპერაციებს ასრულებენ, ტერიტორიული თავდაცვის ძალები ძირითადად ქვეყნის თავდაცვის ოპერაციებსა და ყოველდღიურ საქმიანობაშია ჩართული.

ამიტომ ჩვენი მზადყოფნა რომ შევაფასოთ, კრიტერიუმები გვჭირდება. ამ კრიტერიუმებზე პასუხი უნდა გაგვცეს ხელისუფლებამ, თანამდებობის პირებმა, ვისაც აღნიშნულ ინფორმაციასთან წვდომა ხელეწიფება. პლუს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტში წარმოდგენილი არიან. სხვანაირად ამ ნიუანსებზე წვდომა არ გვექნება; იქნება მხოლოდ ჩვენი ეჭვი და არა დასაბუთებული მსჯელობა.

მაგალითად, რამდენია ჩვენი შეიარაღებული ძალები? ვიცით, რომ 37 ათასი უნდა ყოფილიყო, კანონით დამტკიცებული და ამაზე ბიუჯეტიც გამოყოფილია. კითხვა გვიჩნდება, აქედან რამდენია საბრძოლო ნაწილი? ჯერ რეალურად 37 ათასი არის თუ არა, აქედან რამდენია საბრძოლო და სამოქალაქო ნაწილი, - უშუალოდ ბრძოლის ველზე რამდენი კაცი გაგვყავს? ჩვენი ამოცანაა გვქონდეს ციფრი, საიდანაც ჩვეულებრივი არითმეტიკის მიხედვით დავითვლით, მტრის არმის რამხელა კონტინგენტის შეკავება შეგვიძლია. ვიცით, რომ შეტევას სამჯერ მეტი კონტინგენტი სჭირდება. ამიტომ ეს X (იქსი) უნდა ვიცოდეთ, რამდენია და რამხელა ძალას შევაკავებთ. 

მაგალითად, თუ ჩემი შეიარაღებული ძალებით შემიძლია შევაკავო 20-ათასიანი კონტინგენტი, ომის ალბათობა ძალიან მაღალია; რადგან რუსეთი ჩათვლის, რომ ძალიან სუსტები ვართ (წინააღმდეგობის გამწევი აქ არავინ არ არის), 20 ათას კაცს უპრობლემოდ მოაგროვებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შენივე დაპყრობას გააგრძელებს. მაგრამ თუ რუსს 150-ათასიანი კონტინგენტის მობილიზება დასჭირდება (რეალურ სიტუაციაში იმის პარალელურად, რაც დღეს უკრაინაში ხდება), ამ ამოცანის განხორციელებას ვერ შეძლებს. აქედან გამომდინარე, საქართველოში აგრესიაზე ხელს აიღებს. ელემენტარულად ვხსნი, რაშია საქმე.

უკვე დიალოგზე რომ წამოვლენ, მერე შემდეგი კითხვები იქნება: მაგალითად, ცა დაკეტილია თუ არა? თუ მთლიანად არ არის, მაშინ რამდენადაა ეს გაკეთებული? თუ საერთოდ არ არის დაკეტილი, აქედან კითხვა იბადება - მაშინ ამდენი წელიწადი რას აკეთებდი? 2012 წლიდან დღემდე ხელისუფლებაში ხარ, ყოველწლიურად ამდენი ბიუჯეტი იხარჯება და ა.შ. აქ არანაირ საიდუმლო თემებზე საუბარი არაა, ყველაფერი ღია ციფრები და მონაცემებია, რომელიც ჩვენს მტერს, რუსეთსაც ხელთ უპყრია. ჩვენ თავდაცვის დამტკიცებული გეგმების გახმაურებაზე არ ვსაუბრობთ, ეგ არ გვჭირდება. გვინდა შევაფასოთ, რამდენად ამოცანის შემსრულებელია ჩვენი თავდაცვის ძალები. თუ არ არის, რის გაკეთება შეგვიძლია ფორს-მაჟორში, პროცესი როგორ დავაჩქაროთ, რათა უფრო ბრძოლისუნარიანი გავხადოთ.

ამ შემთხვევაში, თუ მაგალითად პირადი შემადგენლობის რიცხვითი ოდენობა არ გვყოფნის, სასწრაფოდ აქტიური რეზერვი უნდა გავიწვიოთ. ვიმსჯელებთ, რამდენი გავიწვიოთ - 20, 30, 40 ათასი თუ რამდენი. იქიდან გამომდინარე, რამხელაც არის პროფესიული საკონტრაქტო შეიარაღებული ძალები. ამის მიხედვით ვიფიქრებთ, რამდენი უნდა იყოს (ჭკუასთან ახლოს მყოფი) ის მინიმუმი, რომელიც რუსეთს გადააფიქრებინებს მორიგ აგრესიას საქართველოზე.

ეს ყველაფერი კანონით განსაზღვრული ვალდებულებაა, რომელიც ხელისუფლებას აღებული აქვს - ან ასრულებ კანონს, ან გადადექი.

- ახსენეთ კონკრეტული თანამდებობის პირები, ვინც პასუხს აგებს ამ ყველაფრის აღსრულებაზე, ამ თვალსაზრისით როგორი რეალობა გვაქვს?

- ალბათობის თეორიიდან გამომდინარე, მარჩიელობას ვერ დავიწყებ. ხელისუფლებიდან ან ოპოზიციიდან ვინც პასუხისმგებელია ამ ინფორმაციაზე, გააჟღეროს ეს ყველაფერი - დაჯდეს სასაუბროდ, დისკუსიაზე წამოვიდნენ და განვიხილოთ არსებული მდგომარეობა. არ მაინტერესებს, ვისი რა ბრალია, ვისი რა დანაშაულია, ეს დღევანდელი თემა არ არის. პრობლემა რომ გადაივლის და მყარი მშვიდობის ფაზაში გადავალთ, მერე დავიწყებთ მაგ კითხვების დასმას - რატომ არ გაკეთდა, ვინ არ გააკეთა... ახლა უნდა განვსაზღვროთ, რა მდგომარეობა გვაქვს და ვითარება სწრაფად როგორც გამოვასწოროთ. თუ ასე არ არის, გამოვიდეს ხელისუფლება და ოპოზიციაც, აიღონ პოლიტიკური, მორალური, იურიდიული პასუხისმგებლობა, რომ ისინი ამ ყველაფერს აკონტროლებენ და მშვიდად გეძინოს ქართველო ერო;

- არანაირი საფრთხე ამ მიმართულებით არ არის, ყველაფერს ვაკონტროლებთ, ხელშეკრულებებით, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებით, შეიარაღებით, ცის დაკეტვით, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით, ყველაფრით საკმარისზე მეტად უზრუნველყოფილი ვართ და ქვეყნის დაცულობის პრობლემას ვერ ვხედავთო, - გამოვიდნენ და გააკეთონ ასეთი ტიპის განცხადებები.

- რამდენად იღებენ ასეთ პასუხისმგებლობას?

- და რაზე აუღიათ, რომ ამაზე აიღონ? კოვიდზე აიღეს პასუხისმგებლობა? რეალურად, ჩვენი საზოგადოება თუ არ გააქტიურდა და არ მოითხოვა, ისე მოხვდება შენს კორპუსს რაკეტა და ხალხი ისე ამოწყდება, რომ კაციშვილი წარბს არ შეიხრის, არც რამე პასუხისმგებლობას აიღებს. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე გრძელდებოდა და ახლა ნირს რატომ შეიცვლიან?

- საით მიდის პროცესები, რამდენად შეიძლება ქვეყანა ასეთი რეალობის წინაშე დავდგეთ?

- და უკრაინა თუ დადგა ამ მძიმე რეალობის წინაშე? რომელსაც მთელი მსოფლიო, კაცობრიობა  უკან უდგას, შეაიარაღეს, უთხრეს კრემლს, მსოფლიოს წამყვანი ლიდერები აფრთხილებდნენ, სანქციებში მოაქციეს და მაინც არ ჩერდება! შენთან ვითომ რატომ არ გაუვა ეს ყველაფერი? რით ხარ დაცული? თქვან, რამდენია იმის ალბათობა, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრას?

- მაინც რამდენია?

- საკმაოდ დიდი ალბათობაა, რადგან პუტინს თავის მოსახლეობაში რამე წარმატების გაყიდვა სჭირდება. თუ უკრაინის ფრონტზე მხოლოდ მარცხი განიცადა, ნეტა რომელი იქნება ის სუსტი რგოლი, სადაც ის შეეცდება მინიმალური დანაკარგებით წარმატებას მიაღწიოს?

- ამიტომ ხელისუფლების, საზოგადოების დონეზე ჩვენი გამოსავალი სად არის?

- ისევ და ისევ საზოგადოების გააქტიურებაში, პასუხის მოთხოვნაში. მნიშვნელობა არ აქვს წინ ვინ დგას, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, რადგან შენი შვილის, მშობლის, მეუღლის ყოფნა-არყოფნაზე ვლაპარაკობთ; ჩვენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნაზე ვსაუბრობთ და აქ ენის მოჩლექით საუბარი არ გამოგვივა. სიმართლე უნდა ვიცოდეთ და იგი სათანადოდ შევაფასოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქმედებებს განვსაზღვრავთ; როცა გვეცოდინება, რა არის ჩვენი რეალური მოცემულობა, რა შარში ვართ და რამდენად - ბევრი კითხვაა.

მაგალითად, არის კი თურქეთი ჩვენთვის იგივე, რაც პოლონეთი უკრაინისთვის? თურქეთი საქართველოსთვის მაგ როლის მატარებელი არის თუ არა? ამაზე რამე ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რომ სიცოცხლის გზის ფუნქციას აიღებს თავის თავზე? ისიც პოლონეთივით ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ ანკარასთან გვაქვს გარანტია, რომ ბოლომდე მხარში დაგვიდგება ომი რომ დაიწყოს? თუ არ გვაქვს, ასე რატომ არ არის? რას აკეთებდა დიპლომატია ამდენი ხანი, მთელი 10 წლის განმავლობაში? არ მახსოვს, რომ თურქეთს რამეზე უარი ეთქვას. ე.ი. არ მოვითხოვეთ, ამ მოთხოვნაშია საქმე?

- თურქეთთან ამ მხრივ როგორი რეალობა გვაქვს?

- ამ მხრივ ეჭვებიც რომ მქონდეს, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, მე რომ ვაქტიურობ და ამ კითხვების დასმას ვიწყებ, საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ყველაფერი წესრიგში არ არის. არის სტრატეგიული კომუნიკაციების მთელი სტრუქტურა, რომელიც ვალდებულია საზოგადოებას აუხსნას, ჩააყენოს საქმის კურსში - როგორ აპირებს მთავრობა ამ მიზნების მიწევას, რამდენად დაცულები ვართ; თუ არ ვართ დაცულები, რით ვანაცვლებთ ამ დაცვას და ა.შ.

- ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე მთავრობის უსაფრთხოების საბჭოა, რამდენად კარგად მუშაობს და თავის საქმეს აკეთებს?

- არ ვიცი, რადგან ამ თემაზე არც კი შეკრებილან. ამხელა დაპირისპირებაა, ფაქტობრივად მსოფლიოში გლობალური კატასტროფაა, მესამე მსოფლიო ომის ფაზაა დაწყებული და უშიშროების საბჭო არ იკრიბება. თუ იკრიბება, რამე გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, ვის რა დაევალა, პასუხისმგებელი ვინაა. რაღაც ვერ ვხედავ, რომ სახელმწიფო, ერი ცუდი სცენარისთვის ემზადებოდეს. ამ სცენარის თავიდან აცილების ერთადერთი ბერკეტი (იურიდიული, კანონიერი და რეალურად გადამწყვეტი) არის შეკავების პოლიტიკა, რასაც თავდაცვის ძალები ახორციელებს. ამიტომ გამოვიდნენ, გვითხრან და საქმის კურსში ჩაგვაყენონ - მზად არის თავდაცვის ძალები ამ ოპერაციის შესასრულებლად? კანონმდებლობით აღებულ ვალდებულებას ასრულებს თუ არა? თუ ვერ ასრულებს რატომ რა უშლის ხელს, რა გამოვასწოროთ, - ამაზე ღიად ვისაუბროთ.

- და ბოლოს, საით მიდის პროცესები უკრაინაში და ამ დროს ჩვენ როგორ გამოვიყურებით?

- რუსეთმა სტრატეგიული მარცხი უკვე განიცადა. დანარჩენი, უკრაინელების ოპერატიულ ველზე გამარჯვებას ყოველდღიურად ვუყურებთ. გარკვეულ მონაკვეთებში მარცხდება რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომელსაც საბრძოლო ინიციატივა უკვე დაკარგული აქვს. რეალურად, პასიურ დაცვაზე გადადის. ის განცხადებაც, მტრის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რომ გააკეთა, თურმე ამოცანა უკრაინის დაპყრობა არ ყოფილა და მარტო დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე ოპერაციები აინტერესებთ, ნიშნავს, რომ თავის ოპერატიულ გეგმებს ცვლიან. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი რუსეთის მარცხით დამთავრდება.

მაგრამ ვიმეორებ, მე მაინტერესებს საქართველოს უსაფრთხოება - ჩვენი მოსახლეობის, სახელმწიფოს უსაფრთხოება და რომელი თანამდებობის პირი კონკრეტულად რა პასუხისმგებლობის მატარებელია - იურიდიული, პოლიტიკური, მორალური პასუხისმგებლობის. ამაზე პასუხები უნდა მივიღოთ. 

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია