მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საცხოვრებელი ხელფასი მხოლოდ ფიზიოლოგიურად გადარჩენას არ ნიშნავს“ - 13 მაისი 2022

ქვეყნის ბიუჯეტი ყველაზე ღარიბ საზოგადოებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს“

რას უნდა ნიშნავდეს საცხოვრებელი ხელფასი, რა კომპონენტებს უნდა ითვალისწინებდეს, როგორი უნდა მოხდეს მისი დათვლა, საქართველოში არსებული რეალობა როგორია, ამ საკითხებზე ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირის (სოლიდარობის ქსელი) წარმომადგენელს, სოფო ჯაფარიძეს ვესაუბრეთ.

- საცხოვრებელი ხელფასი დაახლოებით საარსებო მინიმუმია, ოღონდ მხოლოდ ფიზიოლოგიურად გადარჩენას არ ნიშნავს (როგორც საქსტატი ითვლის). საუბარია იმაზე, რომ ღირსეული ცხოვრება შეგეძლოს, კულტურული და სოციალური ცხოვრებაც რომ გქონდეს; როდესაც ადამიანის ბაზისური საცხოვრებელი პირობები საზოგადოებრივ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისია. ამ თვალსაზრისით, მშრომელები და მათი ოჯახები სიღარიბის ზღვარს ზემოთ უნდა ცხოვრობდნენ, სოციალურ-კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება რომ ხელეწიფებოდეთ.

დათვლის სხვადასხვა მეთოდოლოგია არსებობს, რომლის მიხედვითაც ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს. მაგალითად, ექთნების 95% ამბობს (კვლევა ჩავატარეთ), რომ ხელფასი არ ყოფნის და ვალს იღებს, რათა ბაზისური მოთხოვნები დაფაროს. ამ ფონზე, უამრავი ადამიანი უცხოეთში მიდის, რომ გადარჩეს და იქიდან ოჯახს დაეხმაროს - რათა აქ დარჩენილებს საჭმელი და ელემენტარული საშუალებები ჰქონდეთ.

დავიწყეთ გამოკვლევა, ღირსეული ხელფასის სახით ყველასთვის ბაზისური მინიმუმი რა იქნებოდა.

 - თქვენი მეთოდოლოგიით რა სურათი მიიღეთ?

- ევროპული მეთოდოლოგიით ჩავთვალეთ, რომ 40%- საკვებზე უნდა ვხარჯავდეთ, არასასურსათო ნაწილი 60% უნდა იყოს. შესაბამის კვებას, ადეკვატურ საცხოვრისს და კომუნალურების ხარჯს, ადეკვატურ ტანსაცმელს, არასასურსათო პროდუქტსა და სერვისებს, ტრანსპორტირებას, კულტურას და რეკრეაციას კიდევ ყოველთვიურად შესანახი ათი პროცენტი დავამატეთ - გაუთვალისწინებელი რომ მოხდეს, გარკვეული თანხა მოგვეპოვებოდეს. ვნახეთ რამდენი ღირდა თითოეული ეს კატეგორია და გადასახადის გარეშე თითო ადამიანზე 1275 ლარი შეადგინა. ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანაში საცხოვრებელი ხელფასი 1500 ლარამდე უნდა იყოს - ყოველწლიური ინფლაციის ინდექსიც სათვალავშია.

- ამ დროს რეალობა როგორი გვაქვს, ექთნების დაბალი ხელფასები ახსენეთ...

- ექთნების ხელფასი 283-დან 582 ლარის ფარგლებში მერყეობს, საცხოვრებელი ხელფასის მესამედი აქვთ. ჩვენ შევეკითხეთ, როგორი უნდა იყოს ღირსეული ხელფასი (რამდენი გინდათო), დაახლოებით 1500-დან 2000 ლარამდე გვითხრეს. ამ დროს რეგიონებში 200-300 ლარს იღებენ, თბილისში 500-ის ფარგლებში. თან 40 საათზე მეტხანს მუშაობენ - მინიმუმ 50 საათიდან 80-90 საათამდე, უარესი გრაფიკებიც მინახავს. 95% ვალს იღებს, რომ ბაზისური საჭიროებები დაფაროს.

- სხვა სფეროებში რა ხდება?

- დაახლოებით მსგავსი სიტუაციებია. მაღაზიებში 400-500 ლარიანი ხელფასებია.

გახსოვთ სოციალური სამსახურის გაფიცვები. მანამდე 200-300 ლარი ჰქონდათ, 40-60% მოუმატეს - ახლა 600-700 და 800 ლარი აქვთ. რეალურად, 15 წლის განმავლობაში ხელფასი მომატებული არ ჰქონდათ. ინფლაცია რომ გავითვალისწინოთ, 15 წლის წინ უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება ჰქონდათ, ვიდრე ახლა, ხელფასის მომატების შემდეგ.

- ხელისუფლების მიმართ რა რეკომენდაციები გაქვთ?

- არ გვჯერა, რომ მარტო რეკომენდაციებით სახელმწიფო დაფიქრდება და ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს, ბრძოლის გარეშე არაფერი გამოდის. რეალურად, ქვეყანაში მინიმალური ხელფასიც არ არსებობს - წარმოიდგინეთ ეს მაჩვენებელი თვეში 20 ლარია. ამისთვის მინიმალური ხელფასის კანონპროექტი დავწერეთ, შევიტანეთ პარლამენტში და უარი გვითხრეს. ამის მიხედვით საქართველოში მინიმალური სახელფასო ზღვარი 500 ლარი უნდა ყოფილიყო. როგორც ვიცით, 229 ათასი დაქირავებული მშრომელი დღემდე ამაზე ნაკლებს იღებს. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მუშახელი არ გვყავს - დაახლოებით მილიონზე ცოტა მეტია ასეთი კატეგორია. აქედან ერთი მეოთხედი 500 ლარზე ნაკლებს იღებს. რაც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, ესეც გადასახადებით - ხელზე ოთხას ლარამდე იღებენ.

ამიტომ მინიმალური ხელფასის დაწესებაზე უნდა ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. დათვლის მექანიზმი მაინც უნდა არსებობდეს. მეორე - მედიანურ (საშუალო) ხელფასს არ ითვლიან, რაც სერიოზული პრობლემაა. ასევე, ეს ყველაფერი 40 საათიან სამუშაო დროზე მიბმული უნდა იყოს. ახლა 48 საათი წერია იგივე სპეცკატეგორიაში. 

მაგალითად, გლოვოს კურიერები რომ აიღოთ, უფრო მაღალი ხელფასები აქვთ ვიდრე სხვებს, მაგრამ იმდენს მუშაობენ, რეალურად სახლშიც არ არიან. სულ გარეთ ვართო, იძახიან. თუ ყოველდღე 12 საათი მუშაობ, ეს უკვე ღირსეულ ხელფასს აღარ ნიშნავს; 40 საათზე მეტი შრომა თუ გიწევს გადარჩენისთვის, ეს სხვა რეალობაა. აქ ზეგანაკვეთური ტარიფიც დადგენილი არ არის. 40-საათზე მეტს რომ მუშაობ, ერთნახევარი და ორმაგი უნდა გადაგიხადონ. ამ დროს მხოლოდ ის წერია, რომ ტარიფი უფრო მეტი უნდა იყოს, ბევრი სულაც ერთ თეთრს წერს. ამ მხრივ, ძალიან ცუდი შრომის კოდექსი და აღსრულების მექანიზმები გვაქვს.

მოკლედ, თუ მუშაობ და მაინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ხარ, ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა. მაშინ ისმის კითხვა, საერთოდ რატომ მუშაობ? ამ ფონზე, ბევრი სოციალურად დაუცველი ხდება, რადგან არ ღირს 50-70 საათი იმუშაო და 300-400 ლარი ხელფასი აიღო. უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს ესეც იწვევს. თავად მშრომელებმა უნდა იბრძოლონ და პირობების გაუმჯობესება მოითხოვონ.

ასევე, ქვეყანაში სოლიდარობის გამომხატველი გაფიცვა აკრძალულია. ნიშნავს, რომ როგორც პროფკავშირი დიდ გაფიცვებს ვერასოდეს გავაკეთებთ - ეს მიდგომაც გასაუქმებელია.

- ხელისუფლებამ თქვენი კანონპროექტი რატომ არ მიიღო, რა გიპასუხეს?

- არაფერი, საპარლამენტო კომიტეტში მათი რამდენიმე წარმომადგენელი მოვიდა და საკითხის გადამისამართებით იყვნენ დაკავებული. ყოველთვის ერთი პასუხი აქვთ, რომ ეს მიდგომა ბიზნესის თავისუფლებას შეზღუდავს, მას ხელი უნდა შევუწყოთ და .. მაგრამ ბიზნესს ხელი შეუწყო და ხალხი აღარ დაგრჩეს ქვეყანაში, უკვე არაადეკვატურად გამოიყურება ეს ყველაფერი.

ასევე, კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ არ შეიძლება პროგრესული გადასახადი გვქონდეს. მაგ; მეც 20 პროცენტს ვიხდი და მილიონერიც - რეალურად, რეგრესული გადასახადები მოქმედებს. მე თუ სამუშაო ადგილზე 500 ლარს ვიღებ და აქედან სახელმწიფოს ას ლარს ვუხდი, ჩემთვის ეს ასი ლარი შეუდარებლად მნიშვნელოვანია, ვიდრე იმისთვის, ვინც ვთქვათ 10 ათასლარიან ხელფასს იღებს; უფრო დიდ სახლს ან მაგარ მანქანას შეიძლება ვერ შეიძენს, მაგრამ ხუთასი ლარიდან ას ლარს რომ ტოვებ, ნიშნავს, რომ შეიძლება ერთი კვირა მშიერად დარჩე. ამიტომ დიდი ხელფასიდან უფრო მეტს უნდა იხდიდე ვიდრე მაშინ, როცა ისედაც მინიმალურზე ნაკლები ანაზღაურება გაქვს. კიდევ დღგ- იხდი, იმ ხუთასი ლარიდან ყველაფერს ხარჯავ, ფულს საერთოდ ვერ ინახავ. ასე გამოდის, რომ ხელფასის 40%-მდე სახელმწიფოს უტოვებ.

ამ ფონზე, ბიუჯეტს რომ შეხედო, სულ ღარიბების გადასახადებითაა შევსებული, რაც სამწუხარო სურათს ქმნის. ქვეყანაში პროგრესული გადასახადები უნდა დაკანონდეს. ჩვენ შევეცადეთ კონსტიტუციიდან ესთავისუფლების აქტიამოგვეღო, მაგრამ აღნიშნული ბრძოლა წავაგეთ. ქართულმა ოცნებამ შეინარჩუნა წინა ხელისუფლების დროინდელი ეს ჩანაწერი. მიუხედავად იმისა, რომ მის ამოღებაზე დაპირებებიც იყო. გაუგებარია, ქვეყნის ძირითად კანონში ასეთი რეგრესული რაღაც რატომ უნდა ეწეროს.

საქართველოში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ დერეგულაცია, თავისუფალი ბაზარი, ყველაფერი ბიზნესზე მორგებულია. მაგრამ ამ ბიზნესსაც ხომ მომუშავე ხალხი სჭირდება, სტაბილურად რომ იმუშავებს და პროდუქციას შექმნის. სამსახურში ყოფნისას იმაზე არ დარდობდეს, ელემენტარულ გადასახადს როგორ გადაიხდის.

ქვეყნის ბიუჯეტი ყველაზე ღარიბ საზოგადოებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს - მშრომელს ნორმალური ხელფასი ჰქონდეს, შრომა იყოს დაცული, არ ეშინოდეს სამსახურში სიკვდილის (რომ შენობიდან არ ჩამოვარდება), არ ეშინოდეს, რომ ბავშვებს საჭმელს ვერ მიუტანს, სულ იმაზე არ იდარდოს, როგორმე ევროპაში გაიქცეს, რადგან აქ ნორმალურ ხელფასს არ გადაუხდიან და .. ამ დროს თითქმის ყველა გეგმავს, რომ წავიდეს ევროპაში, ამერიკაში ან რუსეთში, სადღაც წავიდეს და იქ გადარჩეს; რადგან ფიქრობენ აქ არაფერი შეიცვლება, სადაც 300-40 ლარით ცხოვრება გაუსაძლისია.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
„გერმანიამ ჩვენზე მორალურ-ფსიქოლოგიურადაც უარყოფითი გავლენა იქონია...“
როგორ მივიღოთ პასუხისმგებლობიანი თვითმმართველობა და ძლიერი საზოგადოება

მიტინგით ჩახშობილი მოწყალების მთხოვნელთა ხმა ვაკეში
 
ვიდეოები
Power Trip 
Video screenshot
გამოკითხვა
 


სპონსორები

2022 ყველა უფლება დაცულია