მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრეზიდენტს ყველა სამართლებრივი საფუძველი აქვს დეკანოზი მამალაძე შეიწყალოს - ადვოკატი - 23 მაისი 2022

ან სასჯელის გადავადება მოხდეს, სანამ ეს ადამიანი გამოჯანმრთელდება“

მიხეილ სააკაშვილის სკანდალური პატიმრობის ფონზე, ცოტა არ იყოს მეორე პლანზე გადავიდა მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობა. ამ თემაზე პატიმრობაში მყოფ დეკანოზის ადვოკატს, გიორგი ფანცულაიას ვესაუბრეთ.

- ჯანმრთელობის მდგომარეობიდან დავიწყებ, რადგან ამ წუთში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იმდენად გაუარესებულია, რომ მარჯვენა კიდურები გაჩერებული, პარალიზებული აქვს. ოღონდ ეს დღევანდელი მოცემულობა არ არის, მესამე წელია ამ მდგომარეობაშია (ხუთნახევარი წლის წინ დააპატიმრეს). უკვე ამდენი ხანია ეტლითაც გადაადგილებას ვერ ახერხებს; როცა მასთან ციხეში შევდივარ, .. საკაცით გამოგვყავს.

ეს არ არის ციხე კლასიკური გაგებით, უფრო საავადმყოფოა. მეორე მხრივ, პრაქტიკულად არანაირი საშუალებები არაა, რომ პაციენტი განიკურნოს. კიდურების აღსადგენი სხვადასხვა თერაპია აქ უბრალოდ არ არსებობს. ეს არა ცარიელი სიტყვები, პრაქტიკული მაგალითია, როცა მისი ჯანმრთელობის მხრივ არანაირი წინსვლა არ შეინიშნება. პირიქით, ეს კიდურები ამდენი უმოძრაობისგან დავიწროებას იწყებს - ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

- სამართლებრივ საკითხებს რაც შეეხება?

- ამ ადამიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლით წარდგენილი ჰქონდა, რომელიც 16-დან 20-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. მოგეხსენებათ, შემდგომ სრულ გამართლებას ვითხოვდით. სასამართლომ ეს ვერ გაბედა (საქმეში მთელი სახელმწიფო მანქანა ჩართული იყო), მცირედი ნაბიჯი გადმოდგა იმ თვალსაზრისით, რომ კვალიფიკაცია 108- მუხლით შეცვალა - შესაბამისად, სასჯელად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ჩვენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართეთ, სადაც აქტიური სამართლებრივი ღონისძიებები მიმდინარეობს. ამის პარალელურად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული ის უკანონო ნორმები (მუხლები), რომლითაც ამ საქმეზე დაცვის უფლება შეიზღუდა. საკონსტიტუციოში საქმის განხილვა დასრულებულია და გადაწყვეტილების გამოცხადებას ველოდებით.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასჯელის გადავადებას, სამწუხაროდ ამას სასამართლო ვერ ბედავს. დაცვის მხარემ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტიური ჩართულობით მიმართა. სასამართლომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ გაიზიარა პოზიცია, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა ნამდვილად მძიმედაა, მაგრამ სასჯელის გადავადება ვერ გაბედა და თქვა, რომ ციხის კლინიკის პირობებში განკურნება შესაძლებელი არისო. ამ ფონზე, სამი წლის თავზე დეკანოზი არათუ განკურნებულია, მდგომარეობა გაუარესებულია. ასეთი მოცემულობა გვაქვს სადღეისოდ. 

- საკონსტიტუციო სასამართლოსგან რა გადაწყვეტილებას ელოდებით?

- ხაზს ვუსვამ, რომ გასაჩივრებულია კონკრეტულად იმ ნორმების არაკონსტიტუციურობა, რომლითაც დაცვის უფლება შეიზღუდა. შესაბამისად, ჩვენი სარჩელი  მხოლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხება. ყველა იმ რეზონანსულ საქმეს შეეხება, სადაც სახელმწიფო დაცვის უფლებას ზღუდავს; მათ შორის, გაუთქმელობის ვალდებულებით და კიდევ სხვა, დამატებითი ნორმების უკანონო გამოყენებით. ეს იქნება უდიდესი ცვლილება ქართულ მართლმსაჯულებაში, რომელიც რასაკვირველია,  უპირველესად გიორგი მამალაძის საქმეს შეეხება.

ამის გათვალისწინებით, სახელმწიფო იმდენად ჩართულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ოთხი მოსამართლე განიხილავდა. რეალურად, განხილვა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაასრულა. გადაწყვეტილება სამი-ერთზე უნდა გამოსულიყო, დაცვის სასარგებლოდ, ჩვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ერთადერთი, ვინც ჩვენ პოზიციას არ იზიარებდა საკონსტიტუციო სასამართლოდან, მანანა კობახიძე იყო. იმის გამო, რომ სახელმწიფო ინტერესი ძალიან მაღალი იყო, მანანა კობახიძემ მოითხოვა, დასრულებული საქმე დიდი პალატას გადასცემოდა. ანუ .. პლენუმს, სადაც უკვე ცხრა მოსამართლეა წარმოდგენილი; ძალიან ბევრი ისეთი მოსამართლეა, რომელიც ბოლო პერიოდში დაინიშნა და სახელისუფლებო ინსტიტუტების მიმართ მოწყვლადი არიან.

მოკლედ, ერთხელ უკვე დასრულებული საქმე აღნიშნულ დიდ პალატას გადაეცა, საქმისადმი იმ დონის დაინტერესებაა. განხილვა თავიდან დავიწყეთ, დავასრულეთ ეს პროცესი და გადაწყვეტილების მიღებას ველოდებით. ვნახოთ რამდენად გაბედულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ.

- სტრასბურგის სასამართლოსგან რა მოლოდინებია?

- დეტალურად განხილვა ამ ეტაპისთვის მართებულად არ მიგვაჩნია. ზოგადად, სტრასბურგის სასამართლოს მკაცრი კრიტერიუმები აქვს იმ თვალსაზრისით, რომ საჩივრების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოებაში არ იღებს - მასში მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძვლები უნდა დაინახოს. სტრასბურგმა გიორგი მამალაძის საქმე განხილვაში მიიღო, დაინახა ის საკითხები, რის საფუძველზეც... რაც ამ საქმეზე უკვე პირველი გამარჯვებაა. შიდა დეტალებზე საუბარი სტრატეგიულად გამართლებული არ იქნება.

- დღეს საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია როგორია?

- მინდაგზისმკითხველმა ჩვენი პოზიცია სწორად გაიგოს. ყველა ადამიანისადმი, ვინც სხვადასხვა დროს საქართველოში უკანონოდ დაიჩაგრა, თანაგრძნობა გამოხატეს კოლეგებმა - ეს იყო სპორტსმენი, ხელოვანი, მუსიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე თუ სხვა. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც საკუთარი კოლეგა, სულიერი ძმა თუ ასე შემდეგ გაწირა, ეს იყო საპატრიარქო, რომელმაც დეკანოზის დასაცავად აბსოლუტურად არაფერი გააკეთა. უფრო მეტიც, გარკვეული დაჯგუფებები დეკანოზის წინააღმდეგაც მოქმედებდნენ და ამაზე არაერთი საჯარო განცხადებაც გვინახავს. ასევე, ცნობილია, კულუარულად რას და როგორ აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს ყველა თანამშრომელს ერთ განზომილებაში არ მოვიაზრებ, იქაც არიან შეგნებული ადამიანები; სამწუხაროდ, ჯანსაღად მოაზროვნენიც შეიძლება დეკანოზს არ ებრძვიან, მაგრამ არაფერს აკეთებენ იმ ჯგუფისგან დასაცავად.  

 - შეგვიძლია დეკანოზის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი დავაკონკრეტოთ?

- პირველი დღიდანვე ჩანდა, რომ ეს მეუფე იაკობის დაჯგუფებაა, მისი თანამოაზრეები საკმაოდ აქტიურად იბრძოდნენ მის წინააღმდეგ. ხოლო ვინც არ იბრძოდა, ქმედითს არ აკეთებდა იმისთვის, რომ პროცესს წინ აღსდგომოდა. რა თქმა უნდა, ერთეულ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, ვინც დეკანოზი მაქსიმალურად დაიცვა. როგორიც მეუფე პეტრე და რამდენიმე სასულიერო პირი იყო.

- რომ დავაზუსტოთ, ამჟამად დეკანოზი მამალაძე რომელ დაწესებულებაში იმყოფება?

- ეს არის სასჯელაღსრულების ნომერ მე-13 დაწესებულება. გლდანის მერვე დაწესებულების  უკან მდებარეობს. მოქალაქეებისთვის გასაგებ ენაზე, ეს არის ციხის საავადმყოფო, მაგრამ რეალურად ვინც თუნდაც ერთხელ ნამყოფია, მიხვდება, რომ საავადმყოფოსი არაფერი სცხია.

- ეს დაწესებულება წესიერ მკურნალობას რატომ ვერ უზრუნველყოფს?

- მარტო დეკანოზის მიმართ კი არა, საერთოდ არაა პირობები შექმნილი, ჯანმრთელობის პრობლემებს რომ უშველოს. იმას არ ვგულისხმობ, ვიღაცას თითი რომ გაეჭრება და შეუხვევენ. რეალური პრობლემების მქონეთა მკურნალობას ვერაფრით უზრუნველყოფს. უბრალოდ, შესაბამისი პირობები არ არის.

არ მინდა სხვა საქმეზე გადავიდე, მაგრამ თუ გახსოვთ, ორი თვის წინ ამ დაწესებულებაში გადაიყვანეს მიხეილ სააკაშვილი. მთელმა საზოგადოებამ ნახა, თუ როგორ შეიტანეს აპარატურა სხვა კლინიკებიდან, რათა ექსპრეზიდენტს გამოკვლევებისა და მკურნალობის მინიმალური სტანდარტი მაინც ჰქონოდა.

- დღეს რა ირღვევა დეკანოზის წინააღმდეგ და გამოსავალი სად არის?

- გამოსავალზე საუბარს ორ ნაწილად გავყოფ - მოკლევადიანი და შორსმიმავალი პერსპექტივით. მოკლევადიანად ორად ორი რამ არის - ან პრეზიდენტმა შეიწყალოს და ამისთვის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ყველა სამართლებრივი საფუძველი შექმნილი აქვს; ან კიდევ სასჯელის გადავადება მოხდეს იქამდე, სანამ ეს ადამიანი გამოჯანმრთელდება.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ეს ხელისუფლება იქნება თუ მომავალი (პირდაპირ გეუბნებით, არასოდეს არცერთ პარტიას არ მივეკუთვნებოდი), მთავარია ეს საქმე დეტალურად გამოიძიოს; მიკერძოებული არ იყოს არც დეკანოზის და არც არავის სასარგებლოდ და ყველაფერს კუთვნილი სახელი დაარქვას. თუ რა მოხდა საქმეზე, რომელსაც საუკუნის საქმე ეწოდა. სანამ ეს მოხდება, ადამიანი რომ გადარჩეს და შრომისუნარიანად დარჩეს, აუცილებელია პრეზიდენტმა შეიწყალოს ან სასჯელი გადაუვადონ განკურნებამდე.

- შეწყალებისთვის პრეზიდენტს რა კონკრეტული საფუძვლები აქვს?

- იქიდან დავიწყოთ, რომ არსებობს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ჩამოყალიბებული აზრი დეკანოზის მიმართ, რომ ის მსხვერპლია. მეორე - არსებობს კონკრეტული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და კვლევების პასუხები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მესამე - ამ ადამიანს შეფარდებული სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს,  9 წლიდან - 5,5. ასე რომ, სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომ შეწყალებულ იქნეს.

არამხოლოდ ადვოკატმა, ობიექტურად თანაგრძნობით გამსჭვალულმა ადამიანმა მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ბრალდებით დეკანოზს დიდი ტრაგედია თავს დაატყდა, ოჯახმა ძალიან დიდი ტკივილი გაიარა. ყოველივეს უშუალო გამოძახილია, რომ ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები კონკრეტულ შედეგებში აისახა - კიდურებიც კი გაუჩერდა. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ ქვეყნის პრეზიდენტს, საპატრიარქოში იმ ნაწილს, რომელიც შედარებით ჯანსაღ ნაწილს მიეკუთვნება, ასევე საზოგადოებას, რომ ადამიანს ნუ გაწირავენ იმის გამო, რომ უბრალოდ სიმართლის მხარეს იყო - სხვადასხვა სისტემებთან და დაჯგუფებებთან უკანონო გარიგებებში არ შევიდა. სიმართლის გამო დასჯილ ადამიანს ნუ გაწირავენ. რაც დრო გადის ნაკლები შანსი რჩება ოდესმე გამოჯანმრთელდეს, ჯანსაღი ცხოვრებით ემსახუროს საკუთარ ოჯახს, ქვეყანას და დედა-ეკლესიას. ამიტომ თემას ნუ დავივიწყებთ და გადავარჩინოთ დეკანოზი მამალაძე. ამაზე მივმართავ პრეზიდენტს, საპატრიარქოს და ქართულ საზოგადოებასაც.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია