მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა პრობლემები ვლინდება კოვიდგადატანილ ბავშვებში? - 02 ივნისი 2022

სპორტსმენია, მოცეკვავეა, ბალეტზე ვინც დადის, თითქმის 90%-ში გარკვეული პრობლემები გამოხატულია“

რა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემები (გართულებები) გვხვდება კოვიდგადატანილ ბავშვებში, როგორია მკურნალობა-პრევენციის გზები, მთავრობის პოლიტიკა და გამოსავალი აღნიშნული მიმართულებით, ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ბავშვთა კარდიო-რევმატოლოგ გიორგი ჩახუნაშვილს ვესაუბრეთ.

- ჩემი პედიატრიული პროფილის გათვალისწინებით, 18 წლის ასაკამდე არსებულ მდგომარეობაზე მოგახსენებთ. ინფორმაცია გვქონდა და კლინიკებშიც ვაკვირდებოდით - პირველ ეტაპზე კოვიდინფექციები ბავშვებში ნაკლებად გვქონდა. ნელ-ნელა ეპიდემიამ მთელი საქართველო, ყველა ფენა მოიცვა. ვფიქრობ, ეს უფრო პრევენციული ღონისძიებების ნაკლებობის გამო მოხდა.

ბავშვებს იმუნური სისტემით უფრო იოლად გადაჰქონდათ და სტაციონარში ნაკლებად ხვდებოდნენ. ეპიდემიამ იმძლავრა და ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, სახლში მკურნალობა გართულდა. მით უმეტეს, ნელ-ნელა პატარებში რთულმა შემთხვევებმაც იმატა, სისტემა უკვე გადაგვეტვირთა. ნულიდან ერთ წლამდე ბავშვები ხომ ისედაც სახლში სამართავად სირთულეს წარმოადგენდნენ. კლინიკებმა ასეთ დატვირთვებს ვერ გაუძლეს და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ვიმეორებ, ეს ყველაფერი პანდემიის არასწორი მართვის შედეგია.

სიმძიმეებს რაც შეეხება, დრო გვიჩვენებს, რომ პოსტკოვიდური პერიოდი არცთუ მარტივია. სხვადასხვა გართულებებია, როგორც გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და .. ყოველ შემთხვევაში ის, რაც დიდებში ხშირადაა (უფრო კოაგულოპათიების, ჰიპერტენზიების შემთხვევები, გულის დაავადებებმაც სხვადასხვა ხასიათი მიიღო, არითმიებმაც იმატა), ბავშვებში ჯერჯერობით არ ჩანს. უშუალოდ რაც შემხვედრია (მით უმეტეს, სპორტსმენები, მოცეკვავეები თუ არიან, ბალეტზე დადიან და დატვირთვებს იღებენ), პოსტკოვიდური პერიოდი თუ არასერიოზულად აღიქვეს, ასეთებში უფრო ხშირადაა არითმიები, გულსისხლძარღვთა სისტემის დროს მარცხენა და მარჯვენა პარკუჭის გადატვირთვები. ჯანმრთელებსაც ვაძლევდით რეკომენდაციებს და ახლა მითუმეტეს კოვიდგადატანილები მეტ კონტროლზე უნდა იყვნენ.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?

- მშობლებმა ყურადღება მიაქციონ ბავშვი უფრო მეტად იღლება თუ არა, კოვიდის გადატანიდან ერთ-ორ თვეში დიდად დატვირთვა არ შეიძლება. თუ მაინც დავტვირთავთ, აუცილებლად კარდიოგრამა მაინც გადაღებული უნდა იყოს, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ რაიმე მძვინვარე პათოლოგიები არ მივიღოთ.

- კოვიდმა გულსისხლძარღვოვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მიმართულებით უფრო მეტი პრობლემები რატომ გამოიწვია?

- სიმართლე გითხრათ, ვირუსი ჯერ კიდევ შეუსწავლელია - რას დატოვებს და რას არა, ღმერთმა უწყის. ჩემი აზროთ, ძალიან ვერაგი ვირუსია. საერთოდ, მარტო კოვიდი კი არა, არის ვირუსები, რომლებიც აზიანებენ გულსისხლძარღვოვან სისტემას - იწვევენ პერიკარდიტს, კარდიომიოპათიებსაც კი, გართულებულ შემთხვევებში. გულსისხლძარღვოვანი სისტემა ყველგან მოზრდილებში და პატარებშიც მაინც მგრძნობიარეა. ჩვენ დიდებში კოვიდის გარეშეც პროცენტულად ბევრი გვაქვს გულის იშემიური დაავადება არითმიებით. სამწუხაროდ ბავშვებში ყურადღებას ნაკლებად აქცევენ, სადაც საკმაოდ გამოხატულია აღნიშნული სისტემის გადატვირთვები, გადაძაბვები... დაზიანებას ვერ ვიტყვი, მაგრამ ვირუსი ვინც გადაიტანა, შემდეგ ყურადღებას აღარ აქცევენ. ამ დროს, კოვიდგადატანილებში შესაძლებელია პროცესმა გულის კუნთზე გავლენა იქონიოს. უპრიანია პათოლოგიური პროცესი რომ არ განვითარდეს, გულსისხლძარღვთა სისტემა თავიდან ბოლომდე პათოლოგიურად არ ჩაებას, თუნდა ერთი ელექტროკარდიოგრამა იყოს გადაღებული.

- პრობლემა 18 წლამდე ასაკში რამდენად ფართოდ არის გამოხატული?

- ვიმეორებ, ვინც სპორტსმენია, მოცეკვავეა, ბალეტზე ვინც დადის, თითქმის 90%-ში გარკვეული პრობლემები გამოხატულია. ვინც 6 თვის, ერთი წლის წინ გადაიტანა, მომართვის შემთხვევები მატულობს. მათ აქვთ კარდიალგიები, მშობელი აღნიშნავს, რომ უფრო სწრაფად იღლება. უფრო ადრე რომ მოემართათ და დიაგნოსტირებული ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა. მაგრამ მოსახლეობას არ შევაშინებ - რთული შემთხვევები არ გვხვდება, როცა დროულად იყო მოყვანილი. მშობელმა მცირე პათოლოგიით ყურადღება რომ მიაქცია, პრევენციული ღონისძიებებით მდგომარეობა მალევე სწორდება.

- რა ღონისძიებებს ატარებთ და რამდენად კარგად კონტროლდება ეს პროცესი?

- უპირველესად, ფიზიკური დატვირთვები უნდა შემცირდეს - 10-20%-ით მაინც. ზოგი ფეხბურთზე დადის, ზოგი ჩოგბურთზე - იმის მიხედვით ვინ სად ვარჯიშობს, დატვირთვები კონტროლზე უნდა იყოს. სრული შეზღუდვა დაუშვებელია, რადგან თუ დატვირთვებს მიჩვეულია, უარეს შედეგებს მივიღებთ. რა თქმა უნდა, თუ გულის კუნთში ღრმა ცვლილებები არ არის, ისეთი ცვლილება, რასთანაც დატვირთვების შეზღუდვა აუცილებელი იქნება.

მეორე - პრეპარატებსაც ვერ დავარქმევ, საჭიროა საკვების მიღება გულის კუნთისთვის და სისხლძარღვოვანი სისტემისთვის, რომელიც მის მუშაობას გაადვილებს. პრევენციულად კარდიოგრამით დინამიკაში კონტროლდება.

თუ ბავშვებს ანამნეზში აქვთ მიტრალური სარქვლის კოლაფსი, ან რაიმე მცირე დაავადება, რაც მშობელმა იცის, ასი თავი და ასი ყური სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, პოსტკოვიდურ პერიოდში ჩვენ რამდენმაც მოგვმართა, გართულებები არ ყოფილა, პრევენციული ღონისძიებები კარგად იყო ჩატარებული. თუმცა არის შემთხვევები, როცა რთულად მიმდინარეობს, მთელ ორგანოებს იპყრობს და ასეთი შემთხვევები ჩვენში უფლის წყალობით ბევრი დაფიქსირებული არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში ფრთხილად უნდა ვიყოთ. განსაკუთრებით მშობელი - პატარა სიმპტომია, მაღალი ტემპერატურა, გადაღლა გრიპის მოვლენები იქნება თუ მის გარეშე, ყურადღებით უნდა იყვნენ.

- საკვები დანამატები ახსენეთ, კონკრეტულად რომელს გულისხმობთ?

- მე უფრო ფუტკრის აპითერაპიის მომხრე ვარ. ქართულ ფუტკარს ოქროს მედლები ტყუილად არ აქვს მოპოვებული. მას დიდი ნესტარი აქვს, 50-100 კილომეტრზე დაფრინავს და ყვავილებიდან ყველა იმ ელემენტს კრეფს, რაც მისთვის საჭიროა. ამიტომ ქართული ფუტკრის აპითერაპიულ საშუალებებს რეკომენდაციას ვაძლევ, პირადადაც ხშირად ვიყენებ.

- ეს საშუალებები აფთიაქებშიც ჩვეულებრივად იყიდება?

- კი ბატონო, ხელმისაწვდომია და პრინციპში ძვირიც არ არის. მასში არის ვიტამინები, მინერალები, ამინომჟავები, რაც მთავარია; სხვადასხვა მოდიფიკაციით ის პრეპარატები, რეალურად ბუნებიდან მიღებული ანტიოქსიდანტები ორგანიზმისთვის სასარგებლოა და იმუნობიოლოგიური ძალების მობილიზებას ხელს უწყობს.

- ეს რეკომენდაცია ალბათ ზრდასრულებზეც ვრცელდება...

- რა თქმა უნდა, თუკი ალერგია არ აქვთ. მაინც ფრთხილად რომ ვიყოთ - თუ თაფლზე და ასეთ პროდუქტებზე ალერგია არ აქვთ, თითქმის ყველას შეუძლია მიიღოს ფუტკრის პროდუქტი, აპითერაპიული ნაწილი.

- კოვიდგადატანილებში ალერგიული რეაქციები რამდენად გამოხატულია?

- ასეთი ავადმყოფები ბევრი არ შემხვედრია. კოვიდგადატანილებში ზოგადი სიტუაცია მაინც მწვავდება, ამიტომ სიფრთხილე გვჭირდება. მითუმეტეს სეზონურად, როცა ყვავილობა იწყება და ალერგიული კომპონენტები სახეზეა.

- რამდენ ხანს გრძელდება პროცესი, რომ კოვიდგადატანილი ბავშვის ჯანმრთელობა სრულ კონტროლს დაექვემდებაროს?

- ჩემი დაკვირვებით, ორი-სამი თვე სჭირდება მწყობრში ჩასადგომად, მერე ერთი თვე მაინც ყურადღება რომ მივაქციოთ. სამი-ოთხი თვე საკმარისია, როგორც ყველა დაავადებისას რეაბილიტაციის თვეები რომ გასული იყოს.

- მკურნალობისთვის, პრევენციისთვის ნაბიჯები რამდენად გადაიდგმება მთავრობის მხრიდან?

- ჯერ ერთი, ეპიდემია პოლიტიკურად იმართებოდა, რაც ყოვლად მიუღებელია. რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვართ (17 ათასამდე გარდაცვლილი), პატარა ქვეყანაში ნორმალური მართვისას ასე არ უნდა მომხდარიყო! ეს ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და უკან მიდევნებული ლამპარივით არ იქნება. პანდემიას თავისი წესები აქვს, მედიკოსებმა უნდა მართონ და პოლიტიკური მეთოდებით არ უნდა ხდებოდეს.

- რაც შეეხება მკურნალობის დაფინანსებას?

- გარკვეული პროგრამები ამუშავებულია, მაგრამ საკმარისი არაა. ეს უნდა იყოს ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციური დიდი პროგრამები, რაც ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული იქნება. ვერ გეტყვით, ამ მხრივ როგორ განვითარდება მოვლენები.

- რეაბილიტაცია რას უნდა ითვალისწინებდეს?

- კომპლექსურ ღონისძიებებს - ჯერ ადგილზე რეაბილიტაციას (მათ შორის პრეპარატებით), შემდეგ კურორტოლოგიურს, ფიზიოთერაპიულს, კვებითი რეჟიმი და .. რათა ადამიანი  ბოლომდე შრომისუნარიანი გახდეს. ფინანსური თვალსაზრისით ოჯახები ამას ვერ გაუძლებენ, ამიტომ ცალკეული პროგრამებია საჭიროა ასაკების მიხედვით.

- ამ მიმართულებით მიდის მუშაობა?

- რამდენჯერმე ამ ყველაფრის აუცილებლობამ გაიჟღერა. ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს, რომ რეაბილიტაციის სრული კურსები, თავისი კურორტოლოგიით, კვებითი წესრიგითა და სამედიცინო მეთვალყურეობით კომპლექსურად მიმდინარეობდეს.

- კოვიდთან დაკავშირებით როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები?

- საერთაშორისო საიტზე გარდაცვლილთა მაჩვენებელია - 16 811, ეს ციფრი რამდენიმე ხანია აღარ იცვლება. არ ვიცი ეს სტატისტიკური შეფერხებაა, თუ როგორ არის. ამ დროს გარდაცვლილები მცირე რაოდენობითაა, მაგრამ ერთი და ორი რომ არის, იქ არ ისახება. საერთოდ კი, ინფექციებთან თანაცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ. ადრე კიდევ სხვა იყო, ქათმის გრიპი და .. ეს ყოველთვის იმოძრავებს, მთავარია მივეჩვიოთ მასთან ბრძოლას და თანაცხოვრებას. ოღონდ ისე, როგორც წესი და რიგია და არა ქაოსურად.

- და ბოლოს, კოვიდ გატანილებისთვის მთავარი რჩევები როგორია?

- ყველასთვის ერთი რჩევა მექნება - პირველ რიგში, დატვირთვებზე კონტროლი სახლში, გნებავთ გარეთ სპორტზე; მეორე - კვებით რაციონში (თუ ალერგია არ აქვს) აუცილებლად უნდა იყოს ფუტკრის პროდუქტები შეტანილი, ანდა აპითერაპიული კურსები ჩატარებული; მესამე - აუცილებელია რეჟიმის შედგენა და თუნდაც იაფი ელექტროკარდიოგრამა თვეში ერთხელ გადაღებული, რომ რამემ არ გაიპაროს.

კიდევ მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს წლების მიხედვით ყურადღება მიაქციონ. აი მაგალითად, პატარა ბავშვი იღლება თუ არა ადვილად ვერ გაიგებს, მაგრამ თამაშის ნირი შეეცვალა, უფრო ჩაცუცქული თუ თამაშობს, ფეხბურთს დღე და ღამე თამაშობდა და ახლა უფრო სათადარიგო სკამზე ზის - მისი გადაღლის ელემენტებია. ან ჩახუტებისას ბავშვის გულისცემა უფრო ძლიერად რომ ესმის და .. ასეთ პატარა ელემენტებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რითაც შეიძლება გართულებები თავიდან ავიცილოთ.

წყარო: "გზა"

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია